"ერთი გოგო მთელი დღე იდგა და ტიროდა" - კოვიდ-კლინიკაში მომუშავე ექიმების და ექთნების მონოლოგები
ნოემბერში კორონავირუსით ყოველდღიურად ინფიცირების მაჩვენებელი საქართველოში ოთხი ათასს ასცდა. და ეს ჯერ კიდევ არ არის პიკი, ამბობენ ეპიდემიოლოგები.
სისტემა არ აღმოჩნდა მომზადებული ამ სიტუაციისთვის – საავადმყოფოები გადატვირთულია, ადამიანები ვერ უკავშირდებიან სასწრაფოს, დაგვიანებით იღებენ ოჯახის ექიმების კონსულტაციას.
ყველაზე რთულ მდგომარეობაში დღეს სამედიცინო პერსონალია. ექიმები, ექთნები, სანიტრები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ. დაივიწყეს პირადი ცხოვრება და თავისუფალი დრო და ხშირად საკუთარი ცხოვრებით რისკავენ სხვების გადასარჩენად. პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში უკვე დაიღუპა რამდენიმე ექიმი.
JAMnews-ი აქვეყნებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის გალში მომუშავე სამედიცინო პერსონალის მონოლოგებს. ეპიდემიის მასშტაბებზე ჰყვებიან ისინი, ვისაც ყოველდღიური შეხება აქვს ვირუსთან, რომელმაც სამყარო შეცვალა
ქეთევან შენგელაია, 27 წლის, კოვიდ-სასტუმრო, თბილისი
ივლისის თვეში გუდაურიდან დამირეკეს, კარანტინში ძალიან ბევრი ადამიანი ჰყავდათ და ექიმის შემცვლელი სჭირდებოდათ. მე მეან-გინეკოლოგი ვარ, მაგრამ სხვა გზა არ იყო. მაშინვე წავედი.
საგიჟეთი იყო. ასი პაციენტი მყავდა, მე კი ერთი ვიყავი. ზოგს ქრონიკული დაავადება ჰქონდა, ზოგს მაღალი სიცხე, გულის უკმარისობა, ზოგს კი – პანიკური შიში.
საბედნიეროდ, გუდაურში საუკეთესო ეპიდემიოლოგები გვყავს, რომლებმაც ტრენინგი ჩამიტარეს. სექტემბრიდან უკვე თბილისში, კოვიდ-სასტუმროში დავიწყე მუშაობა.
აქ ყველა პაციენტი ინფიცირებულია, თუმცა მათ ვირუსი მსუბუქ ფორმებში აქვთ და ჰოსპიტალიზაცია არ სჭირდებათ.
თუმცა, როდესაც კოვიდ-სასტუმროში მუშაობ, განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყო, რომ რამე არ გაგეპაროს. ყველაზე რთული სწორედ ესაა – მიხვდე, როდის არის პაციენტი საავადმყოფოში სასწრაფოდ გადასაყვანი.
ადამიანი რომ გეუბნება, „ექიმო, ცუდად ვარ, მიშველე“, არის შანსი, რომ შენც პანიკას აჰყვე და სასწრაფო გამოიძახო. ამ დროს შეიძლება უბრალოდ პანიკურ შიშთან გქონდეს საქმე და თუ სასწრაფოს დააკავებ, რეალურად მძიმე პაციენტმა კლინიკაში მოხვედრის შანსი დაკარგოს.
ყველაზე ხშირი, რასაც კოვიდ-სასტუმეროში მომუშავე ექიმები ვხედავთ, პანიკური შეტევებია. მსუბუქი სიმპტომების შემთხვევაშიც კი, პაციენტები შფოთვას იწყებენ. ამ ხნის განმავლობაში, რაც აქ ვმუშაობ, შემიძლია დანამდვილებით ვთქვა, რომ შიშის დროს ადამიანს მარტივი სიმპტომებიც კი შეიძლება გაურთულდეს. თვითონ ვირუსიც აზიანებს ნერვულ სისტემას. პაციენტები საკუთარ სუნთქვას უსმენენ, აკვირდებიან და ეჩვენებათ, რომ ცუდად არიან.
