უკრაინული მიშა
JAMnews-ის რედაქტორის, სოფო ბუკიას ეს რეპორტაჟი კიევიდან 2017 წლის 11 ნოემბერს გამოქვეყნდა. აქ საუბარია იმაზე, თუ როგორ ვითარდებოდა საქართველოს მესამე პრეზიდენტის პოლიტიკური კარიერა უკრაინაში და როგორ იქცა ერთ დროს სააკაშვილის სტუდენტობის მეგობარი პეტრო პოროშენკო მის დაუძინებელ მტრად.
_________________________________________
თვეზე მეტია, უკრაინის უმაღლეს რადასთან კარვებია გაშლილი და პერმანენტული პროტესტი არ წყდება. აქციები 17 ოქტომბერს დაიწყო, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა და რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ საერთო უკრაინული მობილიზაცია გამოაცხადეს. თავდაპირველად, ხელისუფლებისგან მკვეთრი რეფორმების გატარებას ითხოვდნენ, დღეს – პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ კანონის მიღებას. უკრაინელებმა ამ პროცესს უკვე უწოდეს «მიხომაიდანი».
გზადაგზა ახალ მოთხოვნებთან ერთად, პროტესტის ახალ-ახალი ფორმატები ჩნდება – რამდენიმე კვირის წინ რადასთან ანტიკორუფციული ყრილობა – ვეჩე მოეწყო; შემდეგ “კარვების ქალაქის“ გაფართოება და საწვრთნელი ბანაკის შექმნა დაანონსდა, სადაც ადამიანები მშვიდობიანი მეთოდებით ბრძოლას შეისწავლიან; 3 დეკემბრიდან კი, სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტის წინააღმდეგ სახალხო იმპიჩმენტის დაწყების ინიციატივით გამოდის.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელსაც დღეს არც ერთი ქვეყნის მოქალაქეობა არ აქვს, ქუჩის აქციებით იბრძვის, რომ ყველაზე დიდი ევროპული ქვეყნის ხელისუფლებაში მოვიდეს. რა გამოუვა მას?
______________________________________________________
უმაღლესი რადას წინ მიტინგი ერთი საათის დაწყებული იყო, როდესაც ტრიბუნასთან მიხეილ სააკაშვილი ავიდა.
“ცუდი ამბავი მაქვს ხელისუფლებაში მოკალათებული ბარიგებისთვის: ადამიანები მთელი უკრაინიდან შეიკრიბნენ აქ, რომ ცვლილებები მოითხოვონ. ჩვენ უკან არ დავიხევთ, ჩვენ არ შევეგუებით”, – მან გამოსვლა უკრაინულ ენაზე დაიწყო და მალევე რუსულზე გადავიდა.
მას შემდეგ, რაც ოდესის ყოფილ გუბერნატორს უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა, სააკაშვილს ამ ქვეყანაში არა თუ მიტინგის ორგანიზატორად, უბრალო ტურისტადაც კი არავინ ელოდა.
თუმცა, ახლა იგი რადას წინ დგას და მთავარ პოლიტიკურ ოპონენტს თანამდებობიდან გადაყენებით ემუქრება.
“პოროშენკოსთან ერთად უკრაინას პერსპექტივა არ აქვს, ის უნდა გადადგეს!” – ლაპარაკის დროს სააკაშვილი მოუქნელად იქნევს ხელებს, ორატორობით ყველა აქამდე გამომსვლელს ჯაბნის და ყველაზე მქუხარე ტაშს იმსახურებს.
“მიხო! მიხო!” – ყვირიან რადას წინ შეკრებილი ადამიანები და სხვადასხვა პოლიტიკური ძალების დროშებს აფრიალებენ.
17 ოქტომბერი მიხეილ სააკაშვილისთვის მნიშვნელოვანი დღეა. იღბალმა მას კიდევ ერთი, სრულიად მოულოდნელი და შესაძლოა, ბოლო შანსი მისცა, დაამტკიცოს, რომ მისი პოლიტიკური კარიერა არ დასრულებულა.
თუმცა, მიტინგისთვის, რომელიც დიდი პოლიტიკური ბრძოლის დასაწყისად უნდა იქცეს, ცოტა ხალხია – რადას წინ მოედანი მხოლოდ ნახევრადაა შევსებული.
უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე დავით საყვარელიძე ერთადერთი ქართველია, რომელიც მის გვერდით სცენაზე დგას იმ რამდენიმე ათეული ქართველიდან, რომლებიც 2015 წელს პრეზიდენტმა პოროშენკომ “ქართული სასწაულის” გასამეორებლად უკრაინაში დაპატიჟა; იქვეა საშუალო პოპულარობის ორი ახალგაზრდა უკრაინელი დეპუტატი და სამი სასულიერო პირი, რომლებმაც ეს-ესაა დაასრულეს მიტინგზე გამოსვლა.
ჩემს თხოვნას, კამერის წინ ქართულად ილაპარაკოს სამომავლო გეგმებზე, სააკაშვილი პასუხობს:
“აქ უკრაინულად ვლაპარაკობ. ქართულად მერე, საქართველოში რომ ჩამოვალ”.
უილიამსბურგელი ჰიპსტერი
სააკაშვილი უკვე ოთხი წელია საქართველოში ვერ ჩამოდის. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ოთხ ეპიზოდზეა აღძრული – სამსახურეობრივი მოვალეობის ბოროტად გამოყენება; მშვიდობიანი მიტინგის დარბევა და ტელევიზიაში შეჭრა; დეპუტატის ცემა და საბიუჯეტო თანხების გაფლანგვა.
ამ დროისთვის მას არც ერთი ქვეყნის მოქალაქეობა არ აქვს. საქართველოს ხელისუფლება მას დაკავებით ემუქრება, უკრაინის – ექსტრადირებით, თუმცა ჯერჯერობით, ამის გაკეთებას არცერთი არ ჩქარობს.
„პირადად მე დასვენება არ მჭირდება, მაგრამ მოვიდა დრო, როდესაც თქვენ უნდა დაისვენოთ ჩემგან“, – ასე დაემშვიდობა იგი ქართველ ხალხს 2013 წლის ოქტომბერში, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ვიდრე 9 წლიანი პრეზიდენტობის დასასრულს ქვეყანას დატოვებდა და ნიუ იორკში გაემგზავრებოდა.
New York Times-ში დაბეჭდილი სტატიიდან გავიგეთ, რომ ამერიკაში ის სიტყვით გამოდიოდა კონფერენციებზე, კითხულობდა მაღალანაზღაურებად ლექციებს, დროს ატარებდა ბრუკლინურ კაფეებში, უილიამსბურგელი ჰიპსტერივით წითელ შორტებში ჩაცმული დააქროლებდა ველოსიპედს, სადილობდა ბილ კლინტონთან და როგორც მისი მეგობრები ამბობენ, ერთი კვირა, კარგად გამოიძინა კიდეც.
“მე უბრალო ბიჭი გავხდი” – უთხრა მან New York Times-ს.
გუბერნატორი და პრეზიდენტი
მაინც რა ამოძრავებდა უკრაინის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს, როდესაც სააკაშვილი უკრაინაში დაპატიჟა და 2015 წლის 30 მაისს ოდესის გუბერნატორად დანიშნა? ან როგორ იქცნენ ერთ დროს სტუდენტობის მეგობრები დაუძინებელ მტრებად?
რუსული მედია წერდა, რომ სააკაშვილის დანიშვნა ოდესაში, “პრობლემურ” რუსულენოვან რეგიონში, რომელსაც ვლადიმერ პუტინი მისდამი ლოიალურად მიიჩნევს, რუსეთის პრეზიდენტისთვის სილის გაწვნა იყო.
პუტინს ახსენებდა თავად სააკაშვილიც, რომელიც ამბობდა, რომ ამიერიდან, პუტინთან ბრძოლის ხაზი ოდესაზე გადის.
სააკაშვილის ოდესაში დანიშვნა ახლადარჩეული უკრაინელი პრეზიდენტისთვის საერთაშორისო იმიჯის თვალსაზრისითაც მომგებიანი უნდა ყოფილიყო – ბევრ ქვეყანაში ჰყავთ გუბერნატორად სხვა ქვეყნის პრეზიდენტი?
“სააკაშვილი ოდესაში უნდა ყოფილიყო ჩაქუჩი, რომელიც დაანგრევდა კორუმპირებულ სისტემას,” – მეუბნება მატვეი განაპოლსკი, უკრაინაში მომუშავე ჟურნალისტი, რომელიც მრავალი წელია თვალს ადევნებს სააკაშვილის პოლიტიკურ კარიერას.
რამდენიმე პროექტს თუ არ ჩავთვლით, საბოლოო ჯამში, სააკაშვილის ოდესაში მოღვაწეობა კრახით დასრულდა.
