სამხრეთი ოსეთის დედაქალაქში საეჭვო პირების გამოჩენისა და მათ მიერ რამდენიმე სკოლაში ტერაქტების მომზადების ამბავი ელვის სისწარფით გავრცელდა ქალაქში. ადამიანები ახლობლებს ურეკავდნენ და ერთმანეთს სიფრთხილისკენ მოუწოდებდნენ. მშობლებმა სკოლებში დაიწყეს რეკვა, რომ გაერკვიათ, ყველაფერი რიგზე იყო თუ არა. 21 ნოემბრისთვის სკოლებში, ისევე როგორც მთელ სამხრეთ ოსეთში, განსაკუთრებული არაფერი მომხდარა.
ამ ჭორებთან დაკავშირებით სამხრეთი ოსეთის პრეზიდენტმა საგანგებო საბჭო მოიწვია. ხელისუფლებამ დაარწმუნა მოსახლეობა, რომ რესპუბლიკაში ტერორისტების გამოჩენის შესახებ გავრცელებული ხმები უსაფუძვლოა. მიუხედავად ამისა, ძალოვანი სტუქტურები საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ. სკოლები, საბავშვო ბაღები და სამედიცინო დაწესებულები გაძლიერებულ კონტროლზეა აყვანილი.
საგანგებო თათბირზე უსაფრთხოების გრძელვადიანი გეგმაც განიხილეს. გაჩნდა იდეა, რომ სკოლებში საშვების სისტემა დაინერგოს და სასწავლებლები ვიდეოკონტროლისათვის აუცილებელი სისტემით უზრუნველყონ. სხდომაზე სპეციალური ტურნიკეტების დადგმის აუცილებლობაზეც ისაუბრეს.
პრეზიდენტმა პირადად გასცა ბრძანება წყალსაცავების წყაროებისა და წყალმომარაგების სადგურების დაცვის გაძლიერებასთან დაკავშირებით.
სამხრეთი ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის წარმომადგენლებმა ადგილობრივი მედიასაშუალებებით თხოვნით მიმართეს მოსახლეობას, არ აჰყოლოდნენ პანიკას. სკოლებში შემოწმებები ჩატარდა. მოკვლევის შედეგები ოფიციალურად არ გაცხადებულა, მაგრამ უკვე საუბრობენ იმის შესახებ, რომ ჭორები მოდიოდა რამდენიმე მოზარდისგან, რომლებმაც გადაწყვიტეს, ასე ეხუმრათ.