ან გადაიხადე, ან აქედან მიბრძანდი
ზღვა ჯერ კიდევ არ ნიშნავს პლაჟს. თუმცა, ბაქოს გაუმართლა. ეს ქალაქი ას კილომეტრზე მეტი სიგრძის დამრეცი ნაპირითაა გარშემორტყმული. ყველაზე უხეში გამოთვლებით, სულ ცოტა, ამ სივრცის ნახევარი მაინც არის ცურვისთვის გამოსადეგი. თანაც, აქ არც ხრეში ყრია და არც ნიჟარები. ეს ტერიტორია ოქროს ქვიშითაა დაფარული. ამ მიდამოში ცნობილი ბრაზილიური პლაჟი “კოპაკაბანა” თხუთმეტჯერ ჩაეტეოდა. წესით, სანაპირო ზოლი დედაქალაქის სიამაყედ უნდა ქცეულიყო, მაგრამ რატომღაც ასე არ მოხდა.
ბუზოვნა ერთ-ერთი დასახლებაა ზღვის პირას, სადაც პლაჟები და აფშერონის ნახევარკუნძულისთვის სახასიათო აგარაკებია განლაგებული. ქვის ღობეებს ლეღვის ფართო ფოთლები ჩრდილავს, გარშემო ქვიშა მეტია, ვიდრე ასფალტი. ეზოში ვაზი და მოცხარი ხარობს; ზოგჯერ შაფრანიც (ვაშლის ჯიში). მეჩეთთან ავტობუსის ბოლო გაჩერებაა, იქიდან კი გზა ფეხით უნდა გააგრძელოთ. თხუთმეტ წუთს სამშენებლო ნაგვის გასწვრივ ივლით და პლაჟზე აღმოჩნდებით.
პლაჟის მარცხენა მხარეს “ობიექტებია” (ამ ჟარგონით მოიხსენიებენ აზერბაიჯანში მცირე საწარმოებს). ზღვის ნაპირიდან დაახლოებით 15 მეტრში რესტორანია – მარტივი კონსტრუქცია ვერანდით, რომლის წინ ლერწმით ნაგები პატარა ოთახებია. პლაჟის დიდი ქოლგების ქვეშ მაგიდები დგას. ერთი მაგიდის ქირა 3-7 დოლარის ფარგლებში მერყეობს. თუმცა, “ობიექტიდან” ზღვამდე დარჩენილ ხუთმეტრიან ზოლში საკუთარ ხალიჩაზეც შეგიძლიათ წამოკოტრიალდეთ. თუკი შეფასების კრიტერიუმად ფასისა და ხარისხის ურთიერთდამოკიდებულებას ავიღებთ, ეს პლაჟი ბაქოში ყველაზე ნორმალურია. ასეთი პლაჟები ცოტაა. აქ ნაგავი ყოველ დილით გააქვთ.
“ობიექტებიანი” პლაჟის მარჯვნივ ე.წ. “ველური პლაჟია” გაშლილი. ამ სივრცეს კერძო მესაკუთრე არ ჰყავს და იგი ნაგვის რამდენიმე ფენითაა დაფარული. დროდადრო მოხალისეები “ფეისბუკზე” თანხმდებიან და სრულიად უანგაროდ ასუფთავებენ ასეთ ზონებს, თუმცა ასეთი ადგილები მალევე თავიდან ივსება ნაგვით.
მესამე ვარიანტია კიდევ ერთი სახეობის პლაჟები – ყოველი მხრიდან შემოსაზღვრული ოაზისები “ტკბილი ცხოვრებისათვის”, სადაც აუზები, გასახდელები, კაფეები, რესტორნები და ბარებია განთავსებული. გადაიხადეთ შესვლის საფასური და მიიღეთ შეზლონგი უფასოდ.
ფასიანი პლაჟების გარდა, სანაპირო სივრცეს ადგილობრივი “ფეოდალების” ფეშენებელური ვილები და იქ განთავსებული სასტუმროების კუთვნილი პლაჟები ფარავს.
რას ამბობს ხალხი
ქიამრან ალიევი, ქალაქ სუმგაიტიდან: “მთელი ცხოვრება ოჯახთან ერთად ნოვხანის დასახლებაში დავდიოდი. იქ აგარაკი გვქონდა და იქაურ პლაჟს დაუბრკოლებლად ვსტუმრობდით. ახლა კი მაგ მონაკვეთზე უფასოდ გავლაც აღარ შეიძლება. რამდენჯერმე შევეცადე, დამერწმუნებინა დარაჯები, მერე ისიც კი ვუთხარი, რომ ვუჩივლებდი და საქმეში ხელისუფლებას ჩავრევდი, მაგრამ ამაოდ. ვისთანაც გინდა იჩივლე, ახლა კი ან გადაიხადე, ან მიბრძანდი აქედანო, მპასუხობდნენ”.
ლეილა სულეიმანოვა, აგარაკის მფლობელი: “ჩვენთან, ფირშაღის დასახლებაში, პლაჟზე შესვლა ჯერჯერობით უფასოა, მაგრამ სანაპირო ზონაში მანქანით შესვლისათვის ფულს ითხოვენ. რესტორნის მეპატრონეებმა ზღვის ნაპირზე ავტოსადგომი გამართეს, ეს კი ერთადერთი საშუალებაა იმისათვის, რომ პლაჟზე საკუთარი მანქანით მოხვდე. სხვა გზა არ არსებობს”.
მისი თქმით, დაცვის თანამშრომლები შესვლაში ფულს ითხოვენ. როდესაც ვუთხარი, რომ ვიჩივლებდი, სიცილი დაიწყეს,” – აბობს სულეიმანოვა.
სევილ გასანოვი, ბანკირი: “ჩვენ აგარაკი არ გვაქვს და სიმართლე გითხრათ, პლაჟზე წასვლა სხვა ქვეყნებში მირჩევნია. იქ სერვისიც უკეთესია, სისუფთავეცაა და საბოლოოდ უფრო იაფიც ჯდება”.
რას ამბობენ ჩინოსნები
ბაქოს აღმასრულებელი ხელისუფლების ვაჭრობისა და მომსახურების დეპარტამენტის პრესსამსახურის ხელმძღვანელის, ალიაბას ბაგიროვის თქმით, მეწარმეებს პლაჟზე შესვლისათვის ფულის აღების უფლება არ აქვთ და შემოსავლის მიღება მხოლოდ საცურაო ინვენტარის გაქირავებითა და მომსახურების გაწევით შეუძლიათ.
“სხვათა შორის, პლაჟის ტერიტორიაზე ავტომობილით შესვლაც უფასოა. 2013 წლის 21 მაისის 179-ე ბრძანებაში აღნიშნულია, რომ პლაჟის შესასვლელთან შლაგბაუმის დაყენება აკრძალულია.
შესაბამისად, “პარკირებისთვის” გადასახადის დაწესება ისეთივე დანაშაულია, როგორც პლაჟზე შესვლისათვის გარკვეული ტარიფის დადგენა. ამასთან, ეს წესი არა მხოლოდ სახელმწიფო, არამედ კერძო პრივატიზებულ პლაჟებსაც ეხება”, – აღნიშნა ბაგიროვმა.
იმ შემთხვევაში, თუკი პლაჟზე შესვლისთვის მაინც მოგთხოვეს ფული, ბაგიროვი გირჩევთ, რომ ვაჭრობისა და მომსახურების დეპარტამენტის “ცხელ ხაზს” დაუკავშირდეთ – უნდა დარეკოთ ნომერზე (012) 566-83-71.
რას ამბობს კანონი
ჯერ კიდევ 2003 წელს აზერბაიჯანის ყოფილმა პრეზიდენტმა, ჰეიდარ ალიევმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, სანაპირო ხაზიდან 130-მეტრიან ზონაში არასახელმწიფო დანიშნულების ნებისმიერი მშენებლობა იკრძალებოდა. 2016 წლის 15 იანვარს კი ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვით, აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ნებართვის გარეშე, ზღვის სანაპიროზე შესვლის შეზღუდვისათვის ფიზიკურ პირებს დაეკისრებათ ჯარიმა 4 000 მანათის ოდენობით, სახელმწიფო ორგანოების თანამშრომლებისათვის ეს ჯარიმა 8 000 მანათით განისაზღვრა, იურიდიულ პირებს კი ამ რეგულაციის დარღვევისათვის 40 000 მანათის გადახდა მოუწევთ.
სხვათა შორის, თუკი ჩინოსნები სახელმწიფო ქონებას კერძო პირებს (მაგალითად, იმავე რესტორატორებს) მიჰყიდიან, მათ დაემუქრებათ პატიმრობა ორი წლით ან უფრო დიდი ვადით.
ამდენად, აზერბაიჯანის კანონმდებლობა დამსვენებლის მხარესაა.
ნერვიული ძაღლი და მზრუნველი მაშველები
ჰიგიენისა და ეპიდემიოლოგიის რესპუბლიკური ცენტრი ყოველწლიურად აცხადებს, რომ შიხოვის დასახლებასთან (ბაქოს ცენტრიდან დაახლოებით 10 კილომეტრით დაშორებულ პუნქტთან) მდებარე პლაჟის ზონა საცურაოდ უვარგისია. იგივე განცხადება გაკეთდა 15 ივნისს, საზღვაო სეზონის პირველ დღეს. აქაური წყალი ნაწლავის ჩხირს შეიცავს. სწორედ ამ საფრთხის გამო მიმართავენ ეკოლოგები მოქალაქეებს.
თუმცა, ეს გარემოება ხელს არ უშლის შიხოვის პლაჟების მეპატრონეებს, მუშაობა განაგრძონ.
ქალაქის ჩრდილოეთი სანაპიროს გაყოლებაზე, მარდაქიანისა და ბილგიას დასახლებების პლაჟების მიმდებარედ გამწმენდი დანადგარებია დამონტაჟებული და ამიტომ იქ გაცილებით სუფთა წყალია.