ოდესა კორუფციისა და ოლიგარქების გარეშე არ შედგა და ამაში სააკაშვილი კიევს ადანაშაულებს. ის იმეორებს, რომ პოროშენკომ მას მუშაობისა და რეფორმების გატარების შესაძლებლობა არ მისცა.
“და ეს ასეც იყო. ფაქტია, ყველაფერს აკეთებდნენ, რომ სააკაშვილს არაფერი გამოსვლოდა. სინამდვილეში მისი წარმატება არავის უნდოდა“, – ამბობს ევგენი კისელევი, დამოუკიდებელი ენ-ტე-ვეს თაობის ცნობილი რუსი ჟურნალისტი, რომელიც ახლა კიევში ერთ-ერთი ბიზნეს-ცენტრის მეთორმეტე სართულზე, პოროშენკოსადმი ლოიალურ ტელევიზიაში მუშაობს.
“შეიძლება ძალიან ცინიკურად ჟღერს, მაგრამ პოროშენკომ სააკაშვილი უბრალოდ იაცენიუკის [უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი. სააკაშვილი მას კორუფციასა და კლანების მფარველობაში ადანაშაულებდა] მთავრობის მოსაშორებლად გამოიყენა. როგორც კი ეს მოხდა, სააკაშვილმა თავისი იმწუთიერი ფასი დაკარგა” – განაგრძობს ის.
ასე იქცა სააკაშვილი – წარმატებული რეფორმატორი პრეზიდენტი – წარუმატებელ გუბერნატორად.
და ამას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა. ოდესაში სააკაშვილი არ იყო 2004 წლის დროინდელი მიშა – 97 პროცენტიანი რეიტინგით, ერთპარტიული პარლამენტით, რეფორმატორთა გუნდით, კონტროლირებადი მედიითა და სასამართლოთი ჯიბეში. იქ მას სრულიად განსხვავებული გარემო დახვდა: ბიზნეს-კლანები, ოლიგარქები, და პრეზიდენტი, რომელმაც მხარი არ დაუჭირა.
“როგორც კი სააკაშვილი პოროშენკოს ახლობელი ბიზნესმენების ინტერესებს შეეჯახა, პოროშენკომ ის გაწირა. ეს მოსალოდნელი იყო”, – ამბობს განაპოლსკი.
უკრაინაში ბევრმა მითხრა, რომ პოროშენკოს მოქმედებები სააკაშვილის წინააღმდეგ ირაციონალურია და პირად წყენასა და შურისძიებას ჰგავს.
“სააკაშვილი არ დაემორჩილა უკრაინის პოლიტიკურ წესებს, მაგალითად, რომ უნდა გაჩუმდე, როდესაც პრეზიდენტი ლაპარაკობს, ან უსიტყვოდ მიხვდე მის მინიშნებებს და ა.შ. სააკაშვილი არ იქცეოდა როგორც მეორე ან მესამე პირი. მან ჩათვალა, რომ ის აქ ამისთვის არ არის ჩამოსული”, – ამბობს ჟურნალისტი.
ოდესის გუბერნატორობიდან გადადგომის შემდეგ სააკაშვილის ცხოვრება უკრაინაში რადიკალურად შეიცვალა: დღეს ის დაბლოკილია ყველა ცენტრალურ არხზე [უკრაინაში, რამდენიმე გამონაკლისის გარდა ყველა სატელევიზიო არხი ან პოროშენკოს ეკუთვნის ან რომელიმე ოლიგარქს]; მის წინააღმდეგ მიდის მძლავრი პიარკამპანია. გაჩნდა ახალი ნარატივი: სააკაშვილი სულაც არ არის ისეთი მაგარი, როგორიც გვეგონა და მისი წარმატებები საქართველოში უბრალოდ კარგი პიარი ყოფილა; სააკაშვილს არ სჭირდება უკრაინა, მას თვალი საქართველოზე უჭირავს, უკრაინა მისთვის მხოლოდ საშუალებაა.
პოროშენკოსთან დაახლოებული ოლიგარქის – რენატ ახმეტოვის კუთვნილმა ტელეარხმა “უკრაინამ” გოგა ხაინდრავას სერიალი “ჰეროკრატია” შეიძინა, რომელიც ამ არხზე ახლა რუსული სუბტიტრებით გადის.
ოდესიდან წასვლის შემდეგ სააკაშვილი პოროშენკოს დაემუქრა, რომ უკრაინის კორუმპირებულ ხელისუფლებას ახლა უკვე ოპოზიციიდან შეუტევდა.
მან დააფუძნა “ახალი ძალების მოძრაობა” (Рух нових сил), დადიოდა რეგიონებში, ატარებდა შეხვედრებს მოსახლეობასთან, ამხელდა კორუმპირებულ ჩინოვნიკებს და ერთ პატარა და დაბალრეიტინგიან ტელევიზიაში თოქ-შოუს წამყვანობაც დაიწყო.
მის ერთ-ერთ გადაცემაში უკრაინელმა ვეტერანმა ქალმა შეასრულა სიმღერა “შოკოლადის უკანალი” (Шоколадна дупа). მინიშნება ყველამ გაიგო: პოროშენკო საკონდიტრო კორპორაციის “როშენის” მფლობელია.
თუმცა, სააკაშვილს არაფერი გამოსდიოდა. Рух нових сил-ის რეიტინგი ორ პროცენტს ვერ გასცდა, მისი შეხვედრები რეგიონებში მოსახლეობასთან კი არ აღმოჩნდა ხალხმრავალი.
სააკაშვილის პოლიტიკური კარიერა აშკარა დასასრულისკენ მიდიოდა.
დადგა რუტინული და ყველაზე საშიში პერიოდი – მას თანდათანობით ივიწყებდნენ.
“ერთ თვეში ის ძალიან გასუქდა, საშინელი დეპრესია დაეწყო. ვერ დაელაპარაკებოდი, სულ გაღიზიანებული იყო, – იხსენებს იმ პერიოდს მისი ერთ-ერთი ქართველი თანაგუნდელი, რომელიც დღეს მასთან უკრაინაში აღარ არის, – მას უბრალოდ ფიზიკურად არ შეუძლია პოლიტიკის გარეშე”.
საჩუქარი
2017 წლის 26 ივლისს, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ხანმოკლე დროით ამერიკაში იყო, მან პეტრო პოროშენკოსგან მიიღო მოულოდნელი საჩუქარი, რომელზეც ვერც კი იოცნებებდა – პოროშენკომ მას უკრაინული პასპორტი წაართვა.
ეს გადაწყვეტილება, ოდესის ყოფილ გუბერნატორს უკრაინის ტერიტორისკენ გზას უკეტავდა, თუმცა აძლევდა პოლიტიკაში დაბრუნების შანსს.
დაბრუნება
კინოდოკუმენტალისტი თომა ჩაგელიშვილი უკვე რამდენიმე წელია, იღებს ფილმს მიხეილ სააკაშვილზე.
“როდის ვნახავთ შენს ფილმს?” – ვეკითხები თომას.
“ჯერ არ ვიცი, ლოგიკურ დასასრულს ველოდები” – მპასუხობს ის.
“როდესაც მოქალაქეობა ჩამოართვეს, მეგონა, რომ, ყველაფერი დასასრულისკენ მიდიოდა. პოლონეთში ჩავედი, რომ ინტერვიუ ჩამეწერა, პოლიტიკოსთან, რომლის კარიერა დიდი ალბათობით დაღმასვლით მიდის. თან ვფიქრობდი, მიშა ხომ გარეგნულად არაფერს იმჩნევს. როგორ შევძლებ მისი ეს მდგომარეობა გადმოვცე? ეჭვის თვალით ვუყურებდი სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნების პერპსექტივას. პოლონეთში კი დამხვდა მოტივირებული კაცი, რომელიც დღეში რამდენიმე საათს ვარჯიშობს და ბრძოლისთვის ემზადება”, – მიყვება თომა, რომელმაც სააკაშვილთან ერთად გადმოკვეთა პოლონეთი-უკრაინის საზღვარი.
მიზანსცენებისა და შოუების ოსტატმა სააკაშვილმა რამდენჯერმე შეცვალა პოლონეთიდან უკრაინაში შესვლის გეგმა, და საბოლოოდ, ყველა არსებულ ვარიანტს შორის ყველაზე ეფექტური აირჩია.
“იმ წუთას ის თავად მართავდა სიტუაციას: ყველას იყენებდა იულიას [ტიმოშენკო], უკრაინელ პარლამენტარებს, ჟურნალისტებს – ყველანი მისი გეგმის ნაწილი ვიყავით. გაოგნებულები დავრბოდით აქეთ-იქეთ. არ ვიცი, რამდენად სწორია ეს სიტყვა, მაგრამ მგონი იქ ყველა მისი მძევალი იყო. საათში ერთხელ ცვლიდა გადაწყვეტილებას. ტელეფონით იგებდა საზღვრის მეორე მხარეს არსებულ ვითარებას, სულ რაღაცას სქროლავდა ფეისბუკზე და ისე თამაშობდა”, – ჰყვება ჩაგელიშვილი და იხსენებს იმ კონკრეტულ მომენტს, როდესაც ხალხი უკრაინის საზღვრისკენ დაიძრა:
“იულიას სახეს ვუყურებდი, შეშინებული ჩანდა”.
