აზერბაიჯანული კინო: ალბათ უფრო არსებობს, ვიდრე არ არსებობს
– აქ რა იქნება?
– ბუნაგი; ოღონდ კარგი გაგებით.
იგი არ განმარტავს, თუ რას ნიშნავს „ბუნაგი კარგი გაგებით“. ვიღაცას გვერდზე გაჰყავს და საბოლოოდ მისი ხმა 80-იანების მუსიკაში იძირება.
ბარ “La Chateau”-ს წინ ტექნიკით სავსე სატვირთო მანქანა დგას. მის გარშემო პენოპლასტის ნამქერი ყრია, რაც თოვლის იმიტაციას ქმნის. დღეს აქ ახალგაზრდა რეჟისორის, რუფატ ჰასანოვის რიგით მეორე სრულმეტრაჟიანი ფილმის მორიგ ეპიზოდს იღებენ. კინოსურათის სამუშაო სახელწოდებაა „მეოცნებე“. ამასთან, ბარი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. კლიენტები გადამღებ ჯგუფსა და მსახიობებს შეერივნენ. რა თქმა უნდა, პროცესის განუყოფელი ნაწილია „ინსპირაციისთვის“ დალეული ერთი ჭიქა ტეკილა, რომელიც პირდაპირ მისწრებაა საღამოს ათ საათზე, როდესაც გადაღება სულ ახლახან დაიწყო და გარეთ ცივა. განსაკუთრებით კი იმ შემთხვევაში, როდესაც დაწესებულების კარი ხშირად იღება და ბარში ისეთი სუსხია, რომ არავინ იხდის ქურთუკებსა თუ პალტოებს და ოპერატორიც კი არ იძრობს ხელთათმანებს.
„მეოცნებე“ კომედიური მელოდრამაა აბსურდულ გარემოში დაბადებული პლატონური სიყვარულის შესახებ. როგორც ჩანს, ეს 2017 წელს გამოსული ერთადერთი ფილმია, რომელიც სახელმწიფო დაკვეთით გადაიღეს. კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს მიერ გამოყოფილი ბიუჯეტი კიდევ ერთ პროექტს თუ ეყოფა მხოლოდ. აზერბაიჯანული კინო კი ამჟამად განვითარების მნიშვნელოვან ეტაპზეა – როგორც იქნა, „ადგილიდან დაიძრა“ და ახლა ცდილობს განსაზღვროს, თუ რა მიმართულებით უნდა იმოძრაოს მომავალში.
არსებობს თუ არა კინო?
თანამედროვე აზერბაიჯანული კინო უცნაური მოვლენაა. თითქოს არსებობს, მაგრამ თან იმის თქმაც შეიძლება, რომ არ არსებობს. უფრო სწორად, კინოპრუდუქტს, რომელიც იქმნება, მაყურებელი ვერ ნახულობს, იმიტომ რომ ფილმს ფესტივალებზე „სასეირნოდ“ უშვებენ და ამ ნამუშევრებს არც ტელევიზიები უჩვენებენ, და არც კინოთეატრები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პუბლიკა სამ კატეგორიად იყოფა:
პირველ კატეგორიაში ის მაყურებლები მოიაზრებიან, რომელთათვისაც სამამულო კინო 90-იანი წლების დასაწყისში დამთავრდა. მათ საერთოდ არ იციან, რომ აზერბაიჯანში ახალ ფილმებს იღებენ. სხვათა შორის, მაყურებელთა უმრავლესობა სწორედ ამ კატეგორიას განეკუთვნება.
მეორე კატეგორიას ყველაზე სკეპტიკურად და კრიტიკულად განწყობილი მაყურებლები მიეკუთვნებიან, რომლებიც სამამულო ფილმებისგან კარგს არაფერს ელოდებიან და ყოველ ახალ ფილმზე საუბრისას უცენზურო სიტყვებისგან თავის შეკავება უჭირთ.
დაბოლოს, მესამე კატეგორია, რომელშიც ყველაზე მშვიდობისმოყვარე ადამიანები შედიან. ისინი ლოიალურობას იჩენენ ადგილობრივი პროდუქციის მიმართ და უხარიათ, რომ „ყინული დაიძრა“. ამასთან, ყოველი ახალი ფილმის გამოსვლის შემდეგ სოციალურ ქსელებში მათ მეორე კატეგორიის მაყურებლები უპირისპირდებიან ხოლმე.
რა არის ახალი?
ვიდრე სრულმეტრაჟიან ფილმებზე გადავალთ, სხვა ჟანრებზეც ვთქვათ ორიოდე სიტყვა.
