"ტერტერის საქმე“: სიკვდილის შემდეგ გამართლებული სამხედროების დასახიჩრებული ცხოვრება
„ტერტერის საქმე“, სასამართლო პროცესი
“სოფელში მისმა ყველა თანატოლმა სამხედრო სამსახური განაგრძო ჯარის შემდეგ. ელჩინი მეგობრების გზას გაჰყვა და სამხედროც გახდა. მან თქვა, რომ ჯარისკაცად იყო დაბადებული. არავინ ელოდა, რომ მოვლენები ასე განვითარდებოდა.”
ვალიდა ახმედოვას ვაჟი ელჩინ გულიევი ერთ-ერთია წამების შედეგად მოკლული “ტერტერის საქმეზე“. ის დაკავებიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. ელჩინი 27 წლის იყო. მას ახალგაზრდა ქალიშვილი დარჩა.
ელჩინ გულიევმა აქტიური სამხედრო სამსახური ნახჩევანში დაასრულა. 2014 წლიდან აგრძელებდა სამხედრო სამსახურს ტერტერის რაიონის სოფელ გარააგაჯის სამხედრო ნაწილში, სადაც დაიბადა და გაიზარდა.
მან სამსახური აქ სამწლიანი კონტრაქტის საფუძველზე დაიწყო. კონტრაქტის დასრულებამდე ერთი თვით ადრე კი “ტერტერის საქმის“ ერთ-ერთი მსხვერპლი გახდა.
რა მოხდა?
2017 წლის აპრილიდან აზერბაიჯანში სამხედრო მოსამსახურეების მასობრივი დაპატიმრებები დაიწყო. დაპატიმრებების დროს (რომელიც გაგრძელდა იმავე წლის ივნისამდე) სამხედროები აწამეს და მათგან აღიარებითი ჩვენების მოპოვების მიზნით.
იმ დროს აზერბაიჯანის გენერალურმა პროკურატურამ, თავდაცვის სამინისტრომ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, რომ სამხედრო მოსამსახურეთა ჯგუფმა და სხვა სამოქალაქო პირებმა სახელმწიფო ღალატი ჩაიდინეს, რადგან ჯაშუშობდნენ მტრის სასარგებლოდ და მათ მნიშვნელოვან ინფორმაციას გადასცემდნენ.
უფლებადამცველების თქმით, ამ სისხლის სამართლის საქმეზე 100-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე დაექვემდებარა წამებას, წამების შედეგად კი 10-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
სასამართლოს განაჩენის თანახმად, 25 ბრალდებულს სისხლის სამართლის კოდექსის სხვადასხვა მუხლებით, მტრის სპეცრაზმთან შესაძლო კავშირის გამო მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 5-დან 20 წლამდე ვადით.
მიზეზი, რის გამოც გამოძიების პროცესს არაოფიციალურად „ტერტერის საქმე“ ეწოდება, არის ის, რომ მასობრივი წამება მოხდა ტერტერის რეგიონში მდებარე გამოუყენებელ ყოფილ სამხედრო შტაბში (წამების შემთხვევების შედარებით მცირე რაოდენობა მოხდა მინგაჩევირის სამხედრო ნაწილში).
ასევე, გამოძიება ჩატარდა ტერტერის რაიონულ სამხედრო პროკურატურაში, განაჩენი კი გამოუტანეს განჯასა და ტერტერის სამხედრო სასამართლოებში. გავრცელდა ინფორმაცია, რომ აღდამისა და ტერტერის რეგიონების საკონტაქტო ხაზის გასწვრივ მდებარე პოზიციებზე შესაძლო ჯაშუშობის ინციდენტები მოხდა.
სისხლის სამართლის საქმე “ტერტერის საქმესთან” დაკავშირებით
ტერტერის საქმეზე ცალკე სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა ზოგიერთი იმ პირის მიმართ, რომლებიც მონაწილეობდნენ სამხედროების წამებაში.
2021 წლის დეკემბერში, ტერტერის საქმეზე საქმის წარმოების განახლების შემდეგ, დაზარალებულად 452 ადამიანი იქნა აღიარებული.
