არჩევნებამდე თვეზე ნაკლები რჩება - ივანიშვილი ამომრჩეველს კიდევ ერთ შანსს სთხოვს
28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, მმართველი გუნდის, “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა პირველი კომენტარი გააკეთა. მან სატელევიზიო მიმართვა გაავრცელა, სადაც ამომრჩევლებს სთხოვს, მეორე ტურში სწორი არჩევანი გააკეთონ.
ამავე დროს, მას თავის გამოსვლაში არც ერთხელ არ უხსენებია ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი.
სამაგიეროდ, ივანიშვილი თავის ყოფილ თანაგუნდელებს მიმართავს და კიდევ ერთხელ სთხოვს დახმარებას.
ივანიშვილი ამბობს, რომ “ქართული ოცნების” გუნდს საკადრო ცვლილებები სჭირდება და პირობას დებს, რომ ამ პრობლემას ერთ წელიწადში თავად მოაგვარებს.
_____________________
ქვეყანაში მართლაც არის პრობლემები
ივანიშვილი აღიარებს, რომ ქვეყანაში მართლაც დაგროვდა პრობლემები, რაც ამომრჩევლების განაწყენების მიზეზი გახდა.
28 ოქტომბერს ისტორიაში პირველად საქართველომ პრეზიდენტი პირველ ტურში ვერ აირჩია. მეორე ტური, სავარაუდოდ, 2 დეკემბრს გაიმართება.
ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის (38,4 პროცენტი) და გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერის გრიგოლ ვაშაძის ხმები (37,73 პროცენტი) თითქმის თანაბრად გაიყო.
ექვსწუთიანი მიმართვის მთავარი ადრესატები ის ამომრჩევლები არიან, რომლებმაც 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმა არ მისცეს ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს.
მისი თქმით, მოქალაქეებს გაუჩნდათ განცდა, რომ “მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესდა მათი ყოფა”, “ზოგიერთი მოხელე ხალხზე ზრუნვაზე მეტად, პირად კეთილდღეობაზე ზრუნავს”, და რომ “დღევანდელმა ხელისუფლებამ ვერ მოახერხა სამართლიანობის აღდგენა”.
• რა თქვა კაცმა, რომელიც მართავს საქართველოს? ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს მთავარი დეტალები
• რატომ ლაპარაკობს საქართველოს ხელისუფლება სამოქალაქო ომზე?
• რა აჩვენა საპრეზიდენტო არჩევნებმა და რატომ დამარცხდა ხელისუფლების კანდიდატი?
ის ამბობს, რომ რამდენიმე თვის წინ პოლიტიკაშიც სწორედ იმიტომ დაბრუნდა, რომ პრობლემები დაინახა.
“აღმოჩნდა, რომ ხალხი კიდევ უფრო ღრმად და ნათლად ხედავდა ამ პრობლემებს. დღეს არ შემიძლია არ დაგეთანხმოთ”, – თქვა მან.
ივანიშვილი ამბობს, რომ ახლა მთავარია, “ხელისუფლებასა და ცალკეულ ჩინოვნიკებზე გაბრაზებულებმა, ხელისუფლების დასჯის სურვილით, საკუთარი მომავალი და საკუთარი ქვეყანა არ დავსაჯოთ და არ გადავყაროთ წყალში ყველაფერი, რაშიც 2012-ში სიცოცხლე ჩავდეთ”.
ივანიშვილის რამდენიმე პრობლემაზე განსაკუთრებით ამახვილებს ყურადღებას:
“პენსიონერების და დევნილების შემწეობები უნდა გადაიხედოს”
მისი თქმით, პენსიონერებისა და დევნილების შემწეობები და დახმარებები რადიკალურად უნდა გადაიხედოს. კონკრეტულად როგორ უნდა გადაიხედოს, ამას ივანიშვილი ამ ეტაპზე არ ამბობს:
“ბევრი პოპულისტისგან განსხვავებით, ბუნებრივია, არ ვისაუბრებ კონკრეტულ ციფრებზე, მაგრამ აუცილებლად ვიტყვი, რომ… მათზე ზრუნვა ჩვენი ღირსების საქმეა და ჩვენ ეს უნდა შევძლოთ!“, – აცხადებს იგი.
“საკადრო პოლიტიკა უნდა შეიცვალოს”
ასევე ივანიშვილი საკადრო პოლიტიკის შეცვლის აუცილებლობაზე საუბრობს, თუმცა არც აქ აკონკრეტებს, რომელი კადრებითაა უკმაყოფილო:
“სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს საკადრო პოლიტიკა, რომელიც დაეფუძნება გამოცდილ ადამიანებს და მუდმივად მოიზიდავს ახალ კადრებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს. ახალგაზრდები უნდა ჩაერთონ ქვეყნის მართვასა და პოლიტიკის შემუშავებაში,” – ამბობს ის.
გრიგოლ ვაშაძესა და
“ნაციონალურ მოძრაობაზე”: “მათი გამარჯვება დესტაბილიზაციის საფრთხის მატარებელია”
ივანიშვილის შეფასებით, ქვეყანა დღეს ისტორიულ გზაგასაყარზეა და ხალხმა სწორი არჩევანი უნდა გააკეთოს “ქართულ ოცნებას” და “ნაციონალურ მოძრობას” შორის.
“ჩვენი მოწინააღმდეგე არ არის პოლიტიკური პარტია. დღეს ჩვენ წინ, ჩვენ პირისპირ, სამწუხაროდ, ისევ რევანშისთვის გაერთიანებული მოძალადეები დგანან,” – თქვა ივანიშვილმა.
