პოეტი ციხეში. ზვიად რატიანის პროტესტი და პატიმრობა
ზვიად რატიანის საქმე

საქართველოში ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს თანამედროვეობის გამორჩეულ პოეტს, პროევროპული აქციების აქტიურ მონაწილეს, ზვიად რატიანს.
რატიანი იმ ათეულობით პატიმარს შეუერთდა, რომლებიც პროევროპული პროტესტების დროს დააკავეს. ის მესამე პატიმარია, რომელიც პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო დააკავეს.
თუმცა, მისი ისტორია გამორჩეულია. რატიანი ციხეში, ფაქტობრივად, საკუთარი ნებით, პროტესტის ნიშნად ჩაჯდა.
9 ოქტომბერს, განაჩენის გამოცხადების დღეს, თავის საბოლოო სიტყვაში რატიანმა თქვა, რომ მისი სილა საპატრულო პოლიციის უფროსისთვის, იყო სიმბოლური, განხრახ ჩადენილი აქტი, რომლის შთაგონებადაც იქცნენ მასწავლებელი ნინო დათაშვილი და ჟურნალისტი მზია ამაღლობელი.
ჟურნალისტ მზია ამაღლობელს ორი წელი აქვს მისჯილი ბათუმის პოლიციის უფროსისთვის სილის გაწვნის გამო.
თავდაპირველად რატიანსაც და ამაღლობელსაც პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდნენ, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა. თუმცა, შემდგომ ორივე შემთხვევაში მუხლი შერბილდა და პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით შეცვალა.
პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ციხეში განაჩენს კიდევ ერთი ქალი, მასწავლებელი ნინო დათაშვილი ელის. მას თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურზე თავდასხმას ედავებიან. თუმცა, თვითმხილველთა თქმით, თავდაპირველად ნინო დათაშვილი თავად იყო მანდატურის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი და დათაშვილი უბრალოდ თავს იცავდა.
პოეტი ზვიად რატიანი 2025 წლის 23 ივნისს, თბილისში, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, უწყვეტი პროტესტის 208-ე დღეს დააკავეს.
სათვალთვალო ვიდეოკამერის მიერ გადაღებულ კადრებში, რომლებიც დაკავებას უძღოდა წინ და რომლებიც პროპაგანდისტულმა მედიამ, რუსთავი 2-მა გაავრცელა, ჩანს, რომ რატიანი მშვიდად ესაუბრება საპატრულო პოლიციის მანქანასთან მდგარ შავებში ჩაცმულ კაცს და შემდეგ მოულოდნელად მას სახეში ხელს არტყამს.
ამის შემდეგ მას აკავებენ.
პოეტის დაკავების შემდეგ, პროკურატურამ თქვა , რომ რატიანმა “ხელი გაარტყა დიდუბე-ჩუღურეთის სახაზო საპატრულო სამმართველოს უფროსს, თეიმურაზ მეშველაშვილს”.
25 ივნისს, როდესაც თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, არსენ კალატოზიშვილმა, ზვიად რატიანს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა იმ არგუმენტით, რომ პოეტი შეიძლება მიიმალოს, რატიანმა სასამართლოზე თქვა:
“არსად არ მივიმალები, რადგან ყოველ საღამოს უნდა ვიყო რუსთაველზე და რადგან მომიახლოვდა პატიმრობა, უნდა მივხედო ჩემს სამუშაოებს“.
აქციები, ცემა, ემიგრაცია
პოეტი ზვიად რატიანი მრავალი წელია „ქართული ოცნების“ აქტიური მოწინააღმდეგეა. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ის ორჯერ ჰყავდათ დაკავებული ადმინისტრაციული წესით.
პოეტი ერთ-ერთი პირველი იყო იმ აქტივისტებს შორის, რომლებზეც 2024 წლის ნოემბრის აქციებზე სასტიკაც იძალადეს სპეცრაზმის წევრებმა.
კადრები – თუ როგორ შთანთქავს ნარინჯისფერქურთუკიან კაცს რობოკოპებისა და სპეცრაზმის უზარმაზარი შავი მასა, მედიაში გავრცელდა. პოეტი რატიანი, მაშინ, მეგობრებმა მისი ნარინჯისფერი ქურთუკით ამოიცნეს.
დაკავების შემდეგ ზვიად რატიანზე სასტიკად იძალადეს.
სამედიცინო დასკვნაში ეწერა, რომ მას მრავლობითი მოტეხილობები ჰქონდა – გატეხილი ჰქონდა ცხვირი, მეხუთე მალა, ჰქონდა სისხლჩაქცევები და დაჟეჟილობები მთელ სხეულზე.
