მოქალაქეები ტრადიციულად რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ შეიკრიბნენ შემდეგ კი მარშით მარჯანიშვილის მოედნისკენ გაემართნენ და აღმაშენებლის გამზირის გავლით, რუსთაველის გამზირზე დაბრუნდნენ.
პროტესტის ამ ფორმას აქციის მონაწილეებმა მას შემდეგ მიმართეს, რაც სამართალდამცავებმა მათ რუსთაველზე გზის გადაკეტვის საშუალება არ მისცეს. უკვე რამდენიმე დღეა აქციის მონაწილეები საპროტესტო მსვლელობას სხვადასხვა ლოკაციაზე მართავენ.
ერთ წელზე მეტია საქართველოში უწყვეტი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ყოველ საღამოს იკრიბებიან ქვეყნის დედაქალაქში, თბილისსა და საქართველოს რამდენიმე პატარა ქალაქში.
აქციების მიმდინარეობისას ათობით ადამიანი დააკავეს. ბევრ მათგანს სისხლის სამართლის ბრალდება წაუყენეს და პატიმრობა მიუსაჯეს. პირველად, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, გვყავს 150-მდე სინდისის პატიმარი, მათ შორის ქალები. დაპატიმრებულია გამოცემების “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი. მას ორწლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი პოლიციელისთვის სილის გაწვნის ფაქტზე.
აქციის მონაწილეები ითხოვენ გათავისუფლდეს ყველა პოლიტიკური პატიმარი, დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები, რადგან, 2024 წლის შემოდგომის არჩევნებს ამ დრომდე არ აქვს აღიარება და გაუქმდეს ყველა ის ანტიდემოკრატიული კანონი, რაც ბოლო ორ წელიწადში მიიღო “ქართულმა ოცნებამ”.
პროტესტის ჩასახშობად, “ქართული ოცნება” სულ უფრო ამკაცრებს რეპრესიებს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წინააღმდეგ. თუმცა, უწყვეტი პროტესტი, სხვადასხვა ფორმით, დღემდე გრძელდება.