რა ხდება თურქეთსა და რუსეთს შორის? კომენტარი ბაქოდან
ბოლო დღეებში, თურქეთსა და რუსეთს შორის უმაღლეს დონეზე კონტაქტი და ამ ფონზე, ყარაბაღში სისხლიანი ბრძოლების გაგრძელება გვაფიქრებინებს, რომ ეს ორმხრივი მოლაპარაკებები შემთხვევითი არ არის.
აზერბაიჯანელმა პოლიტოლოგმა შაჰინ ჯაფარლიმ Facebook-ის საკუთარ გვერდზე გააანალიზა მიმდინარე მოვლენები.
„გუშინ, სატელეფონო საუბრები გაიმართა ჩავუშოღლუსა და ლავროვს, ასევე, ერდოღანსა და პუტინს შორის. საუბრის მთავარი თემა სირია იყო.
ერთი დღით ადრე, რუსულმა ავიაციამ დარტყმა მიაყენა დაჯგუფება „ფაილაკ ალ შამის“ (თურქეთის ხელისუფლება უჭერს მხარს) სავარჯიშო ცენტრს ჯებელ დუვეილში, რომელიც თურქეთის საზღვრიდან 10 კილომეტრში მდებარეობს. სხვადასხვა წყაროს მონაცემებით, დაბომბვის შედეგად ისლამური დაჯგუფების, დაახლოებით, 80 წევრი და მომხრე დაიღუპა.
23 ოქტომბერს კი, ორი ბალისტიკური რაკეტით, რომელიც ხმელთაშუა ზღვაში, ლატაკიის სანაპიროსთან გაჩერებული რუსული სამხედრო ხომალდიდან გაუშვეს, განადგურდა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ბაზარი ჯარაბულუსში, ასევე, თურქეთის კონტროლის ქვეშ მყოფში.
მანამდე, კიდევ რამდენიმე დღით ადრე, 19 ოქტომბერს, თურქმა სამხედროებმა უკან დაიხიეს ნომერ მეცხრე სადამკვირვებლო პუნქტიდან, რომელიც იდლიბის სამხრეთ ნაწილშია განლაგებული. ეს ადგილი უკვე წელიწადზე მეტია ბაშარ ასადის ძალების მიერ არის გარშემორტყმული. თუკი ადრე რუსეთი უზრუნველყოფდა ამ პუნქტის თურქეთთან კავშირს, ბოლო კვირებში ეს კავშირი შეწყდა, თურქეთი ვერ ახერხებდა პროდუქტებითა და საბრძოლო მასალით ამ პუნქტის უზრუნველყოფას.
იდლიბში, თურქეთის არმიას კიდევ ექვსი სამხედრო სადამკვირვებლო პუნქტი რჩება. თურქულმა სამხედრო კონტინგენტმა შესაძლოა ეს ადგილებიც გაათავისუფლოს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იდლიბიდან წასვლას.
ამ დროისთვის, იდლიბში კონცენტრირებულია 10 ათასზე მეტი თურქი სამხედრო მოსამსახურე და პრეზიდენტ ერდოღანს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიაჩნია ამ ადგილზე კონტროლის შენარჩუნება.
რა კავშირი აქვს ამ მოვლენებს ყარაბაღთან?
ჩვენ არ შეგვიძლია, ზუსტად ვიცოდეთ. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ რუსეთი სირიაში ზეწოლის გაზრდით, ცდილობს, თურქეთს მთიანი ყარაბაღის ფრონტზე ზავის უზრუნველმყოფის როლი შეასრულებინოს. ვინაიდან სწორედ თურქული ფაქტორის გამო რუსეთის ძველი გავლენა აზერბაიჯანზე შემცირდა და მოსკოვში მიაჩნიათ, რომ ანკარას შეუძლია ბაქოს დარწმუნება საბრძოლო მოქმედებების შეჩერების აუცილებლობაში“, – წერს შაჰინ ჯაფარლი.