თუმცა, მოსამართლისთვის ეს დაზიანებები არ აღმოჩნდა საკმარისი მის გასათავისუფლებლად – მეტიც, პოეტი თავად ცნეს დამნაშავედ. მის წინააღმდეგ საქმე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობის მუხლით აღძრეს და რვა დღიანი, ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯეს.
ზვიად რატიანზე ძალადობა, ამით არ დასრულებულა. ციხიდან გათავისუფლების შემდეგ პოეტს საცხოვრებელ სახლთან ოთხი უცნობი ადამიანი დახვდა და მასზე ფიზიკურად იძალადეს.
ზვიად რატიანი „ქართული ოცნების“ სამიზნედ ჯერ კიდევ წლების წინ იქცა.
2017 წელს, დეკემბერში, საპოლიციო კონტროლის დროს (მაშინ ორი დღის განმავლობაში პოლიცია თბილისის ქუჩებში ღამის რეიდებს აწყობდა და მოქალაქეებს ამოწმებდა), პოლიციამ ქუჩაში ზვიად რატიანი გააჩერა. პოეტს უთხრეს, რომ მისი ქურთუკის ფერი (ნარინჯისფერი) არ მოეწონა. პოეტი მაშინაც დააკავეს – დაუმორჩილებლობის ბრალდებით და სასტიკად ცემეს.
მაშინ ზვიად რატიანმა ციხეში ათი საათი გაატარა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ, პოეტი რამდენიმე თვის განმავლობაში ითხოვდა დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას და გამოძების დაწყებას პოლიციელების მხრიდან მის მიმართ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულის ფაქტზე, თუმცა უშედეგოდ.
ამ ფონზე, 2018 წლის სექტემბერში, პოეტი ემიგრაციაში წავიდა. მან რამდენიმე წელი იცხოვრა ავსტრიაში, შემდეგ კი ისევ საქართველოში დაბრუნდა.
მიუხედავად ძალადობის ამ ეპიზოდებისა, ზვიად რატიანი საქართველოში დაწყებული პროევროპული საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილე იყო. ის ყოველ საღამოს იდგა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ.
საპატიმრო, ფურცლისა და კალმის გარეშე
განაჩენის გამოცხადებამდე, თითქმის ოთხი თვის განმავლობაში, დაცვის მხარე ყველა პროცესზე ითხოვდა ზვიად რატიანისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლას. თუმცა, მოსამართლე პოეტს ყველა ჯერზე პატიმრობაში ტოვებდა.
ზვიად რატიანი საკანში სხვა სინდისის პატიმრებთან ერთად მოხვდა.
„ჩემზე ძალიანაც არ იდარდოთ, მაგრად ვარ და კიდევ უფრო მაგრად ვიქნები. კი გეცოდინებათ, რომ ჯერჯერობით ყველაფერში მიმართლებს. ჯერ იყო და პირდაპირ საკანში ამოვყავი თავი და არა რეზბალნიცის პალატაში. მერე იყო და მთლად ჩემებთან გამამწესეს. საკანი კი არა, ჩვეულებრივი რევკომის შტაბია. ოთხნი თანავცხოვრობთ: გიო ახობაძე, ნიკუშა კაცია, თორნიკე გიშაძე და მე. ვიწროდ ვართ, მაგრამ სუფთად“, – წერს იგი ციხიდან გამოგზავნილ ერთ-ერთ წერილში. (მისი თანამესაკნეებიდან ორნი – გიორგი ახობაძე და ნიკუშა კაცია, ნარკოდანაშაულის ბრალდებით იყვნენ დაკავებული და ახლა ისინი თავისუფლები არიან. მოსამართლემ თქვა, რომ მათ საქმეში მტკიცებულებები დააკლდა).
„მე გაცილებით პრივილეგირებული მშობელი ვარ, რომელიც თავად ზის ციხეში და არა მისი შვილი. თქვენი ხვედრი ბევრად მძიმეა და გამბედაობაც გაცილებით დასაფასებელი“, – ეს წერილი კი მან მისი თანამესაკნის, თორნიკე გოშაძის დედას, მარიზი კობახიძეს გამოუგზავნა.
საკანში რატიანი აგრძელებდა მუშაობას, წერდა ლექსებს. თუმცა, ოქტომბრის დასაწყისში, მან თქვა, რომ მესამე კვირაა, რაც არ აძლევდნენ ბლოკნოტსა და კალამს.
განაჩენის დღე და პოეტის საბოლოო სიტყვა
9 ოქტომბერს, განაჩენის გამოცხადების დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზო, ფოიე და სასამართლო დარბაზი პოეტის მეგობრებითა და გულშემატკივრებით იყო სავსე. დარბაზში მსურველთა მხოლოდ მცირე ნაწილი დაეტია, დანარჩენები განაჩენს შენობის გარეთ ელოდნენ.
