"თამაშები გამარჯვებულების გარეშე": აზარტული თამაშები და მათი "მსხვერპლები" სომხეთში
აზარტული თამაშები
გასულ წელს სომხეთში დადებულმა ფსონებმა ქვეყნის ბიუჯეტის შემოსავლები გააორმაგა. ბოლო სამ წელიწადში მოთამაშეთა რაოდენობა სამჯერ, ფსონების ჯამური რაოდენობა კი ექვსჯერ გაიზარდა.
როგორ მოქმედებს აზარტული თამაშები ადამიანების ცხოვრებაზე, რა მექანიზმები მუშავდება, თამაშზე დამოკიდებულების შესამცირებლად, განსაკუთრებით არასრულწლოვანებში. და, ერთი ოჯახის ისტორია.
“რადგან კაზინოში არ დადიან, ფიქრობენ, რომ თამაშდამოკიდებულები არ არიან”
მუყაოს ყუთებით გადავსებული ბინის დერეფანი ხაზს უსვამს, რამდენად პატარაა სახლი. ამავდროულად, მაშინვე გაფიქრებინებს, რომ ეს სახლი მისი ამჟამინდელი მცხოვრებლებისთვის უცხოა.
„ბოდიში, ვერ მოვასწარი ყველა ნივთისთვის თავისი ადგილი მიმეჩინა. წელს უკვე მესამე ბინაში გადავდივართ“, – მეუბნება მაია (მისი სახელი შეცვლილია).
მოკლე, თითქმის ბიჭური ვარცხნილობით, მაია ასაკთან შედარებით გაცილებით ახალგაზრდულად და მამაცად გამოიყურება. დერეფანში მხოლოდ ერთი ყუთია გახსნილი, მასში მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი მოჩანს.
“სამსახურში არავინ იცის, რისი გადატანა მომიწია. იციან, რა თქმა უნდა, რომ ქმარს დავშორდი, მეხმარებიან, როგორც შეუძლიათ. მაგრამ მრცხვენია, არ მინდა ვინმემ იცოდეს სრული სიმართლე. ამიტომ, ვცდილობ ისე გამოვიყურებოდე, რომ ვერავინ მიხვდეს, რა ჯოჯოხეთის გადატანა მომიწია“, – ამბობს იგი.
მომავალი ქმარი უნივერსიტეტში, სტუდენტობის წლებში გაიცნო. ქორწილი ხანგრძლივი და ლამაზი რომანის ლოგიკური გაგრძელება იყო. წარმატებული, განათლებული, პერსპექტიული წყვილი ხუთი წლის განმავლობაში ბედნიერად ცხოვრობდა. ვერავინ შეამჩნია, როგორ დადგა ყველაფერი თავდაყირა.
„პირველ წლებში ჩვენი მშობლები ძალიან გვეხმარებოდნენ. ბევრი ახალდაქორწინებულისგან განსხვავებით, ყველაფრის ნულიდან დაწყება არ მოგვიხდა. ჩვენი მშობლები ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ფინანსური პრობლემები არ გვქონოდა. მე საერთაშორისო ორგანიზაციაში ვმუშაობდი, ქმარი სომხეთის ერთ-ერთი მსხვილი კომპანიის მენეჯერი იყო. ერთობლივი ბიზნესიც დავიწყეთ, რომელსაც მცირე, მაგრამ სტაბილური შემოსავალი მოჰქონდა.
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ქმარმა სათამაშო კომპანიისგან ახალი სამუშაო შეთავაზება მიიღო. მე წინააღმდეგი ვიყავი, რადგან აზარტული თამაშები ჩემთვის ყოველთვის ბოროტება იყო. მაგრამ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ის ჩვენს ოჯახს დაანგრევდა”, – იხსენებს მაია.
ახალ სამსახურში ქმარს მაშინვე მაღალი თანამდებობა მისცეს. გარკვეული პერიოდის შემდეგ მაიამ შეამჩნია, რომ ქმარი უცნაურად იქცეოდა, ნერვული და ფიცხი გახდა, როდესაც ტელეფონს პასუხობდა, ოთახიდან გადიოდა, გვიან დაბრუნებას მოუხშირა:
„მეჩვენებოდა, რომ მის ცხოვრებაში სხვა ქალი გამოჩნდა. ახლა ვფიქრობ, რომ ღალატი ყველაზე მცირე ბოროტება იქნებოდა, მაგრამ მაშინ ეს არ მესმოდა. ყოველთვის მეგონა, რომ ბრძენი ქალი ვიყავი, რომ ჩვენი ურთიერთობა არასოდეს მივიდოდა იქამდე, იძულებული გავმხდარიყავი ქმრის ტელეფონზე შეტყობინებები წამეკითხა“
მაგრამ მას არამხოლოდ შეტყობინებების წაკითხვა, არამედ, ფასიანი აპლიკაციების საშუალებით ქმრის სატელეფონო საუბრების მოსმენაც მოუწია. ასე გაარკვია მაიამ, რომ ქმარი აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული გახდა და უზარმაზარი ვალები დაუგროვდა:
„ვიდრე ამ სიტუაციაში არ აღმოვჩნდი, ვერ ვხვდებოდი რა მასშტაბებზე იყო საუბარი. გამოდის, რომ ყოველი მეორე მოზარდის ტელეფონში შეგიძლიათ იპოვოთ აზარტული თამაშების აპლიკაციები. ადამიანები კარგავენ ოჯახებს, სიცოცხლეს, ქონებას, დივნიდან ადგომის გარეშე.
ეს მახეა. ფიქრობენ, რომ რადგან კაზინოში არ დადიან, თამაშზე დამოკიდებულები არ არიან. მაგრამ რა არის ეს, თუ არა აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება? მახსოვს, როცა გავიგე რა ფსონი დადო ქმარმა, როგორ ვკანკალებდი: 50 ათასი ევრო – ერთი ფსონი, ერთი ბევრიდან”.
იმავე საღამოს წყვილს სერიოზული საუბარი ჰქონდა. აღმოჩნდა, რომ ქმარს 230 ათასი ევრო ჰქონდა ვალი, რის გამოც მას ემუქრებოდნენ.
მაია იხსენებს, რომ მისი პირველი რეაქცია იყო – დახმარება. მაშინვე გადაწყვიტეს, რომ მაიას ბაბუისგან მემკვიდრეობით მიღებული სახლი გაეყიდათ. მშობლებისგან მალულად მაიამ ბებია დაარწმუნა სახლთან ახლოს მდებარე მიწის ნაკვეთიც გაეყიდა. მაგრამ ფული მაინც არ ჰყოფნიდათ.
„ჩემს ქმარს ვთხოვე, მევალეებს დალაპარაკებოდა, დრო ეთხოვა. ბინის და მიწის ნაკვეთის გაყიდვით დავალიანების ნაწილი დავფარეთ. ჩვენი ბიზნესის – კაფეს გაყიდვის ჯერი დადგა. მეჩვენებოდა, რომ ეს ყველაფერი გამოაფხიზლებდა, მაგრამ ორი თვის შემდეგ უკვე მე დამირეკეს. მთელ საუბარს ვერ მოვყვები, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ მტკიცედ „მთხოვეს“ ქმრის ვალების გასტუმრება. იძულებული გავხდი დახმარება ჩემი და მისი მშობლებისთვის მეთხოვა.
ყველა ვალის დაფარვისა და ქმრის მორიგი დაპირების შემდეგ, რომ თამაშებს თავს დაანებებდა, მაიამ გადაწყვიტა, რომ ცოტა ხნით ქვეყნის დატოვება სჯობდა, ამ გარემოსგან მოწყვეტა. ორი თვე საფრანგეთში გაატარეს, სადაც მეორე შვილის გაჩენა გადაწყვიტეს – ოჯახის გაერთიანების ნიშნად:
„როცა დავბრუნდით, უკვე ორსულად ვიყავი. ფსიქოლოგთან დავდიოდით, თითქოს ყველაფერი კარგად იყო. მაგრამ, ერთ მშვენიერ დღეს ქმარი მოვიდა სახლში და დახმარება მთხოვა. ყველაფერს მივხვდი. მშობლებს დავურეკე, ჩემი და ქალიშვილის ნივთები ჩავალაგე და წამოვედი. ვხვდებოდი, რომ ძალიან რთული იქნებოდა – ბავშვთან ერთად, ორსულად, ყოველგვარი დანაზოგის გარეშე.
მაგრამ სხვა გამოსავალი არ იყო. მივხვდი, რომ მოჯადოებულ წრეში ვიყავი: ან დავრჩებოდი და ჩემი და ჩემი შვილების ცხოვრებას ჯოჯოხეთად ვაქცევდი, ან მე გადავწყვეტდი, ვინ უფრო მნიშვნელოვანია. ქმარმა თავის არჩევანი გააკეთა – ჩვენ მისთვის მნიშვნელოვანი არ ვიყავით.
“პრობლემა არსებობს და ის მწვავდება”
2021 წელს სომხეთში დაახლოებით 3,3 ტრილიონი დრამის (დაახლოებით 7,3 მილიარდი დოლარი) ღირებულების ფსონები განხორციელდა. ეს მაჩვენებელი იმაზე მეტყველებს, რომ სომხეთში პრობლემა არსებობს და ის კიდევ უფრო მწვავდება, – ამბობს ეკონომიკურ საკითხთა საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ბაბკენ ტუნიანი.
„იმისთვის, რომ ავხსნა, რა მაჩვენებელია ეს, შემდეგს ვიტყვი: სომხეთის ბიუჯეტის შემოსავლები, გასულ წელს, დაახლოებით 1,6 ტრილიონ დრამს შეადგენდა. ანუ, ეს მაჩვენებელი ორჯერ აღემატება ბიუჯეტის შემოსავლებს. და ფსონებსა და მოგებას შორის სხვაობა დაახლოებით 70 მილიარდი დრამია [დაახლოებით $150 მილიონი], ანუ ადამიანებმა 70 მილიარდი დრამი წააგეს“.
პრობლემის გადაჭრის ძიებაში, წლის დასაწყისში პარლამენტში ორი პროექტი განიხილებოდა.
„რეკლამის შესახებ“ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით უკვე მიღებულია. კანონპროექტის თანახმად, აკრძალულია აზარტული დაწესებულებების ან ონლაინ აზარტული თამაშების, კაზინოების, ნებისმიერი რეკლამა რადიოში, ტელევიზიაში და ონლაინ, გარდა მათი ოფიციალური ვებსაიტებისა ან მათი ოფისის შენობებსა და სათამაშო დარბაზებში, აგრეთვე, სომხეთის საზღვარზე მდებარე საგუშაგოებზე.
ამ პროექტის დასაბუთებაში ნათქვამი იყო, რომ 2020 წელს ქსელში ფსონები ექვსჯერ მეტი იყო, ვიდრე 2018 წელს, ხოლო მოთამაშეთა რაოდენობა სამჯერ გაიზარდა.
კიდევ ერთი პროექტი აზარტული თამაშების, ონლაინ აზარტული თამაშების და კაზინოების შესახებ კანონში გათვალისწინებულ ცვლილებებს ეხება. კანონის მიღებიდან ათ დღეში აიკრძალება ტოტალიზატორის გადასახადების გადახდა ნაღდი ანგარიშსწორებით, დარჩება მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორება. ეს კი, კანონპროექტის ავტორების აზრით, სფეროს მეტად კონტროლირებადს გახდის და ხელს შეუშლის არასრულწლოვანთა მონაწილეობას თამაშებში. ვინაიდან, უნაღდო საბანკო ოპერაციები მხოლოდ 18 წელზე უფროსი ასაკის პირებს შეუძლიათ.
“დაუყოვნებლივ მიმართეთ სპეციალისტებს”
აზარტული თამაშები ფსიქიკურ აშლილობად განიხილება და კლასიფიცირებულია, როგორც არაქიმიური დამოკიდებულება. კლინიკური თვალსაზრისით, ექსპერტები მას ახასიათებენ, როგორც მუდმივი დამოკიდებულება აზარტულ თამაშებზე.
2020 წლიდან, ჯანდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ნარკომანიის სამკურნალო ეროვნულ ცენტრში სოციალურ-ფსიქოლოგიური სამსახური დაინერგა, რომელიც ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევს, მათ შორის, ონლაინ აზარტულ თამაშებზე პათოლოგიური დამოკიდებულების მქონე ადამიანებს.
ჯერჯერობით ცენტრს დახმარებისთვის მხოლოდ 25-მა ადამიანმა მიმართა, უმეტესად ახლობლების დაჟინებული მოთხოვნით, ამბობს მისი დირექტორი, ნარკოლოგი სურენ ნაზინიანი. რამდენი მათგანი შეძლებს დამოკიდებულების დაძლევას, ამას ფსიქოლოგებიც ვერ იტყვიან. მაგრამ ისინი დარწმუნებული არიან, რომ რაც უფრო ადრე მიმართავენ პაციენტები სპეციალისტებს, მით მეტია გამარჯვების შანსი.
“შეუძლებელია დაეხმარო მას, ვისაც დახმარება არ უნდა”
მას შემდეგ, რაც მაია ქმარს ოფიციალურად დაშორდა, სამი წელი გავიდა. ვაჟი განქორწინებიდან რამდენიმე დღეში დაიბადა. მაია ამბობს, რომ ოჯახის გადარჩენა უნდოდა, მაგრამ სინდისი სუფთა აქვს – მან ყველაფერი გააკეთა.
„ყველაფერზე წავედი – ფსიქოლოგის დახმარებით დაწყებული, სხვა ქვეყანაში გადასვლით დამთავრებული. ვთხოვე მის მშობლებს, მკაცრად დაელაპარაკებოდნენ შვილს, გონს მოეყვანათ. მაგრამ მალევე მივხვდი, რომ შეუძლებელია დაეხმარო იმას, ვისაც დახმარება არ უნდა. თუ ადამიანი ვერ აცნობიერებს, რომ პრობლემა აქვს, მისი გადაჭრა შეუძლებელია. დარწმუნებული იყო, რომ მას არ ჰქონდა დამოკიდებულება, რომ ნებისმიერ მომენტში შეეძლო შეჩერება.
უბრალოდ გადავწყვიტე, რომ ჩემი და ჩემი შვილების სიცოცხლე და ჯანმრთელობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კიდევ ერთი უშედეგო მცდელობა. ახლა ბავშვებთან ურთიერთობს, ძალიან კარგი მამაა, ვერ დავიწუწუნებ. ეტყობა ცხოვრებაც მოაწესრიგა – ახალი სამსახური, მალე მეორედ დაქორწინდება. მე მიხარია მის გამო, მაგრამ უფრო მეტად საკუთარი თავის გამო მიხარია, რადგან ახლაც, როცა ბავშვების მოსანახულებლად მოდის, ტელეფონს ისე დებს, რომ ეკრანი არ ჩანდეს“.
მაია კი, ნაქირავებ ბინას კიდევ ერთხელ ცვლის. საკუთარ თავს ჰპირდება, რომ გამონახავს დროს და ყუთებიდან ნივთებს ამოალაგებს. ახალი ცხოვრების დაწყებას აპირებს. ბინის საყიდლად ფულს აგროვებს და ამბობს, რომ ერთი წამითაც არ ნანობს გადაწყვეტილებას.