აზერბაიჯანში საქები აქტიურობით იღებენ მოკლემეტრაჟიან ფილმებს (როგორც მხატვრულ, ისე დოკუმენტურ კინოსურათებს). არა იმდენად ლაკონურობისკენ მიდრეკილების, რამდენადაც სრულმეტრაჟიანი ფილმისთვის საჭირო თანხების არარსებობის გამო. ბევრი მოკლემეტრაჟიანი ნამუშევარი საერთაშორისო ფესტივალების პრემიებსაც კი იღებს.
ფილმი რამდენიმე პრესტიჟულ კინოფესტივალზე იქნა ნაჩვენები. ხოლო მას შემდეგ, რაც ფილმი ფესტივალებს მოივლის, აზერბაიჯანელი კინომოყვარულებისთვის მცირე მასშტაბის ჩვენებები ეწყობა ხოლმე.
ბოლო დროს საკმაოდ შთამბეჭდავი ინტენსივობით იღებენ სერიალებს დევიზით „მხარი დაუჭირე სამამულო წარმოებას, უთხარი „არა“ იმპორტულ საპონს!“. ამ სერიალებმა (მიუხედავად იმისა, რომ განუწყვეტლივ გადაიცემა ტელევიზიით) მაინც ვერ შეძლეს დიასახლისების გულებში იმ ადგილის დაკავება, რომელსაც ოდესღაც „სანტა-ბარბარა“ და „ტროპიკალიენტე“ („ტროპიკელი ქალი“) იკავებდნენ. მაგრამ ეს სულ სხვა სტატიის თემაა.
რამდენი ფილმი ნახა საშუალოსტატისტიკურმა აზერბაიჯანელმა ამ ათი კინოსურათიდან? კინოთეატრებში მხოლოდ „სიძის ოჯახი“ და „ხოხანი“ უჩვენეს. კონოტეატრებში მსგავსი, მდარე ხარისხის კომედიები ხშირად გადის ხოლმე. „ფარდა“ საკმაოდ ბევრმა მომხმარებელმა ნახა სოციალურ ქსელებში, მაგრამ დანარჩენი ფილმები მეტწილილად მხოლოდ იმ საზოგადოებამ იხილა, რომელიც თავად მოღვაწეობს კინოინდუსტრიაში (მოდით, ექსპერტები და ჟურნალისტებიც ამ კატეგორიაში მოვიაზროთ).
და, მიუხედავად ამისა, თითქმის ყველა ექსპერტი თანხმდება, რომ ამჟამად მაყურებლის ინტერესი საკმაოდ მაღალია. სტატისტიკური მონაცემებიც ცხადყოფს, რომ დამოუკიდებელი აზერბაიჯანული კინოს ისტორიას არ ახსოვს აზერბაიჯანელი მაყურებლის ასეთი ინტერესი სამამულო ფილმების მიმართ. თუმცა, ამ შემთხვევაში, მხოლოდ კომედიებზეა საუბარი. დრამებისა და სხვა ნაკლებადმხიარული ფილმების სანახავად კი კინოთეატრებში არც ისე ბევრი ადამიანი დადის.
ამას გარდა, სერიოზული ფილმებისათვის საჭირო თანხების შოვნა ჯერ კიდევ პრობლემას წარმოადგენს. იმისათვის, რათა მაყურებელს აიძულო, ნახოს ესა თუ ის ფილმი, აუცილებელია აცნობო მას, რომ ეს ფილმი არსებობს. ამისათვის კი რეკლამაა საჭირო. ბევრი რეკლამა. და თუკი კომერციულ კინოს შეუძლია, საკუთარ თავს მისცეს ამის უფლება, არაკომერციულ კინოინდუსტრიას ასეთი ფუფუნების საშუალება არ აქვს.
შესაბამისად, მაყურებელთა დიდი ნაწილი უბრალოდ ვერ გაიგებს, რომ ეკრანებზე ახალი დრამა გამოდის. თუმცა, ამ შემთხვევაში, ფრაზა „ეკრანებზე გამოდის“ ნამდვილად პირობითია. შეილება ითქვას, რომ ასეთ ფილმებს არც კინოთეატრებში აჩვენებენ, და არც ტელევიზორში. მხოლოდ „ეროვნული კინოს დღეების“, ან მსგავსი ღონისძიებების ფარგლებში თუ გამოდის. მსგავსი ღონისძიება მცირე ხნის წინათ გაიმართა და იმ დღეებში სამამულო წარმოების ფილმების ჩვენებებს აწყობდნენ. და იცით, რომელ საათზე დანიშნეს სეანსები? 10:30-ზე. ძნელია წარმოიდგინო ადამიანი, რომელიც დილის თერთმეტის ნახევარზე კინოში წავა. ასე არ არის? იმავე კინოთეატრში მულტფილმებსაც კი უფრო გვიან აჩვენებენ.
