მოსაზრება: ივანიშვილის რეჟიმს კარიკატურული სახე აქვს. ის ყოველთვის იყო დასაცინი და რჩება კიდეც
ზაალ ანდრონიკაშვილის მოსაზრება
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ლიტერატურათმცოდნე ზაალ ანდრონიკაშვილი “ქართული ოცნების” ხელისუფლების მიერ სტუდენტების დაკავებას ეხმაურება და ამბობს, რომ რეჟიმი თავს “შეურაცხყოფილად” გრძნობს და “ისტერიულად ცდილობს” თავი დაიცვას.
30 მაისს, “ქართული ოცნების” დეპუტატის, მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე სტუდენტ ლიკა ლორთქიფანიძეს მოსამართლე დავით თეთრაულმა 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ასევე მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე 12-დღიანი პატიმრობა შეეფარდა თათია აფრიამაშვილსაც.
ამასთან, პოლიციელ მირიან ქავთარაძისთვის “შეურაცხყოფის მიყენებისთვის” რეჟიმის პატიმრის, საბა სხვიტარიძის ძმას, თორნიკე სხვიტარიძეს 5-დღიანი პატიმრობა შეეფარდა.

ზაალ ანდრონიკაშვილი: ივანიშვილის რეჟიმს კარიკატურული სახე აქვს. ის ყოველთვის იყო დასაცინი და რჩება კიდევაც, ივანიშვილის ნიცშეთი, კალაძის დოლარებიანი ნაძვის-ხით, ლახშის მასონებით, მდინარაძის კოჭებით, პიროვნება თალიბანებით. როგორც ყველაფერი, ამ კარიკატურულ სახეს კარგიც მოაქვს და ცუდიც. კარგი ის არის, რომ რეჟიმი ვერასოდეს იდგება შიშზე ან პატივისცემაზე. ის ისტორიას დარჩება გოიმების რეჟიმად. ცუდი ის არის, რომ ეს კარიკატურული სახე ნიღაბია, რომელიც ხშირად ფარავს რეჟიმის უკიდურესად სერიოზულ, მძიმე, დამაზიანებელ და ზოგჯერ გამოუსწორებელ მავნებლობას საქართველოსთვის, ქართული საზოგადოებისათვის, საქართველოს მოქალაქეებისათვის.
საზოგადოების სოციალური კავშირები დაზიანებულია. მის გამოსწორებას წლები დასჭირდება. რეჟიმი თავს “შეურაცხყოფილად” გრძნობს და ისტერიულად ცდილობს თავი დაიცვას. 19 წლის ლიკა ლორთქიფანიძემ 12 დღე უნდა გაატაროს ციხეში. მზია ამაღლობელს 6-წლიანი პატიმრობა ემუქრება. მძიმე ტრავმები, რომელსაც რეჟიმი პოლიტიკურ ოპონენტებს და მათი ოჯახის წევრებს აყენებს სოციალური ქსოვილის დაზიანების ერთი მხარეა.
პოლიციის ძალით რეჟიმი იცავს ღირსებას, რომელიც მას არ აქვს და არ შეიძლება ჰქონდეს. ის, სიტყვა “მონაზე” სწორედ იმიტომ რეაგირებს ასე მწარედ, რომ ამ სიტყვის სიმართლე მას ბოლომდე აქვს შეგნებული
ეს “მონა” არ არის არც შეურაცხყოფა, არც წამოძახება. რეჟიმის მსახური აუცილებლად მონაა, იმ მარტივი მიზეზით, რომ ურთიერთობის სხვა ფორმები დიქტატურებში არ არსებობს.
ამ მონობის მექანიზმში ვისაც უნდა ჩაიხედოს, შეუძლია წაიკითხოს ან გადაიკითხოს მარიო ვარგას ლიოსას “ვაცის ნადიმი”, რომელიც დომინიკის რესპუბლიკაში რაფაელ ტრუხილიოს დიქტატურას აღწერს. “ვაცის ნადიმში” არა მარტო ნაძირალები, არამედ ჭკვიანი და ვაჟკაცი ადამიანებიც ღირსებას კარგავენ საკუთარი ნებით, იტანენ ყოველდღიურ დამცირებას, საკუთარი და საკუთარი ოჯახის წევრების მძიმე შეურაცხყოფას თანამდებობის და კეთილდღეობის სანაცვლოდ.
რეჟიმს შეუძლია მოწინააღმდეგე ციხეში ჩასვას ან მოკლას, მაგრამ სინამდვილეში, ყველაზე მძიმე, აუტანელ, დროში გაწელილ წამებას რეჟიმის მსახური მონები (და, როგორც რომანი გვეუბნება, მათი ოჯახის წევრები) განიცდიან. არ არის აუცილებელი, ეს დამცირების ის ფორმები იყოს, რომელსაც ლიოსა აღწერს. მაგრამ დამცირების ეს ფორმები სიმბოლურად მაინც გამოხატავენ ღირსების დაკარგვის ნებისმიერი ფორმის აუტანელ, ყოველდღიურ ტკივილს, რომელსაც ივანიშვილის რეჟიმის მომსახურე პერსონალიც მიუხედავად გარეგნული ბაქიბუქობისა ყოველდღიურად გრძნობს.
ამიტომ, რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, სწორედ მზია ამაღლობელი და ლიკა ლორთქიფანიძე (და მხოლოდ ისინი) იცავენ პოლიციელი დგებუაძის და დეპუტატი ლაშხის ღირსებას.”