ზამთრის კერძების ტოპ ხუთეული
შემოდგომის დადგომისთანავე ბაქოს მთელ მოსახლეობას საერთო გასაჭირი უდგება _ განურჩევლად იმისა, ქალაქის რომელ რაიონში მუშაობენ, რომელ უბანში ცხოვრობენ, ან ჰყავთ თუ არა მანქანა _ ჩრდილოეთის ქარი ყველას ერთნაირად აწუხებს. ზამთარში ქარს ვერსად გაექცევი, ეს გარდაუვალი უბედურებაა.
კაფეების, ბარების, კლუბებისა და რესტორნების მეპატრონეები კარგად ხვდებიან,რომ ადამიანებს გათბობა უნდათ და შემოდგომობით გასართობ ვებგვერდებზე ცხელი კოქტეილების ხაზგასმით ესტეტიკურ ფოტოებს ათავსებენ. მაგალითად, გასულ შემოდგომაზე ვებგვერდი friday.az გვატყობინებდა, თუ რისი შეთავაზება შეეძლოთ ბაქოურ დაწესებულებებს გაყინული გამვლელებისთვის.
ზამთარი ჯერ არ დასრულებულა; ჯერ მარტიც წინაა და კარგად მოგვეხსენება, რომ ვიდრე ნოვრუზის დღესასწაული საბოლოოდ არ განდევნის ზამთარს, ღამღამობით თბილ საბანში მოგვიწევს ჩათბუნება, დღისით კი _ წარბებამდე ჩამოფხატული ქუდებით სიარული.
ნუთუ ბაქოში სიცივესთან გასამკლავებლად, გლამურული რესტორნებისა და ყავახანებში მორთმეული ცხელი კოქტეილების გარდა, სხვას ვერაფერს სთავაზობენ ადამიანს? საბედნიეროდ, აზერბაიჯანული სამზარეულო განთქმულია ცხელი კერძებით, რომლებსაც, ტრადიციულად, ზამთარში ამზადებენ; ნოყიერიცაა, ცხელიც, გემრიელიც და, კრიზისის დროს რაც ყველაზე მთავარია _ იაფიც. უბრალოდ „ადგილები“ უნდა იცოდე.
Shanson
ფითი — 5AZN
ბატკნის წვრილად დაჭრილი ხორცი, ბარდა, წაბლი, სუნელები და სანელებლებლები. მზადდება ღუმელში, თიხის ქოთანში, ძალიან ნელ ცეცხლზე. როგორც წესი, ფითის ჯერ წვენს აცლიან, რომელშიც პურს ყრიან და ისე ჭამენ. ხორცს მხოლოდ ამის შემდეგ შეექცევიან ხოლმე. ამ კერძის პოპულარობას ორი მიზეზი განაპირობებს _ ბატკნის ნაზი ხორცი და თავად მომზადების წესი. ცხვრის ხორცი განსაკუთრებულად ნაზი ხდება, როდესაც ღუმელში იშუშება. ზაფრანა და წაბლი კერძის არომატულობას განსაზღვრავს. სუფრასთან ეს კერძი კოწახურთან, ხმელ პიტნასთან და ხახვთან ერთად მიაქვთ.
Əriştə (არიშთა)
არიშთა — 2,5AZN
არშითა იტალიური პასტისა და რუსული ლაფშას აზერბაიჯანული ანალოგია. მისგან არიშთას ფლავის მომზადებაც შეიძლება, თუმცა, იმავე სახელის მქონე დაწესებულებაში უპირატესობას უბრალო არიშთას ანიჭებენ _ ხორცის ბულიონზე, ლობიოთი და ხორცის გუნდებით დამზადებულ ლაფშას სუპს. ამას გარდა, არიშთას, ისევე როგორც ყველა აზერბაიჯანულ კერძს, რომელშიც ხორცის ბულიონია, ხმელ პიტნას აყრიან. სიმჟავის მოსმატებლად კი კერძს ხმელ ტყემალს ამატებენ.
