ტყიბული - სიკვდილს შეგუებული ქალაქი
ტყიბულში მომზადებული ეს რეპორტაჟი JAMnews-ზე პირველად გამოქვეყნდა აპრილში, მას შემდეგ რაც მინდელის სახელობის შახტში ჭერის ჩამონგრევის შედეგად ექვსი მუშა დაიღუპა.
2 ივნისს, ტყიბულში კიდევ ორი მუშა დაიღუპა, 16 ივლისს დილით კი, ისევ მინდელის სახელობის მაღაროზე, აფეთქების შედეგად ოთხი მეშახტე დაიღუპა და ექვსი დაშავდა. მხოლოდ 2018 წელს საქართველოში შახტში უბედური შემთვევების შედეგად 16 ადამიანი გარდაიცვალა.
______________
პირველი, რასაც ტყიბულში ჩასული თვალს მოჰკრავთ, ქვანახშირის დიდი გორებია. შახტი ერთადერთი სამუშაო ადგილია ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ამიტომაც, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ერთ წელში საბჭოთა დროინდელ ტყიბულის შახტებში 11 ადამიანი დაიღუპა, ამ სიცოცხლისთვის საშიშ, სარისკო სამსახურზე უარს არავინ ამბობს.
ერთადერთი ალტერნატიული გამოსავალი ქვეყნიდან გაქცევაა.
“მთელ ქალაქს ცრემლებით ჰქონდა ავსებული თვალები”
5 აპრილს დილის 5 საათზე ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტასთან მცხოვრებნი ძლიერმა ხმამ გააღვიძა.
იმ დღეს ახალგაზრდა მეშახტე ირაკლი კირკიტაძე მეოთხე ცვლაში მუშაობდა. ის იხსენებს, რომ უცებ ჰაერის ტალღამ სამი მეტრის სიმაღლიდან გადმოაგდო და დაახლოებით 15 მეტრის მოშორებით მოისროლა:
“ძალა მოვიკრიბე, ფორთხვით მივედი ტელეფონამდე და დისპეჩერს დავურეკე”, – ამბობს კირკიტაძე.
იმ ღამეს ტყიბულის შახტში 6 მეშახტე დაიღუპა. გარდაცვლილები დილის 11 საათისთვის ამოიყვანეს. მათგან ყველაზე ახალგაზრდა – პავლე გამეზარდაშვილი 25 წლის იყო.
“მთელი ქალაქი შეიკრიბა, ყველას თვალები ცრემლებით ჰქონდა ავსებული”, – იხსენებს პროფკავშირების წარმომადგენელი გაგა ისაკაძე.
ამ დრომდე უცნობია, რა გახდა ავარიის მიზეზი. წინასწარი ვერსიით, შახტში სამთო დარტყმა მოხდა.
მომხდარზე მეშახტეებიც მსჯელობენ. პირად საუბარში ზოგიერთი მათგანი ამ ვერსიას გამორიცხავს, რადგან სამთო დარტყმის დროს გვირაბი უეცრად და სწრაფად ირღვევა. ამ შემთხვევაში კი მათი თქმით, გვირაბი არ ჩამოშლილა, მხოლოდ ჰაერის ძლიერი ტალღა და ძლიერი ხმა იყო.
“სამთო დარტყმა კვალს დატოვებდა, გვირაბი ჩამოშლილი იქნებოდა. ყველას აწყობს ეს ვერსია, რომ პასუხისმგებლობა აირიდონ”, – ამბობს ერთ-ერთი.
ვინ იყვნენ დაღუპული მეშახტეები
25 წლის პავლე გამეზარდაშვილი 5 აპრილს მეოთხე ცვლაში მუშაობდა. დილისკენ, როდესაც ის თავის ცვლას დაასრულებდა, შახტში უკვე მისი ძმა – მირზა გამეზარდაშვილი ჩავიდოდა.
გამეზარდაშვილებს მესამე ძმაც ჰყავთ, ისიც მეშახტეა. მეშახტეობა მათი ოჯახური პროფესიაა. მათი მამა – გურამი 20 წელი მუშაობდა მინდელის შახტში. 2010 წელს ის მძიმედ დაშავდა და ახლა ყავარჯნებით დადის.
