ვინ გაასამართლებს?
სამხრეთ ოსეთში საკონსტიტუციო სასამართლოს ამოქმედების საჭიროებაზე პირველად 15 წლის წინათ დაიწყო ლაპარაკი. მაშინ, 2001 წლის აგვისტოს სამხრეთი ოსეთის კონსტიტუცია მიიღეს.
უნდა აღინიშნოს, რომ კონსტიტუციის მერვე მუხლი სამხრეთი ოსეთის საკონსტიტუციო სასამართლოს ეხება.
თუმცა, ამ სტრუქტურის რეალურად ჩამოყალიბებამდე საქმე მხოლოდ ახლა მივიდა. რამდენიმე დღის წინათ სამხრეთი ოსეთის პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა ხელი მოაწერა ბრძანებას ‘სამხრეთი ოსეთის რესპუბლიკის საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის დაწყების უზრუნველსაყოფად საჭირო ზომების შესახებ’.
ამ ნაბიჯს მხარი დაუჭირეს როგორც პრეზიდენტის ოპონენტებმა, ისე მისმა მხარდამჭერებმაც. კერძოდ, პარლამენტის სპიკერმა, ანატოლი ბიბილოვმა, რომელიც მოწინააღმდეგეთა ბანაკს ეკუთვნის, განაცხადა, რომ რესპუბლიკაში შეიქმნა ‘ყველაზე მთავარი სასამართლო, რომლის არსებობა აუცილებელია პოლიტიკური თვალსაზრისით’. პრეზიდენტის მომხრე ზიტა ბესაევამ, რომელიც პარლამენტში პარტია „ნიხასს“ წარმოადგენს, განაცხადა, რომ ‘ლეონიდ თიბილოვმა წინასაარჩევნო კამპანიის დროს დადებული პირობა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ამუშავდებოდა, შესარულა’.
როდის დაიწყებს საკონსტიტუციო სასამართლო საქმიანობას და სად დაბინავდება ეს უწყება,ჯერჯერობით ცნობილი არ არის. გაურკვეველია ასევე მისი საქმიანობასთან დაკავშირებული მრავალია საკითხი _ უფლებამოსილებების განსაზღვრით დაწყებული,თანამშრომლების ვინაობით დასრულებული.
ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებაში ეჭვები და უამრავი წინადადება გაჩნდა.
ფინანსები
ზიტა ბესაევა:
‘საკონსტიტუციო სასამართლოს აუცილებლობა ყოველთვის იდგა, მაგრამ ამის საშუალება არ გვქონდა _ ამ ინსტიტუციის საქმიანობისათვის საჭიროა კადრები, ფართი და თანამშრომლების ხელფასები. ლეონიდ თიბილოვმა საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ ბრძანებას მხოლოდ მაშინ მოაწერა ხელი,როდესაც რუსეთიდან ამ პროექტის დაფინანსებასთან დაკავშირებით დადებითი პასუხი მიიღო’.
უფლებამოსილებები
ანატოლი ბიბილოვი:
‘სასამართლოს რეფორმა ამით არ დასრულდება. საკონსტიტუციო და უზენაეს სასამართლოებს შორის უფლებამოსილებები უნდა გაიმიჯნოს’.
ტიმურ ცხურბათი, პოლიტოლოგი:
‘ქვეყნის პოლიტიკურ სისტემას საკონსტიტუციო სასამართლო ქმნის. ახლა, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო დაარსდა, შეგვიძლია იმის იმედი გვქონდეს, რომ ცხოვრების დონით სამხრეთი ოსეთი ამერიკის შეერთებულ შტატებს გაასწრებს’.
მსჯელობს პოლიტოლოგი ტიმურ ცხურბათი
‘მე არც იურისტი ვარ და არც ამ საქმის დიდი მცოდნე, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლო ყველა იმ ქვეყანას აქვს, რომელსაც შეუძლია ცხორების მაღალი დონითა და მოსახლეობის კეთილდღეობით თავი მოიწონოს.
მისი არარსებობა, რა თქმა უნდა, საერთაშორისო საზოგადოების თვალში ჩვენს დისკრედიტაციას იწვევს.
