ამიერიდან სახელმწიფო გადაწყვეტს, დასაქმდება თუ არა საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქე. რა შეიცვალა - დეტალური გზამკვლევი
უცხოელების დასაქმება საქართველოში
2026 წლის 1-ლი მარტიდან, საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმება მნიშვნელოვნად შეიზღუდა.
ამიერიდან, საქართველოში სამსახურის დასაწყებად უცხოელებმა პირველ რიგში, სპეციალური ნებართვა უნდა მოიპოვონ. ეს ნიშნავს, რომ მათ, უფრო მეტად კი, მათმა დამსაქმებელმა კომპანიებმა, უნდა გადალახონ ბიუროკრატიული ბარიერები, გადაიხადონ გარკვეული საფასური, ელოდონ ნებართვას. და შემდეგ, ფაქტობრივად ყოველ ერთ წელიწადში, ეს გზა თავიდან გაიარონ.
- ირაკლი კობახიძე: მიგრაცია ერთ-ერთი საკითხია, რომელიც ქართულ საზოგადოებას განსაკუთრებულად აწუხებს
- გაუძლებს, თუ არა საქართველოს ეკონომიკა პოლიტიკურ კრიზისს? ბესო ნამჩავაძის მოსაზრება
ამავე დროს, უცხო ქვეყნის მოქალაქეები ყველგან ვერ იმუშავებენ. ზოგ სფეროში უცხოელების დასაქმება საერთოდ აიკრძალა. მაგალითად, მგზავრთა გადაყვანისას, კურიერებად და გიდებად. საქართველოში, სწორედ ამ სფეროში მუშაობდა ყველაზე მეტი უცხოელი.
სამუშაო ნებართვები დასჭირდებათ თვითდასაქმებულებსაც. მაგალითად, ფრილანსერებს, სხვადასხვა სერვისის ან პროდუქტის მიმწოდებლებს.
წესების დარღვევა დაჯარიმებას ითვალისწინებს. ჯარიმას დამსაქმებელიც იხდის და დასაქმებულიც.
თუ მანამდე მხოლოდ კერძო პირებს შორის წყდებოდა, დასაქმდებოდა თუ არა უცხოელი საქართველოში და სახელმწიფოს მხოლოდ ინფორმაცია მიეწოდებოდა, ახლა ყველას დასაქმების ამბავს სახელმწიფო გადაწყვეტს.
ამ შეზღუდვების საფუძველი შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში ცვლილებებია, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2025 წლის ივნისში მიიღო. 2026 წლის 20 თებერვლის მთავრობის დადგენილებით კი, დეტალურად გაწერა შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესები.
ამ სტატიაში, „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ იურისტთან, საბა სუთიძესთან ერთად ვცდილობთ პასუხი გავცეთ ყველა იმ კითხვას, რაც ამ ცვლილებების გარშემო დაგროვდა.
მთავარი ცვლილება – შრომითი საქმიანობის უფლება
მთავარი ცვლილება დასაქმებისთვის სპეციალური ნებართვის – “შრომითი საქმიანობის უფლების” მოპოვებაა. ნებართვის გარეშე მუშაობა უკანონოა და ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს .
ნებართვებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი (სსიპ) დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო გასცემს.
აქამდე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში დასაქმებისთვის არაფერი არ სჭირდებოდათ. საკმარისი იყო მხოლოდ საქართველოში კანონიერი საფუძვლით ყოფნა (ვიზის ან ბინადრობის ნებართვის ქონა, ან უვიზო რეჟიმით სარგებლობა).
დასაქმების შემდეგ, უბრალოდ დამსაქმებელს ევალებოდა ჯანდაცვის სამინისტროს ერთიან ბაზაში ამ უცხოელის მონაცემები შეეყვანა.
ვის ეხება ცვლილებები?
ცვლილებები ეხება უცხო ქვეყნის ყველა მოქალაქეს, ვისაც არ აქვს მუდმივი ბინადრობის ნებართვა საქართველოში.
- ადგილობრივ დამსაქმებელთან დასაქმებული უცხოელები;
- თვითდასაქმებული უცხოელები (მეწარმეები, ფრილანსერები);
- ბიზნესში ჩართული პირები (კომპანიების დირექტორები);
- ადგილობრივ დამსაქმებელთან დისტანციურად დასაქმებული პირები.
* რა არის მუდმივი ბინადრობის ნებართვა?
მუდმივი ბინადრობის ნებართვა არის იურიდიული სტატუსი, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეს აძლევს უფლებას უვადოდ, მუდმივად იცხოვროს ქვეყანაში ისე, რომ არ იყოს მისი მოქალაქე.
მუდმივი ცხოვრების ნებართვა გაიცემა საქართველოს მოქალაქის მეუღლეზე, არასრულწლოვან შვილზე, საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქის მშობელზე.
მუდმივი ცხოვრების ნებართვა გაიცემა აგრეთვე უცხოელზე, რომელიც დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე საქართველოში ცხოვრობდა ბოლო ათი წლის განმავლობაში. ამ ვადაში არ ითვლება საქართველოში სწავლის ან მკურნალობის მიზნით ცხოვრების, ან დიპლომატიურ სამსახურსა და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობებში მუშაობის პერიოდი.
მუდმივი ბინადრობის ნებართვა ასევე, შეიძლება გაიცეს საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელზე, რომელიც ამ ნებართვის მიღებიდან 5 წლის განმავლობაში კანონმდებლობით დადგენილ საინვესტიციო მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა, თავის მხრივ, გაიცემა იმ პირებზე, რომლებმაც განახორციელეს არანაკლებ 300 ათასი დოლარის (ექვივალენტის ლარში) ინვესტიცია საქართველოში. ან, საქართველოში აქვთ ისეთი უძრავი ქონება, რომლის საბაზრო ღირებულება 300 ათას დოლარს აღემატება.
* ვინ ითვლება ადგილობრივ დამსაქმებლად?
ადგილობრივ დამსაქმებლად ითვლება – საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი, საქართველოში რეგისტრირებული ინდივიდუალური მეწარმე, ამხანაგობა, უცხოური ორგანიზაციის ფილიალი ან საქართველოში კანონიერად მცხოვრები ფიზიკური პირი, რომელიც ასაქმებს საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელს.
* თვითდასაქმებულს როგორ განმარტავს კანონი?
ეს ახალი ცნებაა. თვითდასაქმებული უცხოელი განისაზღვრება, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც საქართველოში ახორციელებს შრომით საქმიანობას ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით. ანუ, ეს ნიშნავს რომ პირი კლასიკურ შრომით ურთიერთობაში (დამსაქმებელი-დასაქმებული) არ არის შესული, მაგრამ დადებული აქვს გარკვეული მომსახურების ხელშეკრულება, ან პროდუქტს აწვდის – ბიზნეს-შრომით ურთიერთობაშია.
რამდენად ფართოა იმ პირთა წრე, ვისაც ცვლილებები ეხება? რამდენიმე კონკრეტული მაგალითი
* ვარ საფრანგეთის მოქალაქე, დროებით ვარ საქართველოში და კერძო სკოლაში ვასწავლი ფრანგულ ენას. მეც დამჭირდება სპეციალური ნებართვა?
დიახ. ასეთი ნებართვა დაგჭირდებათ, რადგან შრომით საქმიანობაში ხართ კერძო კომპანიასთან. სკოლამ უნდა მოიპოვოს ნებართვა, რომ თქვენ მუშაობა გააგრძელოთ.
* თუ დისტანციურად ვმუშაობ? მაგალითად, პროფესორი ვარ და ლონდონიდან ვატარებ დისტანციურად კურსს საქართველოს რომელიმე უნივერსიტეტში. ამ დროს რა ხდება?
დიახ, თქვენც გეხებათ.
ამ ცვლილებებში კიდევ ერთი სიახლე არის ის, რომ კანონის რეგულირების სფერო გაფართოვდა. მანამდე კანონი ეხებოდა მხოლოდ ისეთ ადამიანებს, ვინც ფიზიკურად არიან საქართველოში და კლასიკურ შრომით ურთიერთობაში არიან – დამსაქმებელი – დასაქმებული. „ცვლილებების შემდეგ კანონი ეხება დისტანციურად დასაქმებულ პირსაც. აქ იგულისხმება სხვა ქვეყნიდან დისტანციურად მომუშავე პირი.
* ვარ სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი ინდოეთიდან და ერთ-ერთ კლინიკაში ვარ სტაჟირებაზე. მეც შეზღუდული ვარ?
თუ სტაჟირება ანაზღაურებადია, მაშინ გეხებათ. მაგრამ, თუ ხელფასს არ იღებთ, მაშინ არ გეხებათ, რადგან შრომითი ურთიერთობის აუცილებელი კომპონენტი ფინანსური სარგებლის მიღებაა.
