აზერბაიჯანში პატიმრობაში მყოფი ბლოგერი ლაპშინი ჰოსპიტალიზებულია
გაზიარება
გაზიარება
ბლოგერი ალექსანდრ ლაპშინი, რომელიც ბაქოს წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებოდა, სამედიცინო პუნქტში მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც ექიმებმა მას ტაქიკარდია დაუდგინეს.
წინა დღით ლაპშინი გულის ტკივილს უჩიოდა და ის გამოსაკვლევად მიიყვანეს კერძო კლინიკაში, სადაც ეს დიაგნოზი დაუსვეს, – აცნობა სააგენტო „ტურანს“ ბლოგერის ადვოკატმა ალექსეი ჩერნინმა.
ლაპშინი აქამდე ყოველკვირეულად გადიოდა სამედიცინო შემოწმებას და, ადვოკატის თქმით, არც ჯანმრთელობის მდგომარეობას უჩიოდა და არც იზოლატორში ყოფნის პირობებს. ის რამდენჯერმე თავის ნათესავებსაც შეხვდა.
40 წლის მოგზაური-ბლოგერი ალექსანდრ ლაპშინი 2016 წლის 15 დეკემბერს, აზერბაიჯანის მოთხოვნით, მინსკში დააკავეს. მას ბრალად ედება სახელმწიფო საზღვრის დარღვევა (მთიან ყარაბაღში ჩასვლის დროს) და ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობა, რადგან ის ინტერნეტში გამოქვეყნებულ თავის სტატიებში აზერბაიჯანის პოლიტიკას აკრიტიკებს.
2017 წლის 7 თებერვალს მოხდა ლაპშინის მინსკიდან ბაქოში ექსტრადირება.