ბაქოსთვის წვიმა ყოველთვის ახალი, საჭირბოროტო ამბავია, რომელიც ყველა ადამიანის ბობოქარ რეაქციას იწვევს. წლიდან წლამდე ერთსა და იმავე პრობლემას ვაწყდებით – ტროტუარებსა და გზებზე დაგროვილი წყალი ვერსად იღვრება. ქალაქში არასაკმარისი რაოდენობის საკანალიზაციო გისოსებია. ასეთი ლიუკების სიმცირე განსაკუთრებით ახლად გარემონტებულ გზებზე იგრძნობა.
ამჯერად, 28 სექტემბერს, ექვსი საათის განმავლობაში განუწყვეტლივ წვიმდა. ამიტომ, ქალაქი ქვეითად მოსიარულეებისათვის გამოუსადეგარი გახდა. თუმცა, არც მძღოლებს დაადგათ კარგი დღე – ზიია ბუნიათოვის პროსპექტზე იმდენი წყალი დაგროვდა, რომ მანქანები ვერ მოძრაობდნენ. ავტომობილების ევაკუაცია სათითაოდ ხდებოდა. მძღოლები ჩიოდნენ, რომ ამ “წყალსატევში” ორ საათზე მეტი გაატარეს. ევაკუაციას საგანგებო შემთხვევათა სამინისტრო ახორციელებდა.
წვიმის გამო, მეტროსადგურ “ნეფტჩილერის” მახლობლად მცირე მეწყერი ჩამოწვა და გზის გასწვრივ აღმართული კედელი ჩამოანგრია, რომელიც, უხუცესების თქმით, ახლახან ააშენეს; მანამდე კი აქ ძველი კედელი ყოფილა აღმართული, რომელიც 70 წელიწადს იდგა.
ფოტო: დენის ბოროდინი
სოციალური ქსელების მომხმარებლები, ტრადიციისამებრ, მახვილგონიერებაში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. იმავე ტრადიციის მიხედვით, ყველაზე ხშირად ბაქოს აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელის, გაჯიბალ აბუთალიბოვის მიმართთ ხუმრობდნენ. აბუთალიბოვმა პრესისათვის კომენტარების გაკეთებაზე უარი განაცხადა.
“სანიაღვრე არხის არარსებობა იმის ნიშანია, რომ ბოლო 25 წლის განმავლობაში ცივილიზაციიდან ბარბაროსული ეპოქისკენ მივილტვით”.
საგულისხმოა, რომ წლიდან წლამდე სახელმწიფო სტრუქტურები არ იმჩნევდნენ ამ პრობლემას; ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი მედიასაშუალებები კი ყოველწლიურ წარღვნებს საგანგებო შემთხვევათა სამინისტროს მორიგი ქება-დიდებისათვის იყენებენ.