ურბანული ბაღჩა თბილისში
„კოკოპელი“ – ეს არის საზოგადოებრივი, ურბანული ბაღჩა თბილისში, რომელიც ორმა მეგობარმა დააარსა.
ურბანული ბაღჩა მცირე ტერიტორიაზე შენდება და იმ ადამიანებს, ვისაც არ აქვს ბოსტანი, შესაძლებლობას აძლევს, სასურველი ბოსტნეული თავად მოიყვანონ.
„ეს არ არის ბიზნესი, ეს სოციალური ინიციატივაა, რომელიც მსგავსი შეხედულებების მქონე თანამოქალაქეებს ქალაქში მწვანე ადგილის გაზიარების საშუალებას აძლევს. ჩვენი მიზანია ცირკულარული ეკონომიკა – საქონლის გაცვლა ფულის გარეშე“, – ამბობს „კოკოპელის“ ერთ-ერთი დამაარსებელი სალომე პოპიაშვილი.
სალომემ თბილისის ერთადერთი ურბანული ბაღჩა, დაახლოებით ერთი წლის წინ დააარსა. ეს საქართველოში მეორე ასეთი სივრცეა, თუმცა, პირველია თბილისში.
„ის მწვანილი და ბოსტნეული მენატრებოდა, რომელიც ბავშვობაში მქონდა გასინჯული. ეს გემოების „ფეიერვერკი“, გემოების ცისარტყელა იყო და ძალიან მინდოდა, ეს შეგრძნება და გემო ისევ ყოფილიყო ჩემს ცხოვრებაში“, – ამბობს სალომე.
მისივე თქმით, ბოსტნეული განსაკუთრებით გემრიელია მაშინ, როდესაც შენი მოყვანილია:
„მაღაზიაში ნაყიდი საკვები ძალიან განსხვავდება იმისგან, რაც ოცი წლის წინ იყო. ვფიქრობ, ბევრ ადამიანს ახსოვს ბაღჩაში მოყვანილი ნამდვილი პომიდვრის გემო“.
საზოგადოებრივი ბაღჩა, სალომემ, პირველად ბერლინში ნახა. მაშინ ორგანიზაციის „ქართველი ახალგაზრდები ევროპისათვის“ ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში, საზოგადოებრივ მებაღეობას ეცნობოდა.
საქართველოში დაბრუნებულმა გადაწყვიტა, რომ ეს გამოცდილება გამოეყენებინა. პროცესი გრძელი და რთული აღმოჩნდა. იმ ახალგაზრდებს, ვინც სალომესთან ერთად, ამ ინიციატივას იზიარებდა, მიწის საყიდლად საკმარისი ფული არ ჰქონდათ. გადაწყვიტეს, მუნიციპალიტეტისთვის მიწის ნაკვეთი უსასყიდლოდ ეთხოვათ.
„მერიას სარეკრეაციო სივრცის გამოყოფის მოთხოვნით მივმართეთ. ბევრი საბუთის შევსება მოგვიწია, ფაქტობრივად პროექტი დავწერეთ, რათა დაგვესაბუთებინა, რატომ იქნებოდა ეს თბილისისთვის კარგი. თუ ქალაქისთვის კარგი არ არის, რატომ მოგცემდა მერია მიწას?“ – იხსენებს სალომე.
სარეკრეაციო სივრცის გამოყენების რამდენიმე წესი არსებობს, მათ შორის, არ შეიძლება ხეების მოჭრა. ინიციატორები პირობებს დასთანხმდნენ და საბოლოოდ, მიწა მიიღეს.
საზოგადოებრივი ბაღჩა – ადამიანებისა და მცენარეებისთვის
სალომეს აზრით, „კოკოპელში“ მთავარი მისი თემია. ადამიანები მოდიან და სოციალური ქსელების შემოწმების ნაცვლად, ერთად მუშაობენ.
