The Economist: გადარჩება საქართველოს ჩრდილოვანი დესპოტი? საქართველოს მომავალი საფრთხეშია
The Economist საქართველოს შესახებ
გავლენიანი ყოველკვირეული გამოცემა The Economist საქართველოს შესახებ სტატიას აქვეყნებს სათაურით “გადარჩება საქართველოს ჩრდილოვანი დესპოტი?”(Can Georgia’s shadowy despot survive?). სტატია საქართველოს შიდაპოლიტიკური კრიზისის ანალიზს წარმოადგენეს და ყურადღებას ამახვილებს რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტზე.
სტატიის მთავარი ხაზია ქართველი ხალხის ბრძოლა ივანიშვილის ავტორიტარიზმის წინააღმდეგ, ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. სტატიაში აღნიშნულია, რომ ივანიშვილმა საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად დასავლურ კურსს გადაუხვია, თუმცა მოსახლეობის პროტესტი და ასევე ეკონომიკური ფაქტორები მის მმართველობას რისკის ქვეშ აყენებს. საბოლოო შედეგი დამოკიდებული იქნება პროტესტის სიმტკიცესა და დასავლეთის რეაქციაზე, აღნიშნულია სტატიაში.
სტატია ივანიშვილს ფარულ მმართველად წარმოაჩენს, რომელიც ქვეყანას კულისებიდან მართავს და საკუთარ პირად ფეოდალურ ტერიტორიად აღიქვამს. სტატიაში ვკითხულობთ, რომ ბიძინა ივანიშვილის გავლენა ყოვლისმომცველია – ის პირადად აკონტროლებს სასამართლო სისტემას, სამთავრობო მედიას, უსაფრთხოების სტრუქტურებს.
სტატიის ავტრორი აღნიშნავს, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვებამ და ევროპარლამენტში მისი სანქციების განხილვამ ივანიშვილში საფრთხის განცდა გააჩინა, რასაც მოჰყვა ანტიდასავლური კამპანია, რეპრესიული კანონების მიღება და დემონსტრაციების დარბევა. სტატიის ავტორი განსაკუთრებით აღნიშნავს ჟურნალისტ მზია ამაღლობელის შიმშილობას.
თუმცა, დასავლეთისთვის ზურგის შექცევა ივანიშვილისთვის არ იქნება ადვილი, მიიჩნევს ავტორი, რადგან ეკონომიკური კრიზისისა და საერთაშორისო იზოლაციის რისკს ქმნის და ამ საფრთხეს “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებული ბიზნესწრეებიც აცნობიერებენ.
სანქციების პერსპექტივა და შიდა დაპირისპირების საფრთხე ივანიშვილს უპრეცედენტო გამოწვევის წინაშე აყენებს. “ქართულ ოცნებას” იმედი აქვს, რომ ხალხი დაშინდება და დაიღლება, ხოლო დასავლეთი – უუნარო აღმოჩნდება ივანიშვილის შესაჩერებლად.
“ეს არის დრამა, რომლის ფინალი ჯერ უცნობია. მაგრამ შესაძლოა, სცენარი მოულოდნელად შემოტრიალდეს,” – წერს ავტორი. მისი აზრით, შესაძლოა, სწორედ ახალგაზრდების შეუპოვრობამ, ბიზნესის ინტერესებმა და საერთაშორისო წნეხმა ძალაუფლების პირამიდა საბოლოოდ შეარყიოს, აღნიშნულია სტატიაში.
The Economist-ს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გამოცემაა მსოფლიოში. მას ხშირად ციტირებენ პოლიტიკოსები, ეკონომისტები და ანალიტიკოსები. ამ ბრიტანულ გამოცემას აქვს მკაფიო ანონიმური რედაქციული სტილი, რაც ნიშნავს, რომ სტატიებს ინდივიდუალური ავტორების სახელები არ აწერია, რადგან მთლიანად გამოცემის პოზიციას ასახავს.
ავტორის ნებართვით გთავაზობთ სტატიის თარგმანს:
28 ნოემბერს, იმ დღეს, როდესაც საქართველოს მთავრობამ ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერება გამოაცხადა, თბილისის “სამეფო უბნის თეატრმა” ბერძნული მითის თანამედროვე ინტერპრეტაცია – „ფედრა ცეცხლის ალში“ – წარმოადგინა. ეს იყო ისტორია ძალაუფლებაზე, პოლიტიკაზე და ემანსიპაციაზე. იმ საღამოს, სპექტაკლის ბოლოს მსახიობები ტრადიციულად სცენაზე არ გამოსულან. გრიმითა და პარიკებით, ისინი მაყურებელთან ერთად თავისუფლების მოედანზე გავიდნენ, სადაც ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა, რათა პროტესტი გამოეხატათ ჩრდილში მყოფი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილისა და მისი კლანის წინააღმდეგ, რომელთაც ხელში ჩაიგდეს საქართველოს სახეწლმწიფო.
ეს დრამა უკვე ორ თვეზე მეტია, რაც გრძელდება. მისი ენერგია ტალღებად მოდის და სხვადასხვა ფორმას იღებს – ხან მარშებში, ხან გაფიცვებში, ხანაც ფლეშმობებში – მაგრამ არ ცხრება. ყოველ საღამოს, ადამიანები თავისუფლების მოედანსა და თბილისის მთავარ არტერიას – რუსთაველის გამზირს – კეტავენ. 3 თებერვალს საპროტესტო აქცია განსაკუთრებით მასშტაბური იყო. პოლიციამ მისთვის უკვე ჩვეული ძალადობით უპასუხა – დემონსტრანტები სასტიკად სცემა, ხოლო რამდენიმე აქტივისტი და ორი ოპოზიციური ლიდერი დააპატიმრა.
პროტესტის პირდაპირი მოთხოვნა ახალი არჩევნების ჩატარებაა, ასევე ყველა პოლიტპატიმრის, მათ შორის ცნობილი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის გათავისუფლება, რომელიც 12 იანვრიდან შიმშილობს. თუმცა, რეალურად, სასწორზე საქართველოს მომავალი დევს – იქნება ის ევროპული, დემოკრატიული სახელმწიფო, თუ გადაიქცევა რუსულ გავლენებში ჩაფლული ქვეყნად, რისი სურვილიც აქვს ივანიშვილს.
ბიძინა ივანიშვილი, პოსტ-საბჭოთა ოლიგარქი, 2012 წელს, როდესაც „ქართული ოცნება“ დააფუძნა, ექვსმილიარდიანი ქონების მფლობელი იყო – რაც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის მესამედზე მეტი იყო. იმავე წელს მისმა პარტიამ არჩევნებში გაიმარჯვა, მას შემდეგ იგი ხელისუფლებაში რჩება. თავად ივანიშვილი არავითარ ოფიციალურ თანამდებობას არ იკავებს, თუმცა ქვეყანას კულისებიდან მართავს. ათწლეულზე მეტხანს, ის დასავლურ ინსტიტუტების – ევროკავშირისა და ნატოს – დეკლარირებული მხარდამჭერი იყო, თუმცა რეალურად, საქართველო მის პირად სამფლობელოდ აქცია, სადაც ძალაუფლების ბერკეტები საკუთარ გარემოცვაში გადაანაწილა.
„ივანიშვილის მთავრობამ არ გააკეთა აბსოლუტურად არაფერი,“ – ამბობს გიორგი ქადაგიძე, ეროვნული ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი და მიუხედავად ამისა, ეკონომიკა თავისთავად აგრძელებდა არსებობას. საქართველო დინებას მიუყვებოდა, დასავლეთი მის მიმართ ინტერესს კარგავდა, ხოლო თავად ოლიგარქი ასწლოვანი ხეების გადარგვითა და პირადი ზოოპარკის შექმნით ერთობოდა.