-Миша, a что дальше? – ჰკითხა მან.
-Yes, Юля, yes! – უყვირის მიშა გაბრწყინებული სახით. ეს კადრი ერთ-ერთი საუკეთესოა, რაც ფილმისთვის გადავიღე,” – ამბობს თომა.
ჩაი და ვარდები
14 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც 2003 წლის 23 ნოემბერს სააკაშვილი საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში შეიჭრა, პრეზიდენტი ედუარდ შევარნაძე ტრიბუნიდან განდევნა, მისი ადგილი დაიკავა და მისი ფინჯნიდან ჩაი დალია. 36 წლის სააკაშვილს ხელში ვარდი ეჭირა, ნიშნად იმისა, რომ მისი ქმედებები მშვიდობიანია.
ამბობენ, რომ იგივეს განმეორებას ის უკრაინაში აპირებს.
ორი მაიდნის ქვეყანა
უკრაინა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანაა, რომელმაც 2016 წელს Transparency International-ის კორუფციის აღქმის ინდექსში 176 ქვეყანას შორის 131-ე ადგილი დაიკავა.
ბოლო 10 წლის განმავლობაში ამ ქვეყანამ ორი რევოლუცია მოახდინა – ნარინჯისფერი 2004 წელს და ევრომაიდანი 2013-2014 წლებში. ორივე შემთხვევაში ადამიანები კორუმპირებული ხელისუფლებების წინააღმდეგ იბრძოდნენ.
ევრომაიდნიდან ცოტა ხანში რუსეთმა ყირიმის ნახევარკუნძული მიითვისა. უკრაინის აღმოსავლეთით კი, ასევე რუსეთის მხარდაჭერით, ომი დაიწყო, რომელიც დღემდე გრძელდება. იმავე წელს, პრეზიდენტად პეტრო პოროშენკო აირჩიეს. პოროშენკომ პირობა დადო, რომ უკრაინას კრიზისიდან გამოიყვანდა: გაატარებდა რეფორმებს, დაძლევდა კორუფციას, შეაჩერებდა ომს და უკრაინას ევროკავშირისკენ წაიყვანდა.
ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა უკრაინამ მიმდინარე წლის 11 ივნისს მიიღო. თუმცა, ეს უფრო ავანსად გაცემული მხარდაჭერა იყო და არა გატარებულ რეფორმებზე პასუხი.
პოროშენკო 3 წელზე მეტია პრეზიდენტია და უკრაინაში კორუფცია დღემდე რჩება მთავარ პრობლემად.
“წარმოიდგინეთ, ბორისპოლის აეროპორტში ფული გადავუხადეთ მესაზღვრეებს და თვითმფრინავში დანა აგვატანინეს”, – მიყვება უკრაინაში მცხოვრები ქართველი, როდესაც უკრაინული კორუფციის მასშტაბებზე ვეკითხები.
თუმცა, მრავალი პრობლემის მიუხედავად, დღევანდელი უკრაინა მაინც არ არის 2003 წლის საქართველო.
ორმა წარუმატებელმა მაიდანმა კი ქუჩის აქციებისადმი რწმენა საგრძნობლად შეარყია. აქ რევოლუციების აღარ სჯერათ და ეს სკეპტიციზმი დღეს სააკაშვილის ერთ-ერთი მთავარი მტერია.
უკრაინის პოლიტიკური სპექტრი ისეთივე ჭრელი, ეკლექტური და ამორფულია, როგორც მისი ოლიგარქთა სისტემა.
ყველაზე რეიტინგული ოპოზიციური პარტია უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ნარინჯისფერი რევოლუციის ერთ-ერთი ლიდერის იულია ტიმოშენკოს “ბატკოვშინაა”. ზოგ რეიტინგში იგი პეტრო პოროშენკოს ბლოკს უსწრებს, ზოგში კი, მხოლოდ 1-2 პროცენტით ჩამორჩება.
მიხეილ სააკაშვილის “Рух нових сил» ვერც ერთი რეიტინგით ვერ აგროვებს პარლამენტში მოსახვედრად საჭირო სამ პროცენტს და 1 -1,5 პროცენტის ფარგლებში მერყეობს.
