აზერბაიჯანის ჯანდაცვის დაუმორჩილებელ მინისტრს პატიმრობის ახალი ვადა შეეფარდა
მმართველი პარტიის „იენი აზერბაიჯანის“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, ჰეიდარ ალიევის უახლოეს მოკავშირეს, ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს, ალი ინსანოვს პატიმრობის ახალი ვადა შეეფარდა. 26 აპრილს ბაქოს გარადაგის სასამართლომ ახლანდელი პრეზიდენტის მძვინვარე მოწინააღმდეგეს კიდევ 7 წლითა და 5 დღით მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა – პატიმრობის ვადის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდით. ეს ვადა მისი სასჯელის თავდაპირველ, 11- წლიან ვადას ემატება.
ალი ინსანოვმა სრულად მოიხადა სასჯელის ვადა და საზოგადოება ცნობისმოყვარეობით ელოდა დიდ პოლიტიკაში მის დაბრუნებას. თუმცა, ინსანოვის გათავისუფლების თარიღამდე ცოტა ხნით ადრე მას ახალი ბრალდებები წარუდგინეს. იმ გამოსასწორებელ დაწესებულებაში ყოფნის დროს, სადაც ის სასჯელს იხდიდა, მას ფსიქოტროპული საშუალებების შეძენა და შენახვა დაედო ბრალად. მას ასევე ზედამხედველებისთვის წინააღმდეგობის გაწევაშიც ადანაშაულებენ.
ინსანოვი 2005 წლის 20 ოქტომბერს დააპატიმრეს პირველ საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, ილჰამ ალიევის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ. გავრცელებული ვერსიის თანახმად, ალიევი მასში ისეთ პოლიტიკურ მეტოქეს ხედავდა, რომელსაც შეეძლო ბევრი სომხეთიდან წამოსული აზერბაიჯანელი აეყოლიებინა; ისეთები, რომლებსაც ინსანოვი თავიანთ „წინამძღვრად“ მიაჩნდათ (ბევრი ახლაც ასე ფიქრობს). ინსანოვი თავადაც ამბობდა, რომ 500 ათასი „დასავლელი აზერბაიჯანელი“( ასე უწოდებენ ოფიციალური მასობრივი საინფორმაციო საშუალებები დევნილებსა და სომხეთიდან ჩამოსულ აზერბაიჯანელებს) მზად იყო, მისთვის მხარი დაეჭირა.
ინსანოვი 12 წლის განმავლობაში (1993-2005) ხელმძღვანელობდა ჯანდაცვის სამინისტროს, ძალიან მდიდარი ადამიანი იყო და მნიშვნელოვანი როლი შეასრულა 1993 წელს პარტია „იენი აზერბაიჯანის“ შექმნასა და ხელისუფლებაში ჰეიდარ ალიევის მოსვლის საქმეში.
ახალი განაჩენის გამოცხადების დროს ინსანოვი მხნედ გამოიყუებოდა და მთელი სხდომის განმავლობაში ირონიულად იღიმებოდა, – იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ტურანი“.
“ველოდი, რომ სასჯელის წინა ვადის ამოწურვის შემდეგ ციხიდან არ გამომიშვებდნენ, რადგან არ ვნებდებოდი და ბრძოლას ვაგრძელებდი. უბრალოდ, გაოცებული ვარ, თუ როგორ შეძლო დღეს პროკურორმა ასეთი პათოსით მოეყოლა ეს მოგონილი ამბები, – თქვა განსასჯელმა სხდომაზე. – ისინი, ვინც ჩემი დაპატიმრების ბრძანება გასცა, ვინც ეს განახორციელა და ვინც სისხლის სამართლის საქმე შეთითხნა, ძალიან პრიმიტულად მოქმედებდნენ, რადგან ეს ყველაფერი პოლიციის სერჟანტის აზროვნების დონეს არ სცდებოდა“.
ინსანოვის თქმით, პროკურორმა მისთვის ხანგრძლივი სასჯელის ვადა მოითხოვა, რომ მას საპრეზიდენტო არჩევნებამდე არ მიეღწია.
ადრე ინსანოვი სასამართლოს დარბაზში მოქმედი პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის მისამართით მკვეთრ განცხადებებს აკეთებდა. მაგალითად, ახალი ბრალდებების წაყენების შემდეგ მან თქვა: „გამიხმეს ის ხელი, რომლითაც ილჰამ ალიევს ვედექი მხარში. ამ ხელისუფლებას ჩვენს ხალხთან არანაირი კავშირი არ აქვს. ხელისუფლებას ხალხი ისევე სძულს, როგორც ხალხს – ხელისუფლება. სწორედ ამიტომ არ დაუჭირა ხალხმა მხარი ამ ხელისუფლებას საპრეზიდენტო არჩევნებზე. მე ჯოჯოხეთის ყველა საზვერე გავიარე, მხოლოდ საფლავიღა დამრჩა“.
აზერბაიჯანის უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა ინსანოვი 2016 წლის 17 ოქტომბერს გამოქვეყნებულ პოლიტპატიმართა სიაში შეიყვანეს.
ექსმინისტრის ადვოკატი ტორღულ ბაბაევი ინსანოვისადმი დამოკიდებულებას მიკერძოებულად მიიჩნევს.
“რვაწლიან პატიმრობას მათაც კი არ უსჯიან, ვინც კილოგრამობით ნარკოტიკს ყიდის! სახელმწიფო გადატრიალების, მკვლელობის ჩამდენებსაც ათავისუფლებენ შვიდ წელიწადში“, – გადმოსცემს დამცველის სიტყვებს „კავკაზსკი უზელი“.