როდესაც მამამ მუშაობა ვეღარ შეძლო, 18 წლის პავლემ სკოლას თავი დაანება და ოჯახს რომ დახმარებოდა, უფროს ძმებთან ერთად მუშაობა დაიწყო. შახტში 8 წელი იმუშავა. ისევე როგორც ბევრი ტყიბულელი, პავლე თავის მომავალს შახტს უკავშირებდა – ტყიბულის პროფესიულ სასწავლებელში ჩააბარა და სწავლის დასრულების შემდეგ ცვლის უფროსად გადასვლას გეგმავდა.
5 აპრილს დაღუპულები – 28 წლის გიორგი ბოჭორიშვილი; 46 წლის მირზა ქურციკიძე; 50 წლის ბესიკ გურგენიძე; 53 წლის ელგუჯა ბოჭორიშვილი; 60 წლის გოგი რაფავა წლების განმავლობაში მუშაობდნენ შახტში. ბევრი მათგანი ოჯახის ერთადერთი მარჩენალი იყო.
მეშახტეთა ქალაქი
ქალაქი ტყიბული თბილისიდან დასავლეთით, 230 კილომეტრითაა დაშორებული. საბჭოთა დროს, ტყიბული, ტყვარჩელთან ერთად, საქართველოში ქვანახშირის წარმოების მთავარი ქალაქი იყო. ქვანახშირის მოპოვება აქ პირველად მე-19 საუკუნეში დაუწყიათ. კომუნისტების დროს ტყიბულში ოთხი შახტა მუშაობდა. როგორც ადგილობრივები იხსენებენ, “ცხოვრება ქუხდა” – შახტთან ერთად ლიმონათის ქარხანა, სამკერვალო ფაბრიკა და სხვა სამუშაო ადგილები იყო.
დამოუკიდებელ საქართველოში ქვანახშირის მოპოვება 2006 წელს განაახლეს. ოთხი შახტიდან ახლა ორი მუშაობს – მინდელის და ძიძიგურის. პროცესს კომპანია “საქნახშირი” კურირებს, რომელიც შპს “ჰოლდინგი საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის” მფლობელობაშია.
ეს ორი შახტიც, საბჭოთა პერიოდთან შედარებით, მიზერული დატვირთვით მუშაობს. თუმცა, ეს მცირე დატვირთვაც კი, მნიშვნელოვანი შეღავათია ქალაქისთვის, რომელიც საქართველოს სხვა რეგიონების მსგავსად, ქრონიკულ უმუშევრობაშია ჩაფლული. შახტი ათას ხუთასამდე სამუშაო ადგილს ქმნის და ბევრ ოჯახს არჩენს.
წლიდან-წლამდე ტყიბული ხალხისგან იცლება – საბჭოთა დროს აქ 22 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, დღეს კი, 10 ათასზე ნაკლები (2014 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით).
ქალაქის ცენტრში გამვლელები კანტი-კუნტად მოძრაობენ, გზაზე ერთი-ორი მანქანა თუ გაივლის.
კორპუსებში ბინების დიდი ნაწილი დაკეტილია. ამას გარედანაც ადვილად შეამჩნევთ, რადგან ფანჯრები ბევრგან ჩამსხვრეულია.
თითქმის ყველა შენობა საბჭოთა დროსაა აშენებული. ახალაშენებულს აქ მხოლოდ ეკლესიას თუ მოჰკრავთ თვალს.
პიონერთა სასახლე, თეატრი, აუზი, სტადიონი და სტალინური არქიტექტურის კიდევ რამდენიმე სახლი, ბევრი მათგანი უფუნქციოდაა დარჩენილი. საბჭოთა არქიტექტორების მიერ აშენებულ სასტუმროში ახლა დევნილები ცხოვრობენ.
ქალაქში მოქმედი ერთადერთი კვების ობიექტის – სასადილოს წინ ოთხი მანქანა დგას, თავზე ტაქსის ნიშნით. ერთ-ერთის საჭესთან შუა ხნის კაცი ზის, დათო ჰქვია, მეშახტეა და თავისუფალ დროს ტაქსაობს.