• სალომე ზურაბიშვილი – ბიძინა ივანიშვილის “ჩავარდნა”
მისი თქმით, “ქართული ოცნების” შეცდომების გამო, ქვეყანა არ უნდა ჩავუგდოთ ხელში ძალას, რომელსაც “ყველა ღირებულების მოსპობა უნდა”:
” მათ შეცდომების გასწორება არ სურთ! მათ ყველაფრის დანგრევა უნდათ და, რაც ყველაზე სამწუხაროა, ნებისმიერ ფასად!”
ივანიშვილი ამბობს, რომ იმაზე, თუ ვის აირჩევს ქართველი ხალხი პრეზიდენტად, დამოკიდებულია ქვეყნის მომავალი.
ამავდროულად ის ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ კონსტიტუციის მიხედვით, მომავალი პრეზიდენტი სუსტია და ბევრის უფლება არ ექნება:
„[ნაციონალები] ხალხს ურცხვად პირდებიან იმას, რაც საპარლამენტო წყობაში საპრეზიდენტო უფლებამოსილებას სრულად ცდება”.
ივანიშვილმა თავის გამოსვლაში ასევე გაიმეორა მმართველი გუნდის დეპუტატების მოლოდინები დესტაბილიზაციასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ოპოზიციის კანდიდატი ღიად აანონსებს, რომ ციხიდან გაათავისუფლებს ძალადობისა და თანამდებობრივი უფლებამოსილების გადაჭარბებისთვის მსჯავრდებულ ყოფილ მაღალჩინოსნებს [საუბარია შინაგან საქმეთა ექს-მინისტრ ვანო მერაბიშვილსა და თავდაცვის ექს-მინისტრ ბაჩო ახალაიაზე – JAMnews], რაც მისი აზრით, “პირდაპირ დესტაბილიზაციის საფრთხის მატარებელია”
საკუთარ გუნდზე და პრობლემებზე: “ყველაფერს მოვაგვარებ ერთ წელიწადში”
“ქართული ოცნების” ლიდერი პირობას დებს, რომ ერთ წელიწადში თავად მოაგვარებს ქვეყანაში არსებულ პრობლემებს.
“მე ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ ერთ წელიწადში გავასწორო მართვის ყველა ხარვეზი და მთელი ჩემი რესურსი გამოვიყენო, რომ ქვეყნის განვითარება შეუქცევადი გახდეს,” – თქვა მან.
ივანიშვილმა კვლავ მიუთითა გუნდის შიგნით არსებულ პრობლემებზე. მისი თქმით, ის მზად არის თავად წავიდეს პარტიის წინააღმდეგ, თუ დაინახავს, რომ გუნდი არ ემსახურება ხალხს:
“ჩვენი პოლიტიკური გაერთიანება არსებობს მხოლოდ ხალხის მსახურებისთვის.. ამიტომაც, თუ „ქართული ოცნება“ ვერ მუშაობს, თუ მისმა რომელიმე შტომ ხალხის მსახურებაში არ ივარგა, მე პირველი წავალ მათ წინააღმდეგ,” – თქვა ივანიშვილმა.
ამ ეტაპზე ივანიშვილს მხოლოდ მმართველი გუნდის თავმჯდომარის თანამდებობა უჭირავს, სხვა არავითარ პოსტს ის არ იკავებს. მას არ დაუკონკრეტებია, რა თანამდებობიდან აპირებს ის პრობლემების მოგვარებას. ამავდროულად ის უარყოფს, რომ ქვეყნის არაფორმალური მმართველია.
მსგავსი განცხადება მან ერთხელ უკვე გააკეთა თავის წინასაარჩევნო ინტერვიუს დროს ტელევიზიების ჟურნალისტებთან.
მაშინ მან საზოგადოებას ერთწლიანი პერიოდი სთხოვა და თქვა, რომ ამ პერიოდში გუნდის “კიდევ უფრო გაძლიერებას” მოახერხებს და გუნდში ვერტიკალს გაამყარებს. მან თქვა, რომ ერთ წელიწადში “ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა”.
ძველ თანაგუნდელებს: “კიდევ ერთხელ გვჭირდებით!”
ბიძინა ივანიშვილის გამოსვლის ერთ-ერთი ყველაზე მოულოდნელი და საინტერესო ნაწილი იყო მისი მიმართვა ყოფილი თანაგუნდელებისადმი. მან მიმართა კოალიცია “ქართული ოცნების” ყოფილ პოლიტიკურ სუბიექტებს, რომელთა უმრავლესობამ სწორედ მასთან კონფლიქტის შემდეგ დატოვა კოალიცია.
ივანიშვილმა მათ “ძველი გვარდია” უწოდა.
“საქართველოს კიდევ ერთხელ დასჭირდა თქვენი ერთგულება და გამოცდილება, თქვენი სამოქალაქო გმირობა. მე ვიცი თქვენი გულისტკივილი, მე ვიცი თქვენი გაბრაზების ყველა მიზეზი. გაძლევთ პირობას, რომ ყველა პატრიოტი იპოვის საკუთარ ადგილს თავისი დამსახურების მიხედვით ჩვენს ერთიან ოჯახში, არავის ღვაწლი არ დარჩება უყურადღებოდ!”
[კოალიცია “ქართული ოცნება” არსებობდა 2011-2016 წლებში. იგი შედგებოდა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტიკური სუბიექტისგან, და მის სათავეში იყო ბიძინა ივანიშვილი. სწორედ კოალიციამ მოიგო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები, რომელთა შედეგადაც საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა. კოალიციამ მმართველი გუნდის პოზიციაზე ოთხ წელიწადს გასტანა. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის კოალიცია სრულად დაიშალა. ხშირ შემთხვევაში, კოალიციიდან სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტების გასვლის ინიციატორი თავად ბიძინა ივანიშვილი იყო_JAMnews]