დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისსა და ლონდონს (ლუტონი) შორის პირდაპირ ავიამიმოსვლას იწყებს. „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” ინფორმაციით,ავიარეისების შესრულება 18 ივნისიდან დაიწყება. რეისები კვირაში ორჯერ – ყოველ ხუთშაბათსა და კვირას შესრულდება.
მგზავრებს უკვე შეუძლიათ ავიაბილეთების შეძენა – ავიაკომპანიის საიტზე ქუთაისი-ლონდონის ბილეთის ფასი 105.99 ლარი/£ 34.99-დან იწყება.
“რეგიონის მიმართ ჩვენი ინტერესის გათვალისწინებით, კვლავაც გავაგრძელებთ ნაყოფიერ თანამშრომლობას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან და სამომავლოდ ქართველ მგზავრებს, მათი მოთხოვნების გათვალისწინებით, შევთავაზებთ კიდევ უფრო მეტ საინტერესო შესაძლებლობას”, – განაცხადა “ვიზეარის” კომუნიკაციების მენეჯერმა სორინა რაციმ.
ავიაკომპანია “ვიზეარი”საქართველოდან ევროპის 9 ქვეყანაში 12 დაბალბიუჯეტიან რეისს ახორციელებს . 2016 წლის სექტემბერში ავიაკომპანიამ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპისკენ შვიდი ახალი მიმართულება დაამატა.
„ვიზეარი“ საქართველოდან რეისებს 2012 წლიდან ახორციელებს. 2016 წელს „ვიზეარი“ საქართველოში 168 ათას მგზავრს მოემსახურა.