ასეთ დროს, პირველ რიგში, მათ ჩვენი თანადგომა და მხარდაჭერა სჭირდებათ, რომ შიში და შფოთვა დაძლიონ. უნდა დავარწმუნოთ, რომ ჩვენთან უსაფრთხოდ არიან და არაფერი ემუქრებათ. დღეს ჩვენ მათი ფსიქოლოგებიც ვართ.
ამიტომ ყველა მხრივ ვამოწმებ, ვსინჯავ და ბევრ კითხვას ვუსვამ, რომ დავრწმუნდე, რაშია საქმე. ვერ ვდუნდები, ვერ ვისვენებ. სულ იმაზე ვფიქრობ, შეცდომა არ დავუშვა. სულ სტრესში ვარ.
ეკიპირების ჩაცმაც ძალიან საფრთხილოა – ერთი პატარა შეცდომა, ფორმის არასწორად გახდა და შესაძლოა შემდეგ მე გავხდე ვირუსის გამავრცელებელი.
ახლახანს 65 წლის ქალი გაგვიხდა ძალიან ცუდად. მაღალი სიცხე ჰქონდა და ტკივილი აწუხებდა გულმკერდის არეში. სასწრაფო გამოვიძახე და პარალელურად საავადმყოფოებში ვრეკავდი. ადგილი არსად იყო.
სასწრაფოს ექიმებიც მეხმარებოდნენ, ყველგან ვრეკავდით, სადაც შეგვეძლო. საბედნიეროდ, ბოლოს, ღამის 3 საათზე ერთ-ერთი კლინიკის რეანიმაციამ მიიღო და ამოვისუნთქე.
შინაგანად ყველას გვეშინია. ყველანი ვნერვიულობთ. ახლა მძიმე პერიოდია, რომელსაც იმედი მაქვს მალე გადავივლით. მთავარია, შეცდომები არ დავუშვათ. ახლა შეცდომების დაშვების უფლება უბრალოდ არ გვაქვს.
ხათუნა გეთია, 48 წლის, სასწრაფოს მორიგე მედდა, ჯვარი, სამეგრელო
მახსოვს, პირველად რომ მოგვიწია ეკიპირების ჩაცმა, საღამო იყო. საზღვართან უნდა წავსულიყავით.
საპატრულო პოლიციასთან ვიდექით აღჭურვილები, ენგურის ხიდთან. მაშინ გალის რაიონში ვირუსი ძალიან გავრცელებული იყო. ეს მოქალაქე სწორედ გალის რაიონიდან მოჰყავდათ, საბერიოდან.
ტესტი საავადმყოფოში უნდა აეღო, ჯერ არ ვიცოდით, დადებითი იყო თუ არა. სადღაც 20 წუთი ველოდებოდით, სანამ რუსულ პოსტთან საბუთების შემოწმებას გაივლიდა.
სასწრაფოს მანქანამ გადმოიყვანა და შემდეგ ჩვენს მანქანაში გადმოვაწვინეთ. მამაკაცი იყო. გამოვკითხეთ, ჰქონდა თუ არა ინფიცირებულთან შეხება, ბოლო პერიოდში თავშეყრის ადგილას თუ იყო და ა.შ.
ჭითაწყარის საავადმყოფოში გადავიყვანეთ. არ ვიცი, დაუდასტურდა თუ არა. საზღვრიდან როცა გადმოგვყავს პაციენტი, ყოველთვის აღჭურვილები მივდივართ, იმის მიუხედავად, არის თუ არა პაციენტი ინფიცირებული.
განმუხურში კოვიდ-სასტუმროა. ცოტა ხნის წინ ერთი პაციენტი ძალიან დაუმძიმდათ და „კატეს“ გადასაღებად განმუხურიდან რუხის საავადმყოფოში გადავიყვანეთ. გზაში ძალიან ცუდად გაგვიხდა, ღებინება დაეწყო. ძლივს ჩავაღწიეთ რუხში.
ისეთი აღჭურვილები ვართ, რომ უშიშრად მივდივართ პაციენტებთან. თუმცა, ძალიან სანერვიულოა. რამე რომ შეგვეშალოს, პაციენტი რომ დავტოვოთ და შემდეგ დამძიმდეს? ან ჩვენ რომ დავინფიცირდეთ და შემდეგ სხვას გადავდოთ?
ორჯერ ექიმის გარეშე მომიწია წასვლა. სხვა გამოსავალი არ იყო, სასწრაფოდ უნდა წავსულიყავით მე და მძღოლი, ექიმის გარეშე. დიდი პასუხისმგებლობა იყო. მე უნდა გადამეწყვიტა, სახლში დამეტოვებინა პაციენტი, თუ წამომეყვანა.
ჯვარში დაახლოებით ყოველი მეხუთე ადამიანი ინფიცირებულია. საბედნიეროდ, უმეტესობას ვირუსი მსუბუქ ფორმებში გადააქვს და სახლში მკურნალობს. ამიტომ, ჯერ-ჯერობით საავადმყოფოებში ადგილები არის.
მძიმე პაციენტებს უმეტესად მაღალი სიცხე, კანკალი და სუნთქვის უკმარისობა აწუხებთ.
დარეჯან ხაჭაპურიძე, 59 წლის, ინფექციონისტი, იმუნოლოგ-ალერგოლოგი, „ელჯი და კომპანია“ – ბავშვთა ინფექციური განყოფილების გამგე, ქუთაისი
ახლა მთლიანად კოვიდ პაციენტებს ემსახურება ჩვენი განყოფილება. ვმკურნალობთ როგორც ბავშვებს, ისე მოზრდილებს.
ბოლო ორი თვეა 70-75 პაციენტი გვყავს. ბევრი მათგანი მძიმეა. უმძიმესი პაციენტები რეანიმაციულ განყოფილებაში გადაგვყავს.
60 პაციენტიდან თითქმის 14 ჟანგბად-დამოკიდებულია. 12 პაციენტი რეანიმაციაში წევს, 2-3 კი ხელოვნურ სუნთქვაზეა.
დაჯდომის დროც არ გვაქვს. მძიმე დღეში ვართ როგორც ექიმები, ისე მედპერსონალის საშუალო რგოლი. ერთია, ექიმი რომ მკურნალობას დანიშნავს, მაგრამ მკურნალობის სწორად შესრულება უკვე მედპერსონალზეა დამოკიდებული. სწორედ მათი დაუღალავი მუშაობის შემდეგ ვიღებთ ჩვენ დადებით შედეგს. საშუალო და დაბალი მედპერსონალი დღეს საგმირო საქმეს აკეთებს.
სათითაოდ ყველა პაციენტს ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება. არ არსებობს სტანდარტი, რომელიც ყველა პაციენტს ერგება. ღამეები არ მძინავს ხოლმე, სანამ პაციენტს ტემპერატურა არ დაუწევს.
10-ჯერ და 20-ჯერ ვაკვირდები პაციენტის მდგომარეობას და მაქსიმალური ყურადღებით ვარ, რამე არ გამომრჩეს.
ბევრი ადამიანი სახლის პირობებში თვითნებურად მკურნალობს. 10 დღის შემდეგ ზოგს მდგომაროება უმძიმდება, მაგრამ საავადმყოფოში ვერ მოდის, რადგან ადგილი არ გვაქვს. შემდეგ კიდევ გადის დრო და საბოლოოდ, როდესაც პაციენტი ჩვენთან მოაღწევს, უკვე დამძიმებულია და ორმხრივი პნევმონია აქვს.
ზოგი მირეკავს და სიმპტომებს ტელეფონით მეუბნება. მეც აქედან რეკომენდაციებს ვაძლევ. არც სახელი ვიცი მათი, არც გვარი და ტელეფონით ვმკურნალობ.
ყველაფერი ადამიანის იმუნურ სისტემაზეა დამოკიდებული, როგორ გადაიტანს ამ ვირუსს. არავინ იცის, ვის გაურთულდება და ვინ გადაიტანს მსუბუქად. ყურადღებაა საჭირო, ძალიან დიდი ყურადღება თითოეული პაციენტის მიმართ.
მე ვფიქრობ, არ ვართ ამ ყველაფრისთვის მზად. ძალიან მძიმე მდგომარეობაა. ახლა პიკში ვართ და იმედი მაქვს ნელ-ნელა ქვემოთ წამოვა ინფიცირებულების რაოდენობა, თუმცა იანვარში, ძალიან რომ აცივდება, არ ვიცი რა იქნება. არ ვიცი, ამას როგორ გავუძლებთ.