სასამართლომ გაამართლა 100-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე, რომლებიც ადრე “ტერტერის საქმეში“ იყვნენ ჩართულები.
მათ, ვინც აწამეს სამხედროები, სხვადასხვა ვადით პატიმრობა მიუსაჯეს – ისინი ძირითადად დაისაჯნენ სამსახურებრივი მოვალეობის გადამეტებისთვის.
წამების კიდევ ათობით დამნაშავე დააკავეს და მათ წინააღმდეგ სასამართლო პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება.
რეაბილიტირებულია სიკვდილის შემდეგ
ელჩინ გულიევი სამხედრო ნაწილში მსახურობდა მძღოლად უმცროსი სერჟანტის წოდებით. 2016 წელს მან მონაწილეობა მიიღო “აპრილის ბრძოლებში”. იმ დღეებში ის ჯარისკაცებს აწვდიდა საჭირო საკვებს, საბრძოლო მასალას და ა.შ.
ვალიდა ახმედოვა ამბობს, რომ მის შვილს 2016 წლის აპრილში სამხედრო სამსახურისთვის ჯილდო არ მიუღია. ამიტომ ხშირად წუწუნებდა და ამბობდა, რომ უსამართლოდ მოექცნენ.
“რა იცოდა, რომ ეს უსამართლობა არაფერი იყო იმასთან შედარებით, რაც მას მომავალში ელოდა“, – ამბობს ველიდა.
ელჩინ გულიევი 3 მაისს დააკავეს. ერთი კვირით ადრე მას წყალგამტარი მისცეს, რათა სამხედროებისთვის წყალი მიეწოდებინა. იმ დღეს მანქანა გაფუჭდა. ელჩინი სამხედრო ბაზის მახლობლად, ბიძის სახლში მივიდა და მანქანის შეკეთებაში დახმარება სთხოვა.
ლანჩის დროს მას სამხედრო ნაწილიდან დაურეკეს და უთხრეს, რომ სასწრაფოდ იძახებდნენ. ელჩინ გულიევმა თანამოსაუბრეს უთხრა, რომ მანქანის შეკეთებით იყო დაკავებული, მაგრამ დამრეკავი დაჟინებით მოითხოვდა მის მისვლას. ცოტა ხანში ის შეურაცხყოფაზე გადავიდა. ელჩინი ნერვიულად გავიდა სახლიდან. არ იცოდა, რომ სწორედ ბიძის სახლის კარებთან ელოდნენ. ჩასვეს სამხედრო მანქანაში და წაიყვანეს. ამის შემდეგ ელჩინის ოჯახს აღარ უნახავს.
ელჩინ გულიევის წაყვანიდან რამდენიმე საათში, მის სახლში სამხედროები მივიდნენ და ჰკითხეს, სად იყო წყლის ტანკერი. დედა ცდილობდა მათგან მიეღო ინფორმაცია შვილის შესახებ, თუმცა კითხვები პასუხგაუცემელი დარჩა.
8 მაისს, ელჩინ გულიევის დაკავებიდან ხუთი დღის შემდეგ, მისი მამა მათლაბ გულიევი და ბიძები დაიბარეს ტერტერის რეგიონის აღმასრულებელ ხელისუფლებაში. მიუხედავად იმისა, რომ გამოძახების მიზეზი მკაფიოდ არ განუმარტავთ, მოკლედ თქვეს, რომ მის შვილზე აპირებდნენ საუბარს:
“მათ იმ სამხედროების გვარები ჩამოთვალეს, რომლებიც დაიღუპნენ – მათ რიცხვში იყო ჩვენი შვილიც”
ჩემი ქმარი შოკში იყო, რას ნიშნავს ეს? რატომ მოკვდა ელჩინი? ამასობაში აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელმა მუსტაკიმ მამედოვმა ქმარს უთხრა: „იცი რა ჩაიდინა შენმა შვილმა? ის მოღალატე იყო!“.
ელჩინ გულიევმა არ მიიღო მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდება და არ მოაწერა ხელი აღიარებით ჩვენებას. მის ოჯახს უთხრეს, რომ ის მაღალი წნევით გარდაიცვალა.
სახლში დაბრუნებულმა მატლაბ გულიევმა ძალა ვერ იპოვა ცოლისთვის ეთქვა შვილის გარდაცვალების შესახებ. ვალიდა ახმედოვამ ყველაფერი მხოლოდ მეორე დილით შეიტყო – დაკრძალვაზე.
დანაშაული და სასჯელი
„ტერტერის საქმეზე“ დაკავებული პირების წამებასთან დაკავშირებით მოგვიანებით დაკავებული პირები სასამართლოს წინაშე სხვადასხვა დროს, ცალკე ჯგუფებად გამოდიოდნენ.
ამ საქმეზე სასამართლოს ბოლო განაჩენები გასული წლის ნოემბერსა და დეკემბერში გამოცხადდა.
2023 წლის ნოემბერში სასამართლოს განაჩენი გამოცხადდა პოლკოვნიკ ვუსალ ალესგაროვის, ტერტერის ერთ-ერთი სამხედრო ნაწილის მეთაურის, სამხედრო ნაწილის შტაბის უფროსის რაშიდ ნიფტალიევისა და ზეგანაკვეთური სამხედრო მოსამსახურის რამილ გარაევის საქმეზე, რომელთაგან თითოეულს მიუსაჯეს თავისუფლების აღკვეთა ხუთი წლით და ექვსი თვის ვადით.
იმავე წლის დეკემბერში დასრულდა გენერალ-მაიორ ბექირ ორუჯევისა და სხვა სამხედრო მოსამსახურეების – ინტიგამ მამედოვის, რახიბ მამედოვის, ზია კაზიმოვის და ულვი რაშიდოვის სასამართლო პროცესი. განაჩენის თანახმად, მათ 6,5-დან 9,5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
დაზარალებულთა ოჯახები სასამართლო პროცესით უკმაყოფილონი არიან
დაზარალებულთა ახლობლები სასამართლო პროცესს სამართლიანად და ობიექტურად არ თვლიან. ისინი აცხადებენ, რომ პირველ რიგში უნდა დაისაჯონ ის ადამიანები, ვინც ამ ყველაფერს ხელმძღვანელობდა.
“მათ ეგონათ, რომ ჩვენი შვილების გამართლების შემდეგ გავჩუმდებოდით, მაგრამ ჩვენი მოთხოვნა მხოლოდ ეს არ იყო. დანაშაულში მონაწილე ყველა თანამდებობის პირი, პატარადან უნდა დაისაჯოს“, – ამბობს ვალიდა ახმედოვა.
„მათი სტატუსი არ აძლევდა მათ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღების საშუალებას“
“ზოგადად, ტერტერის მოვლენები მძიმე სახელმწიფო დანაშაულია. როგორც პირი, რომელიც პირველივე დღეებიდან თვალყურს ადევნებდა ამ საქმეს, ვასკვნი, რომ ეს დანაშაული წინასწარ იყო მომზადებული და ჩადენილი ორგანიზებულად, წამების დაქვემდებარებულ პირთა წინასწარ შედგენილი სიებით და წამების გარკვეული მეთოდებით“, – ამბობს აღმოსავლეთ-დასავლეთის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი, პოლიტოლოგი არასტუნ ორუჯლუ.
თუმცა, პოლიტოლოგი არასწორად მიიჩნევს განცხადებებს, რომ „ჯარში ჯაშუშობა საერთოდ არ ხდება“.
”მაგრამ ამ ჯაშუშობის დამნაშავეები აშკარად არ არიან ტერტერის საქმის მსხვერპლნი – მათი სტატუსი არ აძლევდათ საშუალებას მოეპოვებინათ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელსაც შემდეგ მტრერს გაუზიარებდნენ.
ზოგიერთი ადამიანი, ვინც მაშინ აწამეს, ჯერ კიდევ ციხეშია და არ მჯერა, რომ ისინი დამნაშავენი არიან. მაგრამ მაშინაც კი, თუ ბრალდებები სიმართლეს შეესაბამება, ეს არ ამართლებს ადამიანების წამებასა და მკვლელობას“.