არადა, არჩევნები მალეა – 2019 წელს. ამ წელს უკრაინა გაზაფხულზე პრეზიდენტს აირჩევს, შემდეგ კი, შემოდგომაზე – პარლამენტს.
მართალია, ამ პოლიტიკურად უცნაურ და არასტაბილურ ქვეყანაში თეორიულად ყველას აქვს შანსი, სიტუაცია შეცვალოს, მათ შორის მიხეილ სააკაშვილსაც, მაგრამ აქვს კი მას ამის რესურსი?
პოლიტიკური პარტნიორები
ერთ მიტინგზე ამდენი სხვადასხვა პარტიული დროშა, რამდენიც რადას წინ ფრიალებდა, არსად მინახავს.
იქ იყვნენ ნაციონალისტებიც, რომლებიც კიევის მერს ურჩევდნენ “გეივით ნუ გაცვიაო” და ლიბერალებიც, რომლებიც უკრაინის ევროპერსპექტივებზე ამახვილებდნენ ყურადღებას.
სააკაშვილთან ერთად რადას წინ დღეს რამდენიმე ახალგაზრდა დეპუტატი დგას, რომლებსაც უკრაინაში “ევროოპტიმისტებს” უწოდებენ. ზოგ მათგანს გამოცდილება აკლია, მაგრამ აქვთ ამბიცია, რომ მომავალში უკრაინის პოლიტიკურ ისტებლიშმეტს შექმნიან. სააკაშვილი დღეს მათზე აკეთებს ფსონს.
თუმცა, მათ შორის არც ერთს არ აქვს შანსი, რომ 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე რაიმე შედეგს მიაღწიოს – სოციოლოგიურ გამოკითხვებში, სადაც პრეზიდენტობის პოტენციური კანდიდატების რეიტინგებს არკვევენ, მათი გვარები საერთოდ არ ფიგურირებს.
თავად სააკაშვილს, უკრაინის კანონმდებლობით, არა თუ პრეზიდენტობის, პარლამენტის დეპუტატობის უფლებაც არ აქვს, რადგან ბოლო 10 წელი უკრაინაში არ უცხოვრია.
ხელისუფლებაში მოსვლის კიდევ ერთი გზა სააკაშვილისთვის რომელიმე ძლიერ პარტიასთან პოლიტიკური კავშირია. ასეთ კავშირს სააკაშვილი რომ ტიმოშენკოსთან ეძებს, მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ ის გამოუვალ მდგომარეობაშია.
ტიმოშენკოს პარტია “ბატკოვშინა” დღეს რადას წინ მიმდინარე მიტინგებში მონაწილეობს. თუმცა, შეუძლებელია, სააკაშვილს არ ესმოდეს ამ პოლიტიკოსის ლოიალობის ფასი; ან არ ახსოვდეს 2008 წლის აგვისტოში, რუსული აგრესიის დღეებში უკრაინის იმჟამინდელი პრემიერ-მინისტრის პოზიცია – მისმა ფრაქციამ მხარი არ დაუჭირა დადგენილებას, სადაც რუსეთი აგრესორად იყო მოხსენიებული, თავად ტიმოშენკო კი, პუტინთან პრესკონფერენციაზე სააკაშვილის ჰალსტუხზე ხუმრობდა.
ფაქტია, რომ ეს ორი ამბიციური ლიდერი ერთ გზაზე ვერ ივლის.
“ახალი ძალების მოძრაობის” სხვა პოლიტიკური პარტნიორებიდან, უმრავლესობა არ არის მზად სააკაშვილი ოპოზიციის ლიდერად აღიაროს.
უკრაინელი პოლიტიკოსი მუსტაფა ნაემი, ყოფილი ჟურნალისტი, რომლის მოწოდებამ ფეისბუკზე 2013 წლის ნოემბერში ოფიციალურად დაიწყო ევრომაიდანი და დღეს რადას წინ მიმდინარე აქციების მონაწილეა ამბობს, რომ სააკაშვილის “განსაკუთრებულობაზე” საუბარი ნაადრევია:
“ჩემი აზრით, ის ერთ-ერთი უკრაინელი პოლიტიკოსია, რომელიც თავის პარტიას უდგას სათვეში… ხოლო აღიქვმს თუ არა მას ხალხი უკრაინელ პოლიტიკოსად, ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად ბევრ უკრაინელ პოლიტიკოსს შემოიკრებს ის გარშემო. ვინაიდან საკმაოდ დიდი დრო გავიდა, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ამ მიმართულებით მიხეილს პრობლემები აქვს”.
