აზერბაიჯანის დედაქალაქში ისლამური სოლიდარობისმეოთხე თამაშები იწყება. თამაშები ოფიციალურად 12 მაისს გახსნება, თუმცა ფეხბურთელთა და ხელბურთელთა ჯგუფური თამაშები რამდენიმე დღით ადრე დაიწყება.
ტურნირის გამხსნელ მატჩში ერთმანეთს ხვდებიან საუდის არაბეთისა და მაროკოს ნაკრები გუნდები. თამაშების პირველ დღეს მაყურებლების ყურადღებას მიიპყრობს აზერბაიჯანისა და კამერუნის ნაკრები გუნდების შეხვედრა. შეჯიბრებებზე იგივე წესები მოქმედებს, რაც ოლიმპიური თამაშების დროს. თითოეული გუნდისთვის ნებადართულია 23 წელზე უფროსი სამი მოთამაშის მონაწილეობა.
ისლამური სოლიდარობის თამაშებზე 56 ქვეყნის სპორტსმენები სულ 269 მედალს გაინაწილებენ სპორტის 20 სახეობაში, რომელთაგან 17 ოლიმპიური სახეობაა, ხოლო 3 -არაოლიმპიური. შეჯიბრებები 16 სპორტულ არენაზე ჩატარდება, რომელთა უმრავლესობა 2015 წლის პირველი ევროპული თამაშებისთვის აიგო.
თამაშების დღეებში ბაქოს ტურიზმის პროპაგანდის ბიურო მონაწილე ქვეყნების კულტურის დღეებს გამართავს.
ისლამური სოლიდარობის თამაშები 2005 წლიდან ტარდება – ოთხ წელიწადში ერთხელ. პირველი თამაშები 2005 წელს საუდის არაბეთში ჩატარდა.
მომდევნო, 2010 წელს ირანში დაგეგმილი თამაშები 2009 წლის ოქტომბრისთვის გადაიდო, საბოლოოდ კი, ირანსა და არაბულ ქვეყნებს შორის წარმოქმნილი უთანხმოების გამო, გაუქმდა.
რიგით მესამე ისლამიადა ინდონეზიაში 2013 წელს ჩატარდა, ხოლო მეხუთე – 2021 წელს თურქეთში ჩატარდება.