ეს ყველაფერი 2022 წელს შეიცვალა, როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. ქართველები, რომელთაც თავად აქვთ გამოცდილი რუსული ოკუპაცია, უკრაინის მხარეს დადგნენ. ევროკავშირმა საქართველოს მოუწოდა, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, კანდიდატის სტატუსზე განაცხადი შეეტანა. ამავდროულად, ევროპარლამენტმა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაც მოითხოვა. მაშინ სანქციები არ დაწესებულა, მაგრამ ოლიგარქმა ეს ნაბიჯი შანტაჟად აღიქვა. მისი ყოფილი აქტივების მმართველი, გიორგი ბაჩიაშვილი ამბობს, რომ სანქციების შესაძლებლობამ ივანიშვილის ფინანსურ პარტნიორები დააფრთხო და მასთან თანამშრომლობა თითქმის შეაჩერეს.
ივანიშვილი კიდევ უფრო მეტად ააფორიაქა იმ ფაქტმა, რომ 2023 წლის დეკემბერში ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, თუმცა იმ დათქმით, რომ სასამართლო სისტემა და სხვა მნიშვნელოვანი ინსტიტუტები ივანიშვილის გავლენისგან უნდა გათავისუფლებულიყვნენ. საქართველოს მოქალაქეებმა ეს ისტორიულ შანსად აღიქვეს, ივანიშვილმა კი – შეთქმულებად. „მისი აზროვნების ლოგიკა ასეთია – ყველაფერი უნდა იყოს მისი კონტროლის ქვეშ: ადამიანები, ხეები, ცხოველები,“ – ამბობს ბაჩიაშვილი, რომლის წინააღმდეგაც, ოლიგარქთან დაპირისპირის შემდეგ, სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პირდაპირი ბლოკირება აშკარა ნაბიჯი იქნებოდა, რასაც მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა არ მოითმენდა, ამიტომ ივანიშვილმა საბოტაჟის ტაქტიკა აირჩია. „ქართული ოცნების“ მთავარმა პროპაგანდისტულმა არხმა, „იმედმა“, დასავლეთის დემონიზების კამპანია დაიწყო. დასავლეთს ის „გლობალური ომის პარტიად“ წარმოაჩენდა, რომელიც საქართველოს კონფლიქტში ჩათრევას ცდილობს. ხოლო ლიბერალურ საერთაშორისო დონორებს – ლგბტ შეთქმულებად, რომლებიც რევოლუციას გეგმავენ და ქვეყნის კულტურულ იდენტობას ემუქრებიან.
ამის პარალელურად, მმართველმა პარტიამ რუსული ყაიდის „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონი მიიღო, რომელიც დასავლურ დაფინანსებაზე დამოკიდებულ სამოქალაქო საზოგადოებას უტევდა. ასევე – კანონი, რომელიც ლგბტ უფლებებს ზღუდავს, მათ შორის ერთი და იგივე სქესის ადამიანთა ქორწინებას კრძალავს.
28 ნოემბერს კი ხელისუფლებამ ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერება ოფიციალურად გამოაცხადა. საპასუხოდ, საქართველოს ქალაქები მასშტაბური პროტესტებით „აფეთქდა“, ხოლო მთავრობამ ხალხის პროტესტს ისეთი ძალადობითა და რეპრესიებით უპასუხა, რომელთა მსგავსი ქვეყანას საბჭოთა დროიდან არ ახსოვს.
ახლა, ივანიშვილს ორი არჩევანი დარჩა – კრიზისის მოგვარება ახალი არჩევნების დანიშვნის გზით ან კიდევ უფრო მძაფრი რეპრესიების გამოყენება.
