ვის ხელშია ამერიკა?
მოსწონს ეს ვინმეს თუ არა, დონალდ ტრამპი ამერიკის 45-ე პრეზიდენტია და მომდევნო 4 წლის განმავლობაში თეთრ სახლს მისი ადმინისტრაცია უხელმძღვანელებს. ვინ არიან ისინი – ტრამპის გუნდის წევრები.
აქ არის მოკლე ცნობარი მათთვის, ვინც არ ფიქრობს, რომ ამერიკის შიდა საქმეები ჩვენ არ გვეხება.
მიჰყევით სლაიდერს:
მაიკ პენსი, ვიცე პრეზიდენტი, 58
ინდიანას შტატის გუბერნატორი, ვეტერანი კონგრესმენი. ამერიკელთა უმეტესობამ მისი არსებობის შესახებ 2015 წელს შეიტყო, როდესაც გუბერნატორმა მაიკ პენსმა ხელი მოაწერა სკანდალურ აქტს „რელიგიური თავისუფლების აღდგენის შესახებ“. ამ დოკუმენტის თანახმად, ინდიანას შტატში კერძო სექტორის ნებისმიერ წარმომადგენელს შეეძლო უარი ეთქვა ლგბტ პირისთვის მომსახურებაზე, რადგან ეს მის რელიგიურ მრწამსს ეწინააღმდეგებოდა. ამ ოდიოზურ საკანონმდებლო აქტზე პრეზიდენტმა ობამამ ერთხელ ასე იხუმრა: „მე და ჯო (ბაიდენი) ბოლო დროს ისე დავახლოვდით, ინდიანას შტატის რესტორნებში პიცას აღარ გვაჭმევენო“. საბოლოოდ პენსმა შეარბილა ამ საკითხისადმი მიდგომა, რადგან აქტს მოწინააღმდეგეები რესპუბლიკურ პარტიაშიც გამოუჩდნენ.
ციტატა: „ამერიკის შეერთებული შტატების და ინდიანას შტატის კონსტიტუციები რელიგიურ თავისუფლებას კი აღიარებენ, მაგრამ ბევრი მორწმუნე ადამიანი შიშობს, რომ მათ რელიგიურ თავისუფლებას საფრთხე სწორედ მთავრობის ქმედებებისგან ემუქრებათ.“
რექს ტილერსონი, სახელმწიფო მდივანი, 64 წლის
ნავთობკომპანია „ექსონ მობილის“ ხელმძღვანელი, ამ კომპანიაში მუშაობს 1975 წლიდან.
სახელმწიფო მდივანი აშშ ფედერალური მთავრობის ყველაზე პრესტიჟული პოსტია, პრეზიდენტის შემდეგ. უდიდესი ნავთობკომპანიის - ექსონმობილის შეფს არასოდეს უმუშავია საჯარო სამსახურში და არც საერთაშორისო დიპლომატიაში აქვს გამოცდილება. ის ფაქტი, რომ “ექსონ მობილის” ხელმძღვანელის რანგში ტელერსონი წლების განმავლობაში მჭიდროდ თანამშრომლობდა რუსეთთან სენატში მისი კანდიდატურის დამტკიცების პროცესში ყველაზე დიდი, თუმცა დროებითი დაბრკოლება აღმოჩნდა. რექს ტილერსონს „ რუსეთის მეგობრობის ორდენი“ პრეზიდენტმა პუტინმა პირადად გადასცა. აშშ სახელმწიფო მდივანი ცნობილია მისი პოზიციით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების თაობაზე - იგი სანქციების მოხსნის მომხრე იყო. ეს გასაგებიცაა - სწორედ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო 2014 წელს “ექსონ მობილმა” ერთ მილიარდ დოლარზე მეტით იზარალა. მიუხედავად ამისა, სენატში, მისი კანდიდატურის განხილვის დროს, ტერელსონმა მსოფლიო დიპლომატიაში გათვიცნობიერებული ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა და რუსეთის მიმართ ბევრად კრიტიკული იყო, ვიდრე მისგან ელოდნენ. ტელერსონმა თქვა, რომ რუსეთს ყირიმის მითვისების უფლება არა აქვს.
ციტატა: “ამ ტერმინს არ გამოვიყენებდი“ - ასე უპასუხა მან სენატორ მარკო რუბიოს შეკითხვას, არის თუ არა ვლადიმერ პუტინი სამხედრო დამნაშვე. მასვე ეკუთვნის სიტყვები: “ჩვენ და რუსეთი ალბათ ვერ ვიქნებით მეგობრები. ისინი არ იზიარებენ ჩვენს ღირებულებებს”.
ჯეიმს მატისი, თავდაცვის მინისტრი, 66 წლის
გადამდგარი გენერალი, 2011-2013 წლებში ამერიკის გაერთიანებული ძალების სარდალი. მონაწილეობდა სპარსეთის ყურის, ავღანეთისა და ერაყის ომებში.
პენტაგონის მთავარ პოსტზე პრეზიდენტ ტრამპის კანდიდატის, ჯეიმს მატისის მეტსახელი „გიჟი ძაღლია“. როგორც სამხედრო სფეროს ექსპერტები ირწმუნებიან, ეს მის წრეში უდიდესი აღიარების და პატივისცემის ნიშანია. მატისი ცნობილია ასკეტური ცხოვრების წესით - 66 წლის გენერალს ცოლი არასდროს ჰყოლია. მასზე ამბობენ, რომ საკუთარ სამსახურზეა დაქოწინებული. მატისი სამხედრო სამსახურიდან პენსიაზე მხოლოდ 2013 წელს გავიდა, რაც ერთგვარ ბიუროკრატიულ დაბრკოლებას ქმნის მისი კანდიდატურის დამტკიცების გზაზე - კანონით, აშშ თავდაცვის მინისტრის თანამდებობა მხოლოდ სამოქალაქო პირს შეუძლია დაიკავოს, რომელიც სამხედრო სფეროში 7 წელზე მეტია აღარ მსახურობს. მატისის კანდიდატურის დასამტკიცებლად კონგრესს სპეციალური ნებართვის მიღება მოუწევს.
ციტატა: ზოგი ადამიანის დახოცვა სახალისოა. "It's fun to shoot some people“.
ჯეფ სეშენსი, გენერალური პროკურორი, 70 წლის
სენატორი, ალაბამას შტატის ყოფილი გენპროკურორი. კონკრესში მისი კანდიდატურის დამტკიცებისას, ჯეფ სეშენსმა გაიხსენა შემთხვევა, როცა ალაბამას შტატის პროკურორობისას, მან შავკანიანი მამაკაცის ლინჩის წესით გასამართლებისთვის კუ კლუქს კლანის დაჯგუფების წევრის სიკვდილით დასჯა მოითხოვა. ეს ისტორია სეშენმა იმის დასადასტურებლად მოიყვანა, რომ მიუხედავად მრავალი ირიბი მტკიცებულებისა, ის რასისტი არ არის. შტატის პროკურორობის 2 წელიწადში მან სიკვდილით დასჯა 40 დამნაშავისთვის მოითხოვა, მათ შორის (ნიუ იორკ თაიმსის ინფორმაციით) ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პირებისაც.
სეშენსი ემხრობა ტრამპის პოზიციას ემიგრანტების მიღების შეზღუდვასთან დაკავშირებით, თუმცა ღიად დააფიქსირა პრეზიდენტისგან განსხვავებული პოზიცია მუსლიმების რეგისტრაციის საკითხზე.
ციტატა: „არ ვემხრობი წინადადებას მუსლიმანების, როგორც რელიგიური ჯგუფის აშშ-ში შემოსვლის აკრძალვის შესახებ და არ მიმაჩნია, რომ ეს აუცილებელია.“
ჯონ კელი, ეროვნული უსაფრთხოების მინისტრი, 66 წლის
აშშ-ის სამხრეთის ჯარების გენერალი. თუ პრეზიდენტი ტრამპი მართლაც გადაწყვეტს მექსიკის საზღვართან კედლის აშენებას და ემიგრანტებისთვის აშშ-ში შესვლის შეზღუდვას, ამის განხორციელება სწორედ გადამდგარ გენერალს - ჯონ კელის მოუწევს.
კელი ღიად აკრიტიკებდა პრეზიდენტ ობამას გადაწყვეტილებას, არმიაში ქალების მსახურების ნებართვის შესახებ. 2010 წელს კელის 29 წლის ვაჟი, რობერტი ავღანეთში ნაღმზე აფეთქების შედეგად დაიღუპა. ჯონ კელი ყველაზე მაღარჩინოსანი სამხედროა ამერიკაში, ვისი შვილიც სამხედრო სამსახურში დაიღუპა.
ციტატა: „მხოლოდ ფიზიკური ბარიერი არაფერს შეცვლის. თავდაცვა უნდა იყოს მრავალშრიანი.“ (აშშ-მექსიკის კედელთან დაკავშირებით)
მაიკ პომპეო, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) შეფი, 52 წლის
კონგრესმენი კანზასიდან, მდიდარი სამხედრო გამოცდილებით. ვესტ პოინტის სამხედრო აკადემიისა და ჰარვარდის იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებული, მაიკ პომპეო კანზასის შტატს კონგრესში 2011 წლიდან წარმოადგენს. სამხედრო სამსახურის დროს სპარსეთის ყურის ომში მონაწილეობდა. მაიკ პომპეო ღიად ეწინააღმდეგებოდა გუანტანამოს ციხის დახურვას და მხარს უჭერდა დაკავებულთა დაკითხვის დროს მკაცრი ფორმების, მათ შორის waterboarding-ის ანუ წყლით წამების გამოყენებას. თუმცა, ახალ თანამდებობაზე მისი კანდიდატურის წარდგენის შემდეგ განაცხადა, რომ წამებასთან დაკავშირებით მისი პოზიციები შეიცვალა. ტრამპისგან განსხვავებით, პომპეო ამბობს, რომ ინფორმაციას რუსეთის მიერ აშშ საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის შესახებ სერიოზულად უყურებს და CIA-ს დირექტორის რანგში ამ საქმეს აუცილებლად გამოიძიებს.
ციტატა: „სრულიად ნათელია, რომ რუსეთის მხრიდან იყო ამერიკის დემოკრატიაზე ზემოქმედების მცდელობა... ეს იყო აგრესიული ქმედება, რომელიც ჩაიდინეს რუსეთის მთავრობის მაღალჩინოსნებმა“.
ბეტსი დევოსი, განათლების მინისტრი, 59 წლის
დევოსი საინვესტიციო კომპანია WindQuiest ხელმძღვანელობდა. ეს კომპანია ალტერნატიულ ენერგეტიკაზე და მაღალ ტექნოლოგიებზე მუშაობს. დევოსის ოჯახი კორპორაცია Amway-სთან კავშირშია.
დევოსი მილიარდერია. მისი ქონება მილიარდ დოლარზე მეტს შეადგენს. ის ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურაა რესპუბლიკურ პარტიაში. ადრე ის მიჩიგანში რესპუბლიკელების ოფისს ხელმძღვანელობდა. კრიტიკოსები ამბობენ, რომ დევოსი საერთოდ ვერ ერკვევა განათლების სისტემაში. მის საწინააღმდეგოდ ის ფაქტიც მუშაობს, რომ თავად დევოსს მხოლოდ მდიდრებისთვის განკუთვნილ კერძო სასწავლებლებლებში აქვს მიღებული განათლება.
დევოსის დედას აქვს ფონდი, რომელიც დიდ სკანდალში იყო გახვეული. ამ ფონდს ბრალდებოდა იმ ორგანიზაციების დაფინანსება, რომლებიც ლგბტ ქორწინების წინააღმდეგ გამოდიან და ჰომოსექსუალობის "მკურნალობას" ითხოვენ. ოფიციალურ დოკუმენტებში ბეტსი ამ ფონდის ვიცე-პრეზიდენტად არის მოხსენიებული, თუმცა ახლა ამტკიცებს, რომ ეს შეცდომა იყო და მას ფონდთან კავშირი არ ჰქონია. დევოსი სასწავლო დაწესებულებებში იარაღის ტარების მომხრეა.
ციტატა: "ალბათ ზოგიერთ სკოლაში აქვთ იარაღი, რამ თავი დაიცვან დათვებისგან. ეს ნორმალურია" - მისი პასუხი კითხვაზე, უნდა გაკონტროლდეს თუ არა იარაღის ტარება სკოლების ტერიტორიაზე.
სტივენ მნუჩინი, ფინანსთა მინისტრი, 54 წლის
გოლდმან საკსის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. მნუჩინს არასდროს უმუშავია საჯარო სექტორში. გოლდმან საკსში მისი ოცწლიანი კარიერის პარალელურად, აქტიურად აფინანსებდა პოლიტიკურ კანდიდატებს როგორც რესპუბლიკური, ისე დემოკრატიული პარტიიდან. მნუჩინის მართული კომპანიები შემჩნეული იყო გადასახადების დამალვის მიზნით ოფშორული ზონების გამოყენებაში. ტრამპის ადმინისტრაციაში მისი ფუნქცია მთავრობის სესხის მენეჯმენტი ფინანსურ ბაზრებზე. მნუჩინი ასევე ჩართული იქნება საგადასახადო კოდექსის რედაქტირებაში და აშშ-ს საგარეო მტრებისთვის ფინანსური სანქციების დაწესება/მოხსნის გადაწყვეტილებაში. სენატში მისი კანდიდატურის განხილვისთვის საჭირო დოკუმენტაციაში ბოლო წუთამდე აკლდა ინფორმაცია $100 მილიონის ღირებულების ქონების შესახებ, რაც მნუჩინმა ტექნიკური პრობლემებით ახსნა.
ციტატა: „ვიცოდი, რომ ამ თანამდებობის გამო ბევრი რამის გაკეთება მომიწევდა - მათ შორის ყველაფრის გაყიდვა. მაგრამ, ეს რამდენი ფურცლის შევსება ყოფილა საჭირო! თავზესაყრელი სამუშაო აღმოჩნდა.“
რინს პრიბუსი, თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსი, 44 წლის
ადმინისტრაციის უფროსის პოზიციაზე პრიბუსი რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომისიის თავმჯდომარეობიდან მიდის. ახალგაზრდა პარტიული ფუნქციონერი ეფექტური მომლაპარაკებელია. ის რესპუბლიკური პარტიის ლიდერებთან დაახლოებული პირია. ყველაზე გავლენიანი რესპუბლიკელის - წარმომადგენელთა პალატის სპიკერის პოლ რაიენის გუნდის წევრად მიიჩნევა. პრიბუსის მთავარი ფუნქცია პრეზიდენტ ტრამპის ხისტი გადაწყვეტილებების განეიტრალება და რესპუბლიკური პარტიისთვის მისაღებ საკანონმდებლო აქტებად ქცევა იქნება.
სტივენ ბანონი, პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი, 66 წლის
სტივ ბანონი სკანდალურ ულტრა-მემარჯვენე მედია-გამოცემას, Breitbart News-ს მართავს. გამოცემა, ისევე როგორც თავად ბანონი, ცნობილია რასისტული, სექსისტური, ანტისემიტური და ნაციონალისტური გამონათქვამებით და პუბლიკაციებით. მართალია, ბანონს თანამდებობით მხოლოდ პრეზიდენტისთვის რჩევების მიცემა ევალება, მაგრამ თავად ტრამპმა განმარტა, რომ პოზიციის მიუხედავად, სტივ ბანონი ამით არ შემოიფარგლება და მას პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსთან გათანაბრებული უფლებები ექნება.
ციტატა: „ვერავინ დაგადანაშაულებს, თუ საკუთარ ცოლს სიყვარულის გამო სცემ.“
ჯარედ კუშნერი, პრეზიდენტის უფროსი მრჩეველი, 36 წლის
ნიუ იორკის ერთერთი ცნობილი ოჯახის შვილი, მამის მრავალმილიონიანი სამშენებლო ბიზნესის გამგრძელებელი და ივანკა ტრამპის მეუღლე პრეზიდენტ ტრამპის უფროსი მრჩეველი იქნება. კუშნერი აქტიურად იყო ჩართული ტრამპის საარჩეევნო კამპანიაში და როგორც დაახლოებული პირები ამბობენ, საკმაოდ დიდი გავლენაც აქვს სიმამრზე. მისი თეთრ სახლში დასაქმება რთული ბიუროკრატიული და იურიდიული ლაბირინთი აღმოჩნდა - გარდა იმისა, რომ პრეზიდენტის სიძეა, ახალგაზრდა ბიზნესმენი ფლობს წილს ათეულობით კომპანიაში, რისი გასხვისება-გადაფორმებაც რამდენიმე კვირაში მოუწია.
კელიენ კონვეი, მრჩეველი, 50 წლის
დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის მენეჯერი, მისი ნდობით აღჭურვილი სპიკერი და გამოცდილი პოლიტიკური მკვლევარი დღეს უკვე „თეთრი სახლის სახეა“ - ასე განმარტავს მის პოზიციას ახალი პრეზიდენტი.
ამერიკული ტელეარხების ეთერს ტრამპის გუნდიდან ყველაზე ხშირად სწორედ კონვეი სტუმრობს. ტრამპის ადმინისტრაციაში მისი როლის უკეთ გასაგებად - კელიენს ხშირად უწოდებენ ქერა ოლივია პოუპს, ცნობილი სერიალიდან „სკანდალი“. კონვეი ადგენს კომუნიკაციის სტრატეგიას, აყალიბებს მედიასთან ურთიერთობის გეგმას, აგრესიულად და პროვოკაციულად იცავს პრეზიდენტს ყველა დისკუსიაში. ერთერთ ასეთ დისკუსიაში კონვეის ფრაზა „ალტერნატიული ფაქტები“ ტრამპის პრეზიდენტობის პირველი პერიოდის ლეიტმოტივად იქცა.
ციტატა: (ჟურნალისტს) “ნუ ხარ ასეთი დრამატული, ჩაკ. შენ ამბობ, რომ ისინი ტყუიან. არადა მათ - ჩვენმა პრეს-მდივანმა, შონ სპაისერმა უბრალოდ ალტერნატიული ფაქტები წარმოადგინა.“