უძრავი ქონება - მხოლოდ აფხაზებს
აფხაზეთის პარლამენტმა გადაწყვიტა, ძალაში დატოვოს უცხოელებისთვის უძრავი ქონების მიყიდვის აკრძალვა და საგანგებო დადგენილება მიიღო. როგორც ჩანს, ამჯერად – დიდი ხნით, რადგან ამ აკრძალვის მოხსნა შესაძლებელია მხოლოდ მთელი რიგი საკანონმდებლო აქტების მიღებით, რასაც ალბათ წლები დასჭირდება. ამ აუცილებელი კანონების ჩამონათვალი მართლაც მასშტაბურია, და ჯერ მათი ნაწილის განხილვაც კი არ არის დაწყებული. კერძოდ კი, გარკვეული დროის შემდეგ აფხაზი საზოგადოებისთვის ამ ფრიად მტკივნეულ პრობლემას რომ დავუბრუნდეთ, აუცილებელია საცხოვრებელი, ქალაქმშენებლობითი და მშენებლობითი კოდექსების შექმნა.
გარდა ამისა, აფხაზეთის მთავრობამ უნდა დაასრულოს ტერიტორიულ დაგეგმარებაზე მუშაობა, დააჩქაროს მიწის კადასტრის შექმნის საქმე, ჩაატაროს საცხოვრებელი ფონდის სრული ინვენტარიზაცია.
ეს პირობები იმდენად დაუძლეველია, რომ სოციალურ ქსელებში, სადაც აქტიურად მსჯელობენ ამ საკითხზე, გამოითვალეს კიდეც, რომ – ყველა აუცილებელი კანონის მიღებას პარლამენტის ორი მოწვევა და ათობით ხელისუფლების ცვლა დასჭირდება.
სამშობლო არ იყიდება
პარტია ‘აინარს’ შეუძლია გამარჯვება იზეიმოს, რადგან ფრიად წარმატებულად მოირგო აფხაზეთის ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე მდგომი ცერბერის როლი. მართალია, მათმა მოთხოვნამ – ცალკე კანონით მიეღოთ მორატორიუმი უცხოელებისთვის უძრავი ქონების მიყიდვის თაობაზე – საკმარისი ხმები ვერ დააგროვა, მაგრამ მათ მიერ უარყოფილი კანონპროექტის მთელი შინაარსობრივი ნაწილი მაინც საგანგებო საპარლამენტო დადგენილების საფუძვლად იქცა.
ამ კანონშემოქმედებით ილეთს თავისი ახსნა აქვს. ფაქტობრივად, პარლამენტმა ამ გადაწყვეტილებით პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას დარტყმა ააცილა. მორატორიუმის ცლკე კანონად მიღების შემთხვევაში, საბოლოო სიტყვა, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, პრეზიდენტს უნდა ეთქვა, რაც მას ჩიხში მოაქცევდა.
თუ დოკუმენტს ხელს მოაწერდა – უკვე ერთ საათში პრეზიდენტის სასახლის წინ აგზნებული ხალხი ლოზუნგით – ‘სამშობლოს ყიდიან’ – ‘მოღალატე ხელისუფლების’ დამხობას შეეცდებოდა.
ვეტოს დაადებდა და – მოსკოვის მკაცრი რეაქციაც არ დააყოვნებდა: ამ ყველაფერზე პასუხისმგებელ პოლიტიკოსებს – რუსეთისადმი არამეგობრულ განწყობაში, ხოლო ნაკლებად პასუხისმგებლებს – უმადურობაში დაადანაშაულებდა. და როგორც შედეგი – ისევ გაავებული (უკვე სამშობლოს გადაჭარბებული სიყვარულით კი არა, თავიანთი ცარიელი მაცივრების შემხედვარე) ხალხი პრეზიდენტის სასახლესთან.
მტკივნეული ადგილი
რამდენად პოლიტიზირებულია და ფეთქებადსაში უცხოელებისთვის უძრავი ქონების მიყიდვის საკითხი, პარლამენტში მისი განხილვისას და შემდეგაც გამოჩნდა. ყველაფერი ‘ერთიანი აფხაზეთის’ ლიდერ, პარლამენტის დეპუტატ სერგეი შამბასგან დაიწყო.
