„ეს იდეალური იყო“ - CNN-ი პანკისში ტურიზმზე სტატიას აქვეყნებს
ტურიზმი პანკისში

CNN-ში გამოქვეყნდა სტატია პანკისის ხეობაზე, როგორც ეგზოტიკურ ტურისტულ მიმართულებაზე, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ამერიკელ ტურისტებს განსაკუთრებით იზიდავს.
პანკისის ხეობაში მოგზაურობა ხშირად იწყება ადგილობრივი ტაქსის მძღოლების გაფრთხილებებით, რომ რეგიონი „უსაფრთხო” არ არის.
ხეობა, რომელიც საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარეობს, წლების განმავლობაში ცნობილი იყო არა ტურიზმით, არამედ მყვირალა სათაურებით ტერორიზმზე.
2000-იანების დასაწყისში, ჩეჩენების ომის ფონზე, მრავალი ჩეჩენი ლტოლვილი პანკისში აღმოჩნდა.
მოსკოვი ამტკიცებდა, რომ ლტოლვილებს შორის საველე მეთაურები და “ბოევიკებიც” იყვნენ. 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ კი, ამერიკული მედია ავრცელებდა ინფორმაციას, თითქოს პანკისში ალ-ყაიდას წევრები და შესაძლოა თვით ოსამა ბინ ლადენიც იმალებოდა. თუმცა, ეს ინფორმაცია არასდროს დადასტურებულა.

2010-იანებში ხეობამ კიდევ უფრო “გაითქვა სახელი”, როდესაც ISIS-მა ამ ხეობიდან რამდენიმე ათეული ახალგაზრდა წაიყვანა სირიაში.
დღეს სიტუაცია სხვაგვარია: USAID-ის 2023 წლის ანგარიშში პანკისი „მშვიდობიან“ ადგილად არის მოხსენიებული, ხოლო ინტერნეტში ძებნისას, რადიკალიზმის შესახებ მასალებს კი არა, ცხენებით ჯირითის ტურებს, თექის სემინარებსა და ხინკლის დამზადების გაკვეთილებს გადააწყდებით.
მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი კვლავ აფრთხილებს მოქალაქეებს პანკისში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ, ამერიკელი ტურისტები მაინც ჩადიან – ადგილობრივი სასტუმროს მეპატრონე ხათუნა მარგოშვილის თქმით, „ბოლო 2–3 წელია ჩვენი სტუმრების 80 პროცენტი ამერიკელია“.
ტურიზმი აქ ჯერ მხოლოდ ახლა იკიდებს ფეხს – მცირე ინფრასტრუქტურით, მაგრამ მზარდი ინტერესით. პანკისი ახლოს მდებარეობს უკვე პოპულარულ თუშეთთან, თუმცა თვითონ ხეობა მხოლოდ ბოლო ათწლეულში გამოჩნდა ტურისტულ რუკაზე, ძირითადად უცხოური დახმარების წყალობით.
2018 წელს ადგილობრივმა ქალებმა დააფუძნეს პანკისის ტურიზმისა და განვითარების ასოციაცია (PVTDA), რომლის მიზანი იყო არა მხოლოდ შემოსავლის მიღება, არამედ ხეობის იმიჯის შეცვლა.

ინფრომაციის მასშტაბი გაიზარდა: 2020 წელს Lonely Planet-მა პანკისი სამხრეთ კავკასიის გზამკვლევში შეიტანა, ხოლო საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ იმავე წელს პირველად დაიწყო ამ ხეობის პოპულარიზაცია – სულ რამდენიმე წლით ადრე ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის მიუხედავად.
ტურიზმი და პოლიტიკა: საეჭვო მომავალი
ადგილობრივების შეფასებით, წარსულში სიღარიბემ და უმუშევრობამ ხელი შეუწყო ISIS-ის რეკრუტირებას. დღეს ტურიზმი „ერთადერთი ინდუსტრიაა“ ხეობაში, თუმცა მისი მომავალი გაურკვეველია – USAID-ის დაფინანსების გაყინვის და „უცხოეთის აგენტების შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ ბევრი პროექტი გაჩერდა.
მარგოშვილმა სასტუმრო ათი წლის წინ გახსნა USAID-ის დახმარებით: „მაშინ ძალიან ცოტა ტურისტი იყო, მაგრამ მაინც გვეგონა, რომ შესაძლებელი იქნებოდა ფულის შოვნა“.
პანკისში ტურების ორგანიზება ბოლო წლებში დაიწყო — Weekend Travelers Georgia-ს გიდი კაროლინა ზიგმანოვსკა ამბობს: „ხეობას თავისი კულტურა აქვს, განსხვავებული სამზარეულოთი და ყოველდღიურობით“.
პანკისის მოსახლეობა უმეტესად ქისტებია – ჩეჩენებისა და ინგუშების შთამომავლები, რომლებიც XIX საუკუნეში დასახლდნენ საქართველოში. ისინი საუბრობენ ჩეჩნურად, ქართულად და ზოგიერთ შემთხვევაში რუსულად; მისდევენ სუფიზმს და სუნიტურ ისლამს, რაც განასხვავებს მათ საქართველოში მცხოვრები მართლმადიდებელი უმრავლესობისგან.
ყოველ პარასკევს, ქალები იკრიბებიან სოფელ დუისის ძველ მეჩეთში, რათა შეასრულონ ზიქრი, ძველი სუფისტური მისტიკური რიტუალი. პანკისი ერთადერთი ადგილია, სადაც ზიქრს ქალები ასრულებენ და ტურისტებს შეუძლიათ ცერემონიაზე დასწრება.
ხეობაში ბევრი ახალგაზრდა დღეს გიდად არის დასაქმებული – ინგლისური ენის Roddy Scott Foundation-ის კურსების მეშვეობით. ასევე გაჩნდა სხვა საგანმანათლებლო ინიციატივები: პანკისის ქალთა საბჭო ახორციელებს პროფესიულ ტრენინგებს – კერვას, მულტიმედია-ხელობას, სამედიცინო და ვეტერინარულ პროგრამებს, მეწარმეობის მხარდაჭერას, აგრეთვე ტურისტულ კურსებს.
თუმცა გაურკვევლობაში ყოფნა მძიმეა – დაფინანსების ნაკლებობის გამო, პროექტები ძირითადად მოხალისეობრივ საფუძველზე ხორციელდება: „ჩვენ ვაგრძელებთ ანაზღაურების გარეშე მუშაობას და ველოდებით, რა მოხდება შემდეგ“, – ამბობს საბჭოს წევრი გულიკო ხანგოშვილი.
„ეს იდეალური იყო“
2017 წელს პანკისელმა იურისტმა შენგული ტოხოშვილმა USAID-ის გრანტი მიიღო და დააფუძნა მცირე ლუდსახარში – Kisturi Draft, რომელიც აწარმოებს ჩეჩნურ ტრადიციულ არალკოჰოლურ სასმელს ველური ვარდისა და კენკრისგან.
სასმელის ეტიკეტზე გამოსახულია თებულოს მთა, რომელიც ჩეჩნეთ-საქართველოს საზღვარზე მდებარეობს.
დღეს პროდუქტი იყიდება პანკისში, თბილისში და ბათუმში; ტურისტები მას სოფელ ომალოს ცენტრში აგემოვნებენ. ეს ადგული ტურისტული ჯგუფებისთვის სტანდარტული გაჩერებაა.
ტოხოშვილი გაფართოებაზე ფიქრობდა, თუმცა უცხოური დაფინანსების დაბლოკვამ ზრდის გეგმები შეაჩერა.
მისივე თქმით, ბევრმა ქართველმა არც კი იცის, რა ხდება პანკისის ხეობაში: „მეკითხებოდნენ, პასპორტი ხომ არ გვჭირდებაო“.
უცხოელი ტურისტებისთვის ეს სტიგმა ხანდახან სასაცილოცაა: Joanna Horanin, ბლოგ The Blond Travels-ის ავტორი, პანკისში ჩავიდა იმიტომ, რომ ეს „საკმაოდ შორეული და ტურისტებისგან დაცლილი“ მიმართულება იყო.
მან ცხენებით იარა, იყო ჩანჩქერზე და ბოლოს ჭამა ჭინჭრის ხინკალი – კლასიკური კერძის პანკისური ვარიანტი.
„იდეალური დღე იყო, ერთ-ერთი საუკეთესო გამოცდილება საქართველოში“, – ამბობს ის და იცინის: „მერე ვნახეთ, რომ თურმე საშიშია. წარმოდგენაც არ გვქონდა“.