სტუდია “ნარიმანფილმის” დირექტორი, ნარიმან მამედოვი:
“ჩვენი ძირითადი პრობლემებიდან აღსანიშნავია ის, რომ არ გვყოფნის კარგი ტექნიკა და არ გვაქვს იურიდიული ბაზა, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციების პროგრამებში მონაწილეობის საშუალებას მოგვცემდა. ამას გარდა, საერთაშორისო კინოპროცესებს ვართ მოწყვეტილი და კვალიფიციური სპეციალისტების დეფიციტს განვიცდით. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყანაში ძალიან ცოტა კინომსახიობია და ეს გარემოება ფილმების წარმოების შემოსავლიანობაზე უარყოფითად მოქმედებს “.
ირადა ბაგირზადე, სტუდია Adari Film-ის დირექტორი:
“სპონსორები და ინვესტორები, რომელთა რაოდენობა ისედაც მცირეა – სულაც არ არიან ფილანტროპები. ისინი ფულს მხოლოდ იმ შემთხვევაში აბანდებენ, თუკი არსებობს იმედი, რომ ფილმის შემოსავალი მასზე დახარჯულ თანხებს გადააჭარბებს. ხოლო თუკი არაკომერციულ ფილმს იღებ და გსურს, ხელოვნების ნაწარმოები შექმნა, დახმარების იმედი არ უნდა გქონდეს. საჭიროა კინოს განვითარების სახელმწიფო ფონდის შექმნა და ახალგაზრდა კინემატოგრაფების მხარდამჭერი პროგრამების შემუშავება. ჯერჯერობით დაფინანსების ერთადერთ წყაროდ კულტურის სამინისტრო რჩება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო წელიწადში მხოლოდ 2-3 პროექტს აფინანსებს. და, სხვათა შორის, ყველა პროექტი, როგორც წესი, კინოსტუდია „აზერბაიჯანფილმის“ ბაზაზე ხორციელდება. ამ სტუდიასთან თანამშრომლობაზე კი ბევრი უარს აცხადებს მისი ხელმძღვანელების არაპროფესიონალური და რეტროგრადული მიდგომების გამო. შედეგად აწარმოებენ სუსტ ფილმებს, რომლებიც მაყურებლებს არ მოსწონთ’.
დამაინც, როგორ შეიძლება ფულის შოვნა?
ახალგაზრდა რეჟისორებს , რომლებსაც არაკომერციული ფილმის გადაღება სურთ, ასეთი სქემით მოქმედებენ: წერენ სცენარს, იღებენ „ტიზერს“ და საზღვარგარეთ პოულობენ სპონსორებს. ამის შემდეგ, თუ გაუმართლებთ, მათ ფილმს რომელიმე პრესტიჟულ კინოფესტივალზე წარადგენენ და მხოლოდ ამის შემდეგ უჩნდებათ შანსი, რომ მათ კინოპროდუქტს რომელიმე ევროპული ტელეარხი შეიძენს.
რა თქმა უნდა, ამ ფილმს აზერბაიჯანელი მაყურებელი ვერ ნახავს. სწორედ ასე იყიდება მცირე ბიუჯეტის მქონე, განზრახ სახლის პირობებში გადაღებული ფილმები, რომლებიც სავსეა ეროვნული კოლორიტით – იმ „აზიური“ ეგზოტიკით, რომლის გაყიდვაც ასე მარტივია. დამაინც, ყველაზე კარგად მოკლემეტრაჟიანი ფილმები იყიდება.
ასიფ რუსტამოვი, რეჟისორი სტუდია ButaFilm-ის წარმომადგენელი:
“ყოველწლიურად კულტურისა და ტურიზმის სამინისტრო ფილმების გადასაღებად გარკვეულ თანხას გამოყოფს. დამოუკიდებელი კინოსტუდიები და რეჟისორები საკუთარ პროექტებს წარმოადგენენ, რის შემდეგაც უწყება ფინანსურ რესურსებს გამოყოფს. რამდენიმე წლის წინ ეს სისტემა წარმატებით მუშაობდა, მაგრამ 2012 წელს „აზერბაიჯანფილმის“ დირექტორის პოსტი მუშვიგ ჰათამოვმა დაიკავა და ყველაფერი აირია. ამჟამად ყველა პროექტი სახელმწიფო კინოსტუდიის ბაზაზე იღებენ, თავად ჰათამოვი კი, რატომღაც, პროდუსერის როლში გვევლინება. თუმცა, მისი „პროდუსინგი“ უბრალოდ მკაცრ და სრულიად უნიჭო ეკონომიას, ვადების შემცირებასა და მსგავს ზომებს გულისხმობს. ამის შედეგად კი ფილმების ხარისხი ეცემა.”
