ბაქოში ოპოზიციური ჟურნალ „მონიტორის“ რედაქტორის გარდაცვალების წლისთავი აღნიშნეს
გაზიარება
გაზიარება
ოპოზიციური ჟურნალ „მონიტორის“ 12 წლის წინათ მოკლული მთავარი რედაქტორის ელმარ ჰუსეინოვის საფლავთან მისი ხსოვნისადმი პატივის მისაგებად ჟურნალისტები და აქტივისტები შეიკრიბნენ.
„ელმარის მკვლელობა ეპოქალურ მოვლენად იქცა, რადგან ამან გზა გაუხსნა დამოუკიდებელი პრესის წინააღმდეგ რეპრესიების დაწყებას და მის ფაქტობრივ განადგურებამდე მიგვიყვანა. ბევრი მასობრივი საინფორმაციო საშუალება დაიხურა ან ხელისუფლების კონტროლქვეშ მოექცა, და მასობრივი პროპაგანდის საშუალებად გადაიქცა. ჟურნალისტიკამ თავისი საზოგადოებრივი მნიშვნელობა დაკარგა და იმ პოლიტიკის თანამონაწილე გახდა, რომელმაც ქვეყანა ღრმა სისტემურ კრიზისამდე მიიყვანა“, – წერს საინფორმაციო სააგენტო contact.az.
„მონიტორი“ რადიკალურად ოპოზიციური გამოცემა იყო. ზოგიერთი მკითხველის აზრით, ჟურნალი და ავტორები ყოველთვის არ იცავდნენ ჟურნალისტურ ეთიკას, ხშირად ბოლომდე გადაუმოწმებელ ინფორმაციასაც აქვეყნებდნენ. თუმცა, თავისი გაბედული სტატიების გამო, ეს გამოცემა უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა.
ელმარ ჰუსეინოვზე ზეწოლა ბევრჯერ განხორციელებულა – მას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში გადასცემდნენ, მოხდილი აქვს პატიმრობა. მის წინააღმდეგ იყენებდნენ სასამართლო სანქციებს, და აშინებდნენ.
ელმარ ჰუსეინოვი 2005 წლის 2 მარტის საღამოს სკუთარი ბინის ზღურბლთან პისტოლეტის გასროლებით მოკლეს.
პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მკვლელობის შემდეგ მალევე დადო პირობა, რომ დანაშაული სწრაფად გაიხსნებოდა. ეჭვმიტანილებს შორის სახელდებოდა საქართველოს ორი მოქალაქე, ეთნიკური აზერბაიჯანელები, ხოლო დამკვეთების შესახებ აქამდე არანაირი ცნობა არ არსებობს.
ჟურნალ „მონიტორის“ სტატიების არქივის გაცნობა შესაძლებელია აქ: