ვის ირჩევს საქართველო?
არჩევნებამდე 5 თვით ადრე ამერიკის დემოკრატიული ინსტიტუტი პოლიტიკურ რეიტინგებს აქვეყნებს.
კვლევაში ასახული მთავარი ტენდენციები:
ლიდერობს პასუხი “არ ვიცი”
საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერსაა დანიშნული, თუმცა როგორც აღმოჩნდა, გამოკითხულთა 61 პროცენტს ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, ვის მისცემს ხმას. აშკარაა, რომ ამომრჩეველი დისტანცირებულია პოლიტიკური პარტიებისგან და, ზოგადად, პოლიტიკური პროცესების მიმართ უნდობლობას ამჟღავნებს. მაგალითად, კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, 29 პროცენტი პასუხობს, რომ – არც ერთი. ასეთი მაღალი მაჩვენებელი ამ კითხვაში არც ერთ კონკრეტულ პარტიას არ აქვს. აქედან დასკვნა – გადაუწყვეტელი და ნიჰილისტურად განწყობილი ამომრჩეველების ხმების მოსაპოვებლად დაუნდობელი წინასაარჩევნო ბრძოლა იქნება.
გაფლანგული ნდობა
როგორც ჩანს, მმართველი პარტია ვერ ახერხებს 2015 წლის დასაწყისში დრამატულად დავარდნილი რეიტინგის გაზრდას. NDI-ის მიერ გამოკითხულთა მხოლოდ 15-მა პროცენტმა განაცხადა, რომ ხვალ რომ არჩევნები იყოს, სახელისუფლებო გუნდს – “ქართულ ოცნებას” შემოხაზავდა. არჩევნებამდე 5 თვით ადრე ეს მაჩვენებელი ხელისუფლებისთვის დამაფიქრებელი უნდა იყოს. არადა, სულ რაღაც სამწლინახევრის წინ – 2012 წლის ნოებერში, ხელისუფლებაში ახლად მოსულ “ოცნებას” 63-პროცენტიანი მხარდაჭერა ჰქონდა. მთავარ კითხვად რჩება – მოახერხებს თუ არა ივანიშვილის გუნდი გაფლანგული ნდობის არჩევნებამდე აღდგენას? საგულისხმოა ისიც, რომ კოალიცია “ქართულ ოცნებაში” დღეს შემავალი ხუთი პოლიტიკური სუბიექტიდან, სავარაუდოდ, მომავალ არჩევნებში ყველა ცალ-ცალკე იყრის კენჭს და ჯერჯერობით უცნობია, რა გავლენას იქონიებს კოალიციის დაშლა პარტია “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო შანსებზე.
სტაბილური ამომრჩეველი
საინტერესოა, კიდევ ერთი ტენდენცია – ხელისუფლების რეიტინგის ვარდნა ოპოზიციის რეიტინგზე სულაც არ ისახება. გამოკითხვით ირკვევა – ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, ქვეყნის მთავარ ოპოზიციურ ძალას, “ნაციონალური მოძრაობას” გამოკითხულთა 13 პროცენტი მისცემდა ხმას. “ნაციონალური მოძრაობის” რეიტინგი თავისთავად საინტერესოა ფენომენია – უკვე მეოთხე წელია, ამ პარტიის რეიტინგი სტაბილურად 10-15 პროცენტის ფარგლებში მერყეობს. როგორც ჩანს, ამომრჩეველი ხელისუფლებით კი უკმაყოფილოა, მაგრამ არც ოპოზიციაზეა კარგი აზრის. ცხადია, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” სტაბილური და გარანტირებული გულშემატკივარი ჰყავს, თუმცა იგი ჯერჯერობით ვერ ახერხებს მეტს – ხელისუფლებით განაწყენებული ამომრჩევლის გულის მოგებას.
მესამე პარტია
სავალდებულო 5-პროცენტიან საარჩევნო ზღვარს, NDI-ის რეიტინგების მიხედვით, კიდევ ერთი პარტია – “თავისუფალი დემოკრატები” გასცდა. კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, 6-მა პროცენტმა უპასუხა, რომ – “თავისუფალ დემოკრატებს.” წინა გამოკითხვაში, რომელიც 2015 წლის ნოემბერში ჩატარდა, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ალასანიას გუნდს 9 პროცენტი ასახელებდა. ბოლო პერიოდში ეს პარტია აშკარა თავდასხმების სამიზნე გახდა – მის ერთ-ერთ ლიდერს ფიზიკურად გაუსწორდნენ, პარტიის კიდევ ერთ წევრზე კი პირადი შინაარსის ფარული ჩანაწერები გამოაქვეყნეს.
რუსეთი ჩვენი მეგობარია?
საინტერესოა ისიც, რომ არც ერთ პარტიას, რომელიც რუსეთის მიმართ ლოიალურ დამოკიდებულებას ამჟღავნებს და დასავლეთისა და ნატო-ს კრიტიკით გამოირჩევა, 3 პროცენტზე მაღალი რეიტინგი არ აქვს.
რა შუაშია ბატონი ბიძინა?
როდესაც ტელედებატების დროს, პრობლემებზე საუბრისას ოპოზიცია ხელს ივანიშვილისკენ იშვერს, ხელისუფლების წარმომადგენლები სწორედ ამ კითხვით პასუხობენ. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეჭვი, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი დღესაც ქვეყნის არაფორმალურ მმართველად რჩება, მხოლოდ ოპოზიციას არ აქვს. NDI-ის კვლევაში ვკითხულობთ, რომ გამოკითხულების 66 პროცენტი მიიჩნევს, რომ ივანიშვილი კვლავ რჩება ხელისუფლების საქმიანობაზე გადაწყვეტილების მიმღებ პირად. მხოლოდ 15 პროცენტს სჯერა, რომ გადადგომის შემდეგ იგი ქვეყნის მართვაში არ მონაწილეობს. ამასთან, 56 პროცენტის აზრით, კარგი იქნებოდა, თუკი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკური გადაწყვეტილებების პროცესში მონაწილეობას აღარ მიიღებდა.
ფოტო: bloomberg.com
რომელი პოლიტიკოსი მოგწონთ?
დიდი ენთუზიაზმი გამოკითხულებს არც ამ კითხვაზე პასუხისას ეტყობათ, რადგან ვარინატს “არ ვიცი” აქ ყველაზე დიდი პროცენტი აქვს.
მოწონების რეიტინგში პირველი სამ ადგილს ოპოზიციის წარმომადგენლები იკავებენ – დავით ბაქრაძე (15 პროცენტი), ირაკლი ალასანია (7 პროცენტი) და ქართველი ლეიბორისტების ლიდერი შალვა ნათელაშვილი (6 პროცენტი). ქვეყნის მოქმედი პრემიერი მხოლოდ 5 პროცენტს მოსწონს.
ყველაზე საინტერესო აქ მაინც ბოლოდროინდელი ქართული პოლიტიკის ორი გამოკვეთილი ლიდერის – ყოფილი პრემიერის და ყოფილი პრეზიდენტის რეიტინგებია. გამოკითხულების მხოლოდ 4 პროცენტი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი მოსწონს; მიხეილ სააკაშვილი კი – მხოლოდ 2 პროცენტს.