როგორ გადაარჩინა თურქეთმა ტურიზმი, მაგრამ გააღრმავა ეპიდემია
ექსპერტები ამბობენ, რომ თურქეთის ხელისუფლება პანდემიის დაწყებიდან მანიპულირებდა კორონავირუსის სტატისტიკით და შეცდომაში შეჰყავდა საზოგადოება, რათა საკურორტო სეზონი გადაერჩინა. სეზონი შედგა. მაგრამ ახლა თურქეთი სწრაფად უახლოვდება კორონავირუსულ კატასტროფას.
- ექიმებზე თავდასხმები თურქეთში – რატომ იზრდება აგრესია პაციენტთა ახლობლების მხრიდან
- როდესაც მხოლოდ ღარიბები დაიღუპებიან – ბრძოლა კორონვირუსის ვაქცინისთვის
- „ერთი გოგო მთელი დღე იდგა და ტიროდა“ – კოვიდ-კლინიკაში მომუშავე ექიმების და ექთნების მონოლოგები
თურქეთში, კორონავირუსით დაინფიცირების გრაფიკი ძალიან უცნაურად გამოიყურება – მრავალი თვის განმავლობაში, მეტ-ნაკლებად სტაბილური სიტუაცია და ნოემბრის შუა რიცხვებიდან ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრი აფეთქება, რასაც მოჰყვა სწრაფი ზრდა.
ასე მოხდა იმიტომ, რომ ტურიზმისთვის უმთავრესი ოთხი თვის განმავლობაში – 2020 წლის მაისიდან სექტემბრის ჩათვლით – თურქეთის ხელსუფლება კორონავირუსით ჰოსპიტალიზირებულთა რაოდენობას ინფიცირებულთა საერთო რაოდენობად აცხადებდა, ამბობენ საფრანგეთის, მონტინის უნივერსიტეტის პოლიტოლოგები, ევრენ ბალთა და სოლი ოზელი.
თავიანთ კვლევაში ისინი ჰყვებიან, როგორ ხდებოდა ეს.
ყველაფერი ტურისტული სეზონისთვის
როდესაც მარტის დასაწყისში ნათელი გახდა, რომ მსოფლიოში პანდემია დაიწყო, თურქეთმა ევროპაში ერთ-ერთმა პირველმა აკრძალა ჩინეთში ფრენა და დააწესა საკარანტინო შეზღუდვები.
ინფიცირებულთა რიცხვის მკვეთრი ზრდის თავიდან აცილებაში მას კიდევ ორი გარემოება დაეხმარა.
თურქეთში, შედარებით „ახალგაზრდა“ მოსახლეობაა – საშუალო ასაკი 30 წელი. შედარებისთვის, საშუალოსტატისტიკური იტალიელი 44 წლისაა, გერმანელი – 46-ის.
ასევე, თურქეთში ფაქტობრივად არ არის მოხუცთა თავშესაფრები – ევროპაში კი სწორედ მათზე მოვიდა გარდაცვალების რაოდენობის პირველი საგრძნობი დარტყმა.
სტატისტიკა ამბობს, რომ პირველი ტალღა თურქეთში, შედარებით მსუბუქი იყო – ინფიცირების 5 100 შემთხვევა პიკურ დღეს, 11 აპრილს, და შემდეგ მაისიდან ნოემბრის შუა პერიოდამდე ავადდებოდა დღეში 1000-დან 2500-მდე ადამიანი.
ხელისუფლებამ განაცხადა, რომ საფრთხე დასრულდა და თითქმის ყველა შეზღუდვა მოხსნა – მათ შორის, საერთაშორისო ტურიზმზეც. თურქულ კურორტებს ტურისტები მიაწყდნენ.
კარანტინის მოხსნა და ეკონომიკის განახლება საზოგადოებამ აღფრთოვანებით მიიღო. ხელისუფლებისადმი ნდობა მკვეთრად გაიზარდა.
თითქმის მთელი ტურისტული სეზონის განმავლობაში, ოფიციალური თურქული წყაროები სტაბილურ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას აჩვენებდნენ. ინფიცირების შემთხვევათა უდიდესი ნაწილი ფიქსირდებოდა არა კურორტებზე, არამედ მსხვილ ქალაქებში – სტამბოლსა და ანკარაში.
და აი, სეზონის დასრულებასთან ერთად, ნოემბრის მეორე ნახევრიდან. ინფიცირების ოფიციალური გრაფიკი მკვეთრად მაღლა წავიდა.
ერთ დღეში, 25 ნოემბერს, უცებ 6 400 ადამიანი დაინფიცირდა. მომდევნო დღეს კი სტატისტიკის მხრივ წარმოუდგენელი ნახტომი მოხდა – ერთი დღის განმავლობაში, თითქმის 6-ჯერ მეტი ადამიანი დაინფიცირდა – 36 400.
27 ნოემბერს კი უკვე 44 500 ინფიცირებული გამოვლინდა.
რამდენიმე დღეში, თურქეთი მსოფლიოში მეხუთე ქვეყანა გახდა ინფიცირებულთა რაოდენობით და მეორე (აშშ-ის შემდეგ) დღე-ღამეში გამოვლენილი ახალი შემთხვევების რიცხვით.
მანიპულაცია და მისი შედეგები
ევრენ ბალთამ და სოლი ოზელმა სტატისტიკით მანიპულაციები გამოავლინეს – საავადმყოფოებში მოთავსებულ კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობას ინფიცირებულთა საერთო რაოდენობად აცხადებდნენ – მას შემდეგ, რაც ყურადღება მიაქციეს არალოგიკურ გრაფიკს: ინფიცირებულთა რაოდენობა ქვეყანაში ფაქტობრივად არ იზრდებოდა, თუმცა, განუხრელად იზრდებოდა გარდაცვლილთა და მძიმე შემთხვევათა რაოდენობა.
თურქეთში, დღეში, 10 ათასზე ნაკლები ადამიანი ინფიცირდებოდა – მაგრამ, ამავდროულად, ის უკვე მეოთხე ადგილზე იყო მსოფლიოში, დღე-ღამეში, კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვით.
შემოდგომის მიწურულს, სტატისტიკის თვალსაზრისით ეს შეუძლებელი განსხვავება რიცხვებში სულ უფრო საშიშად გამოიყურებოდა. თურქეთის ხელმძღვანელობას სულ უფრო და უფრო მეტად უჭირდა კრიტიკოსთა ეჭვების მოგერიება.
სტატისტიკით მანიპულაციების შედეგად, ხელისუფლებამ ეპიდემიაზე კონტროლი დაკარგა.
„თურქეთმა დაკარგა მთელი თავისი თავდაპირველი უპირატესობა, – წერენ ფრანგი მკვლევრები. – ხანშიშესულ ადამიანებს აუკრძალეს სახლიდან გამოსვლა, მაგრამ ახალგაზრდებს შორის ვირუსის სწრაფი გავრცელება მათ მაინც დიდი რისკის წინაშე აყენებდა. ასევე, ახალგაზრდათა ინფიცირების მაღალმა მაჩვენებელმა უზარმაზარი დატვირთვა შექმნა ჯანდაცვის სექტორზე.
ამას გარდა, ინფექციამ დატოვა ქალაქები და გავრცელდა პროვინციებში, სადაც გაცილებით მეტი ხანდაზმული ადამიანი და დიდი ოჯახებია – და გაცილებით ნაკლები საწოლი ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში“.
დეკემბრის დასაწყისიდან, თურქეთში, ახალი შემთხვევების რაოდენობა დღეში 30-32 ათას ადამიანს შორის მერყეობს. პანდემიის დაწყებიდან თურქეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რეალური მონაცემები, ალბათ, არავის არ აქვს.
დეკემბრის დასაწყისისთვის, კორონავირუსით დაავადებულები იკავებდნენ მთელი ქვეყნის მასშტაბით საწოლების 70 პროცენტს ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში.