საქართველოს დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლა ოფიციალურად გაუქმდა
უვიზო მიმოსვლის გაუქმება
ევროკომისიამ საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტის მფლობელებისთვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლა შეაჩერა. გადაწყვეტილება 6 მარტიდან ამოქმედდა და თავდაპირველად ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება.
ეს პირველი შემთხვევაა, როცა ევროკავშირი იყენებს უვიზო რეჟიმის შეჩერების ახალ, გამკაცრებულ მექანიზმს.
ბრიუსელი გადაწყვეტილებას საქართველოს ხელისუფლების მიერ დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროში აღებული ვალდებულებების “მიზანმიმართულ და განგრძობად დარღვევას“ უკავშირებს.
რას ნიშნავს ევროკომისიის გადაწყვეტილება
● ხელისუფლების ყველა წარმომადგენელი, ვინც ფლობს დიპლომატიურ, სამსახურებრივ ან ოფიციალურ პასპორტს, ევროკავშირის ქვეყნებში გასამგზავრებლად მოუწევს შესაბამის საელჩოში ვიზის აღება.
● ევროკომისიის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ევროკავშირში დიპლომატიური ან ოფიციალური ვიზიტის დროს ვალდებულნი იქნებიან გამოიყენონ შესაბამისი – დიპლომატიური ან სამსახურებრივი – პასპორტები. წესის დარღვევამ შესაძლოა ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვა გამოიწვიოს.
● კომისიის რეკომენდაციით, როდესაც დიპლომატიური, სამსახურებრივი ან ოფიციალური პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეები შენგენის ვიზაზე განაცხადს შეიტანენ, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უნდა ჩაატარონ უფრო საფუძვლიანი შემოწმება: ეს შეიძლება მოიცავდეს გასაუბრებას, დამატებითი დოკუმენტების მოთხოვნას და განაცხადში წარმოდგენილი ინფორმაციის დეტალურ გადამოწმებას.
● თუ განაცხადში მოცემული მონაცემების სანდოობასთან დაკავშირებით ეჭვი გაჩნდება, წევრ ქვეყნებს ვიზის გაცემაზე უარის თქმის შესაძლებლობა ექნებათ.
● ევროკომისია ასევე მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს, რომ ევროკავშირის გარე საზღვრის კვეთისას საქართველოს ყველა მოქალაქე გაძლიერებულად გადაამოწმონ. შემოწმება უნდა განხორციელდეს როგორც ეროვნული, ისე ევროპული მონაცემთა ბაზების გამოყენებით, მათ შორის სავიზო საინფორმაციო სისტემის (VIS), შენგენის საინფორმაციო სისტემისა (SIS) და სხვა საჯარო ბაზების მეშვეობით.
● დამატებით კონტროლის მექანიზმად განიხილება ევროკავშირის ახალი შესვლა-გასვლის სისტემა (EES), რომლის ეტაპობრივი ამოქმედება 2025 წლის ოქტომბრიდან არის დაგეგმილი და რომელიც მესამე ქვეყნების მოქალაქეების გადაადგილებაზე უფრო დეტალურ მონიტორინგს უზრუნველყოფს.
● კომისიის განმარტებით, შეჩერების გადაწყვეტილება თავდაპირველად ერთწლიანი პერიოდით იმოქმედებს. თუმცა, თუ საქართველოს ხელისუფლება არ გადადგამს ნაბიჯებს მმართველობისა და სამართლის უზენაესობის პრობლემების მოსაგვარებლად, ევროკომისიას შეუძლია ზომა ორი წლით გაახანგრძლივოს.
● ბრიუსელი ასევე არ გამორიცხავს, რომ საჭიროების შემთხვევაში შეზღუდვები საქართველოს ყველა მოქალაქეზე გავრცელდეს. ევროკომისიის განცხადებით, ვითარების გაუმჯობესება პირველ რიგში საქართველოს ხელისუფლების ქმედებებზეა დამოკიდებული და კომისია თბილისს მოუწოდებს პროცესში “კონსტრუქციულად ჩაერთოს“.
ევროკომისიის შეფასებით, გადაწყვეტილება გახდა პასუხი საქართველოში ბოლო თვეებში განვითარებულ მოვლენებზე. კომისიის განცხადებით, 2024 წლის ოქტომბრიდან ხელისუფლების ქმედებებმა, მათ შორის საპროტესტო აქციების მონაწილეების, ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და დამოუკიდებელი მედიის მიმართ გატარებულმა რეპრესიულმა ზომებმა, ქვეყანაში მდგომარეობა გააუარესა და რიგი ფუნდამენტური უფლებებისა და საერთაშორისო სამართლებრივი სტანდარტების დარღვევა გამოიწვია.
ამასთან, ბრიუსელი აღნიშნავს, რომ საქართველომ უარი თქვა ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან სრულ თანხვედრაზე, რაც ვიზალიბერალიზაციის შენარჩუნების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს.
ევროკომისიის შეფასებით, ხელისუფლების ასეთი ნაბიჯები ძირს უთხრის იმ პრინციპებს, რომლებზეც საქართველოსთვის უვიზო რეჟიმი იყო დაფუძნებული.
წინაისტორია
ეს გადაწყვეტილება მოჰყვა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვიზების გაცემის პროცედურების გამარტივების შესახებ შეთანხმების შეჩერებას, რისი შეთავაზებაც კომისიამ 2024 წლის დეკემბერში მოახდინა და საბჭომ 2025 წლის იანვარში დაამტკიცა; ამ გადაწყვეტილებას უკვე ახორციელებს ევროკავშირის 19 წევრი სახელმწიფო.
დღევანდელი გადაწყვეტილება, ვიზის შეჩერების განახლებული მექანიზმის ფარგლებში, ევროკავშირის დონეზე ხელახლა აწესებს ვიზის მოთხოვნას საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის (ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში 90 დღემდე ყოფნისთვის); ამავდროულად უზრუნველყოფს, რომ ამ ჯგუფებისთვის გამონაკლისები ორმხრივ უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით აღარ იქნება შესაძლებელი.
შეჩერება კომისიის აღმასრულებელი რეგულაციის სახით არის მიღებული და ტექნიკური კომიტეტის პროცედურის შესაბამისად, წევრი სახელმწიფოებისგან დადებითი მოსაზრება 2026 წლის თებერვალში მიიღო.
ვიზის შეჩერების განახლებული მექანიზმი, რომელიც ძალაში 2025 წლის დეკემბერში შევიდა, ევროკავშირს უფრო ძლიერ და სწრაფ ინსტრუმენტებს სთავაზობს უვიზო მიმოსვლის ბოროტად გამოყენების, უსაფრთხოების რისკებისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროში უკუსვლის საპასუხოდ.