როგორც წესი, შიხოვის პლაჟზე ავტობუსითაც შეიძლება მისვლა, მაგრამ ამჟამად,“ფორმულა 1“-ის ტურნირთან დაკავშირებული მოსამზადებელი სამუშაოების გამო, გზა გადაკეტილია. ტაქსის მძღოლი გვეკითხება, ფასიან პლაჟზე გვინდა გასვლა, თუ უფასოზე. ვეუბნებით, რომ „მსვლელობას“ უფასო პლაჟით დავიწყებთ.
გზა ზღვის გასწვრივ, მაღლა მიემართება და ბაილის გორაკს უვლის წრეს. ამ შემაღლებულ ადგილზე მასშტაბური მშენებლობაა გაჩაღებული. გორაკიდან ქარს წვრილი თეთრი ქვიშის სვეტები მოაქვს. მარცხნივ, ზღვასთან სასტუმროები და რესტორნებია ჩამწკრივებული, აქვეა კერძო პლაჟები. როდესაც ტაქსის მძღოლს ვკითხეთ, თუ რა ღირს ფასიან პლაჟზე შესვლა, მან შიშით გააქნია თავი და აღნიშნა, რომ ის მსგავს ადგილებში არ დადის და არც მომავალში აპირებს… მარცხნივ ვხედავთ ქვის დაბალ გალავანს, რომლის იქითაც „ველური პლაჟი“ მოჩანს.
ჩვენ შევეცადეთ, მომდევნო ნაკვეთისთვის გალავნებზე გადასვლით მიგვეღწია, სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა, რომლებიც კოშკურის ქვეშ, ჩრდილში ისხდნენ, ყვირილით შემოგვძახეს, რომ იქით გადასვლა არ შეიძლებოდა. მომხიბლავი, ნამზეურისგან სულ მთლად გაშავებული მობანავე გოგონა ამბობს, რომ სხვა პლაჟზე მაკე (და, შესაბამისად, ძალიან აგრესიული) ძაღლი დაძუნძულებს, რის გამოც იქ გასვლა ძალიან სახიფათოა. გარდა ამისა, ჩვენთან საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომელი მოდის, რომელიც, თავის მხრივ, გვიხნის, რომ თუკი ძაღლი დაგვინდობს, მაინც ვერ მოვხვდებით კერძო პლაჟებზე, იმიტომ რომ იმ ზონას გალავანი აკრავს. მეორე პლაჟზე „კანონიერი გზით“ გადასასვლელად სამანქანო გზაზე გადავდივართ და ამის შემდეგ გვხვდება რესტორანი „დელფინი“, რომელსაც პლაჟი არ აქვს, სამაგიეროდ, უშუალოდ სანაპიროზე დგას და სწორედ იმ გალავნითაა გარშემორტყმული, რომელიც, საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომების ვარაუდით, გადაულახავი დაბრკოლება უნდა ყოფილიყო ჩვენთვის.
მოშორებით მდებარეობს რესტორანი ელდორადო, სადაც 6 მანათად (დაახ. 3,5 დოლარი) ჩაის ჩაიდანსა და მურაბას მოგართმევენ. პლაჟი კი ცალკე საწარმოს წარმოადგენს. აქ მაგიდის „დასაჯავშნად“ 10 მანათი ($6) უნდა გადაიხადოთ.
ის, რომ ფასების პრეისკურანტით დავინტერესდით, ნამდვილად არ მოსწონს ოფიციანტს, რომელიც ჩვენს ქცევას მეწვრილმანეობად აღიქვამს. “საიდან ხართ?“ – მკაცრად კითხულობს იგი. იმდენად ძლიერი ქარია, რომ სქელი მუშამბა, რომელიც საწოლის გადასაფარებელს უფრო წააგავს, ლამისაა მაგიდას მოსწყდეს.
დანარჩენი პლაჟების მონახულებას აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ემპირიული კვლევის შედეგად ორი გარემოება დავადგინეთ – აქაურ წლებში არსებული ნაწლავის ჩხირი არც პლაჟების დამსვენებლებს აბრკოლებს, და არც სანაპირო ზოლში განლაგებული დაწესებულების მეპატრონეებს. ამასთან, პლაჟზე ნამდვილად ვერ მოხვდებით იმ შემთხვევაში, თუკი სათანადო ოდენობის თანხას არ გადაიხდით.
რა არის ახალი?
წელს აზერბაიჯანში 21 ახალი პლაჟი გაიხნება. ასეთი განცხადება გააკეთა კულტურისა და ტურიზმის მინისტრმა, აბულფაზ გარაევმა. ბაქოში 12 ახალი პლაჟი მოეწყობა, დანარჩენი 9 კი – აზერბაიჯანის სხვა რეგიონებში გაიხსნება. გეგმის მიხედვით, 6 პლაჟს კერძო მფლობელი ეყოლება, დანარჩენი 6 კი საჯარო საკუთრებაში იქნება. თუმცა, ჯერჯერობით გაურკვეველია, რამდენად გადაიკვეთება ეს სიახლე კანონთან „სანაპირო ზოლზე წვდომის შესახებ“.