“სტალინის დროს, ვინც შახტში მუშაობდა, ომში არ მიჰყავდათ, – ჰყვება ის, – მეშახტეობა და ომში მონაწილეობა გათანაბრებული იყო. პენსიაზე მეშახტეები 50 წლის ასაკში გადიოდნენ, ახლა 65 წლის კაცები კიდევ მუშაობენ. ღამის საათებში მუშაობისთვის მეტი ხელფასი გვქონდა. მეცამეტე ხელფასი იყო, პრემია იყო. კომუნისტებმა იცოდნენ მუშაობის ფასი”, – ამბობს დათო.
ტყიბული, აპრილი 2018 წ.ფოტო: დავით ფიფია JAMnews
ტყიბულში, უფროსი თაობისგან ხშირად გაიგებთ საბჭოთა დროის ნოსტალგიას.
“ადრე სოფელში ავტობუსით რომ მივდიოდი, ნაცნობებს მგზავრობის დროს ფულს ვუხდიდი. ახლა ავტობუსში ნაცნობი თუ შემხვდება, ვიმალები. მრცხვენია, რომ ვერ დავპატიჟებ”, – ამბობს 60 წლამდე ასაკის ქალი, რომელიც სასადილოში მიმტანად მუშაობს.
ლიზი ჭელიძეს და საბა გაბრიჭიძეს საბჭოთა დრო არ ახსოვთ. ისინი მეათე კლასში არიან და საკუთარ მომავალს მშობლიურ ქალაქში ვერ ხედავენ. ლიზი ამბობს, რომ ბიზნესის ადმინისტრირებაზე აპირებს ჩაბარებას, საბა საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე ფიქრობს. ორივეს თბილისისკენ უჭირავთ თვალი.
“აქაური ხალხი გვიყვარს, აქ დავიბადეთ, აქ გავიზარდეთ, მაგრამ ძალიან დაძინებულია ქალაქი, ძალიან მოსაწყენია აქ ცხოვრება”, – ამბობენ ისინი.
“მე ვიცი, რომ ხვალ თუ ჩავალ იქ, შეიძლება ვეღარ ამოვიდე”
რა ენაზეც არ უნდა დაგუგლოთ ქალაქი ტყიბული, ინფორმაციის აბსოლუტური უმრავლესობა შახტში მომხდარ ავარიებსა და უბედურ შემთხვევებს ეხება.
2007 წლიდან 2018 წლამდე ტყიბულში, საწარმოო შემთხვევის შედეგად 32 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 11 მხოლოდ ბოლო ერთ წელში.
ყოველი უბედური შემთხვევის შემდეგ, მეორდება ერთი და იგივე: ფეისბუკზე იწერება უამრავი სტატუსები იმაზე, რომ შახტში ადამიანები უსაფრთხოების ნორმების დარღვევით მუშაობენ; ტელევიზიები ამზადებენ სპეციალურ გადაცემებს, სადაც უფლებადამცველები და პროფკავშირების წარმომადგენლები განგაშის ზარებს სცემენ, სტუდენტური მოძრაობები აწყობენ აქციებს და ხელისუფლებასა და დამსაქმებელ კომპანიას შრომის პირობების გაუმჯობესებისა და უსაფრთხოების ზომების გამკაცრებისკენ მოუწოდებენ.
თუმცა, სიტუაცია წლიდან წლამდე არ იცვლება.
ბოლო მასშტაბური გამოსვლა ტყიბულელ მეშახტეებს 2016 წელს ჰქონდათ. ათასზე მეტი გაფიცული მეშახტე ხელფასების 40 პროცენტით მომატებას და შრომითი პირობების გაუმჯობესებას ითხოვდა.
მეშახტეები ჰყვებოდნენ, რომ ყოველ დღე ათობით კილომეტრს გადიან მიწისქვეშ, 9 სართულიანი კორპუსის სიღრმეში ჩადიან და სანაცვლოდ, სპეცტანსაცმელი, საშხაპეები და კვების რაციონიც კი მოუწესრიგებელი აქვთ.
“ადმინისტრაციის წარმომადგენლები მიწაში ჩასულებს გარედან ბოქლომით კეტავენ, რომ ვინმემ ჰაერზე გამოსვლა არ მოინდომოს სამუშაო დროს”, – ამბობდა მაშინ ერთ-ერთი გაფიცული მეშახტე გიორგი ცირეკიძე.
