ბესლანის ტერაქტის დროს დაღუპული ბავშვების სასაფლაო დაფინანსების გარეშე დარჩა
„ხელისუფლებას არ გამოუვა იმის გაკეთება, რომ ჩვენ ბესლანი დავივიწყოთ“, – ამ შინაარსის განცხადებებით გაივსო ჩრდილოეთ ოსეთის სოციალური ქსელები. დისკუსიაში ასევე აქტიურად ჩაერთნენ სამხრეთ ოსეთის მაცხოვრებლებიც.
დისკუსია წამოიწყო კასპოლატ რამონოვმა, ჩრდილოეთ ოსეთის ქალაქ ბესლანში არსებული მემორიალის, „ანგელოზების ქალაქის“ ზედამხედველმა.
ბესლანის ტერაქტის დროს კასპოლატ რამონოვის ქალიშვილი დაიღუპა, რის შემდეგაც ის იმ „ბავშვთა სასაფლაოს“ ზედამხედველი გახდა, სადაც ტერაქტის მსხვერპლები არიან დასაფლავებულები. ის მემორიალზე ცხოვრობს და პრაქტიკულად მარტოდმარტო უვლის იქაურობას.
კასპოლატ რამონოვმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ უკვე ორი წელიწადია, რაც მემორიალი „ანგელოზების ქალაქი“ სახელმწიფოსგან არანაირ ფინანსურ დახმარებას არ იღებს, ხოლო მემორიალის ანგარიშები დაყადაღებულია.
ყველა პრობლემა ჩრდილოეთ ოსეთის ახალი მეთაურის, ტამერლან აგუზაროვის გამოჩენით დაიწყო, – წერს რამონოვი.
„დაიწყო ფინანსური კატავასია. ჯერ რაიონისთვის ჩვენი გადაცემა გადაწყვიტეს, შემდეგ გადაიფიქრეს, ხან კი ფული დაგვიანებით ჩაგვირიცხეს… ორი წელია, საკუთარი სახსრებით ვუხდი მუშებს, ვრგავ მცენარეებს, ძეგლებს ვარესტავრირებ, ვასუფთავებ, ვრეცხავ, და ბალახს ვთიბავ“.
მაგრამ, როგორც კასპოლატ რამონოვი წერს, პრობლემა მხოლოდ ეს არ არის.
„მაქვს ინფორმაცია, რომ ჩვენს მოქმედ ხელისუფლებასთან დაახლოებული ადამიანები ბესლანში ჩამოდიან, უხუცესებს ხვდებიან და შთააგონებენ მათ, რომ დროა, ბესლანის ტრაგედია დავიწყებას მიეცეს, და რომ 1-3 სექტემბერს სამგლოვიარო ცერემონია აღარ უნდა გავმართოთ. თურმე ცამეტი წლის წინანდელმა ისტორიამ თავისი ტრაგიკული რესურსი ამოწურა“.
რამონოვმა საკუთარი თავის შესახებ ყველაფერი ზუსტად იცის.
„სასაფლაოზე სათანადო წესრიგის შესანარჩუნებლად თითქმის მთელი ჩემი კუთვნილი უძრავი ქონება გავყიდე. როგორც შემიძლია, ვცდილობ, რომ სუფთად შევინარჩუნო ის ადგილი, სადაც ჩემი შვილები განისვენებენ: ჩემი გოგონა და მეზობლის ბავშვები. ვიდრე სიარული და სუნთქვა შემიძლია, სანამ ცოცხალი ვარ – „ანგელოზების ქალაქში“ ვიმსახურებ“.
საკუთარი პოსტი მან დაასრულა მთელი საზოგადოებისადმი მოწოდებით, რომ „ამ ხსოვნას არ უღალატონ“.
საზოგადოება ამ მოწოდებას ძალიან აქტიურად გამოეხმაურა, ყოველ შემთხვევაში – სოციალურ ქსელებში მაინც. ადამიანები წერენ, რომ არასდროს არაფერი დაავიწყდებათ. ბევრი მზადაა, რომ საფლავების მოსავლელად ფული გადარიცხოს.
„რა შოკია, რას ჰქვია ხსოვნა დავასრულოთ? ბევრი მოვითმინეთ, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც დუმილის უფლება უბრალოდ არ გვაქვს! რატომ შეწყვიტეს დაფინანსება? ასეთი რამ როგორ შეიძლება, რატომ დააწვა მთელი ფინანსური საკითხები მხოლოდ ერთ კაცს?“
„ყელში ამოვიდა უკვე ადამიანებისადმი ეს უპატივცემულობა. ფულის გარდა, სხვა ფასეულობა არ არსებობს. თუკი გონს არ მოვალთ და საკუთარ პრიორიტეტებს და ფასეულობებს არ გადავხედავთ, ძალიან მალე უბრალოდ აღარ ვიქნებით“.
„საკითხი დაფინანსების ლოკალურ პრობლემას კი არ ეხება, არამედ საქმე ეხება ობიექტის – „ანგელოზების ქალაქის“ მიმართ დამოკიდებულებას. საკითხი სისტემურობას და მემორიალის სტატუსს ეხება“.
„რომელ კონსტრუქციულ დიალოგზე ლაპარაკობთ? ვისთან? გგონიათ, რომ ხელისუფლებამ ეს არ იცის? დაფინანსება ხომ მათ შეწყვიტეს“.
„ კასპოლატმა ყველაფერი სწორად დაწერა, ამის გარდა: ვიცი, თუ როგორი მოწიწებით ეპყრობა პუტინი ბესლანის ტრაგედიას – ბესლანის ტრაგედიისადმი მოწიწებული დამოკიდებულების მქონე ადამიანი 13 წლის განმავლობაში ერთხელაც არ ყოფილა ამ სასაფლაოზე“.
„როგორ შეიძლება მოინდომო, რომ ასეთი ეროვნული ტრაგედია მახსოვრობიდან ამოშალო? ევროპაშიც კი ამ ტრაგედიის მსხვერპლ ჩვენს ბავშვებს ძეგლები დაუდგეს და ადამიანებს იქ ყვავილები მიაქვთ. აქ მთავრობის სახლთან დემონსტრაციების გამართვაა საჭირო“.
„მოდით, ყველას ჩვენ თვითონ დავეხმაროთ: უმუშევრებს, მასწავლებლებს, ექიმებს, წვრილ მეწარმეებს, ბესლანში დაზარალებულებს, მათ, ვისაც მკურნალობა სჭირდებათ, საავადმყოფოებს, „ანგელოზების ქალაქს“ და მის ზედამხედველს. ისიც კი შეგვიძლია, რომ ოსეთის მეთაურს მისი კუთვნილი შენობის აგების დასრულებაში დავეხმაროთ. მაგრამ, ასეთი ხელისუფლება რაღაში გვჭირდება?“