„ეს კარგია მენტალური ჯანმრთელობისთვის“, – ამბობს სალომე, – „ეს ასევე არის ფიზიკური დატვირთვა, რომელშიც ფულს არ იხდი. ეს არ არის სავარჯიშო დარბაზი, არამედ ნამდვილი სამუშაოა“.
სალომეს სჯერა, რომ სხვადასხვა მცენარის დარგვით ისინი ქალაქში ახალ სახეობებს ამრავლებენ. ეს კი, იმ პირობებში, როცა მცენარეთა სხვადასხვა ჯიშები ქრება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
„კოკოპელში“, ყვავილებისა და მწვანილის გარდა, ადამიანებს ბოსტნეულიც მოჰყავთ. წლის სხვადასხვა დროს ბაღჩაში სხვადასხვა წესი მოქმედებს
„ზამთარშიც შეიძლება ბოსტნეულის მოყვანა, მთავარია იცოდე, რომლის. მაგალითად, ამ დროს სალათის ფურცლის ან ბროკოლის დარგვა შეიძლება“, – გვიხსნის სალომე.
სალომეს თქმით, საზოგადოებრივი ბაღჩის იდეა ადამიანებს მოსწონთ, მაგრამ იქ ყველა ვერ ხედავს თავის ადგილს. არადა, სალომე გვარწმუნებს, რომ შესაძლოა ერთი შეხედვით რთული იყოს, სინამდვილეში კი მებაღეობა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია.
სალომემაც, ყველაფერი, ნულიდან დაიწყო. საფუძვლები ინტერნეტით ისწავლა და შემდეგ, პრაქტიკაში გამოყენება სცადა.
„ხალხი ხშირად მეუბნება, მცენარეების მოვლა არ ვიცითო. ასეთ ადამიანებს ვურჩევ, აირჩიონ რამდენიმე მცენარე, რომელიც მოსწონთ, მაგალითად, პომიდორი, რეჰანი ან კიტრი და ინტერნეტში მოძებნონ, როგორი მოვლა და პირობები სჭირდება ამ მცენარეს. მაგალითად, თუ შენი მიწა მშრალია და იქ ყოველდღე ვერ მიდიხარ, მაშინ კიტრი არ უნდა დარგო, რადგან ბევრი წყალი სჭირდება. მაგრამ, ნუ შეგეშინდება და უბრალოდ, დაიწყე. შენც დაუშვებ შეცდომებს და რთული იქნება, როცა პირველად დაინახავ, როგორ მოგიკვდა მცენარე, მაგრამ მერე ისწავლი. შეცდომებზე უნდა ისწავლო“, – ამბობს სალომე.
ჯერჯერობით „კოკოპელში“ საკუთარი ნაკვეთი ოთხ ადამიანს აქვს. მომავალი სეზონისთვის, სალომეს მოლოდინით, შესაძლოა თემს კიდევ ორი ენთუზიასტი შეუერთდეს.
”სამწუხაროდ, „კოკოპელში“ ექვსზე მეტ ადამიანს საკუთარ ნაკვეთს ვერ მივცემთ, რადგან მეტი სივრცე არ გვაქვს. თუმცა მჯერა, რომ შემიძლია სხვებს ეს ცოდნა გავუზიარო, რათა მათ თბილისში სხვა საზოგადოებრივი ბაღჩა შექმნან, რატომაც არა?!“ – ამბობს სალომე.
მართალია, ბაღჩაში ყველას თავისი ნაკვეთი აქვს, მაგრამ ისინი ერთმანეთს ეხმარებიან. ყვავილების მორწყვის განრიგიც აქვთ, რომ ყველას ერთდროულად მისვლა არ მოუწიოს.
„კოკოპელი“ ხშირად არის სხვადასხვა საზოგადოებრივი ღონისძიებების მასპინძელი. ეს შესაძლოა იყოს – პიკნიკი, საგანმანათლებლო აქტივობა, რომელიც საზოგადოებაში სხვადასხვა გარემოსდაცვითი საკითხის, მაგალითად კლიმატის ცვლილების ან გარემოს დაბინძურების შესახებ ცნობიერებას ამაღლებას ემსახურება.