ექსპერტი ვარ და მოწვევით ვარ საქართველოში, სამი თვით, კონკრეტულ პროექტში?
დიახ, გეხებათ.
* რუსეთიდან ვარ, საქართველოში სატრენაჟორო დარბაზი გავხსენი და ხალხი დავასაქმე, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეებიც. მეც მეხება ეს ცვლილებები?
* კომპანიის დაარსებას არ ეხება. მაგრამ თუ გინდათ თქვენს კომპანიაში უცხო ქვეყნის მოქალაქეები დაასაქმოთ, მაშინ სპეციალური ნებართვა აუცილებლად დაგჭირდებათ.
და არის ვინმე, ვისაც არ ეხება?
ასეთი ადამიანების ჩამონათვალიც არ არის მოკლე.
ცვლილებები არ ვრცელდება:
- ლტოლვილებზე;
- დამატებითი დაცვის მქონე პირებზე, დროებითი დაცვის მქონე პირებსა და თავშესაფრის მაძიებლებზე;
- დიპლომატიური მისიების თანამშრომლებზე;
- საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლებზე;
- საქართველოში აკრედიტებულ ჟურნალისტებზე;
- საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე პირებზე;
- საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სხვა გამონაკლისებით გათვალისწინებულ პირებზე;
- მეზღვაურთა დასაქმებაზე (საკრუინგო საქმიანობა).
აქაც განვიხილოთ რამდენიმე კონკრეტული შემთხვევა.
* ვარ უკრაინიდან, რეალურად ლტოლვილი ვარ, რადგან ომს გამოვექეცი, მაგრამ რაიმე ოფიციალური დოკუმენტი ჯერ არ მაქვს – არც ბინადრობა, არც თავშესაფრის მაძიებლად დავრეგისტრირებულვარ. მაინც არ შემეხება?
თქვენ შეგეხებათ. თუ ოფიციალურად არ მოგითხოვიათ საერთაშორისო დაცვა (თავშესაფარი), გამონაკლისში ვერ მოხვდებით, მიუხედავად იმისა, რომ, ფაქტობრივად, ომს გამოექეცით.
* ვარ ფსიქოლოგი ბელორუსიდან, ჩემი ქვეყნიდან რეპრესიების გამო წამოვედი. ვცხოვრობ საქართველოში და კერძო თერაპიულ სეანსებს ვატარებ – ჩემს სახლში მაქვს მოწყობილი კაბინეტი. პერიოდულად, კომპანიები მიკავშირდებიან და მათ თანამშრომლებს ვუტარებ ხანმოკლე სესიებს. როგორ უნდა მოვიქცე?
როგორც დამკვეთი კომპანიები, ისე კლიენტი/პაციენტი ფიზიკური პირები, კანონის თანახმად, ჩაითვლებიან მომსახურების ორგანიზატორებად, რომლებიც თვითდასაქმებულ უცხოელთან გარიგებაში შედიან. ასე რომ, დიახ, ეს კანონი შეგეხებათ და შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვება დაგჭირდებათ.
ვინ უნდა მოიპოვოს ნებართვა და როგორია პროცედურა?
“შრომითი საქმიანობის უფლების” მოსაპოვებლად, შრომითი იმიგრანტის შემთხვევაში (ანუ, კონკრეტული უცხოელი, რომელსაც სადღაც სურს დასაქმება), სახელმწიფოს უნდა მიმართოს მისმა დამსაქმებელმა კომპანიამ. თვითდასაქმებულის შემთხვევაში , (ფიზიკური პირია თუ ინდმეწარმე) თავად თვითდასაქმებულმა.
თუკი დამსაქმებელს უნდა უცხოელის დასაქმება, მან უნდა დაარეგისტრიროს მოთხოვნა საიტზე – http://www.worknet.moh.gov.ge/. დამსაქმებელი სახელმწიფოს ეუბნება, რომ მას სურს კადრი კონკრეტულ პოზიციაზე – ანუ, ზოგად განაცხადს არეგისტრირებს. (მაგალითად, ვარ რესტორატორი და მჭირდება კადრი მიმტანის პოზიციაზე). დასაქმების სააგენტო ვალდებულია ათი დღის განმავლობაში მოიძიოს შესაბამისი კადრი და შესთავაზოს კომპანიას. სააგენტო ადგილობრივ კადრს ეძებს – მისთვის უპირატესი ადგილობრივის დასაქმებაა.
