აზერბაიჯანული დათბობა
წელს გაზაფხულის დღესასწაულის _ ნოვრუზის დროს უჩვეულოდ ციოდა. სამაგიეროდ,ამ წვიმისა და ქარის ფონზე,დიდი ხნის განმავლობაში პირველად, პოლიტიკურმა კლიმატმა დაიწყო დათბობა.
17 მარტს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის ძალითაც 148 პატიმარს, მათ შორის იმ 14 ადამიანს, რომელთაც საერთაშორისო უფლებადამცველები პოლიტპატიმრებად მიიჩნევდნენ, ამნისტია შეეხო. რამდენადაც მახსოვს, ეს აზერბაიჯანში გათავისუფლებული პოლიტპატიმრების რეკორდული რაოდენობაა; თანაც არც ხვეწნა-მუდარა გახდა საჭირო, და არც „ეროვნული ლიდერის საფლავზე ყვავილების დაწყობა“. ადრე ამის წარმოდგენაც კი არ შეიძლებოდა.
მოვლენის მასშტაბს რომ ჩავწვდეთ,ჯერ ის გავიხსენოთ, თუ როგორ დაიწყო „აცივება“ _ ანუ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ დაწყებული კამპანია. 2014 წლის გაზაფხულიდან სამოქალაქო საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები და ჟურნალისტები საგადასახადო სამსახურებისა და პროკურატურის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცნენ. პირველი მსხერპლი გაზეთ „სარკეს“ ჟურნალისტი რაუფ მირკადიროვი აღმოჩნდა, რომელიც 2014 წლის აპრილში თურქეთიდან გამოიხმეს და აზერბაიჯანში ჩამოსვლისთანავე დააპატიმრეს სომხეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით. ამის შემდეგ დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში, დაახლოებით, 100 აქტივისტი (დასავლეთიდან გრანტების მიმღები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები), ჟურნალისტები და ოპოზიციური ახალგაზრდული ორგანიზაციების წევრები დააკავეს.
ხელისუფლებას შიშობდა,რომ ქვეყანაში „არაბულ გაზაფხულს“ ან „ფეისბუკრევოლუციას“ არ შემოეღწია. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, რამის მეხტიევმა ამ მოვლენებამდე მცირე ხნით ადრე სახელმწიფო მედიასაშუალებებით გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს ადანაშაულებდა, არასამთავრობო ორგანიზაციების გამოყენებით, აზერბაიჯანში სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობაში.
იმ პერიოდში დასავლური ორგანიზაციების წინააღმდეგ დაწყებულ ამ რეპრესიებს ბევრი რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის უკრაინის კრიზისის გამო არსებულ დაპირისპირებას უკავშირებდა. აზერბაიჯანს ერთმნიშვნელოვანი პოზიცია უნდა გამოეხატა. ვისკენ ვართ? შეერთებული შტატები შორსაა, რუსეთი კი ახლოს. ამიტომ, ჩრდილოეთის მხრიდან წამოსულ შანტაჟს დავემორჩილეთ და დასავლური არასამთავრობო ორგანიზაციები დავხურეთო.
მართლაც, ძალიან მალე აზერბაიჯანსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა დაიძაბა. შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიამ,რომელსაც სენატორი კრისტოფერ სმიტი ხელძღვანელობს, კონგრესს წარუდგინა კანონპროექტი,რომელიც აზერბაიჯანის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითვალისწინებდა.
დოკუმენტში აღნიშნული იყო ისიც,რომ სანქციები იმ შემთხვევაში მოიხსნებოდა,თუკი აზერბაიჯანი მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწევდა პოლიტპატიმრების გათავისუფლების, სამოქალაქო საზოგადოების დევნის შეწყვეტისა და თავისუფალი, სამართლიანი არჩევნების ჩატარების თვალსაზრისით.
ამის პასუხად აზერბაიჯანის პარლამენტში წარადგინეს კანონპროექტი „ამერიკის შეერთებულ შტატებში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ“, რომელიც შეერთებულ შტატებთან ყოველგვარი ურთიერთობის შეჩერებას ითვალისწინებდა.
ბევრი სიტუაციის ამგვარ გამწვავებას რუსეთის ზეწოლით ხსნიდა.საქმე ისაა, რომ რუსეთი სამხრეთ კავკასიას თავისი ტრადიციული გავლენის სფეროდ მიიჩნევს და ეჭვიანობს, როდესაც სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციისა და გრანტის საშუალებით დასავლეთი ამ რეგიონში გავლენას აძლიერებს. რუსეთს არ სურს, რომ საქართველოსა და უკრაინაში მომხდარი განმეორდეს. ეს ვერსია საკმაოდ რეალისტურია, მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ სირიის მოვლენებს, სადაც მიმდინარე პროცესებში რუსეთიც აქტიურ მონაწილეობას იღებდა.
ჩვენში, როგორც წესი, ყველა უბედურების მიზეზად რუსეთი მიაჩნიათ. ვეცდები, რუსეთის ადვოკატის უჩვეულო როლი მოვირგო. თუკი რუსეთს სურს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების მეშვეობით საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე დასავლეთის გავლენა შეზღუდოს, ჩნდება კითხვა _ მაშინ რატომ მუშაობენ დაუბრკოლებლად ამერიკული და ევროპული არასამთავრობო ორგანიზაციები, თან სავალუტო რესურსებისა და სამუშაო ადგილების უზრუნველყოფით, სომხეთისა და ყირგიზეთის მსგავს ქვეყნებში,რომლებსაც რუსეთი სრულად აკონტროლებს?
