ათდღიანი შიმშილობის შემდეგ აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს
გაზიარება
გაზიარება
ფოტო: Turan
აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი, რომელსაც ბრალად ნარკოტიკებით ვაჭრობა ედებოდა, დარბაზიდან გაათავისუფლეს. ამას წინ ათი თვით საგამოძიებო იზოლატორში ყოფნა და ათდღიანი შიმშილობა უძღოდა.
აზად გასანოვი – ოპოზიციური პარტია „მუსავათის“ აქტივისტია.
2014 წელს მან ლიტვაში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო და იქ ოპოზიციურ საქმიანობას აგრძელებდა.
2018 წლის 10 ოქტომბერს გასანოვი აზერბაიჯანში მძიმედ ავადმყოფი მამის მოსანახულებლად ჩავიდა. მომდევნო დღეს ის დააპატიმრეს და ბრალად ნარკოტიკებით ვაჭრობა დასდეს.
გასანოვს თავისუფლების 5-დან 12 წლამდე აღკვეთა ემუქრებოდა. მან განაცხადა, რომ წამების მუქარით აიძულეს, ბრალი ეღიარებინა. აზერბაიჯანელმა უფლებადამცველებმა ეს პოლიტიკური რეპრესიების მორიგ შემთხვევად მიიჩნიეს.
მას შემდეგ აზად გასანოვი საგამოძიებო იზოლატორში იმყოფებოდა.
სასამართლო განხილვა თებერვალში დაიწყო და აგვისტომდე გრძელდებოდა.
22 ივლისს სასამართლოს მორიგ სხდომაზე აზად გასანოვმა შიმშილობა გამოაცხადა. ის მანამდე აპირებდა შიმშილობას, ვიდრე მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე არ შეწყდებოდა. მაგრამ, 31ივლისს მან შიმშილობა შეწყვიტა, და ეს იმით ახსნა, რომ ამაზე თანამოაზრეებმა და ადვოკატმა დაითანხმეს.
გათავისუფლება
5 აგვისტოს აზად გასანოვს განაჩენი წაუკითხეს. თავდაპირველი ბრალდება მას უფრო მსუბუქი მუხლით შეუცვალეს – „ნარკოტიკების უკანონო ბრუნვა პირადი მოხმარებისთვის დაშვებული ნორმის გადაჭარბებით“, –ჰყვებაTuran.
საბოლოოდ გასანოვს ერთი წლით პატიმრობა მიუსაჯეს. მაგრამ, ვინაიდან ამ ვადის დიდი ნაწილი მან უკვე მოიხადა, დარჩენილი ორი თვე პირობითი სასჯელით შეუცვალეს, და სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს.
თავად გასანოვი განაჩენს არ ეთანხმება, მას უსამართლოდ და პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს, და გასაჩივრება სურს. ასევე ის აპირებს, რომ აზერბაიჯანიდან გამგზავრების უფლება მოიპოვოს, და ლიტვაში დაბრუნდეს.