თუმცა, არსებობს ფაქტორები, რომლებიც მას “რკინის ხელის” გამოყენებისგან შეაკავებს. პირველი ეს არის ეკონომიკა. საქართველო კერძო, ლიბერალური ეკონომიკის ქვეყანაა, რომელიც საგარეო ინვესტიციებზეა დამოკიდებული. როგორც ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ნიკა გილაური ამბობს, გასულ წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 40 პროცენტით შემცირდა, საერთაშორისო ინსტიტუტებიდან შემოსული კაპიტალი კი თითქმის განახევრდა. ეროვნულმა ბანკმა უკვე რეზერვების 20 პროცენტი დახარჯა ეროვნული ვალუტის კურსის შესაკავებლად.
თუმცა, ფინანსურ კრიზისზე მეტად, ივანიშვილის გარემოცვა დასავლური სანქციების პერსპექტივას უფრთხის. კიდევ ერთი ფაქტორი მათი შვილებია. როგორც გიორგი ქადაგიძე ამბობს, მათ აღელვებთ მათი შვილების აზრი, რომელთა დიდი ნაწილი მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ მომავალს. „ქართულ კულტურაში შვილებისთვის გმირი უნდა იყო – ეს ძალიან მნიშვნელოვანია,“ – ამბობს ქადაგიძე.
თბილისში აშკარად იგრძნობა ნერვიულობა. აი, მაგალითად, ირაკლი რუხაძე, ამერიკის მოქალაქე, რომელიც ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელია. მიუხედავად იმისა, რომ მისი არხი კვლავ აგრძელებს ანტიდასავლური და ჰომოფობიური პროპაგანდის გაჟღერებას, თავად რუხაძე ირწმუნება, რომ სრულად პროდასავლურია და ამერიკის მთავრობას მოლაპარაკებების აუცილებლობის შესახებ სიგნალებს უგზავნის. „ჩემი მიზანი ჩემი ბიზნესისა და ოჯახის გადარჩენაა,“ – ამბობს ის. კულისებს მიღმა, ბიზნესწრეების წარმომადგენლები ორივე მხარესთან აწარმოებენ მოლაპარაკებებს.
გიორგი გახარია, რომელიც 2019-2021 წლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი იყო, ამბობს, რომ ივანიშვილის ძალაუფლების პირამიდა მხოლოდ 50 ოჯახზე დგას. და ამ ოჯახებს შვილები დასავლეთში ჰყავთ და აქტივებიც დასავლეთში აქვთ. „ყველა ეს ადამიანი – ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელები, ბიზნესმენები, მედიის წარმომადგენლები, ეკლესიის ლიდერები – ერთმანეთთან მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი,“ – ამბობს ის. გახარიას აზრით, თუ მათგან ზოგიერთმა მხარე შეიცვალა, პირამიდა ჩამოინგრევა. 14 იანვარს, გახარია, რომელიც ახლა ოპოზიციურ პარტიას ხელმძღვანელობს, უცნობმა პირებმა სცემეს. „ეს პირადად ივანიშვილის გზავნილია,“ – განაცხადა მან თბილისში, საკუთარ სახლში, სახეზე ცემის კვალით.
ივანიშვილისთვის საბედნიეროდ ქართული ოპოზიცია საკმაოდ დაქსაქსულია და აქციების მონაწილეებს მისი ლიდერების მიმართ ნდობა არ აქვთ. ივანიშვილი იმედოვნებს, რომ აქტივისტები დაიღლებიან და ევროპაში წავლენს ემიგრაციაში. ასევე ივანიშვილის გათვლაა ისიც, რომ ევროპა ახლა ძალიან სუსტია, ამერიკაკი მეტისმეტად გართული სხვა პრობლემებით, რომ საქართველოს კრიზისით დაკავდეს. „ქართული ოცნების“ გზავნილი ევროკავშირის დროშებით მიტინგზე გამოსულ ხალხთან ასეთია: დასავლეთი თქვენ გიღალატებთ. თუმცა, ეს არის დრამა, რომლის ფინალი ჯერ უცნობია. შესაძლოა, მისი სცენარი მოულოდნელად შემოტრიალდეს.