ზვიად რატიანს ვრცელი და ემოციური ბოლო სიტყვა ჰქონდა.
ტექსტი მან ზეპირად თქვა.
„ალბათ დაწერილი სჯობდა, ბოდიში ჟურნალისტებთან, მაგრამ, მხოლოდ სიზარმაცე არ ყოფილა ამის მიზეზი,“ – მოუბოდიშა მან მედიას.
მისი საბოლოო სიტყვა არც ფოტოზე და არც ვიდეოზე არავის გადაუღია. მას შემდეგ, რაც ზაფხულში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ სასამართლოში ფოტო და ვიდეო გადაღება აკრძალა, სასამართლო დარბაზებიდან ამბები მხოლოდ წერილობით გამოდის.
დამსწრეებს სთხოვა, განაჩენის გამოცხადებას მშვიდად შეხვედროდნენ, მანდატურებთან არ ეჩხუბათ. (ბოლო პერიოდში ტენდენციად იქცა მანდატურების ძალადობა სასამართლო პროცესების დამსწრეებზე).
ვრცელ საბოლოო სიტყვაში ზვიად რატიანმა ბევრი ისაუბრა ჩადენილზე, მის მოტივაციაზე.
„პირველი, რითაც წესით უნდა დამეწყო, არის თვითონ ამბავი, რომელსაც აქ გამოვტოვებ და გეტყვით რატომაც. ჯერ ერთი არის კადრები, რომელიც ნანახი გაქვთ. შეფასება, რა თქმა უნდა, ჩემი საქმე ვერ იქნება. რამდენად იყო ეს თავდასხმა? მძიმე დანაშაული იყო თუ მსუბუქი და ასე შემდეგ – ამაზე საუბარი დროს დაგვაკარგვინებს.
ამ ხალხს [დამსწრეებს] ამის ახსნა არ სჭირდება, თქვენ [მოსამართლეს] სავარაუდოდ – გაგება არ გინდათ.
ამიტომ, გადავალ გარემოებებზე, საბაბზე თუ მიზეზზე, რამაც ეს ნაბიჯი [სილის გაწვნა] გადამადგმევინა. და იქნება კანონით არარეგულირებადი, მაგრამ ემოციური ნაწილი… სწორედ ემოციებისგან, განცდებისგან შევდგებით ადამიანები.
რა თქმა უნდა, ნორმალურ გარემოში სილის გაწვნა თუ პანღური, აზრად არავის მოუვიდოდა. ყველას საერთო უბედურებაც იმაშია, უფრო სწორედ, აბსურდი… ის აბსურდი, რომელიც ერთმა კაცმა და მისმა მომსახურე პერსონალმა ამ ქვეყნისგან შექმნა… თავდაყირა დააყენა ყველაფერი“.
მან ახსენა მისი მრავალჯერადი ისტორიები პოლიციელებთან და თქვა, რომ სილის გაწვნის მოტივი სიძულვილი რომ ყოფილიყო, მისი მრავალჯერ მცემელი პოლიციელებიდან ერთ-ერთს აირჩევდა. თქვა, რომ მათ თითქმის ყველას იცნობს. ხვდებიან კიდეც აქციებზე. მაგრამ ეს არ იყო სიძულვილით ჩადენილი, ეს იყო სინდისის კარნახით და სანამ სილას გაარტყამდა, მან დააზუსტა იმ პოლიციელის ვინაობა, ხომ ნამდვილად უფროსი იყო (შეგახსენებთ, მზია ამაღლობელმაც პოლიციის უფროსს გააწნა სილა_JAMnews).
“რა თქმა უნდა, ეს [სილა] იყო სიმბოლური. სიმბოლოების ისტორიამდე აღარ ჩავალ. ახლა გადავალ იმაზე, საერთოდ, რა იყო მიზეზი.
არ მიყვარს პათეტიკა. არასდროს მიყვარდა და მაღიზიანებს ჩემს უშუალო საქმიანობაშიც, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, იცით, რომ არის ასეთი სიტყვა ქართულ ენაში – სინდისი, და არამხოლოდ ქართულ ენაში. ალბათ, ყველა ენაშია იგივე მნიშვნელობის მქონე რაღაც სიტყვა.
რაშიც არ ვარ დარწმუნებული ის არის, რომ შეიძლება, არ იცოდეთ, რომ ეს სინდისი პირობითი ცნებაა. ზოგიერთ ადამიანს ზოგჯერ მართლა აწუხებს. თუნდაც, ისეთი ამორტიზებული და მოძველებული სინდისი, როგორიც მე შემომრჩა ამ ასაკში...
და ეს სინდისი მართლა მაწუხებდა, როცა მეძინა სახლში, ჩემს საწოლში; ვჭამდი ჩემს სახლში; ვმუშაობდი არავისთვის საჭირო რაღაც ტექსტებთან, საყვარელი ქალის მზრუნველობით გარემოცული; ვმეგობრობდი ჩემს არაჩვეულებრივ შვილებთან… იმ ფონზე როცა მათი ასაკის და გაცილებით უფრო მცირე ასაკის ადამიანები თქვენმა თანამშრომლებმა ერთ ასაკოვან, ფულით და ძალაუფლებით შერყეულ, მტრის სამსახურში ღიად და გაცხადებულად ჩამდგარ ადამიანს მსხვერპლად მიუყვანეს.
აი, ამას ვუყურებდი და მე მაწუხებდა ეს, არა იმიტომ, რომ ვინმეზე მეტი ვარ … საერთოდ, ეს არის ბრძოლა. ამ შემთხვევაში, ამ მხარეს ვინც ვართ, ჩვენ პირადისთვის ხომ არ ვიბრძვით?! ვინც პირადისთვის იბრძვის, მეორე მხარესაა. ასე დალაგდა და ასე ხდება. რა მეტყობა მე, პირადისთვის მებრძოლის, სადა ვარ შეხედეთ.
არც საამაყოდ ვთვლი ამ ჩემს მიერ გაწნულ სილას, არც სათაკილოდ და არც დანაშაულად, მხოლოდ იმ დათქმით, რომ აბსურდში ვართ”.
ახსენა მზია ამაღლობელი და ნინო დათაშვილი. თქვა, რომ მზია ამაღლობელის დაპატიმრების შემდეგ ჩვენ ყოველდღე ვუყურებდით მის რიტუალურ მკვლელობას. შემდეგ ნინო დათაშვილის, რომელიც ისევე დაამცირეს როგორც მზია ამაღლობელი და შემდეგ უარესი, ფსიქიატრიულში გადაყვანაც კი მოუნდომეს.
„ალბათ, მაქსიმუმ ორი თვით ადრე, ვიდრე ეს ჩემი ამბავი მოხდებოდა, ვიდრე დამაპატიმრებდნენ, “ბათუმელებმა” მთხოვა წერილის დაწერა მზიას შესახებ, გაზეთისთვის. ეს ჩვეულებრივი ამბავია, იმიტომ რომ კალამთან დაკავშირებული ადამიანი ვარ და ასეთ თხოვნებს, სხვადასხვა საკითხზე თუ თემაზე ვიღებ.
რაღაც დავწერე და მე მახსოვს ჩემი განცდა, ეს ისევ სინდისმა მომცა. სინდისი სულიერად გვინახავს. რომ დავწერე, აივანზე გავედი და ვიყავი ძალიან თვითკმაყოფილი, ბედნიერი, რომ მოვასწარი ვადებში, არ გამიგრძელდა წერა. ჩემი სამივე კატა გამოვიდა, გავაბოლე თვითკმაყოფილმა და ვიგრძენი ძალიან დიდი სირცხვილი, რომ დავჯექი, ამხელა კაცი, თუნდაც ამდენი რამის მნახველი ასაკობრივად, დავწერე, მერე რუსთაველზე გავალ და დიდი ალბათობით კიდევ ერთ ჯარიმას ავირტყამ. მერამდენეს. და აი, სულ ესა ვარ, ხომ?!“
ისაუბრა მორალურ უპირატესობაზე, რომელსაც გრძნობს ახლა. რომ არ მოსწოენს ეს ამბავი, მაგრამ ეს ასეა, რადგან სწორ მხარესაა ამ ბრძოლაში.
და, მოსამართლეს უთხრა, რომ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა გამოაცხდოს, მისი მომავალი გაცილებით მსუბუქია, სანატრელიც კი, ვიდრე იმ ადამიანების, რომლებიც ან საქმით ემსახურებიან, ან თუნდაც, დუმილით ამყარებენ ამ უსამართლობას.
“ეს არის ის, რაც უნდა მეთქვა, და როგორც უკვე გთხოვეთ – მშვიდად, წყნარად. მე მაგრად ვარ, ჯერჯერობით წერაც გამომდის, ავად თუ კარგად, ალბათ უფრო ავად, მაგრამ ამის იმედსაც არ ვკარგავ“, – თქვა ზვიად რატიანმა.
მისი ვრცელი სიტყვა მოგვიანებით სრულად გავრცელდა ონლაინ მედიაში. ჟურნალისტებმა ის ხელით ჩაიწერეს.
მოვა დრო და ამ სიტყვას ჩვენი და თქვენიც (მოსამართლეების, პროკურორების, რეჟიმის მსახურების) შვილები ისწავლიან სკოლაში – წერდნენ სოციალური ქსელის მომხმარებლები პოეტის საბოლოო სიტყვების შესახებ.
ზვიად რატიანის საქმე
longread