ოპოზიციონერი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხტარლის ცოლმა, ლეილა მუსტაფაევამ საქართველოს პარლამენტს თხოვნით მიმართა, რომ შეიქმნას სპეციალური კომისია იმ ჩინოვნიკების ქმედებათა გამოსაძიებლად, ვინც ჟურნალისტის გატაცებასთან არის კავშირში.
ხუთი თვე გავიდა, რაც საქართველოს დედაქალაქიდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტი გაქრა, თუმცა აქამდე მისი გატაცების საქმეზე ახალი არაფერი გარკვეულა.
„ამიტომ, ჩვენ პარლამენტს მივმართეთ, რათა მათ გამოიძიონ ჩემი ქმრის საქმე. ამგვარ შესაძლებლობას ჩვენ საქართველოს კანონმდებლობა გვაძლევს“, – გადმოსცემს ლეილა მუსტაფაევას ნათქვამს „ეხო კავკაზა“.
აფგან მუხტარლის საქმის შესახებ დაწვრილებით წაკითხვა შესაძლებელია აქ JAMNEWS-ის ინფორმაციაში.
მუხტარლი თბილისიდან 2017 წლის 29 მაისს გაქრა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ის აზერბაიჯანის სამართალდამცავ ორგანოებს ჰყავდათ დაკავებული. თავად მუხტარლის სიტყვებით, საქართველოდან ის ადგილობრივმა სპეც-სამსახურებმა გაიტაცეს, თავზე ტომარა ჩამოაცვეს და აზერბაიჯანულ მხარეს გადასცეს. აზერბაიჯანის სასამართლომ 31 მაისს მუხტარლის დაპატიმრების გადაწყვეტილება მიიღეს: მას სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა, კონტრაბანდა და მესაზღვრისთვის წინააღმდეგობის გაწევა ედება ბრალად. მუხტარლიმ ყველა ბრალდება უარყო. 4 ოქტომბერს ბაქოს სასამართლომ მისი თავდებით გათავისუფლების შესახებ შუამდეგომლობა არ დააკმაყოფილა.
ევროპარლამენტმა თბილისს მოუწოდა ოპერატიულად გამოიძიოს ჟურნალისტის გატაცების საქმე, ბაქოს კი მისი გათავისუფლებისკენ მოუწოდა. ჟურნალისტის გატაცებისა და დაპატიმრების შემდეგ, მალევე დაცვის მხარემ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მისი უფლებების დარღვევის შესახებ საჩივრის დაჩქარებული წესით განხილვის თხოვნით მიმართა. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ მუხტარლის საქმეს პრიორიტეტული სტატუსი მიანიჭა – ის მაქსიმალურად მოკლე დროში განიხილება.