სახელმწიფო კინოსტუდია „აზერბაიჯანფილმის“ დირექტორი, მუშფიგ ჰათამოვი:
“ჩემს მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს უპასუხოდ დავტოვებ. კინოს ფაქტები უყვარს. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აზერბაიჯანული ფილმები 52 ქვეყნის ასამდე კინოფესტივალზე წარადგინეს და უამრავი პრიზით დააჯილდოვეს. ამას გარდა, „აზერფილმთან“ თანამშრომლობით სამასმა ახალგაზრდა სპეციალისტმა – მ.შ. რეჟისორებმა, სცენარისტებმა და ოპერატორებმა – საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაციის საშუალება მიიღო”.
Студия ButaFilm
ახალი კანონი
კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს დაკვეთით მომზადებული ახალი კანონპროექტი უკვე მომზადდა და განსახილველად მილი მეჯლისს (პარლამენტს) გადაეცა. თუკი ეს დოკუმენტი დამტკიცდება, შესაძლოა, საზღვარგარეთ შეძენილ კინოტექნიკაზე დაწესებული მოსაკრებელი შემცირდეს,კინოთეატრებსა და ტელეარხებს კი აზერბაიჯანული ფილმების ჩვენების ოფიციალური კვოტა დაუწესდეთ.
მუშფიგ ჰათამოვს მოსწონს კანონპროექტი და მომავალს განსაკუთრებული ოპტიმიზმით შეჰყურებს. ასიფ რუსტამოვი კი პირიქით – კარგს არაფერს ელოდება.
“კანონპროექტზე მხოლოდ ჩინოვნიკები მუშაობდნენ, დოკუმენტი ნაჩქარევად მომზადდა და მასში რეალური პრობლემები და საჭიროებები არ არის გათვალისწინებული. ის აკრძალვები და შეზღუდვები, რომლებიც ამ კანონშია გაწერილი, ნამდვილად არ უწყობს ხელს სფეროს განვითარებას. მეტიც, ახალი რეგულაციები ერთგვარ ნიადაგს ქმნის ცენზურის ამოქმედებისა და დამოუკიდებელი სტუდიების დევნისათვის”.
ამჟამად ვინ იღებს აზერბაიჯანულ ფილმებს?
ყველას გვახსოვს უფროსი თაობის რეჟისორები – ელდარ ყულიევი, რასიმ ოჯაგომი და ა.შ. მაგრამ ახალგაზრდა კინემატოგრაფებს მხოლოდ “მათი წრის” წარმომადგენლები იცნობენ.
ბევრი მათგანი საზღვარგარეთ სწავლობდა, ზოგიერთმა კი რეჟისორის პროფესიის არჩევამდე ეკონომიკის ან რომელიმე სხვა სფეროს სპეციალისტის დიპლომის აღება მოასწრო. გამომდინარე იქიდან, რომ აზერბაიჯანში კინო არაშემოსავლიანი და ხარჯიანი საქმეა, ამ სფეროს მხოლოდ ხელოვნების სიყვარულით ირჩევენ. ან, უარეს შემთხვევაში, პატივმოყვარეობის გამო. ასე რომ, ყველა აზერბაიჯანელი რეჟისორი (განსაკუთრებით ის კინემატოგრაფები, რომლებიც საავტორო ფილმებს ქმნიან) გამოუსწორებელი რომანტიკოსია.
ბარ “La Chateau”-ში გამართული გადაღებებიდან ორი კვირა გავიდა. პენოპლასტის ნამქერი „დადნა“. ფილმი გადაღებულია და დეკემბერში გამოვა კინოგაქირავებაში. და, როგორც ჩანს, რუფატ ჰასანოვი მზადაა, ყველაფერი იღონოს იმისთვის, რომ ყველამ ნახოს მისი ფილმი. ბოლოს და ბოლოს, ამაოდ ხომ არ უღალატა თავის პრინციპებს!
“ადრე კინემატოგრაფთან საკმაოდ სნობური დამოკიდებულება მქონდა – მინდოდა, ფილმები მხოლოდ ჭეშმარიტი სინეფილებისთვის გადამეღო. ეს კინოსურათი კი სრულიად სხვანაირი გამომივიდა. ახალი ფილმი ყბადაღებული „ფართო მასებისთვისაა“ განკუთვნილი – მასში მარტივად აღსაქმელი იუმორია გამოყენებული და ძალიან „ადვილმოსანელებელ“ ამბავს მოგვითხრობს. მთლიანობაში ნორმალური ფილმი გამოვიდა. ხალხი მოვა და ნახავს. მომავალში კი შესაძლებელი იქნება, რომ თანდათანობით მოვახდინოთ ფართო აუდიტორიის „ვაქცინაცია“ და მაყურებელს სერიოზული კინო შევაყვაროთ. თითქმის დარწმუნებული ვარ ამაში”.