უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი გეორგი ტიხი უკრაინის მხრიდან “უმადურობის” შესახებ “ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ბრალდებას გამოეხმაურა და “მადლობა” გადაუხადა “უპატივცემულო განცხადებებისთვის.”
“მადლობა საქართველოს ხელისუფლებას ყველაფრისთვის, კერძოდ, უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების შემოუღებლობისთვისა და მათთვის თავის არიდებაში საერთო აგრესორის დახმარებისთვის, საკუთარი ქვეყნის ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციის გეზის ცვლილებისთვის რუსული უღელისკენ, უკრაინის მიმართ მუდმივი უპატივცემულო განცხადებებისთვის”. – თქვა ტიხიმ.
მანამდე პაპუაშვილი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებას გამოეხმაურა, უკრაინის ხელისუფლება “უმადურობაში” დაადანაშაულა და უკრაინელ ხალხს უსურვა, რომ “ღირსეული ხელისუფლება” ჰყავდეს.
“საერთო ჯამში, ჩვენ ვხედავთ იმ არამეგობრულ დამოკიდებულებას, რომელიც უკრაინის ხელისუფლებას ქართველი ხალხის მიმართ გააჩნია. უპირველეს ყოვლისა, ეს არის დიდი უმადურობა. უკრაინის ხელისუფლებამ ერთ-ერთი ქვეყნის კაბინეტში უკვე მიიღო შენიშვნა მადლიერებასთან დაკავშირებით, რომ როდესაც მას გვერდში უდგანან, იმ ხელისუფლებების მიმართ მადლიერება უნდა გამოხატონ და არ გამოიჩინონ უმადურობა. სამწუხაროდ, ზელენსკის ხელისუფლება ქართველი ხალხის მიმართ გამოირჩევა უმადურობით. იმ მხარდაჭერას, რომელიც ქართველი ხალხისგან არსებობს უკრაინის მიმართ, ასეთი პასუხი, რომ აქ ჯერ სააკაშვილი შემოგვიპარეს და შემდეგ მათ შორის, პოდოლიაკის განცხადებებით ცდილობდნენ, რომ რუსეთთან ესკალაციაში შევეყვანეთ, უკრაინიდან გვითვლიდნენ, რომ ოკუპირებულ რეგიონებში გაგვესეირნა და ა.შ. ასე ეპყრობიან ქართველ ხალხს”. – თქვა პაპუაშვილმა.
პოდოლიაკმა ინტერვიუს დროს აღნიშნა, რომ “სააკაშვილის უკრაინაში წამოყვანის საკითხზე, უკრაინა აქტიურად მუშაობს” და ეს მათი “დღის წესრიგის ნაწილია”.