ორი წლის წინ 16 დღიანი გაფიცვა იმით დასრულდა, რომ კომპანია “საქნახშირმა” საერთო სახელფასო ფონდი 5 პროცენტით გაიზარდა, ხოლო მეშახტეებისა და მაღალი რისკის სამუშაოს შემსრულებლებს მოთხოვნილი 40-ის ნაცვლად 7 პროცენტით მოუმატა ხელფასი.
მეშახტეები საქმეს მაინც დაუბრუნდნენ, რადგან 1500 ადამიანისა და მათი ოჯახებისთვის ამ სამუშაოდან მიღებული შემოსავლი ერთადერთი საარსებო წყაროა. მეშახტეების საშუალო ხელფასი დღეს დაახლოებით 800 ლარია, თუმცა არის კატეგორია, რომელთა ანაზღაურება მხოლოდ 350 ლარს შეადგენს.
16 დღიანი გაფიცვის შედეგია იცის, რომ კომპანიამ შახტში ჯაჭვები და ბაგირები შეცვალა, ლიანდაგის ქვეშ სივრცეები ბეტონით მოაპირკეთა.
“გაკეთდა მხოლოდ ის, რაც ვიზუალურად აღქმადია და შედარებით იაფი ჯდება. ეს ცვლილებები კარგია, მაგრამ რეალურად, ამ სამუშაოებით შრომის უსაფრთხოება არ გაუმჯობესებულა,” – ამბობს
საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის პრეზიდენტი, თამაზ დოლაბერიძე.
შახტები ბუნებრივად მომატებული საფრთხის ადგილებია და შედის მძიმე, მავნე და საფრთხის შემცველი სამუშაოების კატეგორიაში. თუმცა, სპეციალისტები ამბობენ, რომ ბუნებრივის გარდა, არსებობს სხვა საფრთხეები, რომელთა პრევენციაც შესაძლებელია.
“მაგალითად, არის შემთხვევები, როდესაც მეშახტეები მეთანის აფეთქების შედეგად დაიღუპნენ. თუ ნახშირჟანგის და მეთანის გაზომვა მოხდება და ჭარბი რაოდენობის შემთხვევაში სიგნალიზაცია ჩაირთვება, ასეთი რამე ხომ აღარ მოხდება?” – ამბობს დოლაბერიძე.
მისი თქმით, კიდევ ერთი პრობლემაა სამუშაო გრაფიკი და სახელფასო სისტემა: მეშახტეები და მათი უფროსები ცდილობენ მოკლე დროში რაც შეიძლება მეტი ნახშირი მოიპოვონ, რაც რისკებს ზრდის.
მინდელის და ძიძიგურის შახტებში არსებული მდგომარეობა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა 2016-შიც და 2017-შიც შეამოწმა.
ინსპექტირების დეპარტამენტის ანგარიშიდან ვგებულობთ, რომ გარდა სიცოცხლისთვის საშიში პირობებისა, მეშახტეებს ღირსების შემლახავ გარემოში უწევთ მუშაობა.
“საქნახშირის” კუთვნილ საწარმოში “დასაქმებულები იმყოფებიან ღირსებისათვის შემლახავ სამუშაო გარემოში და დაკისრებულ მოვალეობებს ასრულებენ შიშის ფაქტორის ზემოქმედების ქვეშ, ექსტრემალურ პირობებში”, – წერია ანგარიშში.
შახტებში ვაგონების დასამუხრუჭებლად ფიცრებს იყენებენ, გვირაბში ჭერია დაზიანებული, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოინგრეს, არ არის შემოსაზღვრული სიმაღლიდან ვარდნის ადგილები; ქვესადგურში, სადაც მაღალი ძაბვაა, ჩაფხუტების, ბოტების და ხელთათმანების გარეშე მუშაობენ; შახტში ერთ-ერთი გვირაბი გადავსებულია ფეკალიებით, რაც ინფექციური დაავადებების გავრცელების რისკს ქმნის; ბევრ მეშახტეს სმენის პრობლემა აქვს, რაც იმის ბრალია, რომ ხმაურჩამხშობი მოწყობილობები არ გამოიყენება და ა.შ.