თუ ვერ მოიძიებს, შემდეგ იწყება ამ უფლების მოპოვების პროცედურა – კომპანია უკვე უცხოელის დასაქმებისთვის ითხოვს ნებართვას.
ნებართვის მისაღებად არც თუ ცოტა დოკუმენტია საჭირო. დოკუმენტები განმცხადებელმა უნდა წარადგინოს სააგენტოს სხვა მისამართზე – labormigration.moh.gov.ge.
როდესაც დამსაქმებელი ითხოვს ნებართვას, მან უნდა წარადგინოს:
- დეტალური ინფორმაცია კომპანიის შესახებ და ასევე, ინფორმაციის წარმდგენი პირის შესახებ (მისი პერსონალური მონაცემები – ვინაობა, საკონტაქტო, პოზიცია);
- შრომითი იმიგრანტის პერსონალური მონაცემები;
- დასაკავებელი პოზიცია და საკვალიფიკაციო მოთხოვნები;
- დასასაქმებელი პირის, ანუ უცხოელის, პროფესია/კვალიფიკაცია, გამოცდილება და უნარები;
- დამსაქმებელს და შრომით იმიგრანტს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ვადები და ამ ხელშეკრულების ასლი;
- ხელმოწერილი და ოფიციალური განაცხადის ფორმა.
თვითდასაქმებულს ცოტა ნაკლებ დოკუმენტს სთხოვენ:
- ინფორმაცია მის შესახებ;
- მისი პროფესია/კვალიფიკაცია, სამუშაო გამოცდილება;
- ინფორმაცია შრომითი/სამეწარმეო საქმიანობის შესახებ;
- ამ პირსა და სააგენტოს წარმომადგენელს შორის ვიდეო გასაუბრების ჩანაწერი (ამ ჩანაწერს სააგენტო აკეთებს და აწვდის თვითდასაქმებულს).
სააგენტოს აქვს კონკრეტული ვადა – 10 სამუშაო დღიდან 30 კალენდარულ დღემდე – განაცხადის დასამტკიცებლად ან უარყოფისთვის.
ნებართვის მოპოვება ფასიანია.
ამ უფლების მოპოვება სტანდარტული პროცედურით (30 დღის ვადაში) – 200 ლარია. დაჩქარებაც შეიძლება. თუ პასუხი 10 სამუშაო დღეში გსურთ, საფასური 400 ლარამდე იზრდება. თანხას იხდის დამსაქმებელი. თვითდასაქმებულის შემთხვევაში, თავად უცხო ქვეყნის მოქალაქე თვითდასაქმებული.
უარის გასაჩივრება შესაძლებელია.
* ნებართვის მიღება ნიშნავს, რომ სადაც მინდა იქ ვიმუშავებ?
არა. შრომითი იმიგრანტის შემთხვევაში შრომითი საქმიანობის უფლება გაიცემა კონკრეტულ დამსაქმებელთან, კონკრეტულ სამუშაო პოზიციაზე. თუ იმავე სამსახურში სხვა პოზიციაზე გინდათ გადასვლა, ეს უფლება ხელახლა უნდა მოიპოვოთ. იგივეა თვითდასაქმებულის შემთხვევაშიც – ნებართვა გაიცემა კონკრეტულ საქმიანობაზე, ან საქმიანობის კონკრეტულ სფეროზე.
* თვითდასაქმებული ვარ, ერთი ბიზნესის ნებართვა თუ მაქვს და ახალ საქმეს ვიწყებ. თავიდან დამჭირდება ნებართვა?
თუ უფლება კონკრეტულ სფეროზეა გაცემული და ამ სფეროს არ სცდებით, მაშინ არ დაგჭირდებათ. მაგრამ თუ სხვა სფეროში გადადიხართ, დაგჭირდებათ. თუ ნებართვა კონკრეტულ, ვიწრო საქმიანობაზე იყო გაცემული, თუნდაც იმავე სფეროს მიკუთვნებულ სხვა საქმიანობას იწყებდეთ, მაინც ხელახლა მიღება დაგჭირდებათ.
დადგენილებით განსაზღვრულია პროცედურული გამონაკლისები. ეს რას ნიშნავს და ვის ეხება?
დადგენილებით განსაზღვრულია საგამონაკლისო შემთხვევები, როდესაც კომპანია არ არის ვალდებული, დასაქმების სააგენტოს წინასწარი მოთხოვნა წარუდგინოს კადრის შერჩევაზე, ის პირდაპირ კონკრეტული უცხოელისთვის ითხოვს შრომითი საქმიანობის უფლებას.