გაბრიელა, 29 წლის, სანიტარი, ვივამედი, თბილისი
არავის დაუძალებია. ერთი თვის წინ მე თვითონ გამოვიჩინე ინიციატივა, რომ კოვიდინფიცირებულებთან შევსულიყავი. მანამდე სხვა სართულებზე ვმუშაობდი, მაგრამ რომ ვხედავდი, რა მძიმე მდგომარეობა იყო, გადავწყვიტე ექიმებს და ექთნებს დავხმარებოდი.
პერსონალი ცოტაა, პაციენტი ბევრი. ზოგი უჰაერობას უჩივის, ზოგს ყველაფერზე ნერვები ეშლება. ერთი გოგო მთელი დღე იდგა და ტიროდა. ვერ ვაჩერებდით. დანარჩენი პაციენტებიც დასტრესვა. ბოლოს ვუთხარი, აქ შენს გარდა ხუთი ადამიანი წევს და ამ ხალხს ნუ სტრესავ-მეთქი. ისედაც ეშინიათ პაციენტებს, არ იციან რა არის ეს კოვიდი და ნერვიულობენ.
ერთი ქალი იწვა ექვსკაციან პალატაში, საჭმელს მიწუნებდა სულ. ხან რა არ მოეწონებოდა, ხან რა. ვუხსნიდი, რომ მე არაფერ შუაში ვარ და რასაც მომცემენ, ის მომაქვს, მაგრამ მაინც მეჩხუბებოდა. ერთხელ, სამის მაგივრად, ორი ნაჭერი პური მოვიდა. როგორც კი დაინახა რომ ერთი აკლდა, მკითხა, მესამე ნაჭერი სად არისო. ვერაფერი მოვიფიქრე და ვუთხარი, მორჩა არჩევნები და ახლა ორი ნაჭრის ჭამა მოგიწევთ-მეთქი.
მთელი პალატა იცინოდა. ის ქალიც იცინოდა. ახლა ანეკდოტად დადის ეს ამბავი მთელ სართულზე. რა ვქნა, ვცდილობ გავამხიარულო. სხვა რა შემიძლია?
ერთ პალატაში ძალიან მძიმე, ასაკოვანი პაციენტი გვყავდა. გვერდით შედარებით ახალგაზრდა ქალი ეწვა, მსუბუქი სიმპტომებით და სულ თავზე ედგა ხოლმე, როგორც შეეძლო, ისე უვლიდა.
ყველაზე მეტად ეკიპირების ჩაცმა-გახდა მიჭირს. ჯერ ხელთათმანებს ვიცმევ და მერე კომბინიზონს. შემდეგ ხელთათმანებს ვიცვლი და ბახილებს ვიცმევ. პარკებს მუხლამდე ვიხვევ და ვისკოჩავ. და ბოლოს სათვალე, პირბადე, ფარი, ქუდი… და ვიწყებ პალატებში სიარულს.
შევდივარ, საჭმელს ვარიგებ, ვასუფთავებ პალატას და გამოვდივარ. დღეში რამდენჯერმე მიწევს შესვლა. ჩემს სართულზე სანიტარი მარტო მე ვარ. ორი დღე-ღამე ვმუშაობ და მერე ორი დღე ვისვენებ. ჩემი პატარა ოთახი მაქვს და იქ ვიძინებ ცოტა ხნით.
ძალიან ვიღლები. ფეხზე ძლივს ვდგავარ ხოლმე, კლინიკიდან რომ გამოვდივარ, მაგრამ მაინც მსიამოვნებს რასაც ვაკეთებ. ვიცი, რომ ყველაზე მეტად ვისაც სჭირდება, მას ვეხმარები და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.
მიხარია, რომ სტერეოტიპი დავანგრიე. ტრანსგენდერი ქალი კლინიკაში ვმუშაობ და კოვიდინფიცირებულ პაციენტებს ვუვლი.