მეშახტეები, რომლებსაც JAMnews-ი ტყიბულში ესაუბრა, პრობლემებზე საუბრის დროს თავშეკავებულები არიან და უსაფრთხოებაზე პრეტენზიების ღიად გამოთქმას ერიდებიან. ყველა მათგანმა გვთხოვა, რომ სტატიაში მათი ვინაობა არ დაგვესახელებინა.
“ბათუმში, 5 ვარსკვლავიან სასტუმროში, სადაც ყველაფერი უმაღლეს დონეზე უნდა ყოფილიყო, 11 კაცი დაიღუპა. და რა გასაკვირია, რომ 60 წლის წინ აშენებულ შახტაში ასეთი შემთხვევები ხდება?” – გვითხრა ერთ-ერთმა.
“მე კარგად ვიცი, რომ ხვალ თუ იქ ჩავალ, შეიძლება ზემოთ ვეღარ ამოვიდე. მე გაცნობიერებული მაქვს ეს რისკი, უბრალოდ ამ რისკის სანაცვლოდ შესაბამის ანაზღაურებას ვითხოვ”, – ამბობს მეორე.
არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის სოციალური უფლებების პროგრამის დირექტორი ლინა ღვინიანიძე ამბობს, რომ ბევრ მეშახტეს არც აქვს ინფორმაცია როგორია უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტები და ამიტომ დღევანდელი მოცემულობა ბუნებრივად მიაჩნიათ.
ამავე დროს, მისი თქმით, შატხის, როგორც ერთადერთი სამუშაო ადგილის დაკარგვის შიში ძალიან მაღალია, რაც მეშახტეებს პრობლემებზე ხმამაღლა საუბარში ხელს უშლის.
ლინა ღვინიანიძის ორგანიზაციამ საქართველოში არსებულ შრომის უსაფრთხოების მდგომარეობაზე სპეციალური წერილი მისწერა ევროკომისარს იოჰანეს ჰანს.
ევროკომისარი საპასუხო წერილში აღნიშნავს, რომ ევროკავშირი ინფორმირებულია საქართველოში არსებულ სიტუაციაზე და მოითხოვს ქვეყნის ხელისუფლებისგან, რომ მოხდეს შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობის შეცვლა და მისი დაახლოება ევროპულთან.
“საქართველოში არსებული ამჟამინდელი პრაქტიკა, ისევე, როგორც „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონი, არ შეესაბამება საქართველოს იმ ვალდებულებებს, რომელიც გულისხმობს ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებას”, – ვკითხულობთ წერილში.
კომპანია “საქნახშირში” აცხადებენ, რომ 2017 წლის მეორე ნახევრიდან მნიშვნელოვანი ცვლილებები გატარდა საწარმოს სრული ტექნიკური გადაიარაღების მიმართულებით, რამაც შრომის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვის სტანდარტები უნდა გააუმჯობესოს.
კომპანიის განცხადებით, ის არასდროს გაურბის პასუხისმგებლობას: ყოველთვის სრულად ანაზღაურებს დაშავებულების სამედიცინო ხარჯებს; დაღუპულთა დაკრძალვის ხარჯებსა და მათი ოჯახის წევრების შემდგომ დასაქმებას და მათი შვილების განათლების ხარჯებს.
ტყიბული, აპრილი 2018 წ.ფოტო: დავით ფიფია, JAMnews
პოლონეთი, როგორც ალტერნატივა
30 წლის ჩიორა კირკიტაძე სულ რამდენიმე დღითაა ჩამოსული საქართველოში. მას შემდეგ, რაც 5 აპრილს შახტში დაღუპულ ბიძას გოგი რაფავას დაასაფლავებს და დაშავებულ ძმას – ირაკლის მიხედავს, ჩიორა ისევ პოლონეთში დაბრუნდება.
პოლონეთში ჩიორა მეორე ძმასთან ერთად ორი თვის წინ წავიდა და უკვე ასეთ რამეს ამბობს: “შენი ქვეყანა ისაა, სადაც კარგად გრძნობ თავს”.
