რა იყო ეს? - ექსპერტები საქართველოს პრეზიდენტის არშემდგარ იმპიჩმენტს აფასებენ
ზურაბიშვილის იმპიჩმენტი შეფასებები
რამდენიმე კვირიანი პოლიტიკური ეპოპეა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იპიჩმენტის საკითხის გარშემო ვითარდებოდა, დასრულდა.
როგორც მოსალოდნელი იყო, ოპოზიციამ არ დაუჭირა მხარი პრეზიდენტის იმპიჩმენტს. 86 მომხრე, 1 წინააღმდეგი – ასეთი იყო კენჭისყრის შედეგები.
ზურაბიშვილის იმპიჩმენტის ინიციატივით პირველ სექტემბერს მმართველი პარტია, „ქართული ოცნება“ გამოვიდა და შესაბამისი პროცედურებიც დაიწყო. იმპიჩმენტის მიზეზად გამოცხადდა ის, რომ პრეზიდენტმა უხეშად დაარღვია კონსტიტუცია, როდესაც მთავრობის თანხმობის გარეშე ევროპის ქვეყნებში რამდენიმე ვიზიტი განახორციელა. პრეზიდენტის ვიზიტები მთავრობის მიერ მართლაც არ ყოფილა ვიზირებული. ამ ბრალდებას ზურაბიშვილმა უპასუხა იმით, რომ უცხოურ ვიზიტებში ის საკუთარი სახსრებით ჩავიდა და საზღვარგარეთ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ლობირებდა.
ვიდრე იმპიჩმენტის საკითხი პარლამენტში კენჭისყრაზე გავიდოდა, საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა დაედგინა, დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კონსტიტუცია. სასამართლომ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა.
● ვინ არის სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს ახალი პრეზიდენტი
● 10 წელი “ქართულ ოცნებასთან”. სხვადასხვა სფეროს ექსპერტები ოცნების მმართველობას აფასებენ
● რა გეგმა აქვს ოპოზიციას ხელისუფლების შესაცვლელად?
მთელ ამ პროცესს თან ახლდა მმართველი გუნდის მწვავე განცხადებები პრეზიდენტის მისამართით და ასევე სალომე ზურაბიშვილის რამდენიმე ისეთი ნაბიჯი, რაც ხელისუფლებასთან ღია კონფრინტაციას ნიშნავდა – მაგალითად, პარლამენტში იმპიჩმენტის კენჭისყრამდე ერთი დღით ადრე პრეზიდენტმა ვეტო დაადო ე.წ. კარვების საკითხს და ასევე საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვა აშშ-ის მიერ სანქცირებულ ყოფილ გენპროკურორს ფარცხალაძეს, რომელსაც ივანიშვილის ახლო გარემოცვის წევრად მოიაზრებენ.
მართალია, იმპიჩმენტი არ შედგა, მაგრამ სალომე ზურაბიშვილს მომავალში უცხოურ ვიზიტებში გამგზავრება აშკარად გაურთილდება. “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უკვე დაიმუქრა, რომ თუკი პრეზიდენტი კვლავ განაგძობს მთავრობის ნებართვის გარეშე ვიზიტებს, ეს უკვე სისხლის სამართლის საქმე იქნება, რომელიც მას საპრეზიდენტო უფლებამოსილების დასრულების შემდეგ დაემუქრება.
სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ქვეყანაში არაერთგვაროვნად აფასებდნენ. ზოგი ამ პროცესს ცირკსა და სპექტაკლს უწოდებდა. ისინი მიიჩნევდნენ, რომ ზურაბიშვილი, რომელიც პრეზიდენტად ბიძინა ივანიშვილის სურვილით და მისი დახმარებით იქცა, კვლავ ოლიგარქის თამაშს თამაშობდა. სხვები ივანიშვილისა და ზურაბიშვილის დაპირისპირებაში რუსეთის ფაქტორსა და პიროვნულ რევანშს ხედავდნენ.
JAMnews-მა ჰკითხა პოლიტიკურ მიმომხილველებს, რა პროცესი იყო ეს და რა შედეგი მოუტანა მასში ჩართულ აქტორებსა და პოლიტიკურ პროცესს ზოგადად:
ივანიშვილის შურისძიება
გია ნოდია, პოლიტოლოგი:
ეს ყველაფერი, ჩემი აზრით, ძალიან სერიოზულად გააზრებული არ იყო და ერთგვარად ჰგავს ივანიშვილის ახირებას, ზურაბიშვილზე გაბრაზების გამოხატვას. რაიმე ღრმა პოლიტიკური აზრი მე ვერ დავინახე.
მთავარი პრობლემაა, რომ ზურაბიშვილი არ ემორჩილება ივანიშვილს. ივანიშვილი თვლის (და მარგველაშვილზე ასე თვლიდა), რომ რადგან პრეზიდენტებად ფაქტობრივად მან დანიშნა, ფორმალურად კი არის არჩეული, მაგრამ მისი გადაწყვეტილებით მოხდა წარდგება და მხარდაჭერა, მას უნდა ემორჩილებოდეს. რადგან არ ემორჩილება, ე.ი. უკვე მტერია.