Xəzər (ხაზარი)
კიუფთა-ბოზბაში– 4AZN
„ბოზბაში“ სიტყვასიტყვით ითარგმნება, როგორც „ნაცრისფერი თავი“. ამ კერძის მეორე სახეობას „ფარჩა-ბოზბაში“ ჰქვია და ხორცის დიდი ნაჭრებით მზადდება. კიუფტა დიდი გუფთაა, რომელსაც ცხვრის ხორცისგან (ან ცხვრის ხორცში არეული საქონლის ხორცისგან) ამზადებენ. როგორც წესი, გუფთას თითოეულ გუნდაში გამომშრალ ტყემალს დებენ. ფარშს ბრინჯსა და ხახვს უმატებენ. ბოზბაშისთვის ბარდას წინასწარ, ღამით ალბობენ, რათა მომზადებისას ხორცთან ერთად მოხარშვა მოასწროს. სანელებლებიდან ბოზბაშში წიწაკასა და ზაფრანას (ან კურკუმას, ზაფრანას ტრადიციულ, უფრო ხელმისაწვდომ შემცვლელს) ყრიან. თითქმის გამზადებულ კერძს ხმელ პიტნას, ან ქორფა მწვანილს აყრიან.
Anadolu
დიუშბარა— 3,1AZN
რუსულენოვან ვიკიპედიის მიხედვით, დიუშბარა აზერბაიჯანული პელმენია. სინამდვილეში მსგავსი მათ მხოლოდ ფორმა აქვთ და ორივე ცომისა და ხორცისგან მზადდება. მსგავსება ამით მთავრდება. დიუშბარა ხახვით შეზავებული ცხვრის ცხიმიანი ხორცის ფარშით მზადდება, ძალიან პატარა ზომისაა და ხორცის ბულიონში იხარშება. ე.წ. ‘პატარძლის დიუშბიარია’ დიუშბარას ზომის ეტალონია. ერთ კოვზში ათ ცალზე ნაკლები არ უნდა ეტეოდეს. სახელწოდების ქვეტექსტი იმას გულისხმობს,რომ პატარძალმა კულინარიული სტანდარტების ცოდნა უნდა გამოავლინოს. დიუშბარა სუფრასთან ძმრითა და ნივრით მიაქვთ.
Araz
ხაში — 5AZN
კერძების სიაში ხაშს განსაკუთრებული ადგილი უკავია თუნდაც იმიტომ, რომ ეს დილის კერძია. როგორც წესი, საღამოს ხაშს არ ჭამენ. ხაშს მხოლოდ დილით მიირთმევენ და მხოლოდ არაყთან ერთად.მას ხშირად ნაბახუსევზე, გამოსვლის მიზნით შეექცევიან ხოლმე. უნდა აღინიშნოს, რომ ხაში ერთმნიშვნელოვნად მამაკაცური საჭმელია. არცაა გასაკვირი _ სქელი და ცხიმიანი ნახარში ნამდვილ გამოცდაა კუჭისთვის. ხაში საქონლის ფეხებით, ფაშვითა და კუდით (ანუ ერთი შეხედვით, უსარგებლო ნაწილებით) მზადდება. რთულია მასზე უფრო მარტივი, ყუათიანი და უბრალო კერძის წარმოდგენა. ამბობენ, რომ ჩინგიზ ყაენს ძალიან უყვარდა ხაში და საერთოდ არ აქცევდა ყურადღებას ქარაგმებს იმის შესახებ, რომ ეს კერძი მის მაღალ მდგომარეობას არ შეეფერებოდა.
ხაშის ყველაზე სასიამოვნო თავისებურება კი ისაა, რომ ის მეზობელ ქვეყნებს აერთიანებს, რადგან მთელ კავკასიაში პოპულარულია. ხაშის წარმომავლობაზე კამათს აზრი არ აქვს, იმიტომ, რომ ეს კერძი საუკუნეების განმავლობაში მზადდება კავკასიის ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ძროხას ფეხები და კუდი აქვს.