აზერბაიჯანში კიდევ ერთი საინფორმაციო ვებგვერდი დაბლოკეს
გაზიარება
გაზიარება
ქალაქ ბაქოს საბალის სასამართლომ, პრეზიდენტის თანაშემწის ალი გასანოვის მიმართ ცილისწამების ბრალდების გამო, საინფორმაციო ვებგვერდ Az24saat.org -ის დაბლოკვის გადაწყვეტილება მიიღო. ეს ორი თვის განმავლობაში უკვე მესამე ანალოგიური შემთხვევაა.
ვებგვერდის წინააღმდეგ საჩივარი, თავად გასანოვმა კი არა, ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და მაღალი ტექნოლოგიების სამინისტრომ შეიტანა. ვებგვერდის ხელმძღვანელის ვუგარ გურდანლის თქმით, მან და მისმა ადვოკატებმა სასამართლოს სთხოვეს, რომ მათთვის სამინისტროს მიმართვის დეტალურად შესწავლის შესაძლებლობა მიეცათ, თუმცა უარი მიიღეს.
სამინისტროს წარმომადგენლებმა სასამართლოზე განაცხადეს, რომ ვებგვერდი ალი გასანოვის შესახებ ცილისმწამებლურ და მიკერძოებულ სტატიებს აქვეყნებს. კერძოდ, საუბარი იყო სტატიებზე შემდეგი სათაურებით:
„პრესის საბჭომ ალი გასანოვს დაბადების დღისთვის ყრილობა გვაჩუქა“,
„პირი, რომელიც ილჰამ ალიევს არასწორ ინფორმაციას აწვდის, ალი გასანოვია?“,
„ვინ და რატომ დაკეტა АРА?“.
თვიდან სამინისტრო ვებგვერდს ამ მასალების წაშლას სთხოვდა, მაგრამ როდესაც ამ მოთხოვნის იგნორირება მოხდა, „ინფორმაციის, ინფორმირების და ინფორმაციის დაცვის“ შესახებ კანონზე დაყრდნობით, სასამართლოში იჩივლა.
ვებგვერდ az24saat.org-ის კვალდაკვალ, იმავე ბრალდებით, სასამართლო განხილვა ელით ვებგვერდებს Xural.com-სა და Arqument.az-ს.
ამ წლის ივნისში მსგავსი ბედი ეწია კიდევ ორ აზერბაიჯანულ ვებგვერდს – bastainfo.com-სა და criminalaz.com-ს. ეს ვებგვერდები ქალაქ განჯის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელზე თავდასხმისა და ამის შემდეგ მომხდარი საზოგადოებრივი არეულობების არასწორად გაშუქების გამო დაბლოკეს.