გამონაკლისებში შედიან:
- ინოვაციური სტარტაპები და საერთაშორისო სტატუსის მქონე კომპანიები;
- “განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის” უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის და აკრედიტაციის ექსპერტთა წევრი საერთაშორისო ექსპერტები;
თუ არსებობს ორი პირობა ერთად – ხელფასი აღემატება 15 ათას ლარს და ძალიან ვიწრო, კონკრეტული კვალიფიკაციაა საჭირო (თუკი დამსაქმებელი ასაბუთებს, რატომ სჭირდება კონკრეტულად ის ადამიანი, მაგალითად, თუკი უნივერსიტეტს უნდა, რომ პროფესორად დაასაქმოს ფიზიკოსი გია დვალი).
ვადიანია ნებართვა? მისი გახანგრძლივება როგორ ხდება?
ნებართვა ვადიანია. თითქმის ყველა სფეროს შემთხვევაში, სამუშაო ნებართვას ერთწლიანი ვადა აქვს. გამონაკლისია IT სფერო. აქ სამუშაო ნებართვა სამი წლის ვადით გაიცემა.
ვადის გახანგრძლივება შესაძლებელია. ამისათვის, ვადის გასვლამდე არანაკლებ 30 დღით ადრე განაცხადი თავიდან უნდა წარადგინოთ და თავიდან უნდა გაიაროთ იგივე გზა. საფასურსაც ისევ გადაიხდით.
თუ 30 დღეზე ნაკლებ ვადაში მიმართავთ, (მაგალითად, 10 დღე ჰქონდა ნებართვას დარჩენილი), სააგენტო ამ უფლებას შეწყვეტს და მისი გახანგრძლივება კი არა, თვაიდან მოპოვება დაგჭირდებათ. უმჯობესია ორი თვით ადრე მიმართოთ, ვიდრე დააგვიანოთ.
პირველი ხუთი წლის განმავლობაში, სამუშაო ვადა თითო წლით ხანგრძლივდება. მას შმედეგ, რაც ეს ნებართვა უწყვეტად და სტაბილურად გაგრძელდება ხუთი წელი, შემდეგ უკვე მას ერთიდან ხუთ წლამდე ვადით გაგიგრძელებენ.
IT-ებს ყველა ჯერზე სამი წლით გაუგრძელებენ.
სამუშაო ნებართვა მივიღე. კიდევ რამე დამჭირდება?
ცვლილებების თანახმად, ამიერიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმებისთვის მხოლოდ სამუშაო ნებართვა საკმარისი არ არის. ესეც მნიშვნელოვანი სიახლეა.
სამუშაო ნებართვის გარდა, თქვენ უნდა გქონდეთ სამუშაო ვიზა (D1 კატეგორია) და სამუშაო ბინადრობის ნებართვა. აქამდე, თუ ქვეყანაში კანონიერად იყავი, არც ბინადრობის ნებართვა და არც სამუშაო ვიზა არ გჭირდებოდა დასაქმებისთვის.
გავიაროთ ეს პროცესებიც.
მაგალითად, ჯერ არ ხართ საქართველოში და წინასწარ მოიპოვეთ შრომითი საქმიანობის ნებართვა. ასეთ შემთხვევაში, ჯერ უნდა მიმართოთ თქვენს ქვეყანაში საელჩოს, ან საკონსულოს და შრომითი კატეგორიის ვიზა მოიპოვოთ (იმ შემთხვევაშიც, თუ თქვენს ქვეყანსა საქართველოსთან უვიზო მიმოსვლა აქვს). საქართველოში შემოსვლის შემდეგ, დაგჭირდებათ შრომითი ბინადრობის ნებართვაც.
თუ უკვე საქართველოში ხართ, მაშინ სამუშაო ვიზა აღარ დაგჭირდებათ, მაგრამ, შრომით ბინადრობის ნებართვას მაინც მოგთხოვენ.
შრომითი ბინადრობა ნიშნავს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეს ეძლევა უფლება იცხოვროს და იმუშაოს კონკრეტულ ქვეყანაში ოფიციალურად. ამ უფლებას სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო გასცემს (განცხადება იუსტიციის სახლში იწერება). უფლების მისაღებად წარსადგენ დოკუმენტებში, პერონალური ინფორმაციისა და დოკუმენტების გარდა, საჭიროა დამსაქმებლის წლიური ბრუნვის დამადასტურებელი დოკუმენტიც. ამავე დროს, ეს უფლება რომ მოიპოვო, შენი ხელფასი საქართველოს საარსებო მინიმუმს ხუთჯერ უნდა აღემატებოდეს, ხოლო დამსაქმებლის წლიური ბრუნვა თითოეულ უცხოელ დასაქმებულები 50 000 ლარი მაინც უნდა იყოს (სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის ეს თანხა 35 000 ლარს შეადგენს). ეს ახალი რეგულაციები არ არის, შრომითი ბინადრობა ადრეც ასე გაიცემოდა.
სამუშაო ვიზა და სამუშაო ბინადრობა არ დასჭირდებათ იმ უცხოელებს, ვინც საქართველოში დისტანციურად მუშაობს სხვა ქვეყნიდან.
რა მოხდება კანონის დარღვევის შემთხვევაში?
და დასაქმებულსაც ორი ათასი ლარით დააჯარიმებენ.
განმეორების შემთხვევაში, ჯარიმა ოთხი ათასი ლარი გახდება. თუ კვლავ განმეორდება, სამმაგი ოდენობა – 12 ათასი ლარი იქნება.
თვითდასაქმებულის შემთხვევაშიც ორივე ჯარიმდება – უცხოელიც და ის კომპანიაც, რომელსაც მომსახურება გაუწია. ამიტომ, ასეთი კონტრაქტების დროს, კომპანიებმა წინასწარ უნდა გადაამოწმონ, ეს ნებართვა აქვს თუ არა თვითდასაქმებულ უცხოელს.
თუ ყველა წესს დაიცავს, ნებისმიერ სფეროში იმუშავებს უცხოელი?
გარდა იმ სფეროებისა, რომლებზეც მთავრობის დადგენილებით ნულოვანი კვოტებია განსაზღვრული.
საკურიერო მომსახურება, მგზავრების გადაყვანა და ტურისტებისთვის გიდების სერვისი – ეს სამი სფერო სახელმწიფომ პრიორიტეტულად გამოყო და ამ სფეროებში უცხოელების დასაქმება სრულად აკრძალა.
საქართველოში სწორედ ეს იყო ის მიმართულებები, სადაც ყველაზე მეტი უცხოელი მუშაობდა.
ქვეყნის მსხვილმა საკურიერო და ტაქსის კომპანიებმა (Bolt, Wolt, Glovo), უკვე განაცხადეს, რომ უცხოელებს ვეღარ დაასაქმებენ.
ოფიციალური სტატისტიკა, რამდენი უცხოელი იყო დასაქმებული ამ კომპანიებში, არ მოიპოვება. თუმცა, მედიასა და სხვადასხვა კვლევებში გაბნეული მონაცემების შეჯამება და შრომის ბაზრის ანალიზი აჩვენებს, რომ ბოლო წლებში (განსაკუთრებით 2022-2024 წლებში), საქართველოში უცხოელთა წილი ამ სამ სფეროში მნიშვნელოვნად გაიზარდა. განსაკუთრებით, საკურიერო სერვისში.
ქვეყნის მასშტაბით 200 ადგილია – ტურისტებისთვის სამთო, ალპური და სათხილამურო გამყოლებისთვის.
დანარჩენ სფეროებს კვოტები არ შეხებია.
ვადები – როდიდან იწყება მთელი ეს ბიუროკრატია
მთავრობის დადგენილება ძალაში 1-ლი მარტიდან შევიდა. მაგრამ, ვადები, ცოტა განსხვავებულია.
თვითდასაქმებული პირების მიმართ ახალი რეგულაციები 2026 წლის 1 მაისიდან აღსრულდება. ეს ნიშნავს, რომ მათ ამ თარიღისთვის უნდა მოასწრონ ყველა დოკუმენტის მოწესრიგება.
შრომითმა იმიგრანტებმა, რომელთა დასაქმების კონტრაქტები და რომელთა რეგისტრაცია აქტიურია შრომის სამინისტროს მონაცემთა ბაზაში 2026 წლის 1 მარტიდან, უნდა მოაწესრიგონ დოკუმენტაცია – მიიღონ როგორც სამუშაო ნებართვა, ასევე შესაბამისი ბინადრობის ნებართვა (თუ უკვე არ აქვთ) – 2027 წლის 1 იანვრამდე.
უცხოელების დასაქმება საქართველოში