ერთმა ბაბუამ მითხრა, შვილო, ამდენს რომ გვივლი, ხვალ ქუჩაში რომ გნახო ვერც კი გიცნობ ეკიპირების გარეშეო. გულში გამეღიმა და ვუპასუხე – არა უშავს ბაბუ, მთავარია შენ იყო კარგად.
კახაბერ ჩომახიძე, 54 წლის, ექიმი-რეანიმატოლოგი, ინფექციური პათოლოგიის ცენტრი, თბილისი
ჯერ-ჯერობით ვუძლებთ. ჩვენთან ყველაზე მძიმე პაციენტები წვანან. სულ ექვსი საწოლია, აქედან ოთხი უშუალოდ რეანიმაციაა და ორი საწოლი ინტენსიური თერაპიისთვის. ხანდახან ვამატებთ ხოლმე საწოლებს და 7 და 8 პაციენტსაც ვიღებთ.
ექთნებმა და სანიტრებმა გადამზადება გაიარეს, როგორ ჩაიცვან და გაიხადონ ეკიპირება. მთავარი სიახლე სწორედ ეკიპირებაშია, სხვა შემთხვევაში პაციენტებს ისევე უვლიან, როგორც მანამდე.
პირველი პაციენტების მიღება იყო ძალიან ემოციური. არ ვიცოდით, რასთან გვქონდა საქმე. ახლა, მეტი ვიცით ამ დაავადებაზე, თუმცა, ბოლომდე არც ახლა ვიცნობთ.
კოვიდ-19 ძალიან ვერაგი დაავადებაა გადამდებობის და ასევე გართულების მხრივ. ერთ ჩემი პაციენტი პირველი ტალღის დროს დაინფიცირდა, მაგრამ ოჯახის სხვა არცერთ წევრს არ გადასდებია. ახლა, მეორე ტალღის დროს, ოჯახის ის დანარჩენი წევრები დაინფიცირდნენ. პარადოქსია, არა?
ასევე, არიან ასაკოვანი ადამიანები, რომელთაც ძალიან მარტივად გადააქვთ ვირუსი, მაშინ როდესაც რამდენიმე ახალგაზრდა ადამიანი ძალიან მძიმე, ორმხირივი პნევმონიით იწვა ჩვენთან. რისკ-ჯგუფში ყოფნა არ ნიშნავს, რომ აუცილებლად გართულდება მდგომარეობა, ან პირიქით. დიდი მნიშვნელობა აქვს ასევე ვირუსის რა რაოდენობა აქვს ადამიანს მიღებული – მილიონი თუ 10.000. რაც მეტ ბაქტერიას ისუნთქავს ადამიანი, მით მეტია დაზიანებების და გართულების რისკი.
რეანიმაციაში მანამდეც, ყოველთვის მძიმე სიტუაცია იყო, მაგრამ ახლა სხვა პასუხისმგებლობას ვგრძნობთ. მთელ მსოფლიოსთან ერთად ვდგევართ ამ პრობლემის წინაშე და მსოფლიოსთან ერთად ვართ ამ დუღილში ჩართული.
მე უკვე ისე შევეჩვიე კომბინიზონს და სკაფანდრს, რომ ერთ წუთში ვიცმევ და ვიხდი, ჩემი ასაკის მიუხედავად.
ბევრჯერ გამიგია, რომ 50 წელს გადაცილებული ადამიანები რისკ ჯგუფში ვართ. მაგრამ რას ვიზამთ, სხვა ხომ არ გააკეთებს ჩემს საქმეს ჩემს მაგივრად? ეს საქმე ავირჩიე და ახლა ჩემი გასაკეთებელია.
ახლა, ორი დღეა მაგალითად სახლში არ ვყოფილვარ. დღეს დიდი იმედი მაქვს, რომ წავალ. საბედნიეროდ, ახლოს ვცხოვრობ და თუ საჭირო გახდება, ღამით დავბრუნდები.
საერთოდ, რეანიმაცია სპეციფიკური განყოფილებაა. ყოველდღიურად, მთელს ენერგიას ვაქსოვთ პაციენტის გადარჩენაში. მორჩენაში კი არა, გადარჩენაში.
გარდაცვალების შემთხვევები ძალიან მძიმედ გადამაქვს. ეს არის ის ერთადერთი რამ, რასაც რეანიმაციაში წლების მუშაობის მიუხედავად, ვერასდროს ეჩვევი.
