აშშ-ში რასისტულ მარშს სისხლიანი არეულობა მოჰყვა
REUTERS/Stephen Lam
შაბათს ამერიკულ ქალაქ შარლოტსვილში თეთრკანიან ნაციონალისტებსა და მათ მოწინააღმდეგეებს შორის სისხლიანი შეტაკება მოხდა. მიზეზი – კონფედერანტების (აშშ-ში XIX საუკუნეში მომხდარი სამოქალაქო ომის მონაწილეები, რომლებიც მონობის შენარჩუნებისთვის იბრძოდნენ) ძეგლების აღება იყო ( New York Times).
გენერალ ლის ძეგლის აღების საწინააღმდეგო დემონსტრაცია, რომელსაც თეთრკანიანი ნაციონალისტები დიდი ხნის განმავლობაში გეგმავდნენ, სწრაფად გადაიზარდა რასისტულ დემონსტრაციაში. მომიტინგეები აფროამერიკელების საწინააღმდეგო და ანტიებრაულ ლოზუნგებს სკანდირებდნენ.
ქალაქში მაშინვე დაიწყო მათი კონტრდემონსტრაცია, ვინც თეთრკანიანი ნაციონალისტების ამ იდეების წინააღმდეგია. ამას შეტაკებები და ჩხუბი მოჰყვა. შაბათს კი განსაკუთრებული ინციდენტი მოხდა – იმ დემონსტრანტების ჯგუფში, რომელიც რასიზმის წინააღმდეგ გამოდიოდა, დიდი სისწრაფით შეიჭრა მანქანა.
შედეგად, ერთი ადამიანი დაიჭრა, 19 კი დაშავდა. მკვლელობისა და სხეულის მძიმე დაზიანებების მიყენების ბარლდებით დაკავებულია 20 წლის ჯეიმს ფილდსი.
არეულობის დროს დაჭრილთა საერთო რაოდენობამ 34 ადამიანს მიაღწია.
შარლოტსვილში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, ქალაქში გუშინ ეროვნული გვარდიის ქვედანაყოფები შეიყვანეს.
მთელი ეს ისტორია ფაქტობრივად ერთი წლის წინათ დაიწყო, როდესაც ადგილობრივი უნივერსიტეტის აფროამერიკული წარმოშობის სტუდენტების ჯგუფმა პეტიცია შეიტანა გენერალ ლის ქანდაკების აღების მოთხოვნით. ეს გენერალი სამოქალაქო ომის დროს კონფედერატების ჯარს სარდლობდა.
საქალაქო საბჭომ საბოლოოდ ძეგლის აღებას მისცა ხმა – მაგრამ სასამართლომ ეს გადაწყვეტილება შეაჩერა. თეთრკანიანმა ნაციონალისტებმა სასამართლოს ამ გადაწყვეტილების აღსანიშნავად შეკრება მოაწყვეს. სწორედ ამ შეკრებამ მოახდინა არეულობების პროვოცირება.
REUTERS/Stephen Lam
შარლოტსვილში განვითარებული მოვლენები დროის მიხედვით იმ დაძაბული მოვლენების ბოლო ეპიზოდად იქცა, რომლებიც კონფედერატების ძეგლების აღებას მოჰყვება. ბევრი ამერიკელი ექსპერტი ამბობს, რომ ამ სახრეთულ შტატში დაძაბულობის დამატებითი ფაქტორი იყო პრეზიდენტად ტრამპის არჩევა, რომელიც თეთრკანიან ნაციონალისტებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს.
შარლოტსვილის კუ-კლუს-კლანის ადგილობრივი განყოფილების ყოფილმა ლიდერმა გუშინ ჟურნალისტებს ისევ განუცხადა, რომ 12 აგვისტოს:
პრეზიდენტი ტრამპი მომხდარზე არასაკმარისი რეაგირების გამო გააკრიტიკეს. მან მხოლოდ დაგმო შარლოტსვილში მომხდარი ძალადობა, თუმცა თეთრკანიანი ნაციონალისტების ამ გამოსვლის უკან მდგომი ორგანიზაციები არ დაუსახელებია.
დღეს ქალაქში უფრო მშვიდი სიტუაციაა. მაგრამ თეთრკანიანი ნაციონალისტების ერთ-ერთმა ლიდერმა – რიჩარდ სპენსერმა გამოაქვეყნა ონლაინ მიმართვა, რომელშიც საკუთარი ჩანაფიქრის შესრულების პირობა დადო.