საბაბი გახდა ევროპაში ვიზიტები. ალბათ კობახიძემ ან ვიღაც იურისტმა უთხრა, რომ პრეზიდენტის ქმედებები კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოდისო. ივანიშვილსაც გაუხარდა და თქვა, მოდი, ახლა ამის გამო დავსაჯოთო.
▇ მთავარი პრობლემაა, რომ ზურაბიშვილი არ ემორჩილება ივანიშვილს.
გასაგებია, რომ წინასწარ ისიც იცოდნენ, იმპიჩმენტს ბოლომდე ვერ მიიყვანდნენ პარლამენტში, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლომ ხომ გადაწყვიტა, რომ დაარღვია კონსტიტუცია და ფიქრობ, რომ დასაჯეს. მე მეტს ვერაფერს ვერ ვხედავ.
რაც შეეხება ივანიშვილთან ზურაბიშვილის წინააღმდეგობას, ეს არ არის მარტო ნიკა გვარამიას შეიწყალება. საზღვარგარეთ სიარული და როგორც ჩანს, ამ საზღვარგარეთ სიარულის დროს „ქართულ ოცნებას“ აკრიტიკებდა და ეს არ მოეწონა ივანიშვილს და ჩათვალა ღალატად. საჯარო გამოსვლებშიც აკრიტიკებს ასე თუ ისე „ქართულ ოცნებას“. პირადად ივანიშვილს არა, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, მის პარტიას ხომ ემიჯნება რაღაცეებში? მართალია, ვერც იმას ვიტყვით, რომ ძალიან მკაცრად ემიჯნება, მაგრამ აშკარად თავის ჭკუაზე დადის და თავის ჭკუაზე არ უნდა იაროს.
რუსეთის ფაქტორი ან უბრალოდ სისულელე
გია ხუხაშვილი, პოლიტიკის ანალიტიკოსი:
რაც მოხდა, პოლიტიკური პროცესისთვის სასარგებლო იყო, რადგან გარკვეულწილად გამოაცოცხლა ვითარება. ძალიან იშვიათია ფაქტია, როდესაც ხელისუფლებამ პირწმინდად წააგო ეს ბრძოლა და ოპოზიციამაც გარკვეულწილად პრინციპულობა გამოავლინა და რაღაც სიურპრიზები კენჭისყრასთან დაკავშირებით არ გვქონია. რაც მთავარია, პოლიტიკურ სივრცეში სალომე ზურაბიშვილის სახით გამოჩნდა ძალიან სერიოზული მოთამაშე. ასე რომ, ყველაფერი კარგად არის.
„ქართულ ოცნებას“ ეს რაში სჭირდებოდა? უბრალოდ იდიოტიზმი იყო, არასწორი გათვლა. ასევე, არ არის გამორიცხული ეს პროცესი მხოლოდ კობახიძის ინტერესი ყოფილიყო. ასეთი თემები, ივანიშვილის გარეშე, რა თქმა უნდა, არ ტრიალებს და ბუნებრივია, შეთანხმებული იყო ბიძინასთან. მე ივანიშვილს ბოლო დროს ვერ ვცნობ, სისულელეებს სისულელეებზე აკეთებს.
▇ პოლიტიკურ სივრცეში სალომე ზურაბიშვილის სახით გამოჩნდა ძალიან სერიოზული მოთამაშე.
თუ მაინცდამაინც პოლიტიკური ლოგიკის დანახვა გვინდა, მაშინ მხოლოდ რუსეთის ფაქტორი ჩანს და სხვა ვარიანტს ვერ ვუშვებ.
ანუ, რუსეთთან გარკვეულწილად ალიბი შეიქმნეს, რომ ევროკავშირის წევრობის სტატუსს თუ მოგვცემენ, თქვან, ჩვენ არ გვინდოდა, სალომეს ბრალია და აი, ხომ ნახეთ, დავსაჯეთ კიდეც ამისთვისო. ეს არის და ეს, მეტი არაფერი.
JAMnews: „ნაციონალური მოძრაობიდან“ გაჟღერდა, რომ ივანიშვილი და ზურაბიშვილი ერთ თამაშს თამაშობენ. ამ ვერსიაზე რას ფიქრობთ?
ეს არ არის სერიოზული განაცხადი და დარწმუნებული ვარ, თვითონაც არ სჯერათ ამ სიბრიყვის. უბრალოდ, მათ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით აქვთ მწვავე ეჭვიანობის შემოტევა, გამომდინარე იქიდან, რომ სალომე ზურაბიშვილი პროდასავლურ ფლანგზე, როგორც საკმაოდ მძიმეწონიანი ლიდერი გამოჩნდა და ისინი ამის გამო ნერვიულობენ, რადგან თვითონ უნდოდათ ამ პოზიციაზე გამაგრება. შესაბამისად, ყველანაირად ეცდებიან, რომ პროდასავლელი ამომრჩევლის თვალში მისი დისკრედიტაცია მოახდინონ.