შამბა არის იმ საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი, რომლის მიხედვითაც, უცხოელებს (პირველ რიგში რუსებს) უფლება აქვთ, აფხაზეთში საცხოვრებელი შეიძინონ. მისი მოტივაცია საკმაოდ უბრალო და გასაგები იყო. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ფარული გარიგებები მაინც ხდება, და რესპუბლიკა ამას წინ ვერ აღუდგება. ამიტომ, ჯობს მათი ლეგალიზება და ამით ხაზინისთვის სერიოზული შემოსავლის წყაროს მიღება. თანაც, დამატებითი თანხით გაჭირვებული ოჯახების საცხოვრებელი პრობლემების მოგვარების საშუალებაც ჩნდება.
იმას, რომ ამგვარი ინიციატივა შეუმჩნეველი არ დარჩებოდა და საპასუხო რეაქციას გამოიწვევდა, ალბათ თავად შამბაც ვარაუდობდა, თუმცა როგორც ჩანს, ნაკლებად ჰქონდა გათვლილი ამ ყველაფრის მასშტაბები. შესაძლოა, ის შეცდა, როდესაც ირწმუნა, რომ ემბარგოს მოხსნის იდეა, აფხაზეთის საზოგადოების დიდი ხნის სამსჯელო თემა, როგორც იქნა, უმრავლესობამ სრულიად თვალსაჩინო გარდაუვალობად მიიღო. ამგვარ შესაძლებლობაზე გაკვრით პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბაც ლაპარაკობდა თავის გამოსვლებში, ოპოზიციის ლიდერი ასლან ბჟანიაც ღიად ემხრობოდა ემბარგოს მოხსნას, და ცენრისტებიც, მათ შორის შამბაც, ერთხმად ამბობდნენ, რომ – საჭიროა.
მაგრამ საქმე საქმეზე როდესაც მიდგა, აღმოჩნდა, რომ კონსენსუსამდე შორია, შესაძლო ბარიკადები კი სულ ახლოსაა.
‘გაყიდვის მოწინააღმდეგე’ ფრონტს პარტია ‘აინარი’ ჩაუდგა სათავეში. პარლამენტში მისმა წარმომადგენელმა ალმას ჯაპუამ სახალხო კრებას განსახილველად მორატორიუმის კანონპროექტი წარუდგინა; ამის პარალელურად კი, თანამოზრეებთან ერთად გააჩაღა საინფორმაციო შეტევა, რომლის დედააზრი ასეთი იყო: ‘თავს გავწირავთ, და სამშობლოს გაყიდვას არ დავუშვებთ!’
‘აინარის’ მოწოდებები მიზანში მოხვდა აფხაზების ღრმად გამჯდარ კომპლექსს მათი მცირერიცხოვნობის გამო, და ასევე საზოგადოებაში გამეფებულ რწმენას, რომ საზღვრების გახსნის შემთხვევაში, ნაცია კონკურენტუნარიანი არ აღმოჩნდება – ამ დროს მთელ უძრავ ქონებას უცხოელები შეიძენენ, კორუმპირებული ხელისუფლება კი ამას წინ ვერ აღუდგება.
ვნებათაღელვამ უფრო იმატა, როდესაც საკითხის პარლამენტში განხილვის დროს სოხუმის სანაპიროზე უცნობმა ბოროტმოქმედებმა ჯაპუას სამსახურის მანქანა ააფეთქეს.
მეპროტესტეებმა და თანაგრძნობის გამომხატველებმა არ დააყოვნეს და უცბად შეიკრიბნენ პარლამენტის შენობასთან. ამ სიტუაციაში სერგეი შამბამ, დაძაბულობის განმუხტვის მიზნით, თავისი კანონპროექტი უკან გაიხმო, და მიიღეს დადგენილება, რომელმაც ‘აინარის’ მიმდევრები გაახარა, ხოლო უძრავი ქონების თავისუფალი ბაზრის მომხრეებს გული დასწყვიტა.
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, ტერმინები და პოზიცია მთლიანად ავტორს ეკუთვნის და, შესაძლოა, რედაქციის აზრს არ ემთხვეოდეს.
გამოქვეყნებულია: 04.05.2016