ამიტომ, შემიძლია ვთქვა, რომ, ეს დადებითი ნაბიჯია და იმედი მაქვს, რომ თავის როლს შეასრულებს. ჩემთვის არსებითი ისაა, რომ მიუხედავად ამერიკისადმი ჩვენი აჟამინდელი ცუდი დამოკიდებულებისა,თუნდაც კარგი დამოკიდებულება გვქონდეს, ფაქტი ფაქტად რჩება – ამერიკის შეერთებული შტატები დედამიწის წამყვანი სახელმწიფოა და რაც უნდა ბევრი ვილაპარაკოთ ბიპოლარულ მსოფლიოსა და ბევრ სხვა რამეზე, ის მაინც ერთი პოლუსისგან შედგება და მას ამერიკა მეთაურობს.
შეერთებულ შტატებში პოლიტიკური სისტემა სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოს წყალობით ჩამოყალიბდა. იქ რჩეული ადამიანები ხვდებოდნენ და მათი გადარჩევა შეუძლებელი იყო.
ისინი სათანადო კანონებს გამოსცემდნენ და ვხედავთ კიდეც, რომ ეს ქვეყანა ყვავის. იმედი მაქვს, რომ ცხოვრების დონით სამხრეთი ოსეთი მალე შეერთებულ შტატებს გაასწრებს.’
პროფესიონალი თანამშრომლები
საკონსტიტუციო სასამართლოს შემადგენლობაში ხუთი ადამიანი შედის, რომელთაც 10 წლის ვადით ირჩევენ.
პრეზიდენტი კოლეგიის ორ წევრს პირადად ნიშნავს, ერთის კანდიდატურას კი განსახილველად პარლამენტს წარუდგენს. საკონსტიტუციო სასამართლოს შემადგენლობაში შემავალი კიდევ ორ პირის დელეგირებას პარლამენტი დამოუკიდებლად მოახდენს.
ალან ჯუსოევი, საზოგადოებრივ-პოლიტიური გაერთიანება „ჩვენი არჩევანი-ოსეთი“–ს ლიდერი
‘ამჟამად ბევრს ლაპარაკობენ უწყებათაშორის შეთანხმებებზე. საკონსტიტუციო სასამართლო ყველა ამ დოკუმენტს შეაფასებს და განსაზღვრავს, თუ რამდენად შეესაბამება რუსეთთან და სხვა ქვეყნებთან მიმდინარე მოლაპარაკებები ჩვენს კონსტიტუციას. ჩვენს ჩინოვნიკებს, სულ ცოტა, მეტი წიგნიერება და პასუხისმგებლობა მართებთ. პირველ რიგში, ეს შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურას, საგამოძიებო ორგანოებსა და ადგილობრივ ადმინისტრაციებს ეხება’.
ზიტა ბესაევა:
‘ვფიქრობ, რომ დღეს შეგვიძლია, გვქონდეს იმ იურისტების იმედი, რომლებსაც უკვე შეუსრულდათ 35 წელი და უმაღლესი სასწავლებლის დასრულების შემდეგ კარგი იურიდიული პრაქტიკა აქვთ გავლილი’.
მსჯელობა სოციალურ ქსელში
‘ძველ, ნათრევ კადრებს ახალ ადგილებზე დაასაქმებენ. არადა ახალი, კვალიფიციური კოლეგიის შექმნაა საჭირო იმისთვის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მომავალი წევრების ცოდნის სათანადო დონე გამოვლინდეს. ამ კოლეგიის მუშაობა საჯარო უნდა იყოს და სამუშაო პროცესი ტელევიზიით უნდა გადაიცემოდეს. ასეთი სასამართლოს შექმნას მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, როდესაც კომპეტენტური კადრები არსებობს და არა უმიზეზოდ, ინდაურივით გაფხორილი ადამიანების თავყრილობა’.
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, ტერმინები და პოზიცია მთლიანად ავტორს ეკუთვნის და, შესაძლოა, რედაქციის აზრს არ ემთხვეოდეს.
გამოქვეყნებულია: 22.03.2016