ჩიორა 18 წლის იყო ძმებთან ერთად ტყიბულის შახტში რომ ჩავიდა და იქ 11 წელი გაატარა. შემდეგ გაიგო, რომ პოლონეთში მუშა ხელს ეძებდნენ და დასაქმება ადვილი იყო. ნაცნობი ქართველის დახმარებით პოლონელმა დამსაქმებელმა მოწვევა გამოუგზავნა. ახლა იგი პოლონეთში მეშახტედ მუშაობს.
“რომ გაიგეს პოლონელმა დამსაქმებლებმა, რომ ჩემი ბიძა დაიღუპა და ძმა დაშავდა, ორივე გზის ბილეთები მიყიდეს და საქართველოში გამომიშვეს”, – ამბობს ჩიორა.
მას პოლონეთში სამუშაო პირობებზე ვეკითხებით. ამბობს, რომ ხელფასი ჯერჯერობით ათას ევრომდე აქვს; ბინას და კვებას კომპანია ცალკე აფინანსებს; დღეში, გზის ჩათვლით, 8 საათს მუშაობს, უშუალოდ ადგილზე – 6 საათი გამოსდის. ხელფასს თითქმის სრულად საქართველოში, ოჯახთან აგზავნის.
ჩიორა კირკიტაძე ამბობს, რომ შახტში ბევრი წელი აქვს გატარებული, მაგრამ ის რაც პოლონეთში ნახა, მისთვის მანამდე უცხო იყო.
მისი თქმით, პოლონეთში უსაფრთხოების წესები უმაღლეს დონეზეა დაცული.
“თუ ერთი დანადგარი გაფუჭდა, ადგილზევე მეორე აქვთ. ტყიბულის კომუნისტური სისტემისგან განსხვავებით, პოლონეთში ახალი სისტემა და ტექნიკა აქვთ. იქაურ შახტში ათას 200 მეტრი სიღრმეზე ჩასვლას ზუსტად ერთი წუთი და 11 წამი სჭირდება. ტყიბულში 400 მეტრზე ჩასვლას 5 წუთი ვანდომენდით”, – ამბობს ის და შემდეგ ემოციურად აგრძელებს:
“მოკლედ რომ ვთქვა, იქ თავი ადამიანად ვიგრძენი. აქ ერთი ვაგონი ნახშირი ურჩევნიათ კაცის სიცოცხლეს”.
ჩიორა ახლა პოლონეთშია, სამუშაოს დაკარგვის არ ეშინია, ამიტომ სხვებზე გაცილებით თამამად საუბრობს ტყიბულის შახტის პრობლემებზე.
“შრომის ინსპექცია შეიქმნება და გვეშველებაო რომ ამბობენ, ზღაპრებია ეგ. ბევრჯერ ყოფილა, ინსპექციიდან წინასწარ დაურეკავთ, რომ მოვდივართო. ასეთ დროს “საქნახშირი” უცებ დაფაცურდება – დაუჭერს ბოლტებს, ააჭედებს ფიცრებს, იქ, სადაც წესით შესვლა არ შეიძლება… თითქოს ყველაფერი კარგადაა. როგორც კი ინსპექცია წავა, ჩამოხსნიან ფიცრებს და სამუშაოდ გიშვებენ იმ საშიშ ადგილას. არ იმუშავებ და გაგდებენ სამსახურიდან. კომუნისტების დროს შიგნით შახტაში მედპუნქტი იყო. ახლა სანამ კაცს გარეთ გამოიყვან, დახმარება გვიანდება. თუ ვთქვათ ამფეთქებელმა არასწორად ააფეთქა და ამას სიკვდილი მოჰყვა, კომპანია თვითონ უნდა იყოს დაინტერესებული გამოიძიოს რა მოხდა, რომ იგივე აღარ განმეორდეს”, – ამბობს კირკიტაძე.
ჩიორა ამბობს, რომ ახლა ძმასთან ერთად პოლონურს სწავლობს, სამ წელიწადში მოქალაქეობას მიიღებს და ოჯახსაც წაიყვანს ტყიბულიდან.
“არ მინდა ჩემმა შვილებმაც ისე იწვალონ, როგორც მე. ტყიბულში მეტი სამუშაო არაა. შევეგუეთ ყველაფერს. პირველად კაცი რომ დაიღუპა მთელი ქალაქი ვგლოვობდით. ახლა ასეთ ტრაგედიებს მივეჩვიეთ”, – ამბობს ჩიორა.