იმპიჩმენტის პროცედურამდე პრეზიდენტი ორ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იღებს - ფარცხალაძეზე და კარვების კანონზე
პრეზიდენტის ვეტო
17 ოქტომბერს, საღამოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვმა ზედიზედ ორი მნიშვნელოვანი გადაწვეტილება მიიღო:
● პრეზიდენტმა აშშ-ის მიერ სანქცირებულ და რუსეთის აგენტობაში მხილებულ ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს მოქალაქეობა შეუწყვიტა. შეგახსენებთ, რომ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხი დღის წესრიგში მანამდეც დადგა, როდესაც მის წინააღმდეგ აშშ-მა სანქციები აამოქმედა. თუმცა, მაშინ პრეზიდენტმა ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევისგან თავი შეიკავა. ეს მან იმით ახსნა, რომ “თუ ფარცხალაძე დასასჯელია, ის უნდა დაისაჯოს სწორედ, როგორც საქართველოს მოქალაქე.”
◤ საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები 14 სექტემბერს დაუწესა. ამერიკული მხარე აცხადებს, რომ სანქციების დაწესება ფარცხალაძის რუსულ “ეფესბესთან” თანამშრომლობას და მის ბიზნესსაქმიანობას უკავშირდება. ამერიკულ მედიაში ფარცხალაძე მოხსენიებული იყო როგორც “ქართველი-რუსი ოლიგარქი”.
დასანქცირების შემდეგ, ეროვნულმა ბანკმა, სანქციების წესიდან გამომდინარე, ფარცხალაძეს პირად ანგარიშებზე წვდომა შეუზღუდა. თუმცა, მას შემდეგ, რაც სებ-ის ამ გადაწყვეტილებას “ქართული ოცნების” ლიდერებმა ანტიკონსტიტუციური უწოდეს, სებ-მა შეცვალა პოზიცია და ფარცხალაძეს ანგარიშებზე წვდომა აღუდგინა.
20 სექტემბერს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა. თუმცა, პრეზიდენტმა ეს რჩევა არ გაითვალისწინა.
“პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ თუ ოთარ ფარცხალაძე დასასჯელია, ის უნდა დაისაჯოს სწორედ, როგორც საქართველოს მოქალაქე.” – წერია 22 სექტემბერს გამოქვეყნებულ პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.◢
● ასევე, სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო „შეხვედრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს. ამ ცვლილებების მიხედვით, შეიზღუდა საპროტესტო აქციების ფორმა – კანონდარღვევად გამოცხადდა კარვის გაშლა და სხვა დროებითი კონსტრუქციების მოწყობა. არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციის წარმომადგენლები კანონპროექტს აკრიტიკებენ და აცხადებენ, რომ კანონის მიღების შემთხვევაში სამოქალაქო უფლებები კიდევ უფრო შეიზღუდება.
პრეზიდენტის იმპიჩმენტი
აღნიშნული გადაწყვეტილებები ზურაბიშვილმა პარლამენტში მისი იმპიჩმენტის თემის განხილვის დაიწყებამდე რამდენიმე საათით ადრე მიიღო.
პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის განხილვა საქართველოს პარლამენტში 18 ოქტომბერს, 12 საათზე დაიწყება.
იმპიჩმენტის საფრთხის წინაშე ზურაბიშვილი მას შემდეგ დადგა, რაც საკონსტუტუციო სასამართლომ კონსტიტუციის დარღვევად მიიჩნია პრეზიდენტის საზღვარგარეთული ვიზიტები, რომლებიც მან მთავრობის ნებართვის გარეშე განახორციელა. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, იმპიჩმენტის საკითხი პარლამენტში უნდა დადგეს კენჭისყრაზე. პრეზიდენტის იმპიჩმენტს 100 ხმა სჭირდება. იმპიჩმენტის საკითხი მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” მიერაა ინიცირებული.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაშივე აღნიშნულია, რომ ფარცხალაძისთვის მოქლაქეობის ჩამორჩმევა და ვეტოს დაწესება იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებამდე მოხდა.