ბლოგერმა ლაპშინმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართა
გაზიარება
გაზიარება
ედუარდ ჩერნინი, ბაქოს წინასწარი პატიმრობის იზოლატორში ერთ თვეზე მეტ ხანს მყოფი ბლოგერის, ალექსანდრ ლაპშინის ადვოკატი 13 მარტს თავის დაცვის ქვეშ მყოფს შეხვდა. ჩერნინის თქმით, ლაპშინი საკნის პატიმრობის პირობებს არ უჩივის. ნოვრუზის დღესასწაულის დღეებში მას კიდევ ერთხელ შეეძლება თავის ნათესავებთან შეხვედრა.
ადვოკატმა დასძინა, რომ ალექსანდრ ლაპშინმა და მისმა დედამ ბელა ლაპშინამ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შესაძლო შეწყალების თხოვნით მიმართეს, – იტყობინება გამოცემა musavat.com
ჩერნინი ასევე იუწყება, რომ ამჟამად ლაპშინის საქმეზე ძიება გრძელდება, თუმცა სასამართლო სხდომის თარიღის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს.
ცნობილი მოსამართლე, სახელმწიფო სამართლის დოქტორი, ფარჰად მეჰდიევი ირწმუნება, რომ ლაპშინს პრეზიდენტისგან შეწყალების მიღების იმდეი არ უნდა ჰქონდეს, რადგან მის მიმართ განაჩენი ჯერ არ დამდგარა. „შესაძლოა, ის ამნისტიით გაათავისუფლონ, თუმცა საეჭვოა, პარლამენტმა ერთი ადამიანის გამო მიიღოს ასეთი გადაწყვეტილება. საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება, თუკი პროკურატურა საერთოდ შეწყვეტს ამ სამეს. საკანში გატარებული ერთი თვის განმავლობაში ლაპშინმა გაათვითცნობიერა საკუთარი შეცდომა. ასე რომ, შესაძლებელია, ეს პროექტი წარმატებით დასრულებულად მივიჩნიოთ“, – უთხრა მჰდიევმა გამოცემა musavat.com–ს.
40 წლის ბლოგერი და მოგზაური ალექსანდრ ლაპშინი აზერბაიჯანის მოთხოვნით 15 დეკემბერს მინსკში დააკავეს. მას ბრალად ედება სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა (მთიან ყარაბაღში ჩასვლებისთვის) და ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობა, რადგან თავის სტატიებში ის აზერბაიჯანულ პოლიტიკას აკრიტიკებს.
2017 წლის 7 თებერვალს განხორციელდა ლაპშინის მინსკიდან ბაქოში ექსტრადირება.
„გაბედული ბლოგერის“ საქმის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის წაკითხვა შესაძლებელია JAMNews–ის სტატიაში