აფხაზეთში პარლამენტის დაკომპლექტება დასრულდა და ახალ სპიკერს უნდა ველოდეთ.
როგორც იქნა, მიღებულია გადაწყვეტილება უკანასკნელი, რიგით 35-ე, გუდაუთის №17 საამომრჩევლო ოლქის დეპუტატის მანდატთან დაკავშირებით, რომლისთვისაც საჭირო გახდა ცალკე არჩევნების ჩატარება, მას შემდეგ, რაც 2017 წლის 12 მარტის საპარლამენტო არჩევნების შედეგები უკვე შეჯამებული იყო.
ოლქის დეპუტატი გახდა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულ აფხაზ პოლიტიკოსთაგანი ლეონიდ ჩამაგუა. მისი ერთდერთი მეტოქე იყო ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი – ყოფილი პრემიერ-მინისტრი ლეონიდ ლაკერბაია, რომელიც მინისტრთა კაბინეტს ყოფილი პრეზიდენტის ალექსანდრ ანქვაბის დროს ედგა სათავეში.
თავდაპირველად გუდაუთის №17 საარჩევნო ოლქის არჩევნები შეუმდგარად აღიარეს, რადგან ამ ორი კანდიდატიდან არცერთს არჩევნებზე მოსული ამომრჩევლების ხმათა ნახევარზე მეტი არ დაუგროვებია.
მაგრამ, თუკი მაშინ ლეონიდ ლაკერბაიას სულ 12 ხმა დააკლდა, რომ პარლამენტში ყოფილიყო არჩეული – ამჯერად განსხვავება უფრო დიდია: ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 15 მაისს გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ლეონიდ ჩამაგუას ხმა მისცა 1,389-მა ამომრჩეველმა, ლეონიდ ლაკერბაიას კი – 1,169-მა.
რა შედეგითაც არ უნდა დასრულებულიყო გუდაუთის საარჩევნო ოლქის განმეორებითი არჩევნები, ის ახალ პარლამენტში ჩამოყალიბებულ კონფიგურაციაზე გავლენას ვეღარ მოახდენდა – დღევანდელი პარლამენტის შემადგენლობის ორი მესამედს უკვე პრეზიდენტისადმი ლოიალური დეპუტატები წარმოადგენენ. და მაინც, საზოგადოების ინტერესი ამ ოლქში ჩატარებული არჩევნებისადმი მაინც კოლოსალური იყო.
ლაკერბაიას გამარჯვების შემთხვევაში, საპარლამენტო ოპოზიცია ხარისხიან ძალას შეიძენდა.
თავის მხრივ, ხელისუფლებას, რომელიც ლეონიდ ჩამაგუას უჭერდა მხარს, მასთან დაკავშირებით შორს მიმავალი გეგმები ჰქონდა: პრეზიდენტის ადმინისტრაციის წყაროების თანახმად, ჩამაგუა ახალ სპიკერად განიხილება.
სავარაუდოდ, პარლამენტის ახლანდელი სპიკერი, 72 წლის ვალერი კვარჩია, რომელიც ამ თანამდებობაზე თვეზე ცოტა მეტი ხნის წინ აირჩიეს, ნებაყოფლობით დატოვებს თავის თანამდებობას, მის ნაცვლად კი ლეონიდ ჩამაგუას აირჩევენ.