საყოფაცხოვრებო ნარჩენი, პლასტმასის ნარჩენების ნაცვლად
საზოგადოებრივ ბაღჩაში არსებობს წესები, რომელიც თემის ყველა წევრმა უნდა დაიცვას. მაგალითად, შეზღუდოს პლასტმასის ნივთების მოხმარება. მებაღეებს ეკრძალებათ სასუქისა და შხამ-ქიმიკატების გამოყენებაც.
„აქ როცა მოდიხარ, ჯობია, პლასტიკური ბოთლების ნაცვლად, მეორადი გამოყენების ბოთლები მოიტანო. თუ აქ აპირებ სადილობას, მაშინ, თან უნდა გქონდეს საკუთარი თეფშები და დანა. სხვა მხრივ, ყველა საჭირო ინსტრუმენტი გვაქვს“, – ამბობს სალომე.
„კოკოპელში“ კომპოსტსაც აკეთებენ, ამიტომ, აქ საყოფაცხოვრებო ნარჩენებს აგროვებენ. ის სასარგებლო სასუქად გარდაიქმნება.
„ძალიან მნიშვნელოვანია, გვესმოდეს ნაგავსაყრელების უარყოფითი გავლენა გარემოსა და კლიმატურ ცვლილებაზე. თბილისში ეს ერთადერთი ადგილია, სადაც საყოფაცხოვრებო ნარჩენების მოტანა შეგიძლიათ და ძალიან მიხარია, რომ ადამიანები ნარჩენების მოსატანად გვიკავშირდებიან. მიხარია, რომ ისინი ამ საკითხში გათვითცნობიერებული არიან.“
ყველა ბაღჩა განსხვავებულია
სალომეს აზრით, მნიშვნელოვანია მებაღეობის ისეთი სტილი იპოვო, რომელიც ადგილობრივებისა და გარემოს საჭიროებებს შეესაბამება. ნიუ-იორკის საზოგადოებრივი ბაღჩა შეიძლება ძალიან განსხვავდებოდეს ბერლინის, ან თბილისის ბაღჩისგან:
„ეს იდეა საკმაოდ ახალია თბილისისთვის. ხალხმა არ იცის, რა არის საზოგადოებრივი ბაღჩა და რატომ შეიძლება იყოს ის მათთვის სასარგებლო. ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს ადგილობრივი კულტურა, ვიცოდეთ, რა იმუშავებს ყველაზე კარგად ყველასთვის“.
საზოგადოებრივი მებაღეობის განსხვავებული ფორმები ადრეც არსებობდა. მაგალითად, მეორე მსოფლიო ომის დროს, აშშ-ში ბევრი საზოგადოებრივი ბაღი შეიქმნა, რათა ადამიანების ჯანმრთელობა გაუმჯობესებულიყო.
თანამედროვე საზოგადოებრივი მებაღეობის მოძრაობა 60-70-იანი წლების მიჯნაზე ჩამოყალიბდა.მისი დაწყების მიზეზი ასეთი ბაღების დადებითი ფსიქოლოგიური გავლენა იყო.
„კოკოპელში მოდიხარ და ისვენებ. აქ საქმეებისგან, ქალაქის ქუჩებისა და ცხოვრების მაღალი ტემპისგან შორს ხარ. ადამიანებს ვაძლევთ საშუალებას, ბუნებასთან კავშირში იყვნენ, სულიერი სიმშვიდე ჰქონდეთ. როდესაც ფიზიკურად ვირჯებით, სისხლის მიმოქცევა უმჯობესდება, კარგ ხასიათზე ვდგებით და ბოლოს, ჯილდოს სახით ბოსტნეული და ყვავილები გვაქვს“, – გვეუბნება სალომე.