ზურაბიშვილის დამორჩილება
კორნელი კაკაჩია, პოლიტოლოგი:
პირველ რიგში, ალბათ, ამის მიზანი იყო ის, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს, ხელისუფლების ყველა შტოს უზურპაციას. მან მოახერხა ხელისუფლების ყველა შტოს დამორჩილება და ერთდერთი, რომელსაც ჯერჯერობით ვერ აკონტროლებს, ეს არის პრეზიდენტის ინსტიტუტი და ეს იყო ერთ-ერთი მთავარი მიზანი. მეორე, რა თქმა უნდა, ის იყო, რომ მიეყენებინა რეპუტაციული ზიანი თავად სალომე ზურაბიშვილისთვის, რომელიც ბოლო პერიოდში არ ეპუება “ოცნებას” და ცდილობს, ქართულ პოლიტიკაში დამოუკიდებელი მოთამაშე გახდეს. ყოველ შემთხვევაში, გუნდს ეწინააღმდეგება. „ქართულ ოცნებას“ კი არ უნდა ზურაბიშვილის დამოუკიდებლად გაძლიერება.
JAMnews: ფიქრობთ, რომ ევროკავშირში გაწევრიანების ფაქტორი აქ არ ყოფილა, ანუ ზურაბიშვილის იმის გამო არ დაუპირისპირდნენ, რომ ის სტატუსის მიღების მხარდასაჭერად იყო ჩასული და მხოლოდ პიროვნული ფაქტორის გამო მოხდა?
რა თქმა უნდა, ესაც შემადგენელი ნაწილია. ის, რომ ევროინტეგრაციისთვის მუშაობდა ზურაბიშვილი, მათთვის გამაღიზიანებელი იყო. „ქართულ ოცნებას“ წარმოუდგენია, რომ თუ მოხდება ევროინტეგრაცია, მხოლოდ ისინი უნდა იყვნენ ძირითადი აქტორები. არადა, “ოცნება” ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ საერთოდ არ არის დაინტერესებული კანდიდატის სტატუსის მიღებით. ამ დროს კი პრეზიდენტი ცდილობს, ეს თემა ევროპის დედაქალაქებში მათ ზურგს უკან გააცოცხლოს. ამიტომ ბუნებრივია, რომ ესაც შეიძლება იყოს ერთ-ერთი ვარიანტი.
▇ ზურაბიშვილი ევროპელი დიპლომატია, მისთვის მნიშვნელოვანია, როგორ დარჩება ისტორიაში. ვხედავთ, რომ ის არ აპირებს „ქართულ ოცნებას“ გადაჰყვეს.
JAMnews: რა მიზანს მიაღწია ამით „ქართულმა ოცნებამ“? ზოგიერთმა ამ ყველაფერს ცირკი უწოდა და თქვენ რას ფიქრობთ?
ფაქტია, რომ სალომე ზურაბიშვილი დაპირისპირებაშია „ქართულ ოცნებასთან“.
ზურაბიშვილი ძალიან წინააღმდეგობრივი პოლიტიკოსია, შესაძლოა, ვიღაცას მოსწონდეს, ვიღაცას – არა. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, როგორ მოვიდა ქართულ პოლიტიკაში – რეიტინგი არ ჰქონდა და „ქართულმა ოცნებამ“ ფაქტობრივად დასვა პრეზიდენტად. ეს ბუნებრივია, დაღს ასვამს მის პოლიტიკურ ფიგურას.
დღეს პირველ რიგში ის ფიქრობს საკუთარ რეპუტაციაზე და საკუთარ პოლიტიკურ მემკვიდრეობაზე. ის ევროპელი დიპლომატია, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ დარჩება ისტორიაში. ვხედავთ, რომ ზურაბიშვილი ნამდვილად არ აპირებს „ქართულ ოცნებას“ გადაჰყვეს.
თუმცა, ამავე დროს ჩანს, რომ მას ბოლომდე არ სურს ხიდების გადაწვა ბიძინა ივანიშვილთან. ახსოვს, რომ პიროვნულად არის დავალებული მისგან და არც კი ახსენებს ივანიშვილს. ამიტომ, როგორც ჩანს, ესაც არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ საზოგადოებაში ჩნდება განცდა, რომ ის ივანიშვილის თამაშს თამაშობს, მაგრამ ჩვენ ეს ნამდვილად არ ვიცით და შეთქმულებების თეორიები მე არ მიყვარს.
ფაქტია, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერებთან მას სერიოზული დაპირისპირება აქვს. „ოცნებაც” ყველანაირად ეცადა, რომ მისთვის რეპუტაციული ზიანი მიეყენებინა, მაგრამ არა მგონია, რომ ეს გამოუვიდათ. პირიქით, ვფიქრობ, რომ ზურაბიშვილის რეიტინგი ამით გაიზარდა, განსაკუთრებით საზღვარგარეთ.