მაია, ქართველი ექიმი გალიდან
ენგურის ხიდTan საზღვარი [საუბარია აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე, მდინარე ენგურთან, სადაც საკონტროლო გამშვები პუნქტია_JAMnews] ჩაკეტილია. აფხაზები და რუსები გადმოსვლის უფლებას მხოლოდ ძალიან მძიმე პაციენტებს აძლევენ, ისიც არც თუ ისე მარტივად.
გალში ძალიან ბევრია ინფიცირებული. გალის საავადმყოფოს თანამშრომლების 50 პროცენტზე მეტს კორონავირუსი აქვს. ძირითადად, სახლის პირობებში მკურნალობენ. მეც გადავიტანე კორონა, გუდაუთაში დავინფიცირდი, საავადმყოფოში.
გუდაუთაშია ე.წ. ბაზა, სადაც ინფიცირებულები ჰყავთ.
გალში კორნავირუსიანებს არ მკურნალობენ საავადმყოფოში, მხოლოდ პირველადი დახმარების აღმოჩენა შეუძლიათ.
სწრაფი ტესტის გაკეთება უფასოა. ერთადერთი ლაბორატორია სოხუმშია. ტესტები იქ მიაქვთ და იქიდან იგებენ პასუხს. კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატიც მხოლოდ სოხუმშია, საჭიროების შემთხვევაში ადამიანს თავისით უწევს იქ წასვლა და ან შევა და ან არა, ისეთი რიგებია.
ვისაც გართულებული არ აქვს და სახლის პირობებში უწევს მკურნალობა, წამლებიც თავად უნდა შეიძინოს. წამლები საკმარისად არის, მაგრამ ძალიან ძვირია.
მაგრამ, თუ ავადმყოფი მძიმდება, ყველას ზუგდიდში ურჩევნია გადმოსვლა. ამიტომ, ხალხი პანიკაშია ჩაკეტილი საზღვრის გამო.
ვისაც გადმოსვლა უნდა და საზღვარზე არ უშვებენ, ე.წ. დაბალი ზონიდან – მდინარიდან გადმოდიან და ასე კიდევ უფრო იგდებენ თავს საფრთხეში.
ხალხისთვის მთავარი მაინც თავისუფალი მიმოსვლაა, მათი უმეტესობა პანიკაშია, რადგან ეშინიათ, თუ დაინფიცირდნენ როგორ გადმოვლენ?! ზოგიერთი მათგანი უკმაყოფილოა ქართული მხარით – რადგან პაციენტების მიღება უჭირთ და თავისუფალი ადგილები არ აქვთ. გასაგებია, რომ იქაც ბევრი დაინფიცირებულია, მაგრამ მაინც.
თუ კოვიდ ინფიცირებული მძიმე პაციენტია და მას უფლება მისცეს საზღვრის გადაკვეთის ქართული მხრიდან სასწრაფო ხვდება და რეანომობილით გადაჰყვათ, თუმცა იყო რამდენიმე შემთხვევა როცა სასწრაფო არ მოსულა, თუ თბილისიდან მოდის რეანომობილი უფრო დიდი დრო სჭირდება.
გუდაუთის საავადმყოფოდანაც გადაჰყავთ პაციენტები ზუგდიდში. რამდენიმე ექიმი რუსეთიდან ჩამოიყვანეს და ეხმარებიან ადგილობრივებს.
სკოლებში სწავლა შეჩერებულია. გალში ინტერნეტთან წვდომა ყველას არ აქვს, ზოგს ამის საშუალებაც არ აქვს – შესაბამისად გაკვეთილები ონლაინ რეჟიმშიც კი არ ტარდება. ბავშვები სახლში არიან. ბაზრობა და სხვა ტიპის დაწესებულებები მუშაობს.
მოსახლეობას პირბადეები ბაზარში, ბანკში და სხვა ტიპის დაწესებულებებში უკეთიათ. მეზობლებთან ან ახლობლებთან სტუმრობისას ძირითადად არა. ქორწილები და ქელეხები აკრძალულია, თუმცა მცირე რაოდენობით მაინც იკრიბებიან მსგავსი შემთხვევის დროს.