The Times-ის ბრიტანელი პოლიტიკური მიმომხილველი ედვარდ ლუკასი სტატიას აქვეყნებს, რომელშიც საქართველოში პოლიტიკური რეპრესიების გაძლიერებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებმა საერთაშორისო ყურადღება უნდა მიიპყროს.
ავტორი წერს, რომ საქართველოში პროდასავლური აქტივისტების, ანალიტიკური ცენტრებისა და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ წარმოებული ბრძოლა სულ უფრო მკაცრ ფორმებს იძენს. მისი თქმით, მზარდი რეპრესიები “კრემლის მიერ მხარდაჭერილმა რეჟიმმა გასული წლის გაყალბებული არჩევნების შემდეგ გააძლიერა”.
ლუკასის განმარტებით, საქართველოში მიმდინარე მოვლენები მხოლოდ შიდა პოლიტიკის საქმე არ არის და ისინი ბრიტანეთისთვისაც მნიშვნელოვანია. ასევე, როგორც ავტორი ხაზს უსვამს, ეს პროცესები მოქმედებს შავი ზღვის რეგიონულ სტაბილურობაზე, სადაც რუსეთი ცდილობს გავლენის გაფართოებას, ხოლო ირანი და ჩინეთიც უკვე მძლავრად არიან წარმოდგენილნი.
ავტორი აღნიშნავს, რომ წარმატებული რეპრესიები მხოლოდ პროდასავლელი ქართველებისთვის იქნება კატასტროფა – ასევე, ამბობს, რომ ეს ნიშნავს რუსული იმპერიალიზმის გამარჯვებას, გარდა რუსულისა კი – ირანისა და ჩინეთის.
“ამ კვირაში საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი დაიბარა, რათა მათი უკანონო ქმედებების შესახებ პრეტენზიები გამოეთქვა. ევროპის საკითხებში მინისტრმა, სტივენ დაუთიმ, თავის ფრანგ კოლეგასთან ერთად მკაცრი ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა. თუმცა, სხვა ევროპელი ლიდერები ყოყმანობენ: ისინი შიშობენ, რომ თბილისის რეჟიმზე ზეწოლა მას რუსეთთან კიდევ უფრო დააახლოებს. ბრიტანეთი თავისი პოზიციის გამყარებას ცდილობს. მეტი სანქციით, მათ შორის, ვიზების აკრძალვითა და აქტივების გაყინვით, ის სამაგალითო უნდა იყოს.
ბრიტანეთისთვის ეს მნიშვნელოვანია. პროდასავლური ქართველების წინააღმდეგ უკანონო ქმედებები რუსული იმპერიალიზმის, ჩინეთისა და ირანის გამარჯვებასაც ნიშნავს, რომლებიც საქართველოში აქტიურად არიან წარმოდგენილნი.
ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსი, მაფიოზური მილიცია უკვე იყენებს ქვეყანას სანქციებისგან გვერდის ავლისა და სხვა ბოროტმოქმედების ჩასადენ სათამაშო მოედნად. უკრაინის უკანდახევის შემდეგ, შავი ზღვის რეგიონი ღიაა და რუსეთი მის მიტაცებას აპირებს. თუმცა, კავკასიის სხვა რეგიონებში რუსეთმა უკანა პლანზე გადაინაცვლა – სომხეთი და აზერბაიჯანი, ოდესღაც მოსისხლე მტრები, ახლა კრემლის საწინააღმდეგო პოზიციას იკავებენ. ჩვენ ახლა ყურადღება ამ უპირატესობაზე უნდა გავამახვილოთ.” – ნათქვამია სტატიაში.