“საქართველოსა და უკრაინას შორის დიდი განსხვავებაა. უკრაინაში ბევრი რეგიონული ლიდერია, უამრავი პოლიტიკური პარტია, ჯგუფი და მოძრაობაა. როდესაც მიხეილი საქართველოში თავის მოღვაწეობას იწყებდა, მას ალტერნატივა არ ჰყავდა. აქ კი ჯანსაღი კონკურენტული გარემოა. აქ მას უფრო გაუჭირდება”, – ამბობს ნაემი.
“შემთხვევითი არ არის, რომ სააკაშვილმა ვერ გამონახა საერთო ენა ბევრ ახალგაზრდა უკრაინელ დეპუტატთან, – ამბობს ევგენი კისელიოვი, – მათ ყველას თავიანთი პოლიტიკური ამბიციები აქვთ, სააკაშვილს – თავისი. ისინი არაკომფორტულად გრძნობენ თავს მის გვერდით – ის ზედმეტად კაშკაშა ვარსკვლავია მათთვის. არადა, სააკაშვილს ახლა ძალიან სჭირდება ეს პოლიტიკოსები. ეს რაღაც ჩიხური სიტუაცია”.
საქართველო თუ უკრაინა
ჟურნალისტი სერგეი შერბინა კიევის ერთ-ერთ კაფეში ხელსახოცზე ხატავს უკრაინელი ოლიგარქებისა და ჩინოვნიკების სქემას – ვინ რას აკონტროლებს, ვინ ვის წინააღმდეგია, ვინ ვისთანაა და ა.შ.
ცოტა ხანში ხელსახოცი რთული ელექტრომექანიზმის სქემას ემსგავსება.
“ხედავთ, რაში აქვს მას თავი გაყოფილი?” – ამბობს ის, – სააკაშვილს ჰგონია, რომ ის დიდი პოლიტიკური მოთამაშეა უკრაინაში. სინამდვილეში, ყველა მისით თამაშობს. ის ახლა ავაკოვისა [უკრაინის შს მინისტრი] და პოროშენკოს კლანებს შორის დაპირისპირების ცენტრშია”.
თუმცა, განსხვავებით პოროშენკოსგან, რომელიც სააკაშვილთან კონფრონტაციისას სულ უფრო და უფრო მეტად კარგავს თავის რეპუტაციასა და იმიჯს (პასპორტის ჩამორთმევა, სააკაშვილის დაცვის წევრებისა და თანამებრძოლების დეპორტაცია და ბოლო ფაქტი – სააკაშვილის 11 წლის შვილის უკანონო დაკავება კიევის აეროპორტში), სააკაშვილს დასაკარგი არაფერი აქვს.
პროცესით, რომელიც ახლა უკრაინაში მიდის, ის საკუთარი თავის გადარჩენას ცდილობს, რომ საერთაშორისო პოლიტიკის არენაზე დარჩეს.
რა არის სააკაშვილის საბოლოო მიზანი? უკრაინაში დარჩენა თუ საქართველოში დაბრუნება?
ამ კითხვაზე პასუხი მხოლოდ მან იცის.
საქართველოში ამ პოლიტიკოსს უახლოეს მომავალში საეჭვო პერსპექტივები აქვს. და მისი მომავალი სამშობლოში კიდევ უფრო ბუნდოვანი იქნება, თუ ის უკრაინაში დამარცხდება. სააკაშვილის უკრაინული წარმატება დღეს ერთადერთი რესურსია ულიდეროდ დარჩენილი, დაშლილი “ნაციონალური მოძრაობისთვის”, რომლის ნაწილმა პარტიის დატოვების მიზეზად სწორედ სააკაშვილი და მისი ერთპიროვნული მმართველობის სტილი დაასახელა.
სააკაშვილი კვლავინდებურად დიდ თავის ტკივილად რჩება საქართველოს ხელისუფლებისთვისაც.
“ქართულ ოცნებას” სააკაშვილი ციხეშიც არ სჭირდება და ეს კარგად გამოჩნდა რუსი პრანკერების მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერში, სადაც უკვე ყოფილი შს მინისტრი მღებრიშვილი ვითომდა უკრაინელ კოლეგას, ავაკოვს ესაუბრება და ლამის ეხვეწება, რომ სააკაშვილი საქართველოს არ გადმოსცენ და დალაგებული და სტაბილური სიტუაცია არ არიონ.
