ყალბი მანდარინი
რუსეთში ეს მანდარინი ძალიან პოპულარულია, ეკოლოგიურობისა განსაკუთრებულ გემოს გამო. პრობლემაც სწორედ აფხაზური მანდარინის პოპულარობამ წარმოშვა.
როსკონტროლის მიერ მოსკოვის ბაზრების მასობრივი კონტროლის შედეგად დადგინდა, რომ იქ გასაყიდად გამოტანილი ‘აფხაზური მანდარინის’ თითქმის 100% სინამდვილეში ჩინეთიდან არის შემოტანილი, ნაწილობრივ – თურქეთიდან და საბერძნეთიდანაც.
შემოწმება ოქტომბერში ჩატარდა, აფხაზეთის ნებისმიერი მაცხოვრებლისათვის კი თავად შემოწმების ფაქტი უკვე სიცილის მომგვრელია. საქმე ისაა, რომ აფხაზური მანდარინი ოქტომბერში ვერანაირად ვერ მოხვდება ბაზარზე! ციტრუსის მოსავალს აფხაზეთში ნოემბრის შუა რიცხვებში იღებენ და რუსეთის ბაზრებზე მათი შეტანა მხოლოდ ახლა იწყება.
აფხაზური Facebook-ი, აფხაზური მანდარინის მასობრივი ფალსიფიცირების გამო, რუსეთში ატეხილი ხმაურით აღფრთოვანებულია და ამაყობს თავისი ბრენდით. სახასიათო კომენტარი: ‘თუ ჩვენს მანდარინს აქტიურად აყალბებენ, როგორც ერთ დროს – ამერიკულ ჯინსებს, ეს ისევ მის ხარისხსა და პოპულარობაზე მეტყველებს.’
აფხაზი სპეციალისტებს ამასთან დაკავშირებით სხვა აზრი აქვთ, და ითხოვენ უკვე ცნობილად ქცეული ბრენდის სასწრაფოდ დაცვას.
‘უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ჩვენ არანაირად არ გვიზრუნია ბრენდის პოპულარიზაციაზე. არ არსებობს ამ მანდარინის აღმნიშვნელი ვიზუალური გამოსახულება, როგორიცაა მაგალითად, მერსედესის ან ბმვ-ს ლოგოტიპი, რაც დანახვისთანავე იწვევს ასოციაციათა მთელ რიგს – რომ ეს საიმედოა, ხარისხიანი და მისი ყიდვა ღირს,’ – ამბობს ფონდ ‘მთიანი აფხაზეთის’ დირექტორი თენგიზ თარბა.
ფონდ „მთიანი აფხაზეთის“ დირექტორი თენგიზ თარბა
მას მიაჩნია, რომ აუცილებელია სახელმწიფო პროგრამა, რადგან კომერციულ ორგანიზაციებს ცალ-ცალკე არ შესწევთ უნარი, გამოიმუშაონ აფხაზური პროდუქტის სისტემური დაცვის მექანიზმი.
‘როცა შექმნი მანდარინის გრაფიკულ გამოსახულებას, მიუსადაგებ თუნდაც სულ უბრალო ფრაზას – ‘აფხაზური მანდარინი’; შემდეგ კი ამ გამოსახულებას დააპატენტებ, იმ წუთიდან გეძლევა იურიდიული შესაძლებლობა, დაიცვა შენი ბრენდი. ეს უკვე მხოლოდ ფრაზა კი არა, სახელმწიფო ფასეულობაა, რომელიც შეიძლება მილიონობით დოლარადაც შეფასდეს,’ – ამბობს თენგიზ თარბა.
ვიდრე ასეთი დაცვა არ არსებობს, თავად უნდა იზრუნო. მინიშნება აფხაზეთის სოფლის მეურნეობის მინისტრ თემურ ეშბასაგან: ‘თუ რაიმე გაეჭვებთ, შეგიძლიათ, რასაკვირველია, საქონლის წარმოშობის სერთიფიკატი მოითხოვოთ. თუმცა, მანდარინი შეიძლება გარგნულადაც გაარჩიოთ. აფხაზური მანდარინი გამოკვეთილად ყვითელი ფერისაა; მაროკოული, თურქეთული და ბერძნული – ღია-ნარინჯისფერია; გემოც განსხვავებულია – ჩვენი მანდარინი ციტრუსის მკვეთრი არომატით ხასიათდება, რაც ჩინურ მანდარინს არ აქვს.’