"ქართული ოცნება" განმარტავს, რა პრინციპით მოხდება თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანება
თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანება
“ქართული ოცნების” განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებით, დამტკიცებული უმაღლესი განათლების ეროვნული კონცეფცია სახელმწიფო სექტორში აკადემიური ხარისხის გაძლიერებას და რესურსების გაერთიანებას ისახავს მიზნად. მისი თქმით, რეფორმა უნდა პასუხობდეს არა მხოლოდ საგანმანათლებლო, არამედ ეკონომიკურ საჭიროებებსაც.
საქართველოს ხელისუფლება უმაღლესი განათლების მასშტაბურ რეფორმას იწყებს, რომლის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი რეორგანიზაციის გზით გაერთიანდება. მთავრობის თქმით, მიზანია სახელმწიფო უნივერსიტეტებში პროგრამების ბაზრის მოთხოვნებთან მორგება, ხარისხის კონცენტრაცია და კურსდამთავრებულებისთვის კონკურენტუნარიანი, მაღალანაზღაურებადი პროფესიების შეთავაზება.
მინისტრის განმარტებით, ორი უნივერსიტეტის გაერთიანების შემდეგ დეტალურად შეისწავლიან ყველა სასწავლო პროგრამას. იქ, სადაც შინაარსობრივად მსგავსი მიმართულებები იარსებებს, ისინი ერთიან კომპონენტებად შეიზრდება, ხოლო ადამიანური რესურსი გადანაწილდება ისე, რომ არც ერთი აკადემიური თანამშრომელი სისტემას არ გამოეთიშოს.
“რეფორმის მთავარი მიზანია ბაზრის მოთხოვნიდან გამომდინარე შესაბამისი პროფესიების განვითარება, ხარისხის გაუმჯობესება და ისეთი კურსდამთავრებულების მომზადება, რომლებიც რეალურად შეძლებენ კონკურენციას და სწრაფად იპოვიან სამუშაოს მაღალანაზღაურებად სექტორებში“, – განაცხადა მიქანაძემ.
კონცეფციის ერთ-ერთი ცენტრალური ელემენტია ადამიანური და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების კონცენტრაცია ორ აკადემიურ ჰაბში – თბილისში და ქუთაისში. მიქანაძის თქმით, აქ ამოქმედდება პრინციპი “ერთი ფაკულტეტი ერთ ქალაქში“, რაც ნიშნავს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტების მიმართულებები არ გაიფანტება, არამედ ერთ სივრცეში გაერთიანდება, პროგრამების გადახედვისა და ხარისხის ამაღლების მიზნით.
ამ ლოგიკას ემსახურება ფლაგმანი უნივერსიტეტების – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის – გაერთიანებაც. მინისტრის თქმით, საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ დაიწყება პროცესი, რომელიც მოიცავს პროგრამების შედარებას, კადრების გადანაწილებას და თანამშრომლების ჩართვას როგორც სასწავლო, ისე სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში.
რეფორმის ფარგლებში იგეგმება ახალი პოზიციის – წამყვანი პროფესორის – შემოღებაც. ეს სტატუსი ღია კონკურსის საფუძველზე შეირჩევა და კონკრეტული მიმართულებების ხელმძღვანელ აკადემიურ პერსონალს განსაზღვრავს. მიქანაძის თქმით, პოზიცია დამატებითია და მოქმედ აკადემიურ შტატებს არ ჩაანაცვლებს.
რაც შეეხება მართვის მოდელს, მიქანაძის განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ შეიქმნება დროებითი მმართველი საბჭო, სადაც პარიტეტულად იქნებიან წარმოდგენილი როგორც თბილისის სახელმწიფო, ასევე ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები. სწორედ ეს ორგანო განახორციელებს რეორგანიზაციას უნივერსიტეტების ავტონომიურობის პრინციპის დაცვით.
მთავრობის შეფასებით, რეფორმის საბოლოო მიზანი არის არა მხოლოდ სტრუქტურული ცვლილება, არამედ ისეთი საგანმანათლებლო გარემოს შექმნა, რომელიც სტუდენტებს რეალურ ეკონომიკურ სივრცესთან დააკავშირებს და სახელმწიფო უნივერსიტეტებს უფრო კონკურენტულს გახდის როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო კონტექსტში.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მზარდი უკმაყოფილება მოჰყვა ხელისუფლების გადაწყვეტილებას, თსუ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გააერთიანოს. დაახლოებით 600 სტუდენტი და ლექტორი რექტორ ჯაბა სამუშიასგან განმარტებას მოითხოვს და აცხადებს, რომ პროცესი არც სამართლებრივად და არც აკადემიურად დასაბუთებული არ არის.
თსუ-ის ლექტორის, იაგო კაჭკაჭიშვილის თქმით, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები არა მხოლოდ შეშფოთებას, არამედ ღია პროტესტსაც გამოხატავენ ხელისუფლების მიერ დაანონსებული რეფორმის მიმართ.
მისივე თქმით, უცნობია, რა არგუმენტებით ან კონსულტაციების გარეშე მიიღეს გადაწყვეტილება. პროტესტის ნიშნად, უნივერსიტეტში მომზადდა განცხადება, რომელსაც უკვე დაახლოებით 600 პროფესორი და სტუდენტი აწერს ხელს.