ბიძინა ივანიშვილი: გიორგი გახარია მაგარი კაცია
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა დღეს პირველად ისაუბრა ტელეკამერების წინ საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე – პარლამენტის შენობასთან შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მიმდინარე საპროტესტო აქციებზე და ე.წ. “გავრილოვის ღამეზე”, რომლის დროსაც სამართალდამცავებმა ძალის გამოყენებით დაშალეს მიტინგი.
ივანიშვილმა “მაგარი კაცი” უწოდა მინისტრ გახარიას, მომიტინგეებს კი, “მოძალადეები და მეამბოხეები”.
ჟურნალისტებმა ივანიშვილთან გასაუბრება ბათუმში მოახერხეს, სადაც ქვეყნის არაფორმალური ლიდერი მმართველი გუნდის პარტიულ შეკრებაზე დასასწრებად ჩავიდა.
დერეფანში ჩაწერილი ეს რამდენიმეწუთიანი ინტერვიუ საინტერესო იყო არა მხოლოდ შინაარსით, არამედ ფორმითაც. ქვეყნის არაფორმალური მმართველი ჟურნალისტების მიმართ ხაზგასმით აგრესიული იყო – კრიტიკულ კითხვებს ივანიშვილი “ნაციონალური მოძრაობის” გავლენის ქვეშ დასმულ კითხვებს უწოდებდა, ტუქსავდა ჟურნალისტებს, როგორც პატარა ბავშვებს და ზრდილობას უწუნებდა მათ და ერთი საინტერესო ფრაზაც უთხრა – “მიეჩვიეთ სიჩუმეს”.
•პოლიტიკური კრიზისი საქართველოში: დარტყმები ოლიგარქზე ქვეყნის შიგნიდან და ქვეყნის გარედან
•დიდი ხეები – მილიარდერის უკანასკნელი ცდუნება
• საპროტესტო აქციის დაშლა თბილისში. რა იქნება შემდეგ? ექსპერტების შეფასებები
________________________
გახარიაზე, ოპოზიციაზე და მომიტინგეებზე
ივანიშვილმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადა გახარიას და მომხდარზე მთელი პასუხისმგებლობა ოპოზიციურ პარტიას, “ნაციონალურ მოძრაობას” დააკისრა.
ივანიშვილის თქმით, სამართალდამცავების მოქმედება ლეგიტიმური იყო, რადგან მათ აღკვეთეს სახელმწიფო გადატრიალება, რომელსაც ოპოზიცია ამზადებდა. ის ამბობს, რომ ამასთან დაკავშირებით არც ვაშინგტონში და არც ევროპაში არ აქვთ.
„გახარიას გადადგომა იქნებოდა დღეს სამშობლოს ღალატი პირდაპირი მნიშვნელობით,” – თქვა მან, – მან მოახერხა და დაიცვა ახალი სახელმწიფო გადატრიალებისგან. დაიცვა სახელმწიფო ინსტიტუტი – პარლამენტი და მოახერხა, რომ ახალი უბედურება არ მისცა საზოგადოებას. ეს რომ ვერ მოეხერხებინა, მაშინ უნდა გადამდგარიყო”.
ივანიშვილმა გახარიას “მაგარი კაცი” და “ღირსეული” უწოდა, პარლამენტთან მომიტინგეებს კი, “მოძალადეები და მეამბოხეები”.
მისი თქმით, პარლამენტის წინ (და ასევე ბათუმსა და ქუთაისში) ახალგაზრდების მიერ თითქმის ერთი თვის განმავლობაში ორგანიზებული აქციები, “ნაციონალური მოძრაობის” მიერაა მართული. ივანიშვილი ამბობს, რომ გახარიას გადადგომა არა ხალხის, არამედ ოპოზიციის მოთხოვნაა:
„საზოგადოება ბრძენია, ხალხი ბრძენია… ორას კაცს უყრიან თავს თბილისში [აქციაზე] და ორასს დასავლეთში,” – თქვა მან.
რაც შეეხება პოლიციის მიერ ძალის გადაცდომას, ივანიშვილი ამბობს, რომ იყო ცალკეული შემთხვევები და შს სამინისტრომ უნდა გამოიძიოს კონკრეტულ სამართალდამცავთა მხრიდან ძალის გადამეტების ეპიზოდები.
მან სისულელე უწოდა ვერსიას, რომ პირადად გასცა თბილისში 20-21 ივნისის საპროტესტო აქციის ძალით დაშლის ბრძანება.
„ეგეთ სისულელეს მარტო ნაცები თუ იტყვიან“ – უთხრა ჟურნალისტებს ბიძინა ივანიშვილმა, – როგორ წარმოგიდგენიათ, რომ შუაღამისას მე პოლიციელებთან მქონდა კომუნიკაცია და ბრძანებებს გავცემდი”.
გავრილოვის ჩამოსვლაზე
იყო თუ არა რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოში ჩამოყვანა შეცდომა, – ამ კითხვაზე პასუხისას ივანიშვილმა ასევე “ნაციონალური მოძრაობა” ახსენა.
ივანიშვილის აზრით, გავრილოვის ჩამოსვლა პროტოკოლური შეცდომა იყო, რომლის გამოც ოპოზიციამ აჟიოტაჟი ატეხვა, რადგან “ნებისმიერ საბაბს ეძებს სიტუაციის ასაყირავებლად”.
„2016 წელს საქართველოში იმყოფებოდნენ რუსი დეპუტატები, მათ შორის სლუცკი, რომელიც გავრილოვზე გაცილებით მნიშვნელოვანი ფიგურაა, კიდევ გვარს ვერ გავიხსენებ, ფსბ-ს ყოფილი თავმჯდომარე. სად იყავით მაშინ? რა მნიშვნელობა აქვს, რასთან დაკავშირებით იმყოფებოდნენ? 2016 წელს… „ნაციონალურ მოძრაობას“ ჯერ კიდევ ჰქონდა იმედი, რომ არჩევნებით რამეს გააწყობდა. ახლა დაკნინების პროცესი მოხდა და გამორიცხულია, არჩევნების პროცესით მოვიდნენ ხელისუფლებაში, ამიტომ ნებისმიერ საბაბს ეძებდნენ, რომ სიტუაცია აეყირავებინათ“, – აღნიშნა ივანიშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომაზე
ივანიშვილის თქმით, პარლამენტის თავმჯდომარეს არაფერი დაუშავებია და მისი თანამდებობიდან გადადგომაც “ნაციონალური მოძრაობის” კისერზეა.
„კობახიძეს არავითარი დანაშაული არ ჩაუდენია. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოახერხა ამ სიტუაციის აჟიტირება. რა თქმა უნდა, შეცდომა იყო, რომ გავრილოვი სპიკერის სავარძელში ჩაჯდა, მაგრამ ეს იყო პროტოკოლური შეცდომა, რაც პროტოკოლში არ ეწერა. კობახიძის შეცდომა არ ყოფილა. ამას მოჰყვა ობიექტური აღშფოთება საზოგადოების, კობახიძემ შეხედა არსებულ სიტუაციას, გადაეფარა გუნდს, სიტუაციას და დატოვა მანდატი. “, – განაცხადა ივანიშვილმა.
რუსულ ბაზარზე
ივანიშვილის შეფასებით, რუსული ბაზრის დაკეტვისა და ვაჭრობის შეწყვეტის მსურველები ქვეყნის მტრები არიან.
მისი თქმით, ყველა ვინც ფიქრობს, რომ რუსული ბაზარი ევროპული და უკრაინული ბაზრით უნდა ჩავანაცვლოთ, აბსოლუტურად უცოდინარი და უვიცია.
“თუ ყურადღებას მიაქცევთ, თვითონ ევროპელები, განვითარებული ევროპული ქვეყნებიც კი, როგორ ცდილობენ რუსულ ბაზარზე დამკვიდრებას. რუსული ბაზრის ჩანაცვლება არავისთვის იოლი არ არის – არც ევროპელებისთვის და მით უმეტეს, ადვილი არ არის ჩვენთვის, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
გიორგი გაბუნიაზე
“ეს არის ქვეყნის, ჩვენი კულტურის სირცხვილი. მთელი საზოგადოება ამას განსჯის. ეს ჩვენი ქართველობის სირცხვილი იყო,” – ასე შეაფასა ივანიშვილმა ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მონოლოგი, სადაც მან რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს აგინა.
მამუკა ხაზარაძეზე
„მივესალმები. რაც უფრო მეტი ბიზნესმენი, რაც უფრო მეტი აქტიური ახალგაზრდა შემოვა პოლიტიკაში, უფრო კარგია და მე ამას მივესალმები, რომ არჩევანი საზოგადოებას ჰქონდეს, რაც შეიძლება უფრო მეტი”, – ასე გამოეხმაურა ივანიშვილი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკის, თიბისი ბანკის დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნების თაობაზე.