სუპი და წიწიბურას ფაფა
გრუშევსკის ქუჩაზე, უკრაინის უმაღლეს რადასთან უკვე ერთი თვეა გრძელდება აქციები.
ამჟამად იქ კარვების ქალაქია გაშლილი. დინამიკებში ცოის ხმა ისმის, რომელიც ცვლილებებს ითხოვს; საველე სამზარეულოებში ხარშავენ სუპს, წიწიბურას ფაფას, უფასოდ არიგებენ ჩაის და ყავას, რომ კიევის სუსხიან ამინდს გაუძლონ.
“მიხო გულწრფელი კაცია. ის აქაურ ჩინოვნიკებს არ ჰგავს”. – ამბობს ვიტალი, სამხედრო ფორმაში ჩაცმული კაცი, ბატალიონ “დონბასის” წევრი. სამხედრო ფორმიანები მომიტინგეებს შორის ბევრია. უკრაინაში ხომ ომია [ბატალიონი “დონბასი” მოხალისეების პირველი სამხედრო ფორმირებაა, რომლის წევრები რადას წინ მიმდინარე აქციებს უჭერენ მხარს].
გრუშევსკის ქუჩიდან რამდენიმე ასეულ მეტრში, კიევის მთავარ ქუჩაზე – ხრეშატიკზე ადამიანები მშვიდად დასეირნობენ. ზოგმა საერთოდაც ყურმოკვრით იცის, რა ხდება რადასთან:
“სიმართლე გითხრათ, ვერ გეტყვით რა მოთხოვნები აქვთ. ვიცი, რომ სააკაშვილი და კიდევ ვიღაცეები დგანან“, – ამბობს სუვენირების გამყიდველი ირინა, რომელიც თავისუფლების მოედანთან ვაჭრობს.
იქვე რამდენიმე სამარშრუტო ტაქსი დგას, საიდანაც მეგაფონით გამვლელებს ვიქტორ იანუკოვიჩის სასახლის სანახავად ეპატიჟებიან.
ევრომაიდნის შემდეგ უკრაინის იმჟამინდელი პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი ქვეყნიდან გაიქცა, კიევთან ახლოს მისი უზარმაზარი მამული, სახელმწიფოს გადაეცა.
“ერთი იანუკოვიჩის სახლი დაგვრჩა მაიდნიდან. მე არ ვყოფილვარ, მაგრამ ხალხი დადის ექსკურსიაზე. ამბობენ, ოქროს ტუალეტები ჰქონდაო”, – ჰყვება ირინა.
მოვლენები რადასთან სპონტანურად ვითარდება: იცვლება მოთხოვნები, ზოგმა პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც თავდაპირველად მიტინგებში მონაწილეობდა, ქუჩის აქციებზე უარი თქვა და პროცესს გამოეთიშა; 3 დეკემბერს პოროშენკოს იმპიჩმენტის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას დაიწყებენ.
როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული სამოქმედო გეგმა და დღის წესრიგი არ აქვს. ამ ეტაპზე მისი მთავარი ამოცანაა ყურადღების ცენტრში დარჩეს (ამ პოლიტიკოსისთვის ყურადღების ცენტრში ყოფნა ყოველთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო) და რადასთან გაშლილი “კარვების ქალაქი” ისეთივე რუტინად არ იქცეს, როგორიც ზვიადისტების პროტესტი იყო პარლამენტის კიბეებზე 90-იანების თბილისში.
სააკაშვილის პოლიტიკური მომავალი დღეს დიდწილად მის სტუდენტობის მეგობარზეა დამოკიდებული. უფრო სწორედ, იმ შეცდომების მოხერხებულად გამოყენებაზე, რომელსაც პოროშენკო დაუშვებს.
რაც შეეხება მისი, როგორც რეფორმატორის რეპუტაციას, ოდესაში განცდილმა მარცხმა მას ამ მიმართულებითაც დიდი დარტყმა მიაყენა.
სააკაშვილმა იცის, რომ დრო მის წინააღმდეგ მუშაობს. რაც წლები გადის, სულ უფრო მეტად ფერმკრთალდება ლეგენდა ახალგაზრდა ქართველ პრეზიდენტზე, რომელმაც შეცვალა თავისი ქვეყანა – “ვარდების რევოლუციიდან” 14 წელი გავიდა, სააკაშვილი უკვე ოთხი წელია პრეზიდენტი აღარ არის – ეს დიდი დროა. “ქართული სასწაული” თანდათან “ჩვეულებრივობა” ხდება.