საქართველოში უმუშევრობის დონე 2017 წლის მერე ყველაზე მაღალია
უმუშევრობის დონე საქართველოში
საქსტატის მონაცემებით, 2021 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 2020 წელთან შედარებით 2.1 პროცენტით გაიზარდა და 20.6 პროცენტი შეადგინა, რაც 2017 წლის შემდეგ უმუშევრობის დონის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. უმუშევრობის ზრდა გარკვეულწილად პანდემიისგან შექმნილი პრობლემებიდან გამომდინარეობს.
უმუშევრობა ყველაზე მეტად გაზრდილია თბილისის, სამცხე-ჯავახეთისა და იმერეთის რეგიონებში, ხოლო დასაქმების დონე შემცირებულია როგორც ქალაქის ტიპის, ისე სოფლის ტიპის დასახლებებში, შესაბამისად 0.9 და 0.4 პროცენტული პუნქტით.
საქსტატის ინფორმაციით, უმუშევრობის დონე ტრადიციულად უფრო მაღალია კაცებში, ვიდრე ქალებში. 2021 წელს 2020 წელთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში გაზრდილია 1.6 პროცენტით, ხოლო კაცებში – 2.5 პროცენტით.
აღსანიშნავია, რომ 2021 წელს უმუშევრობის დონე ყველაზე მაღალია 15-19 წლის ასაკობრივ ჯგუფში (52.2 პროცენტი), ხოლო აღნიშნული მაჩვენებელი ტრადიციულად ყველაზე დაბალია 65+ ასაკობრივ ჯგუფში (6 პროცენტი), რომლის უმთავრეს მიზეზს წარმოადგენს შესაბამის ასაკობრივ ჯგუფში აქტიურობის დაბალი მაჩვენებელი.
უმუშევრობის მაჩვენებელი ასაკობრივი კატეგორიების მიხედვით:
● 20-24 ასაკობრივ ჯგუფში – 41%
● 25-29 ასაკობრივ ჯგუფში – 27,8%
● 30-34 ასაკობრივ ჯგუფში – 24,5%
● 35-39 ასაკობრივ ჯგუფში – 20%
აღსანიშნავია, რომ 2020 პანდემიის წელს, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, სომხეთსა და საქართველოში უმუშევრობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, შესაბამისად 20.2 და 18.5 პროცენტი. აღნიშნულ მონაცემებს მოსდევს უკრაინა 9.5 პროცენტით.
მოლდოვაში უმუშევრობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი – 4.7 პროცენტი დაფიქსირდა, ბელარუსში და აზერბაიჯანში კი 5.2 და 6.2 პროცენტი.
COVID-19 პანდემიის გამო, 2020 წელს უმუშევრობის დონე გაიზარდა ყველა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყანაში, გარდა მოლდოვისა, სადაც უმუშევრობა 0.39 პროცენტული პუნქტით შემცირდა.