და პირიქით _ რატომ იზღუდება ამ დასავლური არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა რუსეთზე ნაკლებად დამოკიდებულ აზერბაიჯანსა და უზბეკეთში? ყველაზე მკაფიო პასუხი ისაა, რომ ავტორიტარულ ხელისუფლებებს ძალაუფლებისა და ფულის დაკარგვის ძალიან ეშინიათ და ამიტომ ცდილობენ, სამოქალაქო საზოგადოება გააკონტროლონ და მაქსიმალურად შეზღუდონ.
მაშინ როგორღა ავხსნათ პოლიტიკური ‘დათბობა’? არსებობს რამდენიმე ვერსია:
1. რუსეთმა დაპირებები არ შეასრულა,განსაკუთრებით კი _ ყარაბაღითან დაკავშირებით. ამიტომ, აზერბაიჯანის ხელისუფლება ერთგვარად „განაწყენდა“ და ამჯერად დასავლეთს გაუკეთა რევერანსი.
პირადად მე ეს ვერსია ნაკლებსარწმუნოდ მეჩვენება. არ მგონია,ჩვენი ხელისუფლება ისეთი გულუბრყვილო იყოს,რომ რუსეთისგან ყარაბაღში აზერბაიჯანის სასარგებლოდ რაიმეს შეცვლას ელოდეს;მით უმეტეს,რომ წლის დასაწყისში რუსეთმა სომხეთს იარაღის შესაძენად 200 მილიონი დოლარის ოდენობის კრედიტი გამოუყო. და ეს სავსებით მოსალოდნელი ნაბიჯი იყო.
2. აზერბაიჯანმა ეკონომიკურ ზეწოლას ვერ გაუძლო. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ნავთობის ფასი 120 დოლარიდან 33 დოლარამდე დაეცა. ეროვნულმა ვალუტამ ორჯერ განიცადა დევალვაცია. საახალწლო მიმართვაში ილხამ ალიევმა თავისი პრეზიდენტობის პერიოდში პირველად განაცხადა, რომ „ჩვენი შემოსავლები მკვეთრად შემცირდა“. თუმცა, რჩება მსხვილი სპორტული შეჯიბრებების ჩატარებასთან დაკავშირებული ამბიციური პროექტები _ როგორიცაა, მაგალითად, „ევროპის გრანპრი ფორმულა 1-ში“, ისლამის სოლიდარობის თამაშები, საჭადრაკო ოლიმპიადა და ა.შ. ამ ყველაფრისთვის, პირველად ილჰამ ალიევის მმართველობის პერიოდში, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს კრედიტი სთხოვოს. საუბარია ოთხ მილიარდ დოლარზე. ცხადია, რომ მსოფლიო ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით შეკითხვებს დასვამენ.
დამაჯერებელი ვერსიაა. ეკონომიკის არაშემოსავლიანი სეგმენტების,მათ შორის მმართველ კლანთან დაახლოებული პირებისა და ოლიგარქების ოჯახების საქმიანობასთან დაკავშირებული სფეროების, დაფინანსების მკვეთრი შემცირება იმის ნიშანია, რომ აუცილებელია, უფრო მჭიდროდ შემოვიჭიროთ ქამრები. თუმცა, ნოვრუზის დღესასწაულზე თავად პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „აზერბაიჯანი არავის სთხოვს დახმარებას. ჩვენ, უბრალოდ, ახალ მოდელზე ვმუშაობთ“; და ისიც აღნიშნა, რომ „საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები ჩვენს მიღწევებს მაღალ შეფასებას აძლევენ და მზად არიან, ჩვეთან ითანამშრომლონ“. შესაბამისად, ამ ვერსიას არსებობის უფლება აქვს. მაგრამ ერთადერთ არგუმენტად ვერ გამოდგება.
3. აზერბაიჯანის პრეზიდენტი დიდი ხნის განმავლობაში პირველად მიიწვიეს აშშ–ში ბირთვულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ოფიციალურ შეხვედრაზე. ვიზიტის ფარგლებში იგეგმება შეხვედრები პრეზიდენტ ობამასთან და სხვა ლიდერებთან. ალიევს სურს, რომ „დადებითი იმიჯით“ გაემგზავროს და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული უსიამოვნო კითხვები არ დაუსვან.
შესაძლოა, ამ ვერსიამ წარმატებით შეავსოს ზემოაღნიშნული ვარაუდი. ამასთან, ისიც ყურადსაღებია, რომ ალიევმა საკმაოდ ხანგრძლივი პაუზა შეინარჩუნა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს მაშინვე არ დამორჩილდა. თანაც, ყველა ერთად არ გაუთავისუფლებია.დღემდე პატიმრობაში რჩებიან: ჟურნალისტები ხადიჯა ისმაილოვა და სეიმურ ხაზი, ოპოზიციის ლიდერი ილგარ მამედოვი (პროცესზე მის „თანამზრახველად“ შერაცხული ტოფიკ იაგუბლუ გაათავისუფლეს), ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ალი ინსანოვი და სხვები.
„აზერბაიჯანული დათბობას“ ბევრი საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია მიესალმება, მაგრამ ქვეყნის დატოვება დღემდე ეკრძალებათ ოპოზიციურად განწყობილ ჟურნალისტებს, ცოლ-ქმარ არიფ და ლეილა იუნუსებს, რომლებსაც საზღვარგარეთ მკურნალობა ესაჭიროებათ. ამ სიას ახალი სახელებიც ემატება. პროდასავლური არასამთავრობო ორგანიზაციების საბანკო ანგარიშები დღემდე გაყინულია, აქამდე არსებობს დრაკონული კანონები, რომლებიც გრანტების მიღებას ზღუდავს და საზოგადოება ისევ მკაცრად კიცხავს გრანტის მიმღებ ყველა აქტივისტს.
ვითომ დაიწყო ყინულმა ლღობა? ვნახოთ.