ბრიტანეთმა სანქციების სიაში შეიყვანა ტანკერი, რომელმაც ყულევში რუსული ნავთობი შემოიტანა
ყულევის ტერმინალი
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მეოთხე წლისთავზე გაერთიანებულმა სამეფომ სანქციების განახლებული პაკეტი გამოაცხადა: სიაში აღმოჩნდა ტანკერი, რომელმაც გასული წლის 2 ოქტომბერს ყულევის პორტში რუსული ნავთობი შემოიტანა.
საზღვაო მონაცემთა პლატფორმა VesselFinder-ის მიხედვით, ტანკერი KAYSERI, რომლის ყულევის პორტში შემოსვლაც მაშინვე დაადასტურა საქართველოს შემოსავლების სამსახურმა, ამჟამად რეგისტრირებულია სახელით ALTURA (IMO 9292199). 24 თებერვალს განახლებულ სანქციების სიაში გემი უკვე ALTURA-ს სახელით იძებნება.
წინაისტორია
2025 წლის 2 ოქტომბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა განცხადება გაავრცელა მას შემდეგ, რაც სააგენტო Reuters-მა, LSEG-ის გემების კურსის მონიტორინგის მონაცემებზე დაყრდნობით, დაწერა, რომ რუსულმა ნავთობკომპანია “რუსნეფტმა“ ყულევის ნავთობგადამამუშავებელ საწარმოს პირველი ტვირთი მიაწოდა.
ოფიციალური ინფორმაციით, იმავე დღეს ყულევის საზღვაო ნავსადგურში რუსეთის ფედერაციის პორტიდან შევიდა პანამის დროშის ქვეშ მცურავი თბომავალი KAYSERI. გემზე, უწყების ცნობით, დატვირთული იყო ერთ-ერთი რუსული კომპანიიდან გამოგზავნილი 100 000 ტონამდე ნედლი ნავთობი, რომელიც იმპორტის საბაჟო პროცედურებისთვის იყო განკუთვნილი.
შემოსავლების სამსახურმა მაშინვე აღნიშნა, რომ როგორც გემი და მისი მფლობელი კომპანია, ასევე ტვირთის გამგზავნი და მიმღები კომპანიები საერთაშორისო სანქციების ქვეშ არ იმყოფებოდნენ. ინფორმაცია, მათი თქმით, ღია წყაროებითაც დასტურდებოდა. უწყების ცნობით, ტვირთი ჩამოიცალა დროებითი შენახვის საბაჟო საწყობში შემდგომი კონტროლის მიზნით.
სახელმწიფო უწყება ასევე ამტკიცებდა, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან ერთად მუდმივ რეჟიმში ამოწმებს გემებსა და გემთმფლობელებს საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით. თუ გემი ან მისი მფლობელი სანქცირებულთა სიაშია, მას საქართველოს პორტებში შესვლისა და საბაჟო პროცედურების განხორციელების უფლება არ ეძლევა.
“სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას“, — ნათქვამი იყო განცხადებაში.
რა შეიცვალა
ოთხი თვის შემდეგ ვითარება სხვაგვარად გამოიყურება. ALTURA – იგივე KAYSERI – ახლა უკვე ბრიტანეთის სანქციების სიაშია.
სანქციების დრო და კონტექსტი მიუთითებს, რომ ლონდონი ყურადღებით აკვირდება იმ ხომალდებს, რომლებიც რუსეთის ნავთობის ექსპორტში მონაწილეობენ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც დასავლეთმა ფასის ზედა ზღვარი და სხვა შეზღუდვები დააწესა.
ჯერჯერობით უცნობია, იმოქმედებს თუ არა ბრიტანეთის გადაწყვეტილება უშუალოდ საქართველოს პორტებზე ან უკვე განხორციელებულ ოპერაციებზე. თუმცა ფაქტი, რომ გემი, რომელიც ოქტომბერში სანქციების მიღმა იყო, ახლა უკვე სიაშია, აჩვენებს, რამდენად დინამიკურია სანქციების რეჟიმი და რამდენად სწრაფად შეიძლება შეიცვალოს სტატუსი გლობალურ ენერგეტიკულ ლოგისტიკაში ჩართული აქტორებისთვის.
ყულევის ტერმინალი სანქციების სიაში
გერმანიის ელჩმა საქართველოში პიტერ ფიშერმა 24 თებერვალს განაცხადა, რომ ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტში ყულევის პორტის დასანქცირებაზე ოფიციალური საკანონმდებლო წინადადება იყო შეტანილი, თუმცა იგი უნგრეთისა და სლოვაკეთის ვეტოს გამო ჩავარდა.
ელჩის თქმით, ყულევის პორტის საკითხი ბრიუსელში ფორმალური პროცედურით განიხილებოდა და მას თან ერთვოდა მტკიცებულებების პაკეტი.
“ჩვენ უბრალოდ არ ვამბობთ, ‘შესაძლოა რაღაც ხდება’ და მოდი, დავასანქციროთ. წარმოდგენილი იყო როგორც საკანონმდებლო წინადადება, ისე შესაბამისი მტკიცებულებები,“ – აღნიშნა ელჩმა.