“რეჟიმი გვწამლავს!” - საერთაშორისო გამოძიების მოთხოვნით თბილისში მრავალრიცხოვანი აქცია გაიმართა. ფოტო და ვიდეო
გაზიარება
გაზიარება
თბილისში მრავალრიცხოვანი აქცია გაიმართა
“რეჟიმი გვწამლავს!” “ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება!” – ამ სლოგანებით თბილისში მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქცია გაიმართა – მსვლელობით ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიიდან რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობისკენ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ წყლის ჭავლში მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყენებული ქიმიური ფხვნილი არა “კამიტი”, არამედ “ქლორობენზილიდინ მალონონიტრილია”, რომელიც მათივე თქმით, შსს-მ 2007 წელს შეიძინა.
სუს-ის უფროსის პირველი მოადგილის, ლაშა მაღრაძის განცხადებით, “კამიტის” გამოყენებასთან დაკავშირებით გამოძიება დასრულებულია, თუმცა გამოძიება გრძელდება უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების მუხლით.
ბრიფინგზე მაღრაძე ირწმუნებოდა, რომ BBC-ის სიუჟეტში ნახსენები “კამიტი” შსს-ს არასდროს შეუძენია. მაღრაძე ამბობს, რომ შსს-ს მიერ გამოყენებული ნივთიერებები აკრძალულ ნივთიერებებს არ განეკუთვნება. — მანამდე, BBC-მ გამოაქვეყნა ვრცელი სტატია, სადაც აღნიშნულია, რომ მათ მიერ შეგროვებული მტკიცებულებების თანახმად, გასულ წელს საქართველოს ხელისუფლებამ ანტისამთავრობო მომიტინგეების ჩასახშობად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენა.
აქცია-მარში დემოკრატიული პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზებით გაიმართა. მათ ეჭვები არა თუ ვერ გაუქრო, არამედ კიდევ უფრო გაუძლიერა 6 დეკემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულმა ბრიფინგმა, როდესაც გამოცხადდა, რომ BBC-ის საგამოძიებო ფილმში გამოკვეთილი ვარაუდები სრულად გააბათილეს.
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის თქმით, კითხვები რაც მანამდე არსებობდა კვლავ არსებობს და ჯერ კიდევ არ ვიცით, რა ნივთიერება იქნა გამოყენებული 2024 წლის საპროტესტო აქციების დაშლისას, “ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებები და სუს-ის გამოძიება კი არ იძლევა დამაჯერებელ პასუხს.
“საერთოდ, ყველა რეაქცია, რაც ჩვენ მოვისმინეთ რეჟიმის ლიდერებისა და თუნდაც სუს-ის გამოძიებიდან არის აბდაუბდა. არ იციან რა თქვან, რა მომენტში, როგორ თქვან. ერთი ერთს ამბობს, მეორე – სხვა რამეს ამბობს. აშკარად ჩანს, რომ ეს ყველაფერი არის მათთვის ჯერ დაულაგებელი. ამ დროს იზრდება რეაქცია ხალხში, იზრდება რეაქცია საზღვარგარეთ და ვიტყოდი, რომ უფრო და უფრო დაბნეულები არიან [ქართული ოცნება].” – თქვა ზურაბიშვილმა, რომელიც ასევე მონაწილეობდა მარშში.
ორგანიზატორების თქმით, ქუჩაში გასვლა აუცილებელი იყო, რადგან ჯანმრთელობასთან უფლებასთან დაკავშირებული სიმართლის დადგენა ყველა ადამიანისთვის მნიშვნელოვანია და მათ შორის – “ქართული ოცნების” მომხრეების ინტერესებშიც შედის.