უსაფრთოხება, ეკონომიკა და სხვა საკითხები - რაზე ისაუბრეს აბაშიძემ და კარასინმა
21 მაისს ქართულ-რუსული არაფორმალური დიალოგის ფარგლებში აბაშიძე-კარასინის შეხვედრა ონლაინ ფორმატში გაიმართა. საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, მხარეებმა სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო და ჰუმანიტარული ურთიერთობების საკითხები განიხილეს. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ორი ქვეყნის საგარეო და სატრანსპორტო უწყებების წარმომადგენლებმაც.
2012 წელს “ქართული ოცნების” საქართველოს ხელისუფლებაში მოსვლისთანავე აღდგა საქართველო–რუსეთის პირდაპირი დიალოგი, რომელიც წლების წინ შეწყვეტილი იყო და მოლაპარაკებები მხოლოდ ჟენევის ფორმატში მიმდინარეობდა, სადაც რუსეთი და საქართველო სოხუმისა და ცხინვალის წარმომადგენლებთან და ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად მონაწილეობდნენ.
საქართველოს ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის წარმომადგენლის თანამდებობა შემოიღო და ამ პოსტზე დიპლომატი ზურაბ აბაშიძე დანიშნა, რომელსაც რუსეთში ელჩად მუშაობის გამოცდილება ჰქონდა.
შეიქმნა რუსეთთან პირისპირ მოლაპარაკების ახალი ფორმატი. ამ ფორმატის ფარგლებში ერთმანეთს რეგულარულად ხვდებიან ზურაბ აბაშიძე და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი.
მათი საუბრის თემაა ეკონომიკური, ჰუმანიტარული და კულტურული საკითხები.
ხელისუფლების განცხადებით, შეხვედრის დასაწყისში ზურაბ აბაშიძემ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ რთულ ვითარებაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის სასწრაფო განთავისუფლების აუცილებლობა. ასევე, საუბარი შეეხო უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუარესებას და ადამიანის უფლებების ხელყოფის გახშირებულ ფაქტებს:
“ამ კონტექსტში აღინიშნა, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები საქართველოსა და რუსეთს შორის უსაფრთხოების და ჰუმანიტარული საკითხების განხილვის უმთავრეს ფორმატს წარმოადგენს.”
რაც შეეხება სავაჭრო ურთიერთობებს ორ ქვეყანას შორის, მათი თქმით, 2021 წლის იანვარ-აპრილში შეინიშნება პოზიტიური დინამიკა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
“სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა 20%-ით და 476 21 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. კერძოდ, ქართული პროდუქციის ექსპორტი გაიზარდა 27%-ით და შეადგინა 159 61 მლნ. აშშ დოლარი, ხოლო იმპორტი გაიზარდა 17%-ით და შეადგინა 316 60 მლნ. აშშ დოლარი. გაზრდილია სატვირთო გადაზიდვებიც. მიმდინარეობს შარშანდელი პანდემიური შოკით გამოწვეული ვარდნის გადალახვის პროცესი. საუბარი შეეხო ქონებრივი საკითხების მოგვარებასაც”, — ნათქვამია განცხადებაში.
ასევე, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სავაჭრო-სატრანსპორტო სფეროებში ჩართული კომპანიების ინტერესების დაცვასა და პრობლემების მოგვარებაზე, რომელიც, ძირითადად, ყაზბეგი-ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიას ეხება:
“ყაზბეგი-ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე და მისასვლელ გზებზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები ორი ქვეყნის ექსპერტთა კონტაქტებს საჭიროებენ”.
მთავრობის ცნობით, საუბარი შეეხო საქართველოსა და რუსეთის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირების შესახებ 2011 წლის შეთანხმებას და აღინიშნა, რომ “მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ ექსპერტების დონეზე შექმნილი სამუშაო ჯგუფების საქმიანობას და შეთანხმების იმპლემენტაციას”.
რაც შეეხება მომდევნო შეხვედრის თარიღს, ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ პრაღის ფორმატში მორიგი შეხვედრის თარიღი მოგვიანებით დაზუსტდება.
_________________________________
● აბაშიძისა და კარასინის შეხვედრა ონლაინ ფორმატში გაიმართა. რაზე ისაუბრეს მხარეებმა
● ჟენევის მოლაპარაკებები: რა საკითხებზე გაამახვილა ყურადღება საქართველომ
● კარასინი საქართველოს ემუქრება: “ჩვენ ხომ გვახსოვს, საიდან იწყებოდა უკრაინის პრობლემები”