"ექსტრემიზმის“ ახალი მუხლი და უცხოური დაფინანსების კრიმინალიზაცია — TI რეპრესიულ რისკებზე საუბრობს
TI საქართველო რეპრესიულ რისკებზე საუბრობს
ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” (TI) აცხადებს, რომ მმართველი პარტიის მიერ სისხლის სამართლის კოდექსში ინიცირებული ცვლილებები, მათ შორის ახალი მუხლი, “ექსტრემიზმი საქართველოს კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ“ – კრიტიკული აზრის გამოთქმას კიდევ უფრო ფართოდ კრიმინალიზებს და ჟურნალისტებს, აქტივისტებსა და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს პოტენციურ დამნაშავეებად აქცევს.
ორგანიზაციის შეფასებით, ბუნდოვანი ფორმულირებები სახელმწიფოს აძლევს შესაძლებლობას, გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა შერჩევითად და პოლიტიკურად მოტივირებულად განახორციელოს.
2025 წლის 18 თებერვალს პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აწესებს უცხოეთიდან მიღებულ ნებისმიერ სახსრებზე, თუ ისინი – ხელისუფლების თანხმობის გარეშე – შესაძლოა გამოყენებულ იქნეს საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად. სანქცია 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, მათ შორის იმ შემთხვევაშიც, თუ თანხა ჩვეულებრივი, კანონით დაშვებული მომსახურების ანაზღაურებას წარმოადგენს.
TI-ს განცხადებით, მეორე მოსმენის პროცესში, რეგლამენტით დადგენილი ინიციირების წესის გვერდის ავლით, კანონპროექტს დაემატა ახალი სისხლისსამართლებრივი ნორმები, რომლებიც პასუხისმგებლობის ფარგლებს კიდევ უფრო აფართოებს.
რას ითვალისწინებს ახალი მუხლი
სისხლის სამართლის კოდექსს ემატება 316¹ მუხლი – “ექსტრემიზმი საქართველოს კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ“. ნორმა დანაშაულად აცხადებს, მათ შორის:
- საქართველოს კანონმდებლობის მასობრივად დარღვევისკენ ან ხელისუფლების ორგანოების დაუმორჩილებლობისკენ სისტემატურ საჯარო მოწოდებას;
- საქართველოს ხელისუფლების ორგანოების ალტერნატიული ორგანოების შექმნისკენ სისტემატურად საჯარო მოწოდებას;
- ამავე პირის მიერ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლად სხვისი ან საკუთარი თავის თვითნებურად, საჯაროდ და სისტემატურად წარმოჩენა;
- ასევე “სხვა სისტემატურ მოქმედებას“, თუ ის მიმართულია კონსტიტუციური წყობილების ან ორგანოების არალეგიტიმურობის შესახებ აღქმის დამკვიდრებისკენ და “აზიანებს საქართველოს ინტერესებს ან ქმნის რეალურ საფრთხეს“.
სანქცია მოიცავს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას. იურიდიული პირებისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა ან საქმიანობის ლიკვიდაცია.
ბუნდოვანი ფორმულირებები და კანონიერების პრინციპი
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ შეფასებით, ტერმინები, როგორიცაა “სხვა სისტემატური მოქმედება“, “აღქმის დამკვიდრება“ ან “საქართველოს ინტერესების დაზიანების რეალური საფრთხე“, იმდენად ფართოა, რომ მათი ინტერპრეტაცია პრაქტიკულად შეუზღუდავია. ორგანიზაცია მიუთითებს, რომ სისხლის სამართლის ნორმა უნდა იყოს წინასწარ განჭვრეტადი და მკაფიო – სტანდარტი, რომელიც დაცულია როგორც საქართველოს კონსტიტუციით, ისე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ “აღქმის“ ობიექტურად გაზომვა პრაქტიკულად შეუძლებელია და სასამართლო შესაძლოა დაეყრდნოს ვარაუდს, რაც ეწინააღმდეგება „გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცების სტანდარტს.
TI ასევე მიუთითებს შიდა წინააღმდეგობაზე: დემოკრატიული კონსტიტუციონალიზმის მიხედვით, სახელმწიფოს ინტერესი არ არის იდენტური კონკრეტული ხელისუფლების ინტერესთან. შესაბამისად, ხელისუფლების არალეგიტიმურობაზე მსჯელობა – თუნდაც მწვავე ფორმით – თავისთავად ვერ ჩაითვლება სახელმწიფოს ინტერესის დაზიანებად.
შერჩევითი გამოყენების რისკი
კანონის ბუნდოვანება, ორგანიზაციის თქმით, ქმნის შერჩევითი სამართლებრივი დევნის საფრთხეს. პოტენციურ “დამნაშავეთა“ წრე იმდენად ფართოა, რომ ნორმა შეიძლება გამოყენებულ იქნეს მიზნობრივად – კონკრეტული კრიტიკული ხმების წინააღმდეგ.
ახალი დამამძიმებელი გარემოება
ცვლილებები ეხება ასევე სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლს. ახალი რეგულაციის თანახმად, დამამძიმებელ გარემოებად ჩაითვლება დანაშაულის ჩადენა “საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ან კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების მოტივით“. ასეთ შემთხვევაში სასჯელი მინიმალურ ზღვარს სულ მცირე ერთი წლით უნდა აღემატებოდეს.
გამონაკლისი დიპლომატებისთვის
ამავე პაკეტში, “გრანტების შესახებ“ კანონში დამატებული ცვლილება გამონაკლისს აწესებს სხვა ქვეყნის მთავრობაში, მის წარმომადგენლობაში ან საერთაშორისო ორგანიზაციაში დასაქმებული პირებისთვის. ისინი გათავისუფლდებიან კანონით დადგენილი ვალდებულებების შესრულებისა და შესაბამისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან.
შეფასება
- ივანიშვილის რეჟიმის მიერ ამას წინათ ინიციირებული, ისედაც რეპრესიული საკანონმდებლო პაკეტის მეორე მოსმენის რეჟიმში წარმოდგენილი ცვლილებებით სისხლის სამართლის კოდექსს ემატება ახალი მუხლი „ექსტრემიზმი საქართველოს კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ“, რომლის ფართო და ბუნდოვანი ფორმულირებები ზრდის კრიტიკული აზრის გამო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის და შერჩევითი გამოყენების რისკს.
- ეს სიახლე პოტენციურ დამნაშავეებად აქცევს ჟურნალისტებს, ექსპერტებს, სამოქალაქო აქტივისტებს, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და საერთოდ ნებისმიერ ადამიანს, რომლის მოსაზრებებიც შეიძლება ხელისუფლებაში მყოფთ არ მოეწონოთ.
- ასევე წესდება ახალი დამამძიმებელი გარემოება კონსტიტუციური წყობილების არაღიარების მოტივით ჩადენილი დანაშაულისთვის.
- „გრანტების შესახებ“ კანონში გათვალისწინებულია გამონაკლისი დიპლომატიური და საